Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საავადმყოფოები გასხვისების შემდეგ

25 ივნისი 2013

ჯანდაცვის რეფორმის კონცეფციის მიხედვით,  ჯანდაცვის სფეროს პრივატიზება სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე დადებითად აისახებოდა, თუმცა უმეტეს კლინიკებში გასხვისების შემდეგ არაერთი პრობლემა გაჩნდა.

2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სექტორის რადიკალური რეფორმის ეროვნული გეგმა გამოაქვეყნა. გეგმის მიხედვით, ქვეყანაში 100 ახალი საავამდმყოფო უნდა აშენებულიყო, არსებული მრავალპროფილური საავადმყოფოები კი უნდა გასხვისებულიყო. საბაზრო მექანიზმებისა და კონკურენციის დანერგვით სამედიცინო მომსახურება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო, თუმცა საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის კვლევის მიხედვით, ხელმისაწვდომობა და ხარისხი საქართველოს ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად რჩებოდა.

2007 წლიდან დაახლოებით ასამდე სტრატეგიული თუ არასტრატეგიული მნიშვნელობის საავადმყოფო გასხვისდა, მათგან ყველაზე მეტი - 54 საავადმყოფო - 2011 წელს გაიყიდა.

საავადმყოფოების გაყიდვებს თან სდევდა საავადმყოფოებში პრობლემების ახალი ტალღა.

ღუდუშაურის კლინიკა 2011 წლის ოქტომბერში 6 მილიონ 670 ათას ლარად გაიყიდა. ექიმემი ყვებოდნენ, რომ პრობლემები კლინიკაში ახალი მმართველის მოსვლისთანავე დაიწყო: შემცირდა ხელფასები, ექიმთა დიდმა ნაწილმა კლინიკა დატოვა.

ხელფასების შემცირების გარდა, დაიხურა ღუდუშურში ორთოპედების, ტრავმატოლოგებისა და სამხედრო საველე ქირურგების პოსტდიპლომური განათლების კათედრები. კათედრების გაუქმებით კლინიკაში სასაწავლო ბაზა, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. საავადმყოფო, რომელსაც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალად გადაქცევის მნიშვნელოვანი რესურსი ჰქონდა, ექიმების თქმით, ნადგურდებოდა. მოგებაზე საავადმყოფოების ორიენტირებამ მნიშვნელოვანი, მაგრამ არაშემოსავლიანი განყოფილებების დახურვა გამოიწვია.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ღუდუშაურის კლინიკის ექიმები ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და კლინიკაში შემქნილი პრობლემების შესახებ უამბეს. მათმა ნაწილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც გაავრცელა, ისინი ბიძინა ივანიშვილს საავადმყოფოს გადარჩენას სთხოვდნენ. „ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ,მირიან წიკლაური გასხვისებული კლინიკის სახელწიფო მმართველობის ქვეშ დაბრუნებას „ძველ მეთოდს“ უწოდებდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში საბაზისო კლინიკების გადარჩენის პრობლემა იდგა.

კლინიკის გასხვისება არაერთხელ გააპროტესტეს ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებმაც. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი 2010 წელს კანადურმა კომპანია „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპმა“ 3 მილიონ 10 ათას დოლარად იყიდა. ექიმები კლინიკის გასხვისებასა და ინვესტორის მიერ პირობის შეუსრულებლობას პერიოდულად აპროტესტებდნენ. შეთანხმების მიხედვით 2,5 წელიწადში კლინიკაში ინვესტორს 20 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განხორციელებინა. ეს პერიოდი 2013 წლის 19 მაისს ისე დასრულდა, რომ კლინიკის ექიმების თქმით, ნახევარი დოლარის ინვესტიციაც არ განხორციელებულა, არ განახლებულა და გაუმჯობესებულა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა.

კანადური კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება იმიტომ ვერ შეძლეს, რომ მათ შენობის ნახაზები არ ჰქონდათ და შენობის შესწავლას დრო დასჭირდა. ასევე, პრობლემა აღმოჩნდა საავადმყოფოს მედპერსონალის საავადმყოფოს ერთი ნაწილიდან მეორეში გადაყვანა.

კლინიკის ყოფილი ექიმი თენგიზ ჩარკვიანი ამბობს, რომ ონკოლოგიურის გასხვისება პირველ რიგში პაციენტების ჯანმრთელობას ვნებდა.

„ონკოლოგიური პაციენტის მომსახურება რთული საკითხია. ეს ისეთი პაციენტი არაა, რომელსაც ოპერაციას გაუკეთებ და მკურნალობა მთავრდება, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკვირვება სჭირდება.  ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის კერძო მფლობელობაში არსებობა ონკოლოგიური მომსახურების უწყვეტობას ვერ უზრუნველყოფს. ონკოლოგიის საავადმყოფო სახელწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს, რომელსაც ონკოლოგიის განვითარების გრძელვადიანი ხედვა ექნება.“ _ ამბობს თენგიზ ჩარკვიანი. მისი თქმით, ონკოლოგიის დარგი მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ უნდა იყოს, კერძო კომერციული ინტერესების მქონე ინვესტორის ხელში დარგის განვითარება შეუძლებელია.

თენგიზ ჩარკვიანის აზრით, 61 ათასი კვადრატული მეტრი მიწისა და 43 ათასი კვადრატული მეტრი ფართის გაყიდვა სამ მილიონად უსამართლობა და უკანონობაა. ამის შესახებ მედიასთან საუბრის გამო ის ონკოლოგიურის დირექტორმა საავადმყოფოს დიკრედიტირების ბრალდებით კლინიკიდან გაათავისუფლა. ეს საავადმყოფოდან მსგავსი ბრალდებით  გათავისუფლების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ერთ-ერთი თანამშრომელი სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლებს, რომ მან ჟურნალისტთან ანალიზების გაძვირებაზე ისაუბრა. ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა სპეციალისტებმა თავადაც დატოვეს. თენგიზ ჩარკვიანის თქმით, ექიმების ნაწილი კლინიკაში შემქნილი დაძაბული მდგომარეობის გამო წავიდა. „ონკოლოგიის აწყობილი სისტემა დაინგრა“, _ ასე აფასებს სიტუაციას ჩარკვიანი.

სახელწიფო ონკოლოგიური ცენტრის დაბრუნებას აპირებს. ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც კონტრაქტის გახანგძლივებასა და ამასთან ერთად მასში ახალი მოთხოვნების ჩამატებას გულისხმობდა, უშედეგოდ დამთავრდა.

„წავუყენეთ ახალი მოთხოვნები: ხარისხის კონტროლის მართვა, კოლექტივის მართვაში მონაწილეობის უფლება,  საბანკო გარანტიების გაზრდა. საბანკო გარანტიების გაზრდაზე უარი მივიღეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ დავრწმუნდი, რომ ისინი ამ პროექტს წარმატებით განახორციელებდნენ. გადაწყვეტილება მიღებულია, დაწესებულება მმართველობაში  სახელმწიფოს გადმოეცემა. შევიმუშავებთ ძალიან კონკრეტულ კონცეფციას და ონკოლოგიის სახელწიფო სტანდარტებით დავგეგმავთ საავადმყოფოს ღონისძიებებს.“ _ ამბობს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

მინისტრი ამბობს, რომ ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა: `ისე ექცეოდნენ საავადმყოფოებს, როგორც დედინაცვალი საკუთარ გერს.“

„თითოეული დაწესებულებებისადმი  რამდენიმენაბიჯიანი ქმედება განხორციელდა. თავდაპირველად დაწესებულება გასხვისდა და მყიდველს ანალოგიური საავადმყოფოს სხვაგან აშენების ვალდებულება დაეკისრა.  მან ეს ვალდებულებები არ შეასრულა. სახელწიფომ დაწესებულება დაიბრუნა და აუქციონზე გაიტანა. კანონის მიხედვით,  აუქციონზე გატანის შემთხვევაში არსებული ვლადებულება ანულირდება ანუ აუქციონზე საავადმყოფო უკვე მყიდველისადმი წაყენებული ვალდებულების გარეშე გაიყიდა.“ _ ყვება მინისტრი.

ჰოსპიტალურ სექტორში მინისტრი სხვადასხვა პრობლემებს გამოყოფს. ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველია საავადმყოფოს სტატუსი, არსებობს მყიდველი, რომელიც საავადმყოფოს შენობის დაუყოვლებლივ დაცლას ითხოვს, სხვადასხვა კლინიკებში სახელფასო შეფერხებებია.

„ძალიან ვცდილობთ, რომ სიტუაცია კოლაფსისკენ არ წავიდეს. ძალიან დიდი დროის ჩადება გვიწევს ამ საქმეების მოსაგვარებლად, ჩემი სამუშაო დროის მესამედი ამაში მიდის.~ _ ამბობს მინისტრი.

მინისტრის თქმით, სამინსიტროს ამოცანა კერძო საავადმყოფოების სახელწიფო საკუთრებაში დაბრუნება არაა. ამოცანა პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფაა, რაც სერგენკოს აზრით, ჯერჯერობით პრობლემურია.

„მაგალითად, გადაუდებელი შემთხვევების მართვა წამგებიანია. ამის მაგივრად კერძო მფლობელი უპირატესობას პლასტიკური ქირურგიის განვითარებას მიანიჭებს. კერძო კლინიკებს გადაუდებელი მიღება, როგორც წესი, ნაკლებად აქვთ.შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადამიანის მისაყვანი ადგილი არ გვქონდეს.“ _ ამბობს დავით სერგენკო.

მისი აზრით, გამოსავალი ახალი საუნივერსიტეტო დონის სახელწიფო საავადმყოფოების აშენებაა, რომელიც კომერციაზე ნაკლებად ორიენტირებული იქნება.

„საბედნიეროდ, ინფექციური, ფსიქიატრიული და ტუბერკულოზის ცენტრი  ისევ სახელწიფოს ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება. სხვა მიმართულებებისთვის საუნივერსიტეტო დონის კლინიკები უნდა შეიქმნას, რომელიც სახელწიფო სტრატეგიას განახორციელებს. ერთი ან ორი ასეთი საავადმყოფო თბილისში იქნება, გადაწყვეტილია, რომ აუცილებლად აშენდება ზუგდიდიშიც. კიდევ ერთი, ალბათ, აჭარის რეგინში იქნება. ესენი იქნებიან მაშველი რგოლები.“ _ ამბობს მინსიტრი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^