14 ივნისს ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მის გამარჯვებას არავინ ელოდა, როჰანიმ არჩევნების პირველსავე ტურში ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება 50,71 პროცენტით მოახერხა. მისმა კანდიდატურამ ირანში და მის ფარგლებს გარეთ ახალი იმედები გააჩინა.
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „მწვანე საპროტესტო გამოსვლების“ სახით განვითარებული მოვლენებიდან აშკარა იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რეჟიმის მიერ არჩეულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმებოდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ავტორიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატიდან რეჟიმისთვის არასასურველი ცენტრისტ-რეფორმისტი როჰანის გამარჯვებას არც ირანში ვარაუდობდნენ და არც მის ფარგლებს გარეთ.
როჰანის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ირანის ყოფილმა პრეზიდენტებმა ჰაშემი რაფსაჯანიმ (1989-97) და მუჰამედ ჰატამიმ (1997-2005). მათ მიერ გამოცხადებულმა მხარდაჭერამ ე.წ. „რეფორმისტი“ ძალები როჰანის მხარეს დააყენა. გარდა ამისა, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჰატამის თხოვნით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ზომიერი პოლიტიკის მომხრეთა ბანაკის ლიდერმა მუჰამედ რეზა არეფმა, რათა ხელი არ შეეწყო ხმების გაყოფისთვის. არეფის ამ ნაბიჯმა „რეფორმისტთა“ მთელი სპექტრი როჰანის გარშემო გააერთიანა. სავარაუდოდ, მოსახლეობაში რეჟიმის მიმართ არსებულ დიდ უკმაყოფილების მუხტთან ერთად როჰანის გამარჯვებაში სწორედ ჰატიმის მიერ კარგად გათვლილმა პოლიტიკურმა სვლამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
რაც შეეხება ჰასან როჰანის, ისიც ირანის მმართველი ელიტის ნაწილია და გარედან მოსული ძალის წარმომადგენელი არ არის. ხუთჯერ იყო მეჯლისის წევრი. ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს, დღეს კი ამ საბჭოში აიათოლა ჰამენეის პირადი წარმომადგენელია. ასევე წევრია „ექსპერტთა ასემბლეისა“, რომელსაც ახალი სულიერი ლიდერის არჩევა ევალება, როდესაც ჰამენეი გარდაიცვლება. თუმცა რეჟიმთან ფართო კავშირების მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში მას არ გააჩნდა აიათოლა ჰამენეის კეთილგანწყობა, რომელიც მთელი კამპანიის განმავლობაში დაუფარავად უჭერდა მხარს საიდ ჯალილის. სწორედ ჯალილი მოიაზრებოდა ირანის მომავალ პრეზიდენტად.
წინასაარჩევნო პერიოდში როჰანი ხელისუფლების მიმართ ზომიერი კრიტიკით შემოიფარგლებოდა და ძირითად აქცენტს სამოქმედო გეგმაზე აკეთებდა, რომელიც სამ სვეტს ეფუძნება, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, პოლიტიკური შერიგების პროცესის დაწყებას და საერთაშორისო იმიჯის აღდგენას. ის ასევე დაპირდა მოსახლეობას ადამიანის უფლებებზე ზრუნვას და სამოქალაქო თავისუფლებას. ქალებისთვის კი სპეციალური სამინისტროს შექმნის იდეაც გამოთქვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ქალთა უფლებების დაცვაზე, მათზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასა თუ მოხსნაზე და ქალებისთვის განათლების მიცემის ხელშეწყობაზე.
ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირების შესრულება არ იქნება იოლი საქმე როჰანისთვის, რადგანაც მას დიდი გამოწვევა ელის ორი მხრიდან. პირველ რიგში, ირანში ძალაუფლების ძირითადი ბერკეტები მოქცეულია სულიერი ლიდერის ხელში. პრეზიდენტს არ აქვს იუსტიციისა და ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელების დანიშვნა-გადაყენების უფლება. ამ სტრუქტურებში კარგად გამაგრებულ კონსერვატორებთან დაპირისპირების პირობებში კი როჰანის ძალიან გაუჭირდება რეფორმების დაწყება, არათუ განხორციელება. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, ირანი არასდროს ყოფილა ისე მოქცეული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ, როგორ დღეს. რეფორმების გატარება კი სწორედ მათ ინტერესებში არ შედის.
და მეორე, როჰანის საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო როგორც ეკონომიკური, ასევე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. საერთაშორისო სანქციებმა ირანის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, ნავთობის ექსპორტი განახევრდა, ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციის სისტემიდან თითქმის გამოიდევნა, ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლები კი ყოველდღიურად მატულობს. როჰანიმ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი გამოსვლებში, რომ ეკონომიკური აღმასვლის ხაზი პირდაპირ უკავშირდება სანქციების მოხსნის აუცილებლობას, ეს კი დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დაჯდომას ნიშნავს. ირანში კი კონსერვატიული ძალების მხრიდან ჯერ კიდევ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს კურსი, რომლის მიხედვითაც „დასავლეთთან დათმობაზე არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას უკან, სანქციებთან კი ირანული ეკონომიკა თანდათან ადაპტირდება.“
როჰანის პოზიცია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანელ კონსერვატორებთან შედარებით მოკრძალებულია. მართალია, ის მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ქვეყანას აქვს უფლება იმუშაოს ურანის გამდიდრებაზე, თუმცა მისი განცხადებით, ირანი იმ შემთხევაში იქნება წარმატებული, თუკი ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მიზნებს დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებისა და კომპრომისის საშუალებით განახორციელებს და არა მათთან კონფრონტაციის გზით. ამ მხრივ, როჰანის საკმაოდ კარგი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს, იგი ორი წლის განმავლობაში იყო მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში. 2005 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებებში ევროკავშირსა და ირანს შორის, სწორედ ის წარმოადგენდა თეირანს. მაშინ საკითხი ყველაზე ახლოს იყო გადაწყვეტასთან, მაგრამ ირანის ხელისუფლების მაღალი რანგის პირებს კატეგორიულად არ სურდათ დათმობებზე წასვლა. მათი ჩარევის შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როჰანი კი პროცესებს ჩამოაშორეს. მიუხედავად მოლაპარაკებების ჩაშლისა ევროკავშირის გარკვეულ წრეებში როჰანიმ კეთილგანწყობა მოიპოვა.
დღეს კი დასავლეთის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში როჰანის გამარჯვებამ ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა. თავად ბარაკ ობამამაც ერთ-ერთ გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების განახლებას. ირანით დაინტერესებულ ანალიტიკოსთა უმრავლესობაც ვარაუდობს, რომ ზომიერი პოლიტიკური კურსის მომხრე როჰანის გაპრეზიდენტება ხელს შეუწყობს არამარტო ბირთვული პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარების პროცესების დაწყებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც სასიკეთოდ წაადგება. სირიის მიმართ როჰანის მიერ გაკეთებული განცხადება, „სირიელმა ხალხმა მშვიდობიანი გზითა და არჩევნების საშუალებით უნდა მოახდინოს მათთვის სასურველი ძალის მოყვანა ხელისუფლებაში“, დასავლეთისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ ირანი ასადის რეჟიმის გადასარჩენად სისხლისღვრას მხარს აღარ დაუჭერს.
ამერიკელი ნეოკონსერვატორები და ისრაელის მხარდამჭერები კი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებით დაიმედებულ პოლიტიკოსებსა თუ ანალიტიკოსებს მიამიტებად ნათლავენ. მათი აზრით, ირანი უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე ძალიან ახლო იყო სამხედრო ოპერაციების საფრთხის წინაშე, რამაც თეირანს სტრატეგიის შეცვლა აიძულა. სწორედ ამ შეცვლილი სტრატეგიის შედეგია როჰანი, რომელიც მოლაპარაკებების აღდგენის იმედით ავსებს დასავლეთს, ეს კი ირანს დროის მოგების საშუალებას აძლევს, რათა ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაასრულოს.