კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებული პირის პროცესზე პროკურორის, ნანა ხუნჭუას თქმით, საქმის მასალებიდან გამომდინარე ის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დააყენებს. მის ვინაობას კი პროკურორი თავად დაკავებულისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გასცემს.
„საქმის მასალების, მტკიცებულებების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გვაქვს და იმ მუხლებით, რომლებიც მას აქვს წარდგენილი, დღეს ვიხილავთ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. დახურვის შუამდგომლობა ჩვენ შემოვიტანეთ სასამართლოში, რომელსაც ახლა განვიხილავთ და ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ვერც ჩვენ დავასახელებთ, რადგან ვიცით მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დავასახელოთ მისი ვინაობა“, - განაცხადა ნანა ხუნჭუამ.
კითხვაზე, არის თუ არა დაკავებული საქართველოს მოქალაქე, პროკურორმა თქვა, რომ საქმე სპეციფიკურია და მედიას მეტ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ მიაწვდის. „საქმე ეხება ტერორიზმს, დაწყებულია გამოძიება ამ მუხლით, ამ მუხლებით აქვს წაყენებული ბრალდება. შესაბამისად, მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის საქმეები სპეციფიკურია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მეტი ინფორმაციის გავრცელება“, - თქვა ნანა ხუნჭუამ.
როგორც „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ს.დ.-ს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ედება; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებისთვის წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით.
სპეცოპერაცია, რომელიც 21 ნოემბერს, ღამით დაიწყო და 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი. გარდაცვლილია ერთი სპეცრაზმელი, დაჭრილია ორი. სუს-ის ინფორმაციით, ასევე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.