Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთავი 2 - თინეიჯერობის დასასრული

24 ივნისი 2013

კომპანიას, რომელმაც მაუწყებლობა 19 წლის წინ რუსთავში თანამშრომლების სახლებიდან წამოღებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო, დღეს 600-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კერძო ტელეკომპანია ამ წლების მანძილზე პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. ასეა დღესაც.

 

საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებისთანავე “რუსთავი 2”-ის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლის დაწყების შესახებ კომპანიის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა _ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ _ განაცხადეს. „ჩვენი ამოცანაა, განხორციელდეს ჯერ კიდევ 2004 წელს დასახული ტრანსფორმაცია _  “რუსთავი2” გადაიქცეს სივრცედ, სადაც კამათი, მსჯელობა, ახალი იდეები ხელს შეუწყობს სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას“, _ ვკითხულობთ მათ მიმართვაში.

პროფესიულ წრეებში ერთ-ერთ ყველაზე ფრთხილ ტელემენეჯერად ცნობილმა დავით დვალმა „ლიბერალთან“ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა გაგვიმხილა, რომ საქმის გამოძიების თავდაპირველი სწრაფი ტემპი, ბოლო დროს, შენელებულია. დვალისა და აქიმიძის ინტერესებს ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი იცავს. მან დაგვიდასტურა, რომ პროკურატურასთან ბოლო კომუნიკაცია 2 თვის წინ შედგა, თუმცა საქმის შეფერხების მიზეზს ვერც იურისტი ხსნის.

„ლიბერალის“ ინფორმაციით, კომპანიის ყოფილი მფლობელები წილების დასათმობად 2004 წელს დაწყებულ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ადანაშაულებენ. რამდენიმეთვიანი თვალთვალისა და პირდაპირი მუქარის შემდეგ, დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2“-ს შემდეგი სქემით ჩამოაცილეს: 2004 წლის 8 ივნისს არხის მაშინდელმა დირექტორმა, ეროსი კიწმარიშვილმა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. 11 ივნისს ოფიციალურად დაწყებული გაკოტრების პროცესი 25 ივნისს დასრულდა. 18 ივნისს ნოტარიუს გინტურის ოფისში კი დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საკუთარი 30-30%-იანი წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს. გარიგების ღირებულებაზე ყოფილი დამფუძნებლები სასამართლო პროცესამდე არ საუბრობენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქიბარ ხალვაშისთვის საკუთარი წილები დაუთმიათ ეროსი კიწმარიშვილსა და ნიკა ტაბატაძესაც.

„ლიბერალმა“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება პროკურატურაშიც სცადა, მაგრამ მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.  

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩენილი ეიფორიული მოლოდინი მედიაგარემოს რადიკალურად გაუმჯობესების შესახებ მალევე გაქრა. პრემიერ-მინისტრის მიერ საკუთარი ოჯახის მფლობელობაში არსებული „მეცხრე არხის“ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან შერწყმის თაობაზე გაკეთებულმა დამაბნეველმა განცხადებებმა სატელევიზიო ბაზარზე სტაბილურობის შეგრძნების გაზრდას არ შეუწყო ხელი. დამაბნეველი იყო თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიც, რასაც დამკვირვებლების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ერთი შეხედვით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მეტად „რუსთავი 2“-მა იხეირა _ ამ თვეების განმავლობაში ტელეკომპანიას უფრო იშვიათად უხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული დავალებების შესრულება, რამაც „კურიერს“ ქართველი ტელემაყურებლისთვის ინფორმაციის წყაროს ფუნქცია დაუბრუნა. ამას, ცხადია, ხელი იმანაც შეუწყო, რომ „რუსთავი2“ დღემდე რჩება ტექნიკურად ყველაზე გამართულ ქართულ ტელეარხად. ტელეკომპანიის მენეჯმენტის ხშირი ცვლის მიუხედავად, არხზე დღესაც მუშაობს ტექნიკურ ხარისხზე დაარსების დღიდან პასუხისმგებელი თანამშრომლების დიდი ნაწილი.

მენეჯმენტში დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომად, „ლიბერალთან“ საუბარში, დავით დვალი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არხის მხარედ ქცევას მიიჩნევს. მაშინ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებთან დისტანცია ნელ-ნელა დაკარგეს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების ყველა ხელმძღვანელი „რუსთავი2“-ის ყოფილი ტელესახე იყო. იყვნენ ისეთებიც, ვინც თამაშის ამ წესებს არ შეეგუა. ასე დატოვეს არხი „კურიერის“ წამყვანებმა ნათია ლაზაშვილმა და ნანა ლეჟავამ, მთავარმა პროდიუსერმა თამარ რუხაძემ. ტელევიზიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ყველაზე უკეთ ერთი ფაქტი მეტყველებს: 2010 წლის დეკემბერში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად „კურიერის“ წამყვანი ირაკლი მაისურაძე დაინიშნა, თუმცა ის რამდენიმე დღეში კვლავ „რუსთავი2“-ის ეთერში დაბრუნდა. კერძო ტელეკომპანიასა და სახელმწიფო უწყებას შორის თანამშრომელთა ასეთი ღია გაცვლა-გამოცვლა, ყველაზე რბილი შეფასებით, უცნაურია.

ტელევიზიის მხარედ ქცევას შეცდომად აფასებს „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორიც. ნიკა გვარამია „ლიბერალთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს შორის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლამ მომავლის ერთგვარი შიშიც გააჩინა. განსაკუთრებით მტკივნეულად „რუსთავი2“-ლები მფლობელების შესაძლო შეცვლას აღიქვამენ.

სიფრთხილის საფუძველიც არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ტელევიზიის ბოლომდე დასამორჩილებლად ოსტატურად იყენებდა მეწილეებს შორის ხშირ და სრულიად გაუმჭვირვალე ცვლილებებს. ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიების გარდა, „რუსთავი 2“-ის მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი ქიბარ ხალვაში და „ნაციონალების“ რუხი ხაზინადარი დავით კეზერაშვილი. დღეის მდგომარეობით, სამაუწყებლო კომპანიის მფლობელებს შორის წილები ასე ნაწილდება: გიორგი გეგეშიძე _ 9%; ლევან ყარამანაშვილი _ 22%; გიორგი ყარამანაშვილი _ 18%; შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%.

საგულისხმოა, რომ „ტელეკომპანია საქართველომ“, რომელსაც, თავის მხრივ, იგივე ძმები ყარამანაშვილები ფლობენ, „რუსთავი 2“-ის 51% სულ 5 მილიონ ლარად შეიძინა. ამ ლოგიკით, ქვეყნის უდიდესი კერძო ტელეკომპანია დღეს დაახლოებით 10 მილიონი ლარი ღირს. ამერიკული „ნიუს კორპი“ ტელეკომპანიის მაშინდელ მფლობელებს ჯერ კიდევ 2004 წელს საკონტროლო პაკეტში 10 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდა. გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ შეიტყეს, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა. 

ძმები ყარამანაშვილები ბოლო დრომდე კიდევ ერთი ქართული ტელეკომპანიის, „მზის“ საკონტროლო პაკეტსაც ფლობდნენ. სააგენტო მედია.გე-მ 11 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია მათი კუთვნილი 90%-ის „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორის, ზვიად ამირიძისთვის მიყიდვის თაობაზე.

`ვიცი, რომ ორი მესაკუთრე ჩივის. თავდაპირველი მესაკუთრის, ეროსი კინწმარიშვილის პარტნიორი დავით დვალი და მისი მეგობარი ცდილობენ დაბრუნებას და უკმაყოფილობას გამოთქვამენ, რომ წაართვეს. მეორე მხრივ, ქიბარ ხალვაშს, ამათგან მეორე გადამყიდველს, პრეტენზია აქვს, რომ წაართვეს. კარგია, რომ დაიწყო პროცესი. არ ვიცი, პროკურატურაში თუ შეიტანეს განცხადება, მაგრამ რეალური მესაკუთრეები ხმაურობენ", _ თქვა ივანიშვილმა გასული წლის 22 დეკემბერს.

პრემიერის განცხადებას „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა იმ დღესვე უპასუხეს. „ჩვენი აზრით, პრემიერ-მინისტრმა  დაუფარავად წააქეზა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები, დაიწყონ უსაფუძვლო სამართლებრივი პროცედურები კომპანიის კანონიერი მფლობელების წინააღმდეგ. ზემოთ აღნიშნულს განვიხილავთ ჩვენი საკუთრების უფლების და ასევე, ჩვენი კუთვნილი მედია-საშუალების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად," _  ვკითხულობთ პარლამენტის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომეტიური მისიებისათვის დაგზავნილ მიმართვაში.

პროკურატურის ბოლოდროინდელი პასიურობა, შესაძლოა, იმასაც მოასწავებდეს, რომ „რუსთავი 2“-ის თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გაჯანჯლდა. ამისთვის რეალური წინაპირობებიც არსებობს.

ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაუჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ უმსხვილესი კერძო ტელეკომპანიის მფლობელების სამართლებრივი გზით შეცვლა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. ამისთვის საკმარისი ნდობის მანდატი ჯერ არც ქართულ იუსტიციას და არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ მოუპოვებია.

მეორე მხრივ, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რუსთავი2“-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უფრო კომფორტულად მიაჩნდეს, ვიდრე ყოფილი მფლობელების რთულად პროგნოზირებად დუეტთან. დავით დვალი „ლიბერალისთვის“ გასული წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: „2004 წლის თებერვალში, ვიდრე წილებს გავასხვისებდით, ჩემი და ჯარჯის ინციატივა იყო, რომ `რუსთავი 2~ არაოფციალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცეულიყო. გვინდოდა, რომ ამ ტელევიზიას, საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვან როლი ეთამაშა, ყოფილიყო `ბორდი~ სადაც ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანები შევიდოდნენ. შეიძლებოდა თანამშრომლებისთვის წილებიც დაგვერიგებინა. გვინდოდა, `რუსთავი 2~ გადაქცეულიყო იმ არხად, რომელიც არც მთავრობის იდეების პროპაგანდას მოემსახურებოდა და არც _ ოპოზიციის, იქნებოდა საზოგადოებრივი ფუნქციების შემსრულებელი. ამას ვაპირებდით და ეს დღემდე ჩვენს აუსრულებელ ოცნებად რჩება“.

ყარამანაშვილების მიერ ტელეკომპანია „მზის“ წილების გაყიდვის შემდეგ, მოვლენათა განვითარების ერთი სავარაუდო ვერსიაც იკვეთება: „რუსთავი 2“-მა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალოს მფლობელი. „ტელეკომპანია საქართველოს“ სახელით განხორციელებული ბოლო ტრანზაქციით დათქმული ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. ამ თანხად „რუსთავი 2“-ის ისედაც დახლართულ საქმეში მორიგი „კეთილსინდისიერი მყიდველის“ გაჩენა და მფლობელობის გარკვევის პროცესის გაჭიანურება დაინტერესებული მხარისთვის ძვირი სიამოვნება არ უნდა იყოს.

„რუსთავი2“-მა წლევანდელი, 19 წლის იუბილე პომპეზურად აღნიშნა. მრავალრიცხოვანი სტუმრებისათვის დაგზავნილ მოსაწვევებში ეწერა, რომ ამ დღეს არხი თინეიჯერობის ასაკს ემშვიდობება. როგორც არ უნდა დასრულდეს ტელეკომპანიის ძველ და ახალ მფლობელებს შორის დაწყებული ღია ბრძოლა, დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იმის პროგნოზირებაა შესაძლებელი, რომ პროცესი უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი. ერთი რამის წინასწარმეტყველება კი ასპროცენტიანი სიზუსტითაა შესაძლებელი _ მომავალ ზაფხულს „რუსთავი 2“ აუცილებლად აღნიშნავს თავის 20-წლიან იუბილეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^