Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ელის სადაზღვევო ინდუსტრიას?

27 ივნისი 2013

რა ელის სადაზღვევო ბაზარს, რომლის 75 პროცენტიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას უკავია?  2013 წლის 28 თებერვლიდან ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის მართვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა: კერძო სადაზღვევო კომპანიები თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი 2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში 6-დან 60 წლამდე ასაკის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მანამდე არანაირი სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების _ გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის საშუალება მიეცა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველმა ეტაპმა, ჯამში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმური სერვისებიც დაემატება.

რა მოელის სადაზღვევო ინდუსტრიას მას შემდეგ, რაც სოციალურ დაზღვევას საკუთარ ხელში მთლიანად სახელმწიფო აიღებს და დაზღვევის საბაზისო პაკეტსაც გააფართოებს?

სადაზღვევო  სექტორი, მეორე წელია, წაგებაზე მუშაობს. კერძო სადაზღვევო კომპანიებმა 2011 წელი 22 მლნ, ხოლო 2012 წელი 7,2 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს.  სადაზღვევო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების წაგებამ  98% შეადგინა. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები ყველაზე ზარალიანი  „ალფასა“ (119%) და „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთვის“ (106%) აღმოჩნდა.

ექსპერტთა შეფასებით, კომპანიების ზარალის მიზეზი  პრემიის დაბალი თანხა გახდა: ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ შვილობილი კომპანია „ალფა“ სადაზღვევო ბაზარზე 2010 წელს დემპინგური ფასით შევიდა და სახელმწიფოს თითო დაზღვეულის მომსახურებისთვის  6-ლარიანი პაკეტი შესთავაზა. სადაზღვევო კომპანიების დიდი ძალისხმევით ამ ფასმა მოგვიანებით 9 ლარამდე აიწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის გამართული ფუნქციონირებისთვის საკმარისი არც ეს თანხა იყო.

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებდა არასტაბილური ბიზნესგარემოც. საქართველოს მთავრობის 218-ე დადგენილებაში, რომელიც მიზნად ისახავდა უმწეოების და პედაგოგების დაზღვევას, 2 წლის განმავლობაში 35 ცვლილება შევიდა. სადაზღვევო ინდუსტრიასთან გაფორმებულ კონტრაქტში ხელისუფლების მიერ ცალმხრივად შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მომხმარებლების პირობების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, პარალელურ რეჟიმში მძიმე მდგომარეობაში აყენებდა სადაზღვევო კომპანიებს. 

სადაზღვევო კომპანიების მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც გასული წლის სექტემბერში მთავრობამ სახელმწიფო პროგრამების ნაწილი გააუქმა და ისინი სადაზღვევო პაკეტში ისე შეიტანა, რომ ინდუსტრიისთვის არაფერი უკითხავს.

სადაზღვევო სექტორი ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას _ მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ სოციალური დაზღვევა საკუთარ ხელში აიღო, კერძო კომპანიებმა ბაზრის უდიდესი ნაწილი დაკარგეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან შეთანხმებით, მათ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში გარანტირებული მონაწილეობის პირობით ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამაში 150 მლნ ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია ჩადეს. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში 55 საავადმყოფო აშენდა. სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის გამო, სადაზღვევო კომპანიების ხარჯიც გაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მათ 2013 წლის თებერვალში სადაზღვევო  კომპანიების მომსახურების ფასები უნდა გადაეხედათ. მაგრამ, იმის გამო, რომ შეიცვალა მთავრობა და მისი სტრატეგია, ფასების გადახედვა არ მოხდა. შედეგად, სადაზღვევო კომპანიები  ხარჯებს ვეღარ უმკლავდებიან და კლინიკების მიმართ მილიონობით ლარის დავალიანება უგროვდებათ: თუ 2012 წელს სადაზღვევო კომპანიებს ჰოსპიტალების ვალის სახით 3 მლნ ლარი დაუგროვდათ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ამ თანხამ 4,9 მლნ ლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა უკვე დატოვა სადაზღვევო კომპანია „ალფამ“. კომპანიაში განაცხადეს, რომ  ბიუჯეტიდან არასაკმარისი დაფინანსების გამო,  მათთვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა ზარალის მომტანი იყო.

1 ივლისიდან სადაზღვევო ბაზარზე თამაშის წესები კიდევ ერთხელ იცვლება. რა იციან სადაზღვევო კომპანიებმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპის პროგრამის შესახებ და რა გავლენას მოახდენს მისი ამოქმედება სადაზღვევო სექტორზე?

„აქამდე საყოველთაო ჯანდაცვა განხორციელდა იმ ადამიანებზე, რომლებიც მანამდე არანაირ სადაზღვევო აქტივობებში არ იყვნენ ჩართულნი, არ იყვნენ არანაირი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილები. ასეთი იყო 2 მლნ-მდე ადამიანი. ეს პროგრამა თავის თავში მოიცავდა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს  და გადაუდებელი მდგომარეობების მართვას. ახლა ამას ემატება ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტის შესაძლებლობა და გეგმიური ქირურგიული სერვისების, მათ შორის მშობიარობის დაფინანსებაც“, _ განაცხადა  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რაც ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპის თაობაზე აქვს სადაზღვევო  ინდუსტრიას. სადაზღვევო კომპანია  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალების შესახებ მათ კომპანიაში არაფერი იციან: „ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ბევრი დეტალი ჯერაც ძალიან ბუნდოვანია. არ ვიცით, რამდენ ადამიანზეა გათვლილი ეს პროგრამა, რომელი დაავადებების მკურნალობა დაფინანსდება... ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 120 000 ბენეფიციარს ემსახურება. თუ სოციალურ დაზღვევას საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს, მაშინ ჩვენ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში მხოლოდ კორპორატიული მომსახურების ნიშა დაგვრჩება“.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ნიკა რამიშვილი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ბაზარზე სახელმწიფო ფონდის შესვლა მძიმე გავლენას მოახდენს დაზღვევის ინდუსტრიაზე და მათ ჯანმთელობის დაზღვევის კორპორატიულ ნიშასაც შეუმცირებს. „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპის პროგრამა ჩვენთვის დახურულ კარს მიღმა შემუშავდა. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია და კოორდინაცია არ გვაქვს. ცხადია, რომ ასეთი ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს სადაზღვევო ინდუსტრიაზე. კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში, რომელიც ჩვენი ინდუსტრიისთვის ლომის წილი იყო, მხოლოდ კორპორატიული დაზღვევა დარჩება. თუ სახელმწიფო მოქალაქეებს ფართო საბაზისო პაკეტს შესთავაზებს, კორპორატიული დაზღვევაც აღარ იარსებებს. თუ ადამიანს უფასოდ აქვს ყოვლისმომცველი ბაზისური პაკეტი, რატომ იზრუნებს იმაზე, რომ თავისი ფული გადაიხადოს და კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვიოს? მითუმეტეს ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ფონდი სრულად დააზღვევს ჩვენს მოქალაქეებს, ბაზარზე ალბათ,  2-3 კომპანია დარჩება. არის კიდევ ერთი საკითხი: დღეს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას 10 000 ადამიანი მართავს. როგორ მოხდება მათი გადანაწილება, უცნობია“, _ ამბობს  ნიკა რამიშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფო პროგრამებიდან გამოსვლის შემთხვევაში „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ ჰოსპიტალურ სექტორს დაიტოვებს.

კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის  სერიოზული ფინანსური პრობელემების შექმნას წინასწარმატყველებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი: „საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის მეორე ეტაპის პროგრამის შესახებ არაფერი ვიცით. არც დეტალებია ცნობილი და არც  ციფრები. არ ვიცით, მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაზღვევის რა ნაწილი დარჩება კერძო სექტორს. ამიტომ სიღრმისეული ანალიზის გაკეთება ახლა შეუძლებელია. თუმცა უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებს შეუწყდებათ ის დაფინანსება, რომლითაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში საზრდობდნენ, ვგულისხმობ სახელმწიფო სადაზღევო პროგრამაში მონაწილეობას, მათ ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. ცხადია, რომ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება 4 მლნ დაზღვეული ადამიანის მართვა და მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება“.

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამის თაობაზე სადაზღვევო კომპანიები სრულ გაურკვევლობაში არიან და არ იციან, დარჩებათ თუ არა მათ სახელმწიფო პროგრამებში სამოქმედო სივრცე: „კერძო სადაზღვევო ორგანიზაციები თუ ამოვარდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებიდან, დარჩებათ სხვა მიმართულებები, რაც ჯამში 120 მილიონია. რა თქმა უნდა, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. დღეს არათუ ინვესტორმა, არამედ მფლობელმა და თანამშრომელმაც არ იცის, რა იქნება ხვალ. თუ ეს ასე მოხდა და კერძო სადაზღვევო ორგანიზაციებს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების საშუალება აღარ მიეცათ, მაშინ ჯანდაცვის დაფინანსება დარჩება სახელმწიფო ფულზე და კერძო გადასახადებზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება“. 

განსხვავებული პროგნოზი აქვთ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც  აცხადებენ, რომ სოციალური დაზღვევის სახელმწიფოს ხელში გადასვლა კერძო კომპანიებს სამოქმედო სივრცის დიდ არეალს უტოვებს, რადგან სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საბაზო დაზღვევა მომხმარებლისთვის მაღალტექნოლოგიური სერვისების, კვლევების, წამლებისა და ექსტრასერვისების მიწოდებას არ გულისხმობს. ამიტომ,იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ და სურთ, რომ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება გამოიყენონ, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე დარჩენას არ ურჩევს.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^