შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი _ ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები _ მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი _ ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები _ ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, და გივი ქაიხოსროშვილი… ე.წ. “ტრაქტორების საქმეზე” დაპატიმრებული პირების საქმის გამოძიება გრძელდება. ადვოკატები პროკურატურას დაკავებულებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
“2013 წლის 15 ივნისს, დილით 10 საათზე, კამერა შემიცვალეს და სხვა საკანში გადამიყვანეს.
ვიწრო საკანია, ოთხი ადამიანი ვართ. ჰაერი არასაკმარისია, განსაკუთრებულად მაღალი სიცხეა. ფაქტიურად შექმნილია უმძიმესი პირობები.
აქვე უნდა გაცნობოთ, რომ ვარ ავადმყოფი (ჰიპერტონია, ჰაერის უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, დიაბეტის ზღვარზე). თქვენ დაფიქრდით, რატომ გადამიყვანეს ამ პირობებში, მას შემდეგ, რაც ვადის გაგრძელება მოითხოვეს. არაფერს ვითხოვ, ერთი თხოვნა მქონდა _ გაეზომათ წნევა. მთელი ღამე, 17 რიცხვში, არაფრით არ მოვიდა ექიმი ან ექთანი მაინც, წნევის გასამზომად. როცა დილით მორიგე კონტროლიორს ვკითხე, რატომ არ მოვიდა ექიმი ან ექთანი-თქო, მიპასუხა, ექიმმა ბრძანა, მე არ მეხებაო. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სხვა კამერაში გადამიყვანეს.
საპატიმროში მოყვანის დღიდან ხუთი კამერა გამომიცვალეს”…
“ცდილობენ, ისარგებლონ ჩემი მძიმე ავადმყოფობით და ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მიუარესებენ პირობებს, რათა ჩავვარდე და მივცე მათთვის სასურველი ჩვენება. ამ პირობებში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მე ვცდილობ ფსიქოლოგიურად გავძლო. თუ ვერ გავძელი, თავს მოვიკლავ, რადგან ვერ ავიტან ამდენ უსამართლობას და ძალმომრეობას. პასუხისმგებლობას ყველანაირ შედეგზე ვაკისრებ პროკურორ რიჟამაძეს და მის კომპანიას (გამომძიებლებს, მის დამქაშებს)”…
“ამის შემდეგ, რომელ სამართლიანობასა და ჰუმანურობაზე უნდა ვიფიქროთ მე და ჩემს უკან მდგომმა ინტელიგენციამ, ათასობით სტუდენტმა და ახალგაზრდამ, რომელთაც ჩემი სჯერათ, მიცნობენ...
“მას შემდეგ, რაც სხვა კამერაში გადამიყვანეს, საკანში მყოფი პატიმრების დიდი ძალისხმევის, ჩხუბის, ყვირილის, კარებზე ბრახუნის შემდეგ ვახერხებთ ექიმის მოყვანას. საერთოდ, თუ თანასაკნელებმა არ ატეხეს ალიაქოთი ჩემი ცუდად გახდომის შემდეგ, კაციშვილი პატრონი არ არის.
გამოკითხვის ოქმი ჩემ მიერ ჩემივე სიტყვებითაა დაწერილი, რის სისწორესაც ვადასტურებ ხელის მოწერით“.
ეს არის ამონარიდები გამოკითხვის ოქმიდან, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, კახა კოჟორიძეს, ე.წ. `ტრაქტორების საქმეზე” დაპატიმრებულმა ომარ თედორაძემ მისცა.
კახა კოჟორიზე მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოს სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი პირობების შექმნა შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად შევაფასოთ.
საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია. “ლიბერალი” მასზე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ წერდა. სტატია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზეც. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია: სოფლის მეურნებობის სამინისტრომ დაქვემდებარებული უწყებების მეშვეობით საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად ტრაქტორების შეძენა გადაწყვიტა. ამისთვის ორი კომისია შეიქმნა, ერთი მეცნიერებისა და სპეციალისტების შემადგენლობით, რომელმაც შესასყიდი ტრაქტორების სპეციფიკაციები დაადგინა და, მეორე, რომელმაც ტექნიკის შესაძენად მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართა. ციხეში სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრები აღმოჩნდნენ. მათ ბრალად სხვადასხვა დანაშაული, ძირითადად კი ფულის გაფლანგვა დაედოთ.
პროკურატურა დაკავებულებს ედავება, თუ რატომ ურჩიეს სამინისტროს ერთი და არა მეორე ტიპის ტრაქტორების ყიდვა. ბრალდება ამტკიცებს, რომ იმავე შესაძლებლობების ტექნიკის ყიდვა უფრო იაფად შეიძლებოდა. თუმცა ბრალდების არსი მთელ რიგ საკითხებში დამაჯერებლობას მოკლებულია.
საქმის ძიება გრძელდება. წინა სასამართლო სხდომა 20 ივნისს უნდა გამართულიყო. თუმცა 13 ივნისს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და ამ ვადის 19 აგვისტომდე გაგრძელება მოითხოვა. ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა 5 აგვისტომდე გადადო.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, მას საქმის სასამართლო პროცესამდე მიყვანა არ სურს. სწორედ ამიტომ აჭიანურებს გამოძიებას და ცდილობს, დაკავებულებზე ზემოქმედების შედეგად, საქმე საპროცესო გარიგებით დაასრულოს. იმავეს ამბობს ომარ თედორაძე, გამოკითხვის ოქმში.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ბრალდებული, მამუკა ივანიაძე ადვოკატის აცილებას და სახაზინო ადვოკატის დანიშვნას ითხოვს.
თხოვნა 16 ივნისის კვირა დღითაა დათარიღებული და არჩილ კბილაშვილის სახელზეა დაწერილი. ამავე დღეს პროკურორი რიჟამაძე ივანიაძის დაკითხვას ითხოვდა და ადვოკატს დაწესებულებაში მისვლას სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო (ადვოკატის გარეშე ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება). პროკურორმა რიჟამაძემ აცილების განცხადება ადვოკატს ორშაბათს, დილის 11 საათზე აჩვენა. მაშინ, როდესაც ადვოკატი მას შემთხვევით, საპატიმრო დაწესებულებაში შეეჩეხა. ბარათაშვილს აინტერესებს, რომ თუ განცხადება კვირას დაიწერა, მაშ, რატომღა სთხოვდა დაკითხვაზე დასწრებას პროკურორი.
ამასთან ჩნდება კითხვა _ 11 საათისთვის პროკურორს როგორ ჰქონდა ხელთ განცხადება, რომელიც ჯერ მთავარ პროკურორთან უნდა მისულიყო, მას უნდა განეხილა და საქმის მწარმოებელ პროკურორთან დაბრუნებულიყო. ადვოკატის თქმით, ეს იყო არაკანონიერი, არასაპროცესო მოქმედება და აცილება იძულებით, ზემოქმედებით დაიწერა.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა ნახუცრიშვილი საკანში კი უკვე მსჯავრდებულ პირებთან გადაიყვანეს.
ბარათაშვილს პროკურორის და გამომძიებლის ამგვარი მოქმედება არ უკვირს “ეს არის დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხალხი, ერთი ადამიანი მაინც რომ დასჯილიყო, მაგალითად ფოტოგრაფების ან სხვა ნებისმიერ საქმეზე, ისინი ამას ვერ გაბედავდნენ. მე მიკვირს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ან სოზარ სუბარის პოზიცია, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველები იყვნენ.”
სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელს, ირაკლი კორძაიას ჩვენი სატელეფონო ზარებისთვის არ უპასუხია. ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა, მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსთან, ხათუნა პაიჭაძესთან დაკავშირება.
ბრალდებულთა ადვოკატებმა უკვე რამდენიმე პრესკონფერენცია გამართეს, ისინი ცდილობენ საზოგადოებას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდონ. ბოლო შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან ერთად, უფლებადამცველები და ექპერტებიც მიიწვიეს. მათ შორის იყვნენ “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” წევრები. ექსპერტთა კლუბი ისეთ ცნობილ და გავლენიან წევრებს აერთიანებს, როგორებიც არიან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი და ა.შ.
შეხვედრაზე მყოფი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ “ეს საქმე ისე ვერ დასრულდება, როგორც პროკურატურას სურს.” მან პატიმრებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ შეხვედრაზე მიიღო: “მე შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება და ინფორმაციაც ასეთი მივიღე, რომ მაგალითად, ომარ თედორაძეს შეგნებულად თრგუნავენ, რათა ის უფრო დამყოლი გახდეს. არ შევეგუები იმას, რომ ისევ ის განმეორდეს, რასაც ვებრძოდი... ტექნიკური დეტალები ჩემთვის ცნობილია და პირველივე დღიდან ვხვდებოდი, რომ რაღაც სუფთად ვერ იყო.”
ექსპერტი საქმის “შეკერვის” მოტივაციაზეც საუბრობს: მისი თქმით, “სამინისტროში უცებ დიდი ფული გაჩნდა, გრანტები, ფონდი... სწორედ ამ თანხებმა მიიზიდა მაღალჩინოსანთა გარკვეული კატეგორია. ამისთვის საჭირო იყო კირვალიძის და მისი ჯგუფის მოშორება~. არეშიძე ფიქრობს, რომ `საქმის გაყალბებაში როგორც ძველი ისე ახალი მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.”
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, პოლიტოლოგ, სოსო ცისკარისვილს აინტერესებს “წლების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლების წარჩინებულებმა რა გამომეტყველებით უნდა წაიკითხონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ თემაზე, რომლის გაღვივებაც დღეს პროკურატურას სურს.” მისი აზრით, `ადვოკატების არგუმენტები ისეთი დამაჯერებელია, რომ ვფიქრობ, მოწმენი ვხდებით კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ბრალდებისა”.
სოფლის მეურნეობის თანამშრომელთა და მეცნიერთა ადვოკატები, უფლებადამცველები, არასამთავრობოთა წარმომადგენლები და ექპერტები, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, ამ საქმეს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ და არ დაუშვან მისი ისეთი სტილითა და დინამიკით წარმართვა, როგორითაც ახლა მიმდინარეობს