უპირველეს ყოველისა იმ ხუმრობით დავიწყოთ, რომელსაც საკმაოდ სერიოზული შინაარსი აქვს და რომლის ავტორიც უმბერტო ეკოა: „შეუძლებელია არსებობდეს დიდი ბულგარელი მწერალი“. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა, სხვა მნიშვნელობით რომ არ იყოს ნათქვამი. საქმე ისაა, რომ თუკი ბულგარეთი, როგორც ლიტერატურული ქვეყანა, მსოფლიოსთვის საინტერესო არ არის, მაშინ ვინც არ უნდა დაიბადოს იქ, დიდი მწერალი ვერასდროს გახდება; ვერავინ დაიჯერებს, რომ ბულგარეთს ასეთი მწერლის შობა შეუძლია.
ეკოს აზრით, მთავარი ამბები ქვეყანასა და ენაშია და არა - სიდიდეში.
პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი მწერლობის სიდიდეში ეჭვი არ გვეპარება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონის პატრონი ხალხი ამაზე არც უნდა ნერვიულობდეს. აკი არც ვნერვიულობთ, მაგრამ...
ეკოს ნათქვამი მოსვენებას არ გვაძლევს - თუკი არ შეიძლება არსებობდეს დიდი ბულგარელი მწერალი, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია არსებობდეს დიდი ქართველი მწერალიც?! რთული წარმოსადგენია, რომ სადმე, ევროპაში, მასობრივმა მკითხველმა იფიქროს, რომ არსებობს დიდი ქართული ლიტერატურა.
ამაზე თქვა იმავე უმბერტო ეკომ, რომ ევროპაში 99%-მა არ იცის, ვინ არის რუსთაველი და ვერც იმაში გარკვეულან, რა არის „ვეფხისტყაოსანიო“. რა თქმა უნდა, გადააჭარბა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ევროპაში 1%-მა მაინც იცის „ვეფხისტყაოსნის“ რაობა, რუსთაველი და ქართული ლიტერატურა.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ლიტერატურას, მის სიდიადეს ხედავენ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი თავად უმბერტო ეკო იყო, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი - რუსთაველის ფასი. ასეთი ადამიანი იყო სერ მორის ბაურა, რომელმაც საკუთარ წიგნში სპეციალური თავი მიუძღვნა რუსთაველს და მსოფლიო ლიტერატურაში მას დამსახურებული ადგილი მიაკუთვნა. ასევე, იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც კარგად ესმოდათ რუსთაველის ფასი, მათ შორის სალვატორე კვაზიმოდო, დიდი რუსი მწერლები, პოეტები და ა.შ.
მაგრამ, ეს არ არის საკმარისი!
ამ გზაზე არაერთი პრობლემა გვხვდება, მათგან პირველი და ყველაზე მთავარი - ქვეყნის პრობლემაა. თუკი თავად საქართველო გახდება პოპულარული და საინტერესო ქვეყანა უცხოელებისთვის, მაშინ მისი ლიტერატურა - მიმზიდველი, რუსთაველი და გალაკტიონი კი ნამდვილი აღმოჩენა გახდება მსოფლიოსთვის.
იცით, ერთხელ, როდესაც ბულატ ოკუჯავა იტალიურ გაზეთს აძლევდა ინტერვიუს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი პოეტი დღეისათვის, მან უპასუხა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლირიკოსი გალაკტიონია. ალბათ გაუკვირდათ იტალიელებს, რომ არსებობს ასეთი დიდი პოეტი, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან. სამწუხაროდ, ეს დღემდე ასეა, რადგან გალაკტიონის „გატანა“ დიდი სირთულეა.
საქართველო ჯერ არ არის ისეთი ბრენდი, რომელიც საკუთარ ლიტერატურას მსოფლიოში სწორად უძღვება.
ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულეა იმ დარგის ლიტერატურის თარგმნა, რომლითაც საქართველო თავს გამოიჩენს. ჩვენი ქვეყანა ხომ პოეზიის ქვეყანაა. პოეზია კი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაცილებით რთული სათარგმნელია, ვიდრე პროზა. ჩვენ რომ დოსტოევსკის დონის პროზაიკოსი გვყოლოდა, იმ ლიტერატურული ჯებირების გარღვევას შევძლებდით, რომლითაც საქართველოა შემოსაზღვრული.
ისეთი მაგალითებიც არსებობს, პატარა ქვეყანასა და ენას მსოფლიოში თავისი წარმომადგენელი რომ ჰყავს. ასეთია ალბანეთი და დიდი ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე; რომანისტი, რომელმაც საფრანგეთის გავლით ბოლოს და ბოლოს გაარღვია საზღვრები და დღეს იგი პოპულარული საერთაშორისო ბუკერის მფლობელი მწერალია. სხვათა შორის, მისი კანდიდატურა ნობელის პრემიის კომიტეტშიც ხშირად განიხილება.
შეგვიძლია დავასახელოთ, ევროპული მასშტაბებით პატარა ნაციისა და პატარა ენის, ჩეხურის ენის, დიდი წარმომადგენელი - მილან კუნდერა, რომელმაც ასევე შეძლო ამ ჯებირების გარღვევა. იმის გამო, რომ ჩეხეთი პატარა ქვეყანაა, მისი დიდი მწერალი სულაც არაა შეზღუდული, თუმცა, ამ უკანასკნელმაც 90-იანი წლების შემდეგ ფრანგულ ენაზე დაიწყო წერა.
რაც შეეხება პოეზიას, სულ რამდენიმე მაგალითი ვიცი, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა პოეზიით ახერხებდეს იმ ბარიერების დაძლევას, რომლითაც მსოფლიოა შემოსაზღვრული და, კულტურული თვალსაზრისით, თავს იცავს. პრობლემაა თარგმანის ხარისხიც, განსაკუთრებით პოეზიის შემთხვევაში.
ავიღოთ ჩვენი ყველაზე ხშირად თარგმნილი ნაწარმოები - „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა გვხვდება. საერთოდაც, თუკი ქართული ლიტერატურის მსოფლიო პერსპექტივაზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, რუსთაველი უნდა გავხადოთ პოპულარული, რათა გზა გავუხსნათ ვაჟას, ბარათაშვილს, გალაკტიონს, ჩვენს სხვა მწერლებსა და პოეტებს.
„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფი ბოლხოვიტინოვმა ჯერ კიდევ 1802 წელს თარგმნა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 1828-1831 წლებში მარი ბროსე ფრანგულ ენაზე აქვეყნებს ნაწარმოების პროზაული თარგმანის ნაწყვეტებს.
XIX საუკუნეში რუსთაველი რამდენჯერმე ითარგმნა რუსულად, მათ შორის იყო ევლახოვისა და აბაშიძის თარგმანები. სრული თარგმანების გარდა, ხშირად გამოიცემოდა ცალკეული ნაწყვეტები რუსულ, ფრანგულ, გერმანულ თუ სომხურ ენებზე. პოლონურად „ვეფხისტყაოსანი“ 40-იან წლებში კაზიმირ ლაფჩინსკიმ თარგმნა. შემდეგ იყო ჩვენი დიდი მეგობრის, არტურ ლაისტის თარგმანი გერმანულად, რომელიც დასავლეთ ევროპულ ენაზე შესრულებული პირველი პოეტური თარგმანია. ამავე საუკუნეში რუსთაველი ორჯერ ითარგმნა ფრანგულად, თუმცა მხოლოდ ერთხელ გამოიცა.
„ვეფხისტყაოსნისთვის“ გადამწყვეტი 1912 წელი გამოდგა, როდესაც საქართველოს დიდი მოამაგის, მარჯორი უორდროპის ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი გამოიცა. დედანთან სიახლოვის მხრივ ის საუკეთესოა. შემდეგ, ასევე ინგლისურად, ვენერა ურუშაძემაც თარგმნა, ჩვენს საუკუნეში კი ამერიკელმა პოეტმა, ლინ კოფინმა რუსთაველის თანამედროვე თარგმანი შემოგვთავაზა. თუკი სხვა პირობებიც ხელს შეგვიწყობს, ამ თარგმანს აქვს პერსპექტივა, რომ რუსთაველი მსოფლიოში მეტ-ნაკლებად პოპულარული გახდეს.
ამას გარდა, არსებობს უამრავი რუსული თარგმანი, რომელთაგან საუკეთესოდაც ნიკოლოზ ზაბოლოცკის ნამუშევარი უნდა ვაღიაროთ. საბჭოთა პერიოდში, სტალინის ამბების გამო, „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნებოდა არა მარტო საბჭოთა რესპუბლიკების ენებზე, არამედ ბაშკირულად, ჩეჩნურად და ა.შ. არასრული თარგმანი ებრაულ ენაზეც არსებობს.
ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ თარგმანებს პლუს საქართველოს პოპულარობის ზრდა ოდესმე რაღაც შედეგს გამოიღებს. თუმცა ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე უნდა იყოს! კი ბატონო, რუსთაველს რეკლამა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რუსთაველსაც და საქართველოსაც სერიოზული რეკლამა სჭირდება.
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ლობისტების ჯგუფები ჰყავს დაქირავებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ისინი ძალიან ბევრს, ხანდახან ნაყოფიერადაც მუშაობენ. აი, ასეთი სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს რუსთაველთან, ქართულ კულტურასთან დაკავშირებითაც. ის, რაც გვაქვს, რასაც კულტურის სამინისტრო ამ მიმართულებით აკეთებს, კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი.
წელს ბარათაშვილის 200 წლისთავია, რომელსაც იუნესკო აღნიშნავს. როგორ ვიყენებთ ჩვენ ამას? ფაქტია, რომ ვერ ვიყენებთ. ჩვენთვის გაცილებით მეტია საჭირო, 100-ჯერ მეტი თანხა და 500-ჯერ მეტი აქტივობა. ამით ხომ არა მხოლოდ ქართველ მწერლებს და კულტურას გაიცნობენ, არამედ ჩვენი პოლიტიკური შანსებიც გაიზრდება თუნდაც ევროპაში?!
თუმცა, საზღვარგარეთ გამარჯვებამდე, იმისთვის, რომ ქართული მწერლობა უცხოეთში კარგად გაიცნონ, ჯერ აქ, ჩვენს ქვეყანაში უნდა გავიმარჯვოთ. ხომ არ გვავიწყდება, რომ 2006 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ბარათაშვილი 50 დიდ ქართველში ვერ მოხვდა?! არადა, ამ სიაში ხომ ისეთი პოეტები იყვნენ, რომელთა რანგი ნიკოლოზ ბარათაშვილის რანგის მეასედიც არ არის. ხომ ვიცით, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდა? ისიც ხომ ფაქტია, რომ ბარათაშვილის იუბილე ამ ქვეყანაში ფაქტობრივად იგნორირებულია? რატომ გვაქვს პრეტენზიები მსოფლიოსთან?
სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი - კარგად რომ გაგვიცნონ უცხოეთში, ჯერ თავად უნდა ვირწმუნოთ ჩვენი პოეზიის, ჩვენი ლიტერატურის ძალა. ამისთვის უნდა არსებობდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი შეთანხმება, რომ სწორად დავგეგმოთ, როგორ გავიტანოთ ჩვენი ლიტერატურა საზღვრებს გარეთ. საქმე მხოლოდ თარგმანების დაფინანსებასა და უცხოეთში გამომცემლების მოძებნა არ გახლავთ, მნიშვნელოვანია იმ თანხების მოძიება, რომლითაც ეს ყველაფერი ფინანსდება, რომლითაც საქართველოსა და ქართული კულტურის რეკლამა გაკეთდება მთელ მსოფლიოში. ამისთვის გაცილებით მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს და ჩვენ სერიოზული მოგება გვექნება.
უცხოეთში ჩვენს კულტურას არაერთი პრობლემა აქვს, რომლის პირველი მიზეზი ჩვენი ქვეყნისა და ენის სიმცირეა, ჩვენი სიპატარავე და მსოფლიო მასშტაბი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას დავამტკიცოთ, რომ აქ შეიძლება სერიოზული კულტურა არსებობდეს. მეორე მიზეზი ჩვენი პოლიტიკაა, რომლითაც ის პატარა ინტერესიც კი სათანადოდ ვერ კმაყოფილდება, რომელიც შეიძლება უცხოეთში არსებობდეს.
მნიშვნელოვანი ასპექტია თარგმანების ხარისხიც. საქართველოში მხოლოდ ერთი, პატარა, წამახალისებელი ჯილდო გვაქვს იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც ქართულიდან უცხო ენაზე თარგმნეს - ესაა პრემია „საბა“. ეს მიმართულება სერიოზულად მისახედია, რადგან კი გვაქვს კარგი თარგმანები, მაგრამ უკეთესი გვჭირდება. ისეთი პრემია უნდა დაწესდეს, რომლის მიღებაც ქართულიდან მთარგმნელი სპეციალისტებისთვის პრესტიჟული იქნება.
თუკი მოვახერხებთ, რომ საპრიზო ფონდი თუნდაც ბუკერის პრემიის ფინანსურ ნაწილს დავუახლოვოთ, ვნახავთ, რომ ამით არაერთი ადამიანი დაინტერესდება. რას ნიშნავს ეს სახელმწიფოსთვის? ერთი საშუალო გაქანების ჩინოვნიკის წლიური ხელფასიც კი არ არის ის თანხა, რაზეც ვსაუბრობ.
ამასთანავე, ერთჯერადი, ან მრავალჯერადი „თავდასხმები“ უნდა განვახორციელოთ მთელ მსოფლიოზე. ახლა ამის კარგი შანსი გვაქვს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სახით. გაისად იქ საქართველო იქნება წარმოდგენილი და რა გასაკვირია, რომ ამ ბაზრობაზე სერიოზულ იმედებს ვამყარებთ. ნელ-ნელა ჩვენი თანამედროვე ქართული ლიტერატურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგვაქვს და ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები რომ გადაიდგას, ეს ძალიან სერიოზული გარღვევა იქნებოდა.
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი უმბერტო ეკო, ახალი მორის ბაურა ვიპოვოთ. ანუ, ჩვენ გვჭირდება ქართული ლიტერატურის ბურჯი, დასაყრდენი მსოფლიოში. ასეთ ადამიანს პოპულარულ მსოფლიო ლიდერებში, მწერლებში ან კულტურის მოღვაწეებში უნდა მივაგნოთ. ჩვენ გვჭირდება საქართველოს გულშემატკივარი!
როგორია იდეალური შემთხვევა - რომელიმე დიდი, მსოფლიო მწერალი, რომელიმე კუტზეე, როთი, ვალზერი, ვინმე ძალიან დიდი. რაღაცნაირად ვახერხებთ და ვაინტერესებთ მას საქართველოთი, ჩვენი კულტურით, ვიმეგობრებთ და ვხდით ჩვენს დესპანად მსოფლიოში. აქ იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ ჩვენ „ჩაწოლილი საქონელი“ გვაქვს, რომლის გასაღებაც გვინდა, არამედ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილი „ბომბი“ მსოფლიოსთვის, მაგალითად, ვაჟას „ალუდა ქეთელაურის“ სახით. საჭიროა არსებობდეს ამ ნაწარმოების ბრწყინვალე თარგმანი და ამის შემდეგ ეს „ბომბი“ სწორ ადგილას მოვათავსოთ, იქ, სადაც მისი „აფეთქება“ რეალურ შედეგს მოიტანს.
საქმე ისაა, რომ ჩვენ რაღაცნაირად მოკრძალებულად ვიქცევით. წარმოიდგინეთ, ჩვენ გვყავს პელე, მარადონა, დის ტეფანო, მესი, თანაც ყველანი ახალგაზრდები არიან და ზუსტად ვიცით, რომ მსოფლიოს გადარევენ, მაგრამ მთავარი მათი გაყიდვაა, მარკეტინგული სვლები... აი ეს სვლები უნდა მოიფიქროს ჩვენმა საზოგადოებამ.
პროექტის ავტორი და რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი