თითქმის სამი თვეა შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი მიმდინარეობს. როგორც პროექტის დასაწყისში ვწერდით, ამჯერადაც მეწარმეების მთავარი პრობლემა ბანკებთან ურთიერთობას ეხება. როგორც ისინი ამბობენ, ბანკები აგროსესხებს მკაცრად გასცემენ, სანაცვლოდ კი საკმაოდ მაღალ ფინანსურ თუ ქონებრივ უზრუნველყოფას ითხოვენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის შეფასება ჯერ კიდევ ნაადრევია.
„ნებისმიერი მსესხებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ მას მდგრადი პროექტი არ გააჩნია, რომელიც კრედიტის გადახდისუნარიანია, ვერ მიიღებს სესხს. არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ კრედიტს ყველა მიიღებდა, ვისაც კი ამის სურვილი ექნებოდა. ეს არის ბიზნესზე ორინეტირებული პროექტი,“- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ 23 ივნისს მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ორ თვე-ნახევარში 35 მილიონი ლარის სესხია გაცემული, რაც წინა წლების აგროსფეროს დაფინანსებასთან შედარებით შთამბეჭდავი რაოდენობაა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დაწყებისთანავაე შპს. “ბიომაქსის“ დირექტორმა, იარაკლი აბაშიძემ ბიზნეს პროექტები მოამზადა და ბანკებს მიმართა. ერთი პროექტი სასათბურე მეურნეობის განვითარებას ეხებოდა, მეორე ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას. ორი თვის განმავლობაში სესხის აღებას უშედეგოდ ცდილობდა. როგორც ამბობს ყველა ბანკი მოიარა, თუმცა რამდენიმე დღის წინ „ბაზისბანკმა“ სასათბურე მეურნეობისთვის შედარებით მცირე კრედიტი დაუმტკიცა. 30 ათას ლარიან კრედიტში კი ბანკმა უზრუნველყოფაში სალიკვიდაციო ქონება 57 ათას ლარად შეუფასა.
რაც შეეხება ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, რომელიც ბოსტნეულის დაჭრას, გარეცხვას, გაშრობას და დაფასოებას ეხებოდა, უარი მიიღო. კომპანიამ დაახლოებით 140 კვების ობიექტზე გამოკითხვა ჩაატარა და 90%-მა სურვილი გამოთქვა ამგვარად დამუშავებული პროდუქცია მიეღო. ამის შემდეგ გამზადებული ბიზნეს-გეგმით მეწარმემ ბანკებს მიმართა, რომ დაეფინანსებინათ პროექტი მესამე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობის საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა. რამდენიმე დღეში ბანკი მეწარმეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მათ მიმართეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, იქედან კი პასუხი მიიღეს, რომ აღნიშნული პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებას არ უწყობს ხელს და ამიტომ შეღავათიანი პროგრამით ვერ დაფინანსდება.
ირაკლი აბაშიძისგან განსხვავებით, განაცხადის წარდგენიდან ერთ თვეში დაუმტკიცეს სესხი მეწარმე გიორგი ყანჩაველს, რომელიც გორის რაიონის სოფელ ვარიანში საკალმახე მეურნეობის მფლობელია. „შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის ფარგლებში“ მან 336 000 აშშ დოლარის სესხი აიღო, რითაც მეურნეობის გაფართოებას და წელიწადში 300 ტონამდე თევზის მოშენებას გეგმავს. ბანკს ბიზნეს-გეგმით რამდენიმე თვის წინ მიმართა. მეურნეობის ნახვის და შეფასების შემდეგ ბანკმა 13%-იანი სესხი დაუმტკიცა, საიდანაც 12% პროცენტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი იხდის, ხოლო მეწარმეს 1%-ის გადახდა სამთვიანი საშეღავათო პეროდის გასვლის შემდეგ მოუწევს. როგორც მეწარმე ამბობს, მან უზრუნველყოფაში გორში და თბილისში არსებული სახლები ჩადო.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ასოციაციაში შემავალი შვიდასამდე ფერმერიდან აგროკრედიტი მხოლოდ ერთმა მეწარმემ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეების აქტივობა მაღალია და თითქმის ყველა ფერმერმა გააკეთა განაცხადი აგროსესხზე, ბანკები მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.
„ძალიან ჭირს აგროკრედიტის აღება, რადგან ბანკები რისკებს ძალიან ძვირად აფასებენ, ითხოვენ დიდ უზრუნველყოფას, რაც ფერმერს არ გააჩნია. სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს გარკვეული მონაცემები, მაგრამ პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ერთმა აიღო სესხი. ისიც მეორე კომპონენტში 60 ათასი ლარის ოდენობით, უზრუნველყოფაში კი დაახლოებით 120 ათასი ლარის აქტივი აქვს ჩადებული,“ - ამბობს ზამბახიძე.
როგორც ცნობილია, “შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი” სამ კომპონენტიანია. პირველი კომპონენტი მცირე მეწარმეებისთვის 5 000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო განვადებას გულისხმობს.
საფინანსო ორგანიზაციებსა და სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს შორის ხელშეკრულბები ფორმდება. მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს უწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი ანაზღაურებს. ფერმერს შეუძლია, გარდა სასუქისა, მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმო საშუალებები გამოიტანოს. განვადება 6-თვიანია. ვადის გასვლის შემდეგ თუ მეწარმე სესხს ვერ დაფარავს, მას წლიური 36% დაერიცხება. ამ კომპონენტში მეწარმეს ბიზნეს-გეგმის დაწერა ან რაიმე განსაკუთრებული ბიზნესგანაცხადის მომზადება არ სჭირდება.
მეორე კომპონენტი 8%-იან სესხს გულისხმობს და საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვისაა. კრედიტის მოცულობა არა უმეტეს 2 წლის ვადით 5 000-დან 100 000 ლარამდეა.
ამ კომპონენტში სესხი სასოფლო-სამეურნეო ისეთი საქმიანობის დასაფინანსებლად გაიცემა, როგორიცაა, საბრუნავი (ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალა, პესტიციდები, სასუქები, არასანაშენი და მოზარდი პირუტყვის ვეტპრეპარატების შეძენა და ა.შ.) და ძირითადი საშუალებების (სანაშენე პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის შენება, სარწყავი სისტემის მოწყობა) დაფინანსება.
პროექტის მესამე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვისაა და 60 ახალი საწარმოს დაფინანსებას ითვალისწინებს. ერთ მილიონ ლარამდე სესხი სამპროცენტიანია და არაუმეტეს 7 წლის ვადით გაიცემა.
პროექტში 11 ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს.
სახელმწიფოს და ბანკებს შორის შეთანხმების შედეგად, პროცენტის მაქსიმალური რაოდენობა 17%-ით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც მეწარმე სესხის აღებას გადაწყვეტს, მან ბიზნეს-გეგმით ბანკებს უნდა მიმართოს. ისინი განაცხადებს განიხილავენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი სესხის თანადამფინანსებელი ხდება და აღებული კრედიტის 9%-ს იხდის. გარდა ამისა, ფონდი ბანკებს გარანტიას აძლევს, რომ თუ მეწარმე ვერ დააბრუნებს სესხს, ძირითადი თანხის ერთ მესამედს დაუფარავს. 2013 წელს პროექტისთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდიდან 36 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ბანკი ქართუ“ ერთ-ერთია ცამეტი ბანკიდან, რომელიც იაფი კრედიტების პროგრამაშია ჩართული. ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის მეორე კომპონენტის ფარგლებში დაახლოებით 450,000 ლარის ოდენობის 6 სესხია გაცემული. მესამე კომპონენტის ფარგლებში კი 935,000 აშშ დოლარით სამი საწარმო დაფინანსდა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებს, 23 ივნისის მდგომარეობით სულ 2 761 მსესხებელზე 35 მილიონ 624,936 ლარია გაცემული. აქედან, პირველ კომპონენტში, რომელიც ეხება განვადებას 1666 მეწარმე დაფინანსდა და საერთო თანხამ 811,731 ლარი შეადგინა. მეორე კომპონენტში, 1046 მეწარმემ მიიღო იაფი აგროკრედიტი 21 მილიონ 66,377 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე კომპონენტში 54 გაიცა სესხი 8 მილიონ 366,735 დოლარის ოდენობით.
ორჯერ მეტ უზრუნველყოფასთან ერთად, რასაც ბანკები ითხოვენ, მეწარმეების უკმაყოფილება რეფინანსირების შეზღუდვასაც ეხება. როგორც ისინი ამბობენ, ფერმერების უმეტესობას პროექტის დაწყებამდე ჰქონდა უკვე სესხი აღებული და ახალი სესხით ძველის გადაფარვა უნდოდადთ, რასაც იაფი კრედიტების პროექტი არ ითვალისწინებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრ, შალვა ფიფიას განცხადებით, რეფინანსირება გარკვეულწილად შეზღუდულია და მესამე კომპონენტში საერთოდ არ არის დაშვებული.
„მეორე კომპონენტში რეფინანსირება დავუშვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფერმერი, რომელიც წინა წლებში 30%–ამდე იხდიდა და კეთილსინდისიერად მუშაობდა, არ უნდა დაიჩაგროს. ოღონდ რეფინანსირება დაშვებულია მხოლოდ ერთი პირობით: გაცემული პორტფელის მხოლოდ 1/ 3 შეიძლება იყოს რეფინანსირებული. მიზანი არ იყო არსებული პორტფელის რეფინანსირება, მიზანი იყო მსესხებელთა ბაზის გაზრდა," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.