ამ დღეებში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა ელის „ნაციონალურ მოძრაობას“. განსაკუთრებით წამებისა და გაუპატიურების კადრების გამომჟღავნების და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ, გაჩნდა ეჭვი იმაზეც, საერთოდ გადარჩება თუ არა ყოფილი მმათველი პარტია. ვფიქრობ, რომ ამგვარი ეჭვი სრულიად გამართლებულია, მაგრამ ამჟამად უფრო მეტად ის მაღელვებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის გარდა არჩევნებზე გამარჯვების სხვა სტრატეგია არ გააჩნია. ეს იმისი მაჩვენებელია, რომ სახელისუფლებლო პარტია სტაგნაციაშია შესული - განსაკუთრებით იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზეც ჩამოაგდო სიტყვა.
სტაგნაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო დროს „ქართული პოლიტიკა“ შედარებით უინტერესო გახდა - თითქოს ის საპროტესტო ტალღა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არსებობდა, ყოფილი მმართველი პარტიის დასუსტებასთან ერთად ნელ-ნელა ცხრება; ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ გარდა, „ქართული ოცნება“ სხვა სლოგანის შემოტანას აყოვნებს. ახლა ისე გამოდის, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ კოალიციის ერთადერთი მიზანი იყო. ეს რაღაცით ჰგავს იმას, რასაც 2007 წელს მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ამბობდა: გავხდებით საპარლამენტო რესპუბლიკა, ხელს შევუწყობთ სისტემის დემოკრატიზაციას და შემდეგ პოლიტიკიდან წავალო. ბიძინა ივანიშვილიც, თავისი განცხადებით, რომ პოლიტიკიდან წავა და სამოქალაქო სექტორში გადაიბარგებს, ამ შემთხვევაში იმავე პოლიტიკურ დისკურსს აგრძელებს.
„ქართული ოცნების“ გუნდის ერთმა ნაწილმა ივანიშვილის ნაჩქარევი ნაბიჯის გამოსწორება სცადა და გაჩეჩილაძის დისკურსისგან განსხვავებული დისკურსი შემოიტანა. მაგალითად, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მანამ დარჩება, ვიდრე ყველა დაპირება შესრულებული არ იქნებაო.“
საერთო ჯამში, გამოდის, რომ ქართულ ოცნებას ორი კონფლიქტური დისკურსი აქვს: ერთი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას გულისხმობს და მეორე, ლევან გაჩეჩილაძის სტილში, პოლიტიკაში მოსვლით, დემოკრატიზაციის ხელშეწყობით და შემდეგ ისევ პოლიტიკიდან წასვლით შემოიფარგლება. ამ ორის ერთმანეთთან შეთავსებაც შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ამის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ როგორც ეტყობა, თავისივე გუნდის წევრებიც ხვდებიან, რომ მის გარეშე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება გაუჭირდებათ.
პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება იქნება და იმის მანიშნებელი, რომ ქართული პოლიტიკა არსებითად არ ვითარდება. მეორე მხრივ, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩება და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაექცევა, მისი რიტორიკა საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „სამართლიანობის აღდგენის“ გარდა სხვა სლოგანი „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ მოსაფიქრებელი აქვს.
იმის უკეთ საილუსტრაციოდ, თუ რა ტიპის რიტორიკაზე მაქვს საუბარი, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი წლები გავიხსენოთ. მთავარი აქცენტი კეთდებოდა ენერგეტიკის სფეროს, განათლების, ინფრასტრუქტურის და ძალოვანი უწყებების მოდერნიზაციაზე. ცოტა მოგვიანებითაც კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ლოზუნგი იყო „100 საავადმყოფო“. რა თქმა უნდა, ის, რაზეც „ქართული ოცნება“ დღესდღეობით აკეთებს აქცენტს, ყველაზე მნიშვნელოვანია - დემოკრატია, თავისუფალი მედია და სასამართლო, მაგრამ თუ ხალხს არ ექნება იმისი მატერიალური საშუალება, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლოს, მაშინ თავად მთელი დემოკრატიული რიტორიკა შეიძლება დისკრედიტაციის საფრთხის ქვეშ დადგეს.
„ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული გეგმა არ აქვს. მაგალითად, განათლების სფეროში რეფორმები, ფაქტობრივად, შეჩერებულია და არ იდგმება არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი იმისთვის, რომ სიღარიბე თანდათანობით შემცირდეს. რამე „გრანდ-სტრატეგია“ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად არ არსებობს. რა თქმა უნდა, იყო ლაპარაკი სოფლის მეურნეობის სფეროს აღორძინებაზე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როდესაც ეკონომიკებში პოსტინდუსტრიული სექტორის წილი იზრდება, ხოლო სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის - მცირდება, ძნელია იმის თქმა, რომ ამ სფეროში წარმატება ავტომატურად მოაგვარებს სიღარიბის პრობლემას, მით უფრო იმის ფონზე, რომ ძალზე ძნელი იქნება სოფლის მეურნეობაში ჩაბმული მოქალაქეების რიცხვის თანდათანობითი შემცირების შეჩერება.
„ქართულ ოცნებას“ დღესდღეობით სჭირდება ისეთივე მასშტაბური სოციალური პროგრამების და თანხმლები რიტორიკის (არა ფუჭი, არამედ რეალური ნაბიჯებით გამყარებული რიტორიკის) შემოტანა, როგორიც მმართველობის პირველ წლებში ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს არის ქვეყანა იმისგან, რომ „განვითარებული“ ერქვას, იდგმება სწორი და ხელშესახები ნაბიჯები პრობლემების გამოსასწორებლად.
მახსოვს, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ენთუზიაზმის მიზეზი მათი მმართველობის პირველ წლებში: ხალხი ფიქრობდა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შორს არის ქვეყანა მიზნისგან, მაგალითად, განათლებისს რეფორმა თავისი „ერთიანი ეროვნული გამოცდებით“ და პატრულის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანდა. დღეს „ქართულამ ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტად დემოკრატიულია - ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, მედია თავისუფალია და წამება და შანტაჟი - შეჩერებული; წარსულ დანაშაულებებზე და შეცდომებზე წინა მთავრობის მაღალჩინოსნები კანონის წინაშე აგებენ პასუხს და მოსახლეობას კვლავ გაუჩნდა იმისი რწმენა, რომ ხელისუფლების წევრობა კანონის წინაშე იმუნიტეტს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი აშკარად წინგადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ ახლა საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დემოკრატიის სიკეთეებით სარგებლობის საშუალებას მოსახლეობის ყველა ფენას მისცემს.