Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფლის მეურნეობა სიღარიბის დასაძლევად

24 ივნისი 2013

 

შვეიცარიულ-დანიური პროექტი RED რომელსაც რამდენიმე-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, სამცხე ჯავახეთში სიღარიბის აღმოსაფხვრელად და ეკონომიკური განვითარების მიზნით მეკარტოფილეობისა და მერძევეობის სექტორის წახალისებას აპირებს. სოფლის მეურნეობა ამჟამად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დარგია და ამ სფეროში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ს არ აღემატება. 

დარეჯან კანთელაძის მერძევეობის ფერმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანტაში მდებარეობს. მეურნეობა 240-მდე მეწველი ძროხისა და მათი ნამატისგან შედგება. საქონელი წყალსაცავსა და ჯუჯა ფიჭვნარს შორის გვირილებითა და ალპური ზონის მცენარეულობით დაფარულ საძოვრებზე ბალახობს. საქონლის საკვების შეძენა ფერმერს არც ზაფხულში და არც ზამთარში არ სჭირდება, რაკი ფერმას საკუთარი საძოვრები და სათიბები აქვს.

დიდი რაოდენობით მიწები დარეჯან კართელაძემ 1997 წელს არენდით აიღო. ,,მაშინ საკუთრების კანონი არ არსებობდა და მიწები მოგვიანებით შევიძინეთ. სოფელი იცლებოდა - აქედან ბერძნები მიდიოდნენ, კარგი ძროხები ჰყავდათ - ეს ჯიში შევიძინეთ და საბჭოთა კავშირის დროს დანგრეული ძველი ფერმა აღვადგინეთ“, - ყვება კანთელაძე.

ფერმერმა მეურნეობა 15 ძროხით დაიწყო. მოგვიანებით ძროხების სულადობა 150-მდე გაიზარდა. სოფელში საბჭოთა მეურნეობის დროიდან დარჩენილი შვიცის ჯიშის ძროხები ფერმერმა ჰოლშტინო ფრიზის ჯიშის ბუღებთან შეაჯვარა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შეგუებული ჰიბრიდი მიიღო.  მათი წველადობა საშუალოდ დღეში 17 ლიტრია, სეზონზე კი - 20 ლიტრზე მეტი.

2008 წელს ფერმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტში, ,,ათასწლეულის განვითარების პროექტში“ მოხვდა და 125 ათასი დოლარის გრანტი მიიღო. მიღებული ფულით ფერმერმა რძის გადასამუშავებლად საჭირო დანადგარები შეიძინა და ახლა რამდენიმე ტიპის ყველს აწარმოებს, რომელსაც საკუთარი ბრენდის ნიშნის ქვეშ სუპერმარკეტების ქსელში ყიდის.

მერძევეობის ფერმაში ამჟამად 30-მდე ადამიანია დასაქმებული. სოფელში 15-მდე ოჯახი ცხოვრობს. ბერძნების დაცლილ სოფელში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სოციალურად გაჭირვებული ოჯახები ფერმაში სამუშაოდ ჩამოასახლეს. ამჟამად სოფლელებს საკუთარი ძროხებიც ყავთ, ყველს სახლში კუსტარულად ამზადებენ და ყიდიან. ზამთარში კი, როდესაც ძროხების წველადობა მცირდება და რძის დეფიციტია, რძეს ფერმაში აბარებენ. ეს ფერმას პროდუქციის რაოდენობის რეგულირებაში და ბაზრის სტაბილურად შენარჩუნებაში ეხმარება. სოფლელებისთვის კი ფერმას დასაქმების გარდა სხვა სიკეთეც მოაქვს: ფერმა მოსახლეობას ვეტერინარულ მომსახურებასა  და პირუტყვის ვაქცინაციაში ეხმარება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ,,მშვიდად არიან“, რაკი იციან, რომ დიდი ფერმის გვერდით მათ წვრილ მეურნეობებს საფრთხე არ დაემუქრება.

კართელაძის მერძევეობის ფერმა ამჟამად სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროექტში ერთვება. რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარების სააგენტო და დანიის მთავრობა აფინანსებს, მიზნად სამცხე-ჯავახეთში სიღარიბის დაძლევას ისახავას. პროგრამას ორგანიზაციები CNFA,  NIRAS და Mercy corps განახორციელებენ. პროგრამა ოთხწლიანია და მისი ბიუჯეტი 10 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. მისი ერთ-ერთი მიზანი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის მწარმოებლების პროდუქტიულობის გაზრდაა. ამ მიზნით რამდენიმე მსხვილი ფერმის მაღალტექნოლოგიური აღჭურვა და დანარჩენი ფერმერებისთვის მათი სასწავლო ბაზად გამოყენება იგეგმება.  

კანთელაძისა და სხვა მსგავს ფერმებში ტრენინგების ციკლი აგვისტოდან დაიწყება. 550-მდე ფერმერსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოს ტრენინგს სურსათის უვნებლობაზე, წარმოების პირობების გაუმჯობესებაზე, მარკეტინგსა და სხვა საკითხებზე ჩაუტარებენ. ასეთი კურსის გავლის შემდეგ კი ფერმერებს შეეძლებათ თავადაც შეიტანონ განაცხადი და პროგრამის ფარგლებში საკუთარი წარმოების გასაუმჯობესებლად იაფი კრედიტი მიიღონ. დაფინანსებას 150 კანდიდატი მიიღებს.  პროექტის ავტორების აზრით, ეს წარმოებული რძის 15%-ით და შემოსავლების 10%-ით გაზრდას გამოიწვევს.

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) სამცხე-ჯავახეთში მერძევეობა-მესაქონლეობასა და მეკარტოფილეობაზე ფოკუსირდება. ანალოგიური შესაძლებლობები შეიქმნება მეკარტოფილეებისთვისაც.

RED პროგრამა ფერმერებისა და გლეხებისთვის იაფი კრედიტების უზრუნველსაყოფად 5,5 მლნ შვეიცარიულ ფრანკს გამოყოფს და ამგვარად თავად აზღვევს რისკს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბანკი და ფერმერი ინაწილებდნენ.  5 მლნ შვეიცარიული ფრანკის მოზიდვა კი თანა-ინვესტირების მეშვეობით მოხდება. 

,,ვთანამშრომლობთ არსებულ საწარმოებთან და ვეხმარებით მათ, რომ გააუმჯობესონ  პირობები, ბიზნესი და ინვესტირება მოახდინონ წარმოების ძირითად საშუალებებში. ჩვენი მთავარი ფოკუსი  სურსათის უვნებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა“, - ამბობს ლევან კობახიძე, ,,რურალ დეველოპმენტ ჯორჯიას“ რძის და მეცხოველეობის სექტორის ხელმძღვანელი.

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დარგია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის შეფასებით, ამ სფეროში შრომის მწარმოებლურობა რამდენიმეჯერ ჩამორჩება ეკონომიკის სხვა სფეროებში შრომის მწარმოებლურობას. ანუ გაწეული შრომით სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები დოვლათის მიღება შეიძლება ვიდრე იმავე მოცულობის შრომით საბანკო სფეროში, ენერგეტიკაში და ა.შ. იმ ფონზე, როდესაც  ფორმალურად, სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 50%-ზე მეტია დასაქმებული, ამ სფეროში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი 7-8%-ია.

ამგვარად, სოფლის მეურნეობაში წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა სიღარიბის პრობლემაზე მნიშვნელოვნად აისახებოდა.

სოფლის მეურნეობაში შემოსავლების სიმწირეს სხვადასხვა მიზეზი აქვს, როგორიცაა სამეურნეო ნაკვეთების მცირე ზომა, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი  ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სამეწარმეო უნარების არქონაა. არჩვაძე ამბობს, რომ ამ კუთხით სიტუაციის შეცვლაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, მაგრამ ცალკეულ მიზანმიმართულ პროექტებს სექტორის განვითარებაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი წვრილი და საშუალო ფერმერებისთვისაა, რომლებიც ნაკლებ ცოდნასა და სამეწარმეო უნარებს ფლობენ.

ამჟამად სრულდება USAID-ის პროექტი ,,ფერმერი ფერმერს’’, რომელიც სწორედ სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებასა და ახალი ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ქართველი ფერმერებისთვის უცხოელი კოლეგების ჩამოყვანას აფინანსებდა, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. მართალია, მსგავს პროგრამებში ძირითადად მსხვილი ფერმერები არიან ჩართულები, მაგრამ, პროექტის კოორდინატორების აზრით, მათ მიერ მეურნეობის წარმოების ახლებური მეთოდების გამოყენება ეტაპობრივად სხვა ფერმერებისთვისაც საინტერესო გახდება.

სოსო არჩვაძე ხაზს უსვამს, რომ  წარმოებული პროდუქციის გაზრდის პარალელურად, აუცილებელია პროდუქტის გასაღების ბაზრების რეგულირებაც. ნამატი პროდუქტის გასაღების გარეშე მწარმოებელი ორმაგად იზარალებს, თუკი წარმოებაში მეტი შრომა ჩადო, მაგრამ პროდუქტი ვერ გაყიდა და მოგების ნაცვლად იზარალა. ამიტომ სახელმწიფომ სერიოზული როლი უნდა ითამაშოს მზა პროდუქციის სუბსიდირებაში და ფასების დარეგულირებაში.

,,ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ ის რესურსები, რაც სოფლის მეურნეობას 20-25 წლის წინ ჰქონდა. უახლოესი 5-6 წლის გეგმა ეს უნდა იყოს. წელს გაზაფხულზე, მაგალითად, ნათესი ფართობები გაორმაგდა, მაგრამ ეს გაორმაგებულის მოცულობაც კი იმაზე ორჯერ ნაკლებია, რაც 1988 წელს იყო,’’ - ამბობს არჩვაძე. ის სოფლის მეურნეობაში ბოლო წლების ტენდენციის დასასურათებლად სოფლის ტექნიკურ შეიარაღებას აღწერს. 80-იანი წლების ბოლოს სოფლებში დაახლოებით 28 000 ტრაქტორი იყო განაწილებული. ამას გარდა, ყოველწლიურად 200-დან 2500-მდე ტრაქტორი დამატებით ნაწილდებოდა. ბოლო 11 წლის მანძილზე კი  საქართველოში დაახლოებით 9000 ტრაქტორი შემოვიდა. ,,ბოლო წლებში რაც სოფლისთვის გაკეთდა, ეს ზღვაში წვეთია. თუ ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარება გვინდა, მისი აღჭურვილობა უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე სხვა ინდუსტრიულ დარგებში.  ერთი  მხრივ, საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა, მეორე მხრივ, საკრედიტო რესურსების უფრო რაციონალური გამოყენება, ინვესტორების დაინტერესება სოფლად თანხების ჩადებაში.“ - მიიჩნევს ის.

შესაძლოა, სახელმწიფოს მეტად ან ნაკლებად ჩართულობა სოფლის მეურნეობაში დავის საგანი იყოს, თუმცა უდავოა, რომ საქართველოს შემთხვევაში სოფლის მეურნეობის განვითარება პირველ ეტაპზე სიღარიბის დაძლევის ეფექტური საშუალებაა. უცხოური დონორი ორგანიზაციების ძალისხმევა კი, როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს, შეზღუდულ მასშტაბებზე ვრცელდება. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^