Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდის მოლოდინში

09 ივლისი 2013

„რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული“. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში გააკეთა. თუმცა, პირველი წელიწადი იმაზე ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ხელისუფლება მოელოდა: შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპი და ინვესტიციებიც შემცირდა. წამყვანი სარეიტინგო კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემდეგ, საქართველოს მთავრობამაც აღიარა, რომ წელს დაგეგმილი 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. თუმცა სარეიტინგო კომპანიებთან შედარებით, ოპტიმისტურ პროგნოზს ინარჩუნებს. 

„ქართული ოცნების“ მთავრობას ახლა მთელი აქცენტი და ყურადღება საინვესტიციო ფონდებზე გადააქვს. პრემიერ-მინისტრის მიერ 2012 წლის ბოლოს დაანონსებული საინვესტიციო ფონდის ამოქმედება სექტემბრისთვის გადაიდო. ფონდში კაპიტალს 10 მსხვილი ინვესტორი ჩადებს. აქედან ორი მათგანის ვინაობა უკვე ზუსტად არის ცნობილი: პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფონდში 1 მილიარდამდე დოლარს ჩადებს და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. „საინვესტიციო ფონდში კაპიტალს ჩადებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის იქნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ასევე 2 სუვერენული ფონდი არაბეთის ემირატებიდან, ფონდები აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, თურქული, ყაზახური და ჩინური კერძო კომპანიები. ამ ფონდებსა და კომპანიებს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, რადგან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი დასრულებული არ არის. თანადამფინანსებელთა შორის იქნება თვითონ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ის ფონდში მთლიანი თანხის 10-15%-ს, დაახლოებით 1 მილიარდამდე დოლარს ჩადებს.  საინვესტიციო ფონდში 6 მლრდ დოლარი იქნება აკუმულირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკაში 10 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოვა“, _ აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი.

ქართველი და უცხოელი ინვესტორების კერძო კაპიტალით შექმნილი საინვესტიციო ფონდი თანადაფინანსებით დაეხმარება იმ ბიზნესმენებს, რომელთაც საინტერესო და მოგებაზე გათვლილი პროექტები ექნებათ და ამ პროექტების, სულ მცირე, 25%-ს თვითონ დააფინანსებენ. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ფონდის შექმნის და სრულყოფლად ამუშავებისთვის საჭირო პროცესი სექტემბრისთვის დასრულდება.

სექტემბრიდან საქართველოში კიდევ ორი საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება. საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდი ჩამოყალიბდება, რომელიც საბიუჯეტო თანხებით მსხვილ პროექტებს დააფინანსებს. სუვერენული ფონდის პარტნიორი იქნება J.P. Morgan -ი _ საინვესტიციო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

(პრემიერ მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მას J.P. Morgan Chase&Co- -ში შეძენილი აქვს 425 600 აშშ დოლარის ღირებულების აქციები).

სუვერენული ფონდის ჰოლდინგის ქვეშ კი ამოქმედდება ახალგაზრდული ფონდი, რომელიც ახალგაზრდების მიერ შექმნილ ინოვაციურ და მცირე პროექტებზე იქნება ორიენტირებული.

საინვესტიციო ფონდების შექმნით და მიმზიდველი ბიზნესპროექტების თანადაფინანსების იდეით ხელისუფლება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებული ნაკადის გაზრდას ცდილობს: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში, 226 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება.

საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ საინვესტიციო ფონდში პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა ფონდის მიმართ ბიზნესმენების ნდობას გაზრდის. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ახალი საინვესტიციო ფონდების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ინვესტორები `მოდი, მოდის” ძახილით და საინვესტიციო ფონდების მიწვევით არსად მიდიან. ინვესტიციების შემცირებას კონკრეტული მიზეზები აქვს,“ _ ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში „ახალი ეკონომიკური სკოლა _ საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, _ „მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია და ინვესტორებს არ ულხინთ. ამას ემატება საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობაც. დაძაბულობა, რომელიც  გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, სამწუხაროდ, კლების მაგივრად, თანდათან მატულობს. ისეთმა პატარა, ღარიბმა და პოლიტიკური რისკებით დატვირთულმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბიზნესმენებს  ლიბერალური ბიზნესგარემო უნდა შესთავაზოს. გაზრდილი პოლიტიკური რისკების და მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ეკონომიკური გარემოს ფონზე კი საქართველოს ხელისუფლებამ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა: შრომის კოდექსში დამსაქმებლებისთვის მიუღებელი ცვლილებები შეიტანა, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა 2014 წლის ბოლომდე აკრძალა, ირანთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გააუქმა და საქართველოში მყოფი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშები გაყინა. ასეთი ცვლილებებით, საქართველოში ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ“.

საინვესტიციო ფონდების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ მალავენ არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. პოლ ჰენრი ფორესტიერი, "ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ( EBRD)    ყოფილი დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ, ახალი საინვესტიციო ფონდების შექმნის განცხადებით, ბიზნესს არარეალური და დამაბნეველი მესიჯები გაუგზავნა.

საინვესტიციო ფონდების მიზნების, მოცულობისა და საქმიანობის დეტალური განმარტებისკენ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. სავალუტო ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი ფონდების ზომისა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის არარსებობის გამო, ინვესტორებმა, შესაძლოა, საქართველოში ფულის დაბანდება გადაიფიქრონ.

ახალი ხელისუფლების კიდევ ერთი ახალი პრობლემა ეკონომიკის ზრდის შენელებაა. 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6%-ზე მაღალი იყო. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც 6%-იან ზრდაზეა გათვლილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წლის პირველ კვარტალში 1,7% იყო,  აპრილში _ 4%. ხოლო მაისში _ 0%. ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულმა 42 000-მა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. 

ერთ-ერთი პირველი დასავლური ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-დან 3 პროცენტამდე შეამცირა, EBღD-ი იყო. ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  მის მიერ წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზის შემდეგ, საქართველოს „პერსპექტივები გაუარესდა“.

რეგიონული ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ (EBRD)   -ის ბოლო ანგარიშში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 34 ქვეყანას მოიცავს, ევროპის განვითარების ბანკმა, 2013 წლის ეკონომიკური ზრდის საერთო პროგნოზი 3,1-დან 2,2%-მდე შეამცირა. ამის მიზეზად ბანკმა რუსეთში, პოლონეთში,  თურქეთსა და სხვა რამდენიმე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება დაასახელა.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2012 წლის ბოლოდან შენელდა, რისი მიზეზიც ინვესტიციების შემცირება და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემასთან „დაკავშირებული გაურკვევლობა“ გახდა.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა კიდევ სამმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა: FITCH–მა 5,5-დან 3%-მდე, STANDARD & POOR'S-მა 3%-მდე, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა _ 4%-მდე.

სარეიტინგო სააგენტო FITCH -ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემის ძირითადი მიზეზები მთავრობის ცვლილება და ახალი შრომის კოდექსია: „ეს ყველაფერი ინვესტორებში გაურკვევლობის განცდას აძლიერებს, ამიტომ, მათ ურჩევნიათ, დროებით თავი შეიკავონ ინვესტირებისგან და უკეთ გაერკვნენ ახალი მთავრობის მიერ არჩეულ კურსში“.

სავალუტო ფონდის შეფასებით კი, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწო, პოლიტიკური გაურკვევლობის და ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია: „მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ინვესტორები უკვე იჩენდნენ სიფრთხილეს. არჩევნების შემდეგ ეს სიფრთხილე, თითქოსდა, გაძლიერდა მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შენელებით, მოსალოდნელზე მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთებითა და პოლიტიკური დაძაბულობით“.

სავალუტო ფონდის მოხსენებაში ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ ძირეული რეფორმები ცხადდება ისე, რომ არც რეფორმის შინაარსი და არც მათი აღსრულების კონკრეტული ვადები დაზუსტებული არ არის. ასეთ ცვლილებებად მითითებულია ჯანდაცვის რეფორმა, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ახალი საინვესტიციო ფონდების დაფუძნების გადაწყვეტილებები.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას განსხვავებული მიზეზით ხსნის და აცხადებს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია: „ჩვენ დროებით შევაჩერეთ იუსტიციის სახლების მშენებლობა, გაურკვეველი პროექტების განხორციელება, რომლებიც სამჯერ ძვირი ჯდებოდა, ჩვენ მათ ავაშენებთ 3-ჯერ იაფად და გაცილებით ეფექტური იქნება. ეს თავისთავად ეკონომიკურ ზრდაზე აისახებოდა, თუმცა არაფერი საგანგაშო შექმნილ მდგომარეობაში არ არის... ეკონომიკა და ბიზნესი ვიცი და კარგი პრაქტიკა და გამოცდილებაც მაქვს. წინა ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური ზრდა იყო ხელოვნური, იმ მეთოდებით მართვა ეკონომიკის, რასაც წინა მთავრობა ახორციელებდა, წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ კანონებთან“.

პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ მთავრობის მუშაობის შედეგად მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს მოსახლეობა მომავალ წელს იგრძნობს. „მესამე წელი იქნება კარგი, მეოთხე კი _ ძალიან კარგი. ეს იქნება ჭეშმარიტი ეკონომიკური ზრდა. კარტელური შეთანხმებებით, ადეიშვილისგან მართული ეკონომიკითა და სააკაშვილის დანიშნული ბიზნესმენებით ეკონომიკა ვერ აყვავდება. ეს მოდის წინააღმდეგობაში ყველანაირ კანონთან“, _ განმარტა ივანიშვილმა.

პირველი, ვინც საქართველოს მთავრობიდან აღიარა, რომ  ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი ტემპის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იყო. „6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ალბათ, არარეალური იქნება. ვფიქრობთ, 4,5-5%-ის მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი. ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა საჭირო. უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, უნდა შეწყდეს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მსხვილი ბიზნესის პასიურობითაა გამოწვეული. „ეკონომიკური ზრდა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თვითონ ეკონომიკური ზრდა კი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი, და არა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი იყო, მაგრამ ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობა არ ჰქონდა,“ _ ამბობს არჩვაძე, _ „პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპოკალიფსური სურათი დახატა. ეს ნამდვილად არ არის ასე. თუმცა ნამდვილად რთული პერიოდია, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისთვის, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული და მისი ხელშეწყობით ვითარდებოდა. ეს დაახლოებით იმ მდგომარეობას ჰგავს, რომ ძალოსანს, რომელსაც  დოპინგის მუდმივი მოხმარების ფონზე ავარჯიშებენ, დოპინგის მიცემა შეუწყვიტონ და იგივე შედეგების მიღწევა მოსთხოვონ. მსხვილი ბიზნესიც ასეა. ის ვერ შეეგუა ახალ გარემოში არსებობას. გარდა ამისა, ორხელისუფლებიანობის გამო ორჭოფულ მდგომარეობაშია. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში  მსხვილ ბიზნესს უწინდელ აქტიურობას ვერ მოვთხოვთ. მსხვილი ბიზნესის ასეთი პასიურობა კი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან ბიზნესის 4/5%-ს მსხვილი ბიზნესი შეადგენს“.

სავალუტო ფონდის და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილური იქნება, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა მკაფიოდ გაცხადდება, წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. 2014 და შემდეგ წლებში კი ეკონომიკური ზრდა ისევ 6 პროცენტი იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^