ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის - მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი, რომელიც თბილისში მდებარეობს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის აზერბაიჯანული კულტურის კერად იქცა.
მირზა ფათალი ახუნდოვის თბილისში მდებარე სახლში 1982 წლიდან მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებს. 2007 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მას მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
მუზეუმი დიდი ხნის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. 2013 წელს შენობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუზეუმში შესვლა დიდებისთვის 3 ლარი ღირს, ხოლო ბავშვებისთვის - 50 თეთრი.
მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა აცხადებს, რომ მუზეუმის ძირითადი მიზანი აზერბაიჯანული კულტურის და საზოგადო მოღვაწეების პოპულარიზაციაა: „ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით მუზეუმში ხალიჩის ქსოვის, მუსიკის და ხატვის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს. გვაქვს ენის კურსებიც და უცხოელებს ვასწავლით ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს. ენის კურსებზე ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან ჩამოსული მოქალაქეები დადიან. ისინი, ძირითადად, ბიზნესმენები ან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების თანამშრომლები არიან.“
ნარგილე მეჰდიევა საქართველოში ერთადერთი ქალი აშუღია: „უკვე ექვსი წელია, რაც აქ საზისა და აშუღის გაკვეთილებს ვატარებ. გაკვეთილების დროს ხალხურ ეპოსზეც ვმუშაობთ. იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანული ენა კარგად არ იციან, მუსიკის გაკვეთილებზე ვცდილობთ, რომ ენაც ვასწავლოთ. თბილისში უკვე კარგად გვიცნობენ და ბევრ კონცერტში ვმონაწილეობთ.“
ნარგილე მეჰდიევა პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში არსებული მუსიკის შემსწავლელი წრე საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეროვნული მუსიკის გაცნობა შეუძლიათ: „ასეთი წრე მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. ამიტომ აქ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდანაც ჩამოდიან. არც ადგილი გვყოფნის და მუსიკალური ინსტრუმენტებიც ცოტა გვაქვს. ბავშვებს თარზე დაკვრის სწავლა თბილისის სხვა ადგილებში და რაიონებშიც უნდა შეეძლოთ. ჩვენ - აშუღებს თავშეყრის ადგილი არ გვაქვს და ამის გამო კონცერტებისთვის მომზადება გვიჭირს.“
მეჰდიევა აცხადებს, რომ დახმარების მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართეს, სამინისტროში კი მათი მიმართვის პასუხად უთხრეს, რომ არსებული პრობლემები საკუთარი ძალებით უნდა მოაგვარონ.
მუზეუმის მეორე სართულზე აზერბაიჯანულენოვანი ბიბლიოთეკაა განთავსებული. ბიბლიოთეკის დირექტორი ჯამილა ჰაჯიევა ამბობს, რომ მათთვის გადაცემული ყველა წიგნი საჩუქარია: „ეს საქართველოში არსებული ერთადერთი აზერბაიჯანულენოვანი ბიბლიოთეკაა, ამიტომ მის მიმართ ინტერესი დიდია. წიგნების გაცემისას გვჯერა, რომ მკითხველი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და წიგნს უკან დააბრუნებს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წიგნები მიაქვთ და აღარ აბრუნებენ. ვცდილობთ, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ აქ არსებობს ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოში სხვაგან არსად არის და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ამ წიგნების გამოყენება ყველამ შეძლოს.“
ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ალი გოიშუვი ამბობს, რომ ასეთი მდიდარი აზერბაიჯანულენოვანი ბიბლიოთეკა მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, რაც მათ პრობლემას უქმნის: „აუცილებელია, რომ ყველა იმ რაიონში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანულენოვანი წიგნებიც იყოს. სამწუხაროდ, მარნეულის ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანულ ენაზე სასურველ წიგნებს ვერ ვნახულობთ. იძულებულები ვართ, წიგნებისთვის მარნეულიდან აქ ჩამოვიდეთ.“
მუზეუმის ვიზიტორი სადაგათ გარაზადე ამბობს, რომ ამ მუზეუმში რამდენჯერმეა ნამყოფი და ძალიან მოსწონს აქაური გარემო:
„არ მომწონს, რომ ამ მუზეუმის სარემონტო ხარჯები აზერბაიჯანის მთავრობამ გაიღო. როგორც ვიცი, მუზეუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო ახლაც ეხმარება. კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა მეორეხარისხოვან ადამიანებად არ ჩაგვთვლის და აზერბაიჯანული კულტურის შენარჩუნებისთვის თანხას თვითონაც დახარჯავს. ქართული და სომხური მუზეუმებისთვის ბევრი ფული იხარჯება. სწორადაც იქცევიან. ნებისმიერი კულტურის შენარჩუნებაა საჭირო. თუმცა, როცა საქმე აზერბაიჯანელებს ეხება, იწყება მიკერძოება, ელოდებიან, რომ ფული აზერბაიჯანის მთავრობამ გამოყოს.“
მირზა ფათალი ახუნდოვი (1812-1878) ცნობილი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე იყო. ის აზერბაიჯანული დრამატურგიის დამფუძნებლად ითვლება. მირზა ფათალი ახუნდოვი ნაწარმოებებს წერდა რუსულ, სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. გარდა ამისა, თარგმნითაც იყო დაკავებული. მისი ექვსი კომედია თბილისში 1859 წელს დაიბეჭდა. ახუნდოვი თავის შემოქმედებაში ევროპულ ღირებულებებს და განათლებას ანიჭებდა უპირატესობას და ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ ცრურწმენებს. ის 1878 წელს თბილისში გარდაიცვალა. მირზა ფათალი ახუნდოვი ბოტანიკურ ბაღშია დაკრძალული.
რაჰიმ შალიევი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.