Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ეხმარება სახელმწიფო ტრავმირებულ სამხედროებს

15 ივლისი 2013

2013 წლის 13 მაისიდან - 6 ივნისის ჩათვლით ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე მასშტაბური დანაკარგი განიცადა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონზე განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად ჯამში 10 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 36 კი - დაიჭრა. ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტების სიმძიმიდან გამომდინარე, მძიმედ დაშავებული ქართველი სამხედროების მკურნალობის, რესოციალიზაციისა და დასაქმების თემები ის საკითხებია, რომლებიც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. 

2008 წლის ომის დროს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრები კაპრალი გიორგი რამაზაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. საბრძოლო მოქმედებებში 7 აგვისტოს ჩაერთო, მეორე დღეს კი მძიმე ფიზიკური ტრავმა მიიღო - მარცხენა ხელი და ფეხი დაიზიანა. ომიდან 5 წლის შემდეგ ტრავმა კვლავ აწუხებს.

„20 წლის ვიყავი, საკონტრაქტო სამსახურში ვმსახურობდი. დაზიანება ცხინვალთან მივიღე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმკურნალეს. ახლა სახლში ვზივარ, ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, ვერაფერს ვაკეთებ. თავდაცვის უწყებიდან ჩემი ბედით არ დაინტერესებულან, თუ მოძებნა უნდათ, კი იციან, სად ვარ და როგორ ვარ“, - ამბობს გიორგი რამაზაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას არ იღებს, ხოლო მის მიმართ ერთადერთ მატერიალურ მხარდაჭერას თეთრიწყაროს გამგეობა იჩენს - ომის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს ერთჯერადად 200-300 ლარით ეხმარებიან. გიორგიმ არ იცის, მიიღებს თუ არა დახმარებას ამ წლის 8 აგვისტოს, თუმცა წუხს, რომ 26 წლის ასაკში უმოქმედოდ უწევს ყოფნა.

ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა რესოციალიზაციისა და დასაქმების შესახებ საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსები რამდენიმე ძირითად პრობლემას გამოყოფენ. მათი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ აქვს და ამა თუ იმ სოციალურ პაკეტში მოსახვედრად ჯარისკაცებს ინდივიდუალურად უწევთ ზრუნვა. ამასთანავე, ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დამატებითი სოციალური პროგრამა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას და სხვადასხვა პროფესიის დაუფლების საშუალებას მისცემს.

სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლის, გიორგი თავდგირის თქმით, გვაქვს ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონფლიქტის დროს დაშავებულთა მიმართ  გატარდა ღონისძიება, მაგალითად 2008 წლის დროს დაჭრილები, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები თავდაცვის სამინისტრომ გარკვეულწილად დაასაქმა, თუმცა ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.

„აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში დაჭრილ პირებს ფაქტიურად არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ, მათ ინდივიდუალურად იმკურნალეს, შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი არ არიან, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მათ მიმართაც არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, ეს პრობლემაა. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებაში სამხედროთა ადაპტაცია ჯერ-ჯერობით ღია საკითხია, ამასთან დაკავშირებით მიზანმიმართული პროექტები, პროგრამები ან ხედვა არ გვაქვს ჩამოყალიბებული“, - აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე. 

მძიმე ფიზიკური ტრავმის მქონე სამხედრო მოსამსახურეების დასაქმებაზე საუბრისას ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ დირექტორი ზაზა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ მეომარი, რომელმაც იცის ბრძოლა, სროლა და თავდაცვა, შესაბამისი სწავლების გარეშე ტექნიკური პერსონალი ვერ გახდება, ხოლო ამ სამხედროთათვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„ტრავმის შემდეგ სამხედროთა ნაწილს შეუძლია მუშაობა, ნაწილს არა, ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩვენი ვალია, ყველაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება სოციალურ გარანტიებს, შშმპ პირის სტატუსი და მცირედი პენსია არც საკმარისია და არც ჯეროვანი. სახელმწიფო ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, თავდაცვის სამინისტრო კი მრავალმხრივ მიმართულებებზე უნდა ფიქრობდეს. როდესაც ადამიანი ქვეყნის სადარაჯოზე დგას, მას ყველაზე მაღალი გარანტიები უნდა ჰქონდეს, ჩვენთან ეს ასე არ არის“, - აღნიშნავს ზაზა თაქთაქიშვილი და იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ერთ-ერთმა წვევამდელმა მძიმე დაზიანება არასაბრძოლო მოქმედებაში, მეთაურის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისას მიიღო.

მისი თქმით, ეს სამხედრო 2012 წლის დასაწყისში, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე დაზიანდა, რასაც ორივე ხელის ამპუტაცია მოჰყვა. ამ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და დასკვნაც დაიდო, თუმცა დადგინდა, რომ ჯარისკაცს ტრავმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონდა მიღებული, შესაბამისად, წვევამდელს ანაზღაურება, ან კომპენსაცია არ მიუღია, მხოლოდ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა სახელმწიფოს ხარჯზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ISAF-ის მისიაში ჩართვიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 205 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 43-მა კი მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო. მძიმედ დაჭრილთაგან 19 შემთხვევა ამპუტაციით დასრულდა, ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა მხედველობა სრულად (ორმხრივი ანოფთალმია), ერთმა კი ნაწილობრივ დაკარგა (ცალმხრივი ანოფთალმია), ერთ სამხედროს კი ხერხემლის ტავმული დაზიანების შედეგად, ოთხივე კუდურის დამბლა (ტეტრაპლეგია C4 დონეზე) განუვითარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად მძიმე დაზიანება 85-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ამ შემთხვევებიდან 13 ამპუტაციით დასრულდა, 5 ანოფთალმიით. ერაყში ჩატარებული სამშვიდობო მისიის  -  „თავისუფლება ერაყს“ დროს ამპუტაციისა და ანოფთალმიის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო სერიოზულ სოციალურ პაკეტს მიიღებს სახელმწიფო ჯარისკაცებთან მიმართებაში, მით უფრო სერიოზული იქნება სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ დამოკიდებულება როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

„როდესაც რომელიმე მისიაში კონტინგენტის გაზრდაზეა საუბარი, ასეთ მისიებში მონაწილებაზე სოციალური პაკეტი რომ იყოს მიბმული, სამხედრო მეთაური და პოლიტიკოსი, რომელიც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ყოველთვის უფრო მეტად დაფიქრდება კონტინგენტის რაოდენობაზე. ჯარისკაცმა შეიძლება პროფესიული ტრავმა მიიღოს, სოციალურ პაკეტში კი გაწერილი უნდა იყოს, თუ რას იღებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე. როგორც ვატყობ, თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა აქვს და მასთან ბროძოლით არის დაკავებული. ფაქტიურად, ასეთ მაღალ მატერიებზე ფიქრის რესურსი უწყებას არ აქვს, მაგრამ ეს აუცილებელია“, ამბობს გიორგი თავდგირიძე.

„ლიბერალის“ კითხვებზე, აქვს თუ არა თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად  ტრავმირებული ქართველი ჯარისკაცები იმკურნალებენ, მოხდება მათი რესოციალიზაცია, დასაქმება და რა იგეგმება ამ მიმართულებით, უწყება პასუხობს, რომ სამხედრო ჰოსპიტალის დაქვემდებარებაში თავდაცვის სამინისტრომ შშმპ პირთა „სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ უკვე შექმნა, რომელიც განვითარებისა და ჩამოყალიბების ფაზაშია. ასევე, იგეგმება რეაბილიტაციის ცენტრის სრულყოფა, ახალი სარეაბილიტაციო და დასასვენებელი კომპლექსების მოწყობა, ხოლო ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამედიცინო უზრუნველყოფა საქართველოში ამჟამად ვერ ხერხდება, სამკურნალოდ საზღვარგარეთ იგზავნებიან.

„მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები მათი სურვილისამებრ შესაბამის დანაყოფებში: განათლების სარდლობა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ა.შ. სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან. ასევე, მათი ოჯახის წევრები, შესაძლებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში დასაქმდნენ. ამ სამხედრო მოსამსახურეთა ჩართვა კულტურულ ღონისძიებებშიც ხდება. დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს დასაქმების მხრივ ამ ეტაპზე პრობლემები არ აქვთ“, - აღნიშნულია „ლიბერალისთვის“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^