„ყველა, ვინც აიღებს პენსიას, არის ინვესტორი საფონდო ბირჟაზე“
ბრედ კაცუიამა - ამერიკის საფონდო ბირჟათა გაერთიანების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
რა არის სიღარიბე?
სიღარიბე გაჭირვებაა. ერთ-ერთი პრობლემა იმ მრავალ პრობლემას შორის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.
ეს არის პასუხი, რომელიც დღეს გვაქვს ზემოთ დასმულ შეკითხვაზე. ყოველთვის, როცა ამ კითხვას დავსვამ, რაღაც მსგავსს მოვისმენ.
წინამდებარე წერილი ეძღვნება ორი, ერთი შეხედვით საკმაოდ ლოგიკური, მაგრამ მცდარი განაცხადის გაბათილებას, რომ სიღარიბე ერთ-ერთი პრობლემაა და რომ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა - საპენსიო რეფორმაა.
სიღარიბე არ არის ერთ-ერთი პრობლემა. ის საფუძველია იმ უამრავი პრობლემისა, რომელთა შორისაც ჩვენ მას, როგორც ერთ-ერთს, ისე ვაქცევთ. ამით, ჩვენ ვცლით მას მისი მნიშვნელობისა და მასშტაბისაგან, ვკვებავთ რეალობას, რომელსაც არ სურს სიღარიბის აღმოფხვრა.
მეტიც, ამით ჩვენ ვეთანხმებით იდეოლოგიას, რომელიც სიღარიბეს წარმოაჩენს არა საერთო, არამედ ინდივიდუალურ გასაჭირად და, შესაბამისად, აცლის მას მთელ კომპლექსურობას. სიღარიბე - არ არის მარტივი კატეგორია.
სიღარიბე არ ნიშნავს ფულის არქონას. შეიძლება, გქონდეს ფული, მაგრამ სიღარიბისგან გამოწვეული პირადი და საზოგადოებრივი [პოლიტიკური და სოციალური] პრობლემებისაგან ისე იტანჯებოდე, რომ ამან არაფერი შეცვალოს, გარდა შენი, შენი ოჯახის ან შენი ახლობლების პირადი მოხმარების საგნების ზრდისა.
სიღარიბე არ იზომება მხოლოდ ფულითა და შემოსავლით. ღარიბ საზოგადოებაში, ანუ სიღარიბით დაავადებულ საზოგადოებაში, მდიდრებსაც აწუხებთ სიღარიბით გამოწვეული უბედურებანი, მაგალითად, იტანჯებიან განვითარების ლიმიტირებული შესაძლებლობებით.
ის, ასევე, არ იზომება ინდივიდუალურ ან შინამეურნეობების დონეზე. მას მეტასტაზური სოციალური თვისებები აქვს და ქსელებად ქსოვს მთლიანი საზოგადოების განვითარების შეუძლებლობას.
რადგან, თუ ადამიანთა ერთი ნაწილი მუდმივად და განგრძობითად ვერ ვითარდება, ვერ განვითარდება მისი ვერც ერთი დანარჩენი ნაწილი: სიმდიდრე ცალკეული ადამიანების ხელში - ცლის სიმდიდრეს მისი ნამდვილი მნიშვნელობისაგან (სიღარიბის მსგავსად) და მასაც აქცევს მარტივ, ფულად კატეგორიად, რადგან იქვე არსებულმა სიღარიბემ ობი გაუჩინა მთელ პურს.
სწორედ სიღარიბის რეალური მნიშვნელობის განჭვრეტიდან მოდის იმ ცნების ერთადერთი არააბსტრაქტული დეფინიცია, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, ვგულისხმობ ჩაგვრას. თუ ამ ცნებას, როგორც ისტორიულ მოდულს, ისე ვიყენებთ ხოლმე, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა, რეპრესია, დისკრიმინაცია და სხვა პრაქტიკა ჩაგვრის ინსტრუმენტებია და არა მისი დეფინიცია [სხვათა შორის, ეს ხშირად გვეშლება და საკმაოდ გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებთ: მოქნეულ ხმალს არასწორი თავი უკვე არაერთხელ წამოეგო].
ჩაგვრა - განვითარების უფრო მაღალი საფეხურის მიღწევისათვის ხელის შეშლაა და ის, თავის მხრივ, არის განხორციელების ინსტრუმენტი ახლა უკვე სიღარიბის კომპლექსური, ქსელური შავი ჭირისა, რომელიც ზრუნავს ჩვენი განვითარების შეუძლებლობაზე: ეკონომიკურად და სოციალურად, შესაბამისად - კულტურულად, შესაბამისად - საზოგადოებრივად, შესაბამისად - მორალურად.
ყველა პროცესი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. სიღარიბე და სიმდიდრე, როგორც პოლიტეკონომიკური (კომპლექსური) ცვლადები, ზუსტად ისეა დაცლილი მათივე მასშტაბებისაგან, როგორც წარმოების პროდუქტიული სექტორები გარდაიქმნა ნელ-ნელა მარტივ, მხოლოდ ფულად კატეგორიად . 70-იანი წლებიდან, ადამიანთა შრომის შედეგად დაგროვილი და დაგროვებადი ყველა მატერიალური სიმდიდრე უფრო და უფრო აქტიურად გარდაიქმნება ფინანსებად. ამ პროცესს ფინანსიალიზაცია ჰქვია _ განვითარებული კაპიტალისტური ეკონომიკების კრიზისის მთავარი წყარო. „მოგება წარმოების გარეშე“ - ასე უწოდა მას თანამედროვე ბერძენმა პოლიტეკონომისტმა, კოსტას ლაპავიცასმა.
რა არის პენსია?
პენსიის დანიშნულება ისაა, რომ მოხუცმა არ იცხოვროს სიღარიბეში.
პენსია, თავისი არსებობით, უკვე ნიშნავს, რომ მთელი სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, შრომით ურთიერთობებზე დგას. სანამ მუშაობ ან ხარ შრომისუნარიანი, გაქვს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის პოტენციალი.
მაგრამ ადამიანები ბერდებიან და აღარ შეუძლიათ შრომა; კაპიტალს კი მუდმივად განახლებადი ენერგია - სამუშაო ძალა სჭირდება. პენსია ამ სისტემის მორალური კომპენსაციაა მისივე სისასტიკის დასაფარად. მისი გაცემით, სახელმწიფო ეუბნება ადამიანებს, რომ ცხოვრებას (ანუ სიღარიბისგან დაცვას) ისინი შრომის შემდეგაც იმსახურებენ.
პენსია - სახელმწიფოს მინიმალური სოციალური პასუხისმგებლობაა და თავისი კომპრომისული ბუნებით, გადანაწილების მექანიზმზე დგას თაობათა შორის, სამუშაო ძალასა და პენსიონერებს შორის. შესაბამისად, არსშივე, ის სოციალური და სოლიდარული; კომპრომისული, მორალური ფენომენია. პენსიისა და პენსიაზე პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაცია დაახლოებით იგივეა, რაც სიღარიბის კომპლექსური ფენომენოლოგიის აღწერა კონკრეტიზაციის ტექნიკით, მისი რეალური მასშტაბის გადასაფარად.
80-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ფინანსიალიზაცია შეუქცევადი პროცესი გახდა კაპიტალისტურ ეკონომიკაში, პენსია ნელ-ნელა ექცევა ინდივიდუალისტური ლოგიკის მარტივ კატეგორიაში. საფონდო ბირჟებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და სხვა ძლიერმა ფინანსურმა მოთამაშეებმა მოახერხეს სახელმწიფოს მინიმალური სოციალური პასუხისმგებლობის ინდივიდებზე გადანაწილება. მათ ხელში ჩაიგდეს მოქალაქეთა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებადი საპენსიო დანაზოგი იმ მარტივი დაპირებით, რომ ათწლეულების შემდეგ მოქალაქეებს თავიანთ თანხას საპროცენტო სარგებელთან ერთად დაუბრუნებდნენ.
პასუხისმგებლობა სიღარიბის აცილებაზე, ანუ იმაზე, რომ ადამიანები შრომის შემდეგაც იმსახურებენ ცხოვრებას, მკვდარია ამ ლოგიკით. პასუხისმგებელი აქ მხოლოდ ინდივიდია. გადანაწილების მექანიზმი ჩამოშლილია. შესაბამისად, პენსია იცლება შინაარსისაგან. ის ვეღარ უპასუხებს თავის მიზანს, რომ მოხუცმა არ იცხოვროს სიღარიბეში. მოხუცი ისე იცხოვრებს, როგორც ამას ფინანსური სისტემის მერყევი და რისკით სავსე ბუნება გამოავლენს.
ყველა ქვეყანაში, სადაც კი დღეს მაღალი პენსია გაიცემა და ადამიანებს ხანდაზმულობის ასაკში აქვთ სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა, კერძო დაგროვებითი პენსია მცირე წილს იკავებს მთლიან საპენსიო სისტემებში. ყველა ამ ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი საბაზისო პირველი სვეტი, რომლის თანადაფინანსებაც მუდმივად ხდება; ასევე თაობათაშორისი გადანაწილების მექანიზმის შემანარჩუნებელი დაგროვებითი მეორე სვეტი, რომელიც არ არის ინდივიდუალური შენატანების სქემა. ის სოციალურ სარგებელზე ორიენტირებული სისტემაა და მშრომელების შენატანს არსებულ პენსიონერებზე ანაწილებს, რაც, თავის მხრივ, მშრომელებისთვისაც ქმნის სხვადასხვა სოციალურ ბენეფიტს. მხოლოდ ამის შემდგომ მოდის კერძო დაგროვებითი მოდელი, როგორც მესამე სვეტი, რომელიც ნებაყოფლობითია და გულისხმობს ჩვეულებრივ საბანკო/სადაზღვევო სერვისს _ თუ გაქვს საკმარისი ფული და გინდა კიდევ უფრო მაღალი პენსია, შეგიძლია, ის დამატებითი ინდივიდუალური შენატანებით საკუთარ ანაბარზე დააგროვო.
საქართველოში საბაზისო პენსია სოციალური შემწეობაა. ის არ არსებობს, როგორც პენსია, არამედ, როგორც სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილი სიმბოლური თანხა, რომელიც არაადეკვატურად მინიმალურია. ჩვენს ქვეყანაში, პენსიონერები, რომლებიც მოსახლეობის 19%-ს შეადგენენ, სოციალურად დაუცველნი არიან. ისინი ცხოვრობენ სიღარიბეში.
დაგეგმილი რეფორმით, სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ამ ადამიანებზე და აცხადებს, რომ მათთვის განვითარების შესაძლებლობები არასოდეს იარსებებს, რადგან საბაზისო პენსია აღარასოდეს გაიზრდება. ამ რეფორმით ის ასევე გვეუბნება, რომ ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ როგორ იცხოვრებენ სხვები, მათ შორის ჩვენი მშობლები, არამედ მხოლოდ ჩვენი, საკუთარი ინდივიდუალური სიბერე.
სახელმწიფომ შემოგვთავაზა მეორე სვეტი, ოღონდ გადანაწილების ყოველგვარი მექანიზმის, სოციალური სარგებლის პრინციპის გარეშე. ის ამბობს: მეც ჩამოვალ 2%-იან კონტრიბუციას, დასაქმებულისა და დამსაქმებლის კონტრიბუციასთან ერთად, რათა წავახალისო შენატანი და გავაღრმავო ნდობა, თუმცა ამ უცნაური გადაწყვეტილების მიღმა მხოლოდ მისივე უსუსურობა იკითხება - ის უბრალოდ ვერ უბედავს დამსაქმებლებს, დააკისროს დასაქმებულზე ორჯერ მეტი, 4%-იანი შენატანი, როგორც ეს ყველა დანარჩენ ქვეყანაშია.
თუ გადავხედავთ საქართველოს უმუშევრობის მაჩვენებელს, თვითდასაქმებულთა აღწერას, შრომის ბაზრის თავისებურებებს, რეალურ საშუალო ხელფასსა და ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, კი არ ვივარაუდებთ, არამედ დავასკვნით, რომ შემოთავაზებული რეფორმა გათვლილია მაქსიმუმ 200 000 ადამიანზე საქართველოში.
დანარჩენი ყველა - განწირულია სიღარიბისათვის ხანდაზმულობაში.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ავად ვართ სიღარიბით, არამედ ვაგრძელებთ ავად ყოფნას. ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, თუ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფუნდამენტურად არ შეიცვალა.
სანამ ჩვენ მძიმედ ვიავადმყოფებთ სიღარიბისაგან, ყველა დანარჩენი პრობლემა უფრო და უფრო მეტად გაღრმავდება. პოლიცია კიდევ უფრო მეტად იძალადებს ადამიანებზე, ქმრები დახოცავენ ცოლებს, ცოლები სცემენ შვილებს, შვილები დაჩაგრავენ სხვა ბავშვებს. არ გამოსწორდება ნარკოპოლიტიკა, გაგრძელდება და გამწვავდება ფარული შიმშილობა, რაც ნიშნავს, რომ ვერც მომავალში მივიღებთ საჭირო ნივთიერებებს, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ფიზიკური ფუნქციონირებისა და გონებრივი განვითარებისათვის. ეს ყველაფერი მიგვითითებს თაობებზე, რომელთა განვითარების შესაძლებლობები წინასწარ უკვე ლიმიტირებულია სიღარიბის მიერ. აღწერილი მდგომარეობით კი, ჩვენ მუდმივად განრისხებულები ვიქნებით, არ ვაღიარებთ ერთმანეთის გასაჭირს, არ ვაღიარებთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არ მოგვინდება საზოგადოებაზე ზრუნვა, არ დაიბადება სოლიდარობა და გამოვიყენებთ ჩაგვრის სხვადასხვა ინსტრუმენტს: ძალადობას, პროვოკაციას, მანიპულაციას, დისკრიმინაციას, მკვლელობას - მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ, რითაც გავაღრმავებთ სიღარიბის გვერდით მოვლენებს.
საპენსიო რეფორმა - არ ეხება პენსიას. ის არის კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმა, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენის პერსპექტივა მთლიანი ფინანსური სისტემისათვის, რაც არ ითვალისწინებს არავითარ სოციალურ შედეგებს. საპენსიო რეფორმა - სიღარიბისა და უთანასწორობის გაღრმავებისაკენ მიმართული კიდევ ერთი რეფორმაა.
მხოლოდ ის გადაურჩება სიღარიბეს მომავალში, ვინც ახლა არ ცხოვრობს სიღარიბეში. მხოლოდ ის აიღებს პენსიას (და არა სოციალურ შემწეობას), ვინც მაღალ შენატანს განახორციელებს უწყვეტად, 30-40 წლის განმავლობაში; ვინც კარგი ინვესტორი იქნება „საპენსიო“ საფონდო ბირჟაზე, ანუ ის, ვინც უკვე ინვესტორია.
რა არის განვითარება?
მთლიანი საზოგადოების ორგანიზებული გაერთიანება სიღარიბის ფუნდამენტურ, ყველა დანარჩენი პრობლემის გამომწვევ მიზეზად აღიარების საფუძველზე. მხოლოდ ასეთ საზოგადოებას შეუძლია, შეეწინააღმდეგოს უსამართლო რეფორმებს.
და მხოლოდ ასეთ საზოგადოებას აქვს განვითარების პოტენციალი - თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა სიღარიბისა და მისი ყველა გვერდითი მოვლენისაგან სამუდამოდ განკურნებისათვის.