Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეცდომა თუ დანაშაული?!

01 ივლისი 2013

დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი სიხისტის მსხვერპლია. ბოლო ერთ კვირაა ყოველდღიურად მაღალჩინოსნების ბოდიშებს ვისმენთ. პარტიას მმართველობის წლებში ამის მეათედი ინტენსივობით მაინც რომ ეღიარებინათ შეცდომები, დღეს, ალბათ, სხვანაირ ქვეყანაში ვიცხოვრებდით.

ახლა მხოლოდ მობოდიშება ან ინფანტილიზმია, ან ფარისევლობა. დანაშაულის ის მასშტაბი, რაც ბოლო დროს გამომზეურდა, “ნაციონალური მოძრაობის” გავლენიანი წევრებისაგან სრულ პოლიტიკურ, ზოგიერთ შემთხვევაში _ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვს. გავრცელებული რიტორიკა, რომ პარტია არჩევნებში დამარცხებით უკვე დასაჯა საზოგადოებამ, არაა რელევანტური. სახელმწიფოში წლების განმავლობაში პატიმრებისა და ბრალდებულების სისტემატურად წამებისთვის, ცხადია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმაღლესი რანგის ყველა ჩინოვნიკმა უნდა გაიზიაროს. ქართულ პოლიტიკას ტოტალური სიყალბის ტვირთი მანამდე გაყვება, სანამ შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები ეპისტოლეებით, თავხედურად და ცალყბად მოგვიბოდიშებენ (თურმე) დაშვებული შეცდომების გამო.

შეცდომაა, მაგალითად, სამსახურიდან ვინმეს უსაფუძვლოდ დათხოვნა, ან ბიუჯეტის ხარჯზე შვებულებაში წასვლა. ის, რაც ქართულ ციხეებსა და პოლიციის გამჭვირვალე შენობებში ხდებოდა და, შესაძლოა, დღესაც ხდება, უმძიმესი დანაშაულია.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ბედიც დიდწილად სწორ რიტორიკასა და ჩადენილ დანაშაულებებზე აღებული პასუხისმგებლობის ხარისხზეა დამოკიდებული. დავით ბაქრაძესაც კი, რომელიც მათ გუნდში ერთ-ერთ ყველაზე გაწონასწორებულ პოლიტიკოსად ითვლება და წლების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, თუ ამ ფაქტებთან მიმართებაში საჭირო სიტყვებს, დამოკიდებულებას ვერ იპოვნის, გაუჭირდება სახის შენარჩუნება. ქვეყნის ყოფილი მეორე პირისგან არასერიოზულია განცხადება, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიაზე ინფორმაცია არ გააჩნდა. მით უფრო _ ყველას გვახსოვს, რა იქედნურად ისმენდა მისი პარლამენტის უმრავლესობა ცნობებს ორი სხვადასხვა ომბუდსმენის ანგარიშში მოხვედრილ წამების ფაქტებზე.

“ნაციონალური მოძრაობის” იხტიბარგაუტეხლობა სახელმწიფოებრიობისთვისაა საფრთხე. ქვეყანამ უახლოეს ისტორიაში პირველად მოახერხა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა. მყიფე დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, თუ ყოფილი მმართველი პარტია ოპოზიციაში ერთ საარჩევნო ციკლს მაინც გაუძლებს. ეს  ქართული დემოკრატიის სიმწიფის დასტური იქნებოდა.

“ოპოზიციის გარეშე დემოკრატია არ შეიძლება იყოს, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება, კონსტრუქციულ ოპოზიციად გადაიქცეს, ნაკლებსავარაუდოა. ისინი შეასრულებენ ამ როლს იქამდე, ვიდრე შეასრულებენ. ოპოზიციის განადგურებას არავინ აპირებს, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს. ისინი თავად აყენებენ ზიანს თავიანთი საქმიანობით პარტიას და მომხდარისგან გაკვეთილი ვერაფრით გამოიტანეს. ისინი კვლავინდებურად დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია და შავი _ თეთრი. თუ მათ მაინც არ შეუძლიათ, ოპოზიციის ნიშა დაიკავონ, ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს თადარიგი თავად სახელისუფლებო კოალიციაში, რომელიც 6 პარტიისგან შედგება”, _ ეს ექსტრავაგანტული განცხადება პრემიერმა ივანიშვილმა ესტონურ გაზეთ “Pოსტიმეეს”-თან გააკეთა.

შეუძლებელია რეალ-პოლიტიკაში კარგად გამობრძმედილი “ნაციონალები” ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდებოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ამ რანგის ყველა განაცხადი შეასრულა. თქვა, რომ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი _ დღეს პრემიერ-მინისტრია; თქვა, რომ “ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა _ ამას თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდებით ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჭრელი კოალიციის რომელიმე ნაწილის ოპოზიციად `დანიშვნა~ ზემოთჩამოთვლილზე იოლი ამოცანა უნდა იყოს. 

სხვა საკითხია, რამდენად წაადგება მოვლენათა ასე განვითარება ქართულ სახელმწიფოს.

ამ დილემას “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა, პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკლებად გაცვეთილი ნაწილიც უნდა ხედავდეს. მათ და სხვადასხვა თჰინკ თანკ-ებში გადანაწილებულ მხარდამჭერ ყოფილ ჩინოვნიკებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, “ნაციონალური მოძრაობის” ნანგრევებიდან თანამედროვე, მობილურ პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბდნენ.

ახალგაზრდობა ამ შემთხვევაში მხოლოდ ასაკს რომ არ ნიშნავს, გასული კვირის კიდევ ერთმა მოვლენამ დაგვანახა. გიგი უგულავა, რომელიც კარგა ხანი პარტიაში პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატათაც კი განიხილებოდა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” მორიგ ტვირთად იქცა.

უგულავამ თბილისის მერია ნაბიჯ-ნაბიჯ “ნაციონალური მოძრაობის” გარე სტრუქტურად აქცია და რესურსებსაც პირდაპირი პარტიული ინტერესებით ხარჯავდა. ასე მაგალითად, მერიიდან იღებდნენ ანაზღაურებას ე.წ. კოორდინატორები, რომელთაც “ნაციონალური მოძრაობის”  მხარდაჭერთა მობილიზება და არჩევნებში მიცემული ხმების აღრიცხვა ევალებოდათ. პარტიის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კონცერტებში კი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად გაფორმებული მსახიობები მონაწილეობდნენ.

გასულ ხუთშაბათს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 22 თანამშრომელი დააკავა. მათ დაახლოებით 50 მილიონის ლარის გაფლანგვას ედავებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსების წყაროების უმრავლესობა გადაეკეტა, ადვილი მისახვედრია, რა დანიშნულებით გაფლანგვაში ადანაშაულებენ მერიას სამართალდამცავები. თუმცა, სასამართლო წინაა.

თბილისის მერიას სახელმწიფო უწყებებს შორის “ნაციონალური მოძრაობის” უკანასკნელი ფორპოსტის ფუნქცია თავად გიგი უგულავამ დააკისრა. საილუსტრაციოდ იმის გახსენებაც კმარა, როგორ დაინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ოდიოზური ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 28 ივნისს გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ მერის მთავარ ხუთ შეცდომას თბილისელები ამ რიგითობით ალაგებენ: ტრანსპორტის სიძვირე; ადამიანების მიმართ უდიერი დამოკიდებულება; კორუფცია; ბიუჯეტის გაფლანგვა; ის, რომ მერი პოლიტიზებულია.

დაშვებული, ან მომავალში დასაშვები შეცდომების მიუხედავად, გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემა “ოცნების” ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს: ის პირდაპირი წესით არჩეული მერია. ამ ხარისხის ფორმალური ლეგიტიმაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, საქართველოში არავის აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასამართლო სისტემაში პოლიტიზირების ხარისხი დიდად არც არჩევნების შემდეგ შეცვლილა, ივანიშვილის მთავრობას გაუჭირდება დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ უგულავას სამართლებრივი დევნა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.

27 ივნისს საგამოძიებო სტრუქტურების არაპროფესიონალურმა საქციელმა, როცა დილით დაკავებული ადამიანები რამდენიმე სააათში გაათავისუფლეს, გვიან საღამოს კი ხელახლა დაადეს ბორკილები, ამ სტრუქტურების მიმართ ვერც ქართულ საზოგადოებაში ნდობის ზრდას შეუწყობდა ხელს და ვერც ნატოს დელეგაციის წევრებზე მოახდენდა კარგ შთაბეჭდილებას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ხშირმა შეცდომებმა, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” პრაგმატულ და წარსულით ნაკლებად დისკრედიტებულ ნაწილსაც გაუჩინოს მხოლოდ ოპონენტების შეცდომებზე მუდმივად აპელირების ცდუნება. თუმცა, ეს ყოფილი მმართველი პარტიის კრიზისიდან გამოყვანის ეფექტური გზა არ უნდა იყოს. ის, რომ “ქართული ოცნება” შეცდომებს უშვებს, ბევრს არაფერს მატებს “ნაციონალურ მოძრაობას”.

ადამიანების წამება დანაშაულია და არა უბრალოდ შეცდომა. როცა ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში წამების ასობით ფაქტია დოკუმენტირებული, ეს სისტემურ დანაშაულზე მიგვანიშნებს. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მომავალს, ალბათ, დიდწილად ის განაპირობებს, როგორი გულწრფელობით შეეცდებიან ამ ტრაგედიის მიზეზებში გარკვევას და როგორ ითანამშრომლებენ პოლიტიკურ ოპონენტებთან კონკრეტული დამნაშავეების გამოსავლენად.

ყოველი ცალყბად მოხდილი ბოდიში მათ აქტიური პოლიტიკიდან უფრო და უფრო აშორებს.   

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^