სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით, სუს-ის თანამშრომელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შედეგად პატიმრობაში გატარებული ერთი დღე ორ სამუშაო დღედ ჩაეთვლება - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, პაკეტში საგანგაშო პრობლემები გამოვლინდა, რის გამოც მისი დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია.
„გათვალისწინებულია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის შეყვანა სუს-ის სისტემაში, არამედ მთლიანად აღრევა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფუნქციებისა“ - ამბობს უსუფაშვილი.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ“. კანონი ადგენს, რომ სადაზვერვო საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დაზვერვის თანამშრომელს, უცხო ქვეყანაში დაპატიმრების შემთხვევაში, პატიმრობის ყოველი დღე ორ სამუშაო დღედ ეთვლება და შესაბამისადაც ანაზღაურდება, საკანონმდებლო ცვლილებები კი ამ მუხლს სუს-ის ყველა თანამშრომლის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე ავრცელებს.
„დაზვერვის კანონიდან პირდაპირ გადმოაქვთ ეს მუხლი სუს-ის სისტემაში, მას ავრცელებენ სუს-ის ყველა თანამშრომელზე და ავრცელებენ სუს-ის თანამშრომლების მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე. ასეთ შემთხვევაში, მათ ერთი პატიმრობის დღე ჩაეთვლებათ ორ სამუშაო დღედ“ - ამბობს უსუფაშვილი.
მთავრობის მიერ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, კანონის 41-ე მუხლს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი ემატება:
„სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ“.
„დაზვერვის და კონტრდაზვერვის ფუნქციების ერთ სტრუქტურაში თავმოყრა არ არის დეკოკრატიული სახელმწიფოების ტრადიცია" - ამბობს უსუფაშვილი.