რატომაა მნიშვნელოვანი, ქვეყანას ჰქონდეს შრომითი სტანდარტები და დამსაქმებელს - კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის გრძნობა; რა გავლენას ახდენს ეს ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე - ამ თემაზე თბილისში, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა"(CSRDG) 30 ნოემბერს ფორუმი გამართა.
შეხვედრაზე მთავრობის, არასამთავრობოების, პროფესიული კავშირებისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების გარდა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.
ავსტრიელი მარტინ ნეურეიტენი, კომპანია CSR Company International-ის დამფუძნებელია. ეს კომპანია მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დამსაქმებელთან შრომითი სტანდარტების დამკვიდრებაზე მუშაობს.
მისივე სლოვაკი კოლეგა კი ლუკას ბაკოსი Maxman Consultants-ის ექსპერტია, რომელიც კომპანიებსა და დამსაქმებლებს კონსულტაციებს უწევს.
მათ ფორუმზე საკუთარ გამოცდილებასა და შრომითი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მარტინ ნეურეიტენი, ავსტრია, CSR Company International
„15 წლის წინ, CSR-ის საქმიანობა საკუთარ სახლში დავიწყე. ახლა მსოფლიოს 40 ქვეყანაში გვაქვს ოფისები - ეკონომიკურად განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში.
ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიების მუშაობის პარალელურად, შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და დამსაქმებელს ვურჩიოთ, რომ თუ მის მიერ დაქირავებული თანამშრომელი კმაყოფილი არაა საკუთარი შრომის პირობებით, წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
ერთ მაგალითს მოგიყვებით: მე ერთ დიდ ბრიტანულ კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც ყოველდღე მსოფლიოში 1,4 მილიონ პროდუქტს ყიდის. ეს უდიდესი გამოწვევაა. ვთქვათ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენი ხართ და მოგინდათ ამ პროდუქტის თქვენს ქვეყანაში შემოტანა და გაყიდვა, რას გააკეთებდით პირველ რიგში? ალბათ, კომპანიას შესთავაზებდით საკუთარ პირობებს, ხომ? - ვთქვათ, რა ფასად გაყიდით პროდუქტს, როგორი გასაღების ბაზარი ექნება და ა.შ.
ამ ბრიტანული კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ფიონას, კონტრაქტორი კომპანიების შერჩევა ევალება. იმის გამო, რომ საქართველოდან გაგზავნილ წერილში ყურადღება პროდუქციაზე მახვილდება, ქალბატონი ფიონა თქვენს წერილს არც კი განიხილავს. რატომ? - იმიტომ, რომ ამ კომპანიას პირველ ეტაპზე აინტერესებს, როგორი მიდგომა გაქვთ თავად სამუშაო პროცესზე, სცემთ თუ არა პატივს შრომით სტანდარტებს, იცავთ თუ არა ამ პრინციპებს დამსაქმებელთან. ეს არის ბიზნესის დაწყების გასაღები გლობალური მასშტაბით. თუ გსურთ, ჩაერთოთ მსოფლიო ინდუსტრიაში, ამ სისტემის ნაწილი უნდა გახდეთ.
მეორე ისტორიაც მაქვს თქვენთვის: 2 კვირის წინ ხორვატიაში ვიყავი. იქ არის მანქანების პლასტიკური ნაწილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ამ ნაწილებს „პეჟოზე“ ყიდის. „პეჟომ“ სულ ახლახან ნაწილების მიმწოდებელი კომპანიების სია განაახლა. ამ სიიდან ყველა ის კომპანია ამოაგდო, რომელიც შრომით სტანდარტებს უგულებელყოფდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სიტუაცია იცვლება და თქვენ ამას უნდა მოერგოთ. აუცილებელია, ფინანსური ინვესტორები კარგი თვალით გიყურებდნენ. ისინი ეძებენ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 7 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი შრომის პრაქტიკაა. თუ ბიზნესს წარმატების მიღწევა სურს, საერთაშორისო სტანდარტებს უნდა მოერგოს. ეს ეხება როგორც ადამიანურ რესურსს, ასევე გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე ინტენსიურ მუშაობას.
როგორ შეიძლება ბიზნესმა საუკეთესო თანამშრომლები მიიზიდოს? - ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მოტივაცია. დასაქმებული უნდა გრძნობდეს, რომ მას მხარს უჭერენ. უკმაყოფილო თანამშრომელი ბევრ ფულს ვერ მოგიტანთ. მას სჭირდება პროდუქტიულობა, ჩართულობა, წინსვლის შესაძლებლობა. ერთი შეხედვით, კარგი ანაზღაურება თითქოს კარგი მოტივატორია, მაგრამ ძალიან დროებითი. კარგი ხელფასის პირობებშიც კი, თუ თანამშრომელი გრძნობს, რომ 3 თვე კარგად იმუშავა, დახარჯა ბევრი ენერგია და ამის შემდეგ ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც თავიდან იყო, დამსაქმებელი კი მუდმივად უკმაყოფილოა - ფულიც მეორე ხარისხოვანი ხდება. მუშათა აღიარება, მათი დაფასება, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, პატივისცემა და წინსვლის საშუალება - აი ესაა ნამდვილი მოტივატორი.
ახლა რაც შეეხება პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობას: ავსტრიაში ჩვენ ძალიან კარგი გაერთიანება გვაქვს. ისინი მუდმივად ჩართული არიან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კომუნიკაციის პროცესში და ეს არ ხდება მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების დროს. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების დროსაც დამსაქმებელი ხვდება, რომ სოციალური მშვიდობის მისაღწევად პრევენციული ზომების მიღება მომგებიანია. აქ ასევე ახსენეს გაფიცვები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უკმაყოფილებაა და ნებისმიერმა ინვესტიციამ შეიძლება კრახი განიცადოს.
როგორ უნდა იყვნენ ქვეყნები მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს? მაგალითად, საფრანგეთში მიიღეს კანონი, თუ დამსაქმებელმა დასაქმებულის უფლება დაარღვია, მინიმუმ 25 მილიონი ჯარიმა ეკისრება (ეს თანხა ხანდახან 45 მილიონამდეც აღწევს). „Semec" ცემენტის დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც საფრანგეთში აქვს ფილიალი. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ის მიხვდა, რომ თუ არ მოერგება შრომით სტანდარტს, არ ექნება კარგი პირობები და უსაფრთხოება, ამხელა თანხის გადახდა დაეკისრება.
დაბოლოს, მთელი ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კვლევებსა და შედეგებს. ინდოეთი განვითარებადი ქვეყანაა. ბოლო წლებში ჩატარებული კვლების მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც შრომის სტანდარტების მაღალი ინდექსი აქვს, უფრო მომგებიანი და მდგრადია. იგივე შედეგები მივიღეთ განვითარებულ ბრიტანეთშიც. ამიტომ თუ გინდათ, რომ ბიზნესმა და ეკონომიკამ სოციალური კეთილდღეობა მოგიტანოთ, საქართველოც გლობალური შრომითი სტანდარტების გამზიარებელი უნდა გახდეს.
ლუკას ბაკოსი - საკონსულტაციო კომპანია Maxman Consultants-ის აღმასრულებელი დირექტორი, სლოვაკეთი.
სლოვაკეთში 5-მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. თქვენსავით ჩვენც გამოვიარეთ კომუნისტური მმართველობა. ჩვენთანაცაა რუსული ჯარები, ჩვენც გვდევნიდნენ. მაგრამ 25 წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდა. მოდით ამ შემთხვევაში ეკონომიკასა და ბიზნესზე ვისაუბროთ.
25 წლის წინ სიტყვა ბიზნესი დიდ შიშთან და დანაშაულთან ასოცირდებოდა. ეს იყო ხელისუფლებას მიბმული სისტემა. ადამიანები იხოცებოდნენ, დიდი კატასტროფა იყო.
15 წლის წინანდელი მდგომარეობით კი სიტყვა ბიზნესთან კორუფცია და ნეპოტიზმი ასოცირდებოდა. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დიდი უნდობლობა ჰქონდათ.
საბედნიეროდ, 2000-იანი წლების შემდეგ გამოჩნდა ახალი თაობა, რომლებსაც აღარ ეშინოდა, იყვნენ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე. ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა ახალი სიტყვა - იმედი.
არ ვიცი, საქართველოს, ძირითადად, რა სფეროში ჰყავს გმირები, მაგრამ ჩვენთან როკვარსკვლავებს და ფეხბურთელებს ახალგაზრდა ბიზნესმენები დაემატნენ. მათი გმირობა ის გახლავთ, რომ დაიწყეს პატიოსანი თამაშის წესებით მოქმედება. მათ დაამკვიდრეს ღირსეული შრომის პირობები, პრიორიტეტად უპირველესად თანამშრომლები აქციეს, შემდეგ კი - პროდუქცია და კლიენტი.
მაგალითად, სლოვაკეთში რამდენიმე წელია გაჩნდა ერთ-ერთი უკვე ყველაზე წარმატებული წიგნების მაღაზია. მისი დამფუძნებლის მთავარი ინტერესი მიმართული არაა ფულის კეთებაზე. არა, ფული ახლა უკვე ავტომატურად შესდის. რატომ? - მან სწორი გეზი აიღო. თავის მაღაზიაში დასაქმებული ჰყავს მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ეხმარება სკოლებს, უამრავ აქტივობაშია ჩართული. პარალელურად, მუდმივად ღიაა კრიტიკისთვის, დადის ყველა ღონისძიებაზე, რომელიც შრომით სტანდარტებს ეხება. ისმენს, სწავლობს, იღებს და ითვალისწინებს რჩევებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მაღაზია სლოვაკეთში ტოპწიგნების მაღაზიების ჩამონათვალშია.
ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითი! ეს არის წარმატების ერთადერთი გზა!