„ოქროს ირემი“ გაკოტრდა _ ფინანსური პირამიდა დაინგრა და ქვეშ ათასობით დაზარალებული ოჯახი მოიყოლა. მოკლე დროში და ნაკლები ძალისხმევით გამდიდრების ბევრმა მსურველმა ფული სამუდამოდ დაკარგა.
„სულ 3700 დოლარი შევიტანე. მეუღლეს ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა და ვიფიქრე, რომ ოპერაციის ფული მაინც გვექნებოდა. ეს ფული თვიურ 15%-ად კერძო პირისგან ვისესხე. მოგებას აღარ ვჩივი, ჩემი შეტანილი თანხა დამიბრუნონ. რა წყალში ჩავვარდე აღარ ვიცი. ამხელა პროცენტის გადახდას ვეღარ ავუდივარ. კერძო მევახშე რამეს შემარჩენს?“, _ ამბობს მზია. შპს „ოქროს ირემში“ მან თანხა 2013 წლის იანვარში შეიტანა. თვენახევარში პირველი შენატანიც უნდა აეღო და 300-პროცენტიანი მოგებაც, მაგრამ 6 კვირის შემდეგ ფინანსური პირამიდაც დაიმსხვრა და სწრაფი გამდიდრების ილუზიაც.
2012 წლის ბოლოს ქართულ საფინანსო ბაზარზე პონცის ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე რამდენიმე კომპანია გამოჩნდა. პონცის სქემა საინვესტიციო აფიორის ცნობილი სახეა, რომელიც ინვესტორებს ამონაგებს მომდევნო ინვესტორების მიერ გადახდილი ფულიდან უხდის.
შპს „ოქროს ირემი“ ( GOLD DEEღ ) 2012 წლის 29 ნოემბერს დარეგსტრირდა. მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი ნესტან ავალიანი იყო. „ოქროს ირმის“ ოფისი თავდაპირველად ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ საცხოვრებელ სახლში განთავსდა და ანაბარზე მოგების არარეალურად მაღალი მარჟის შეთავაზებით ბევრი მომხმარებელიც მიიზიდა.
მეანაბრეებს რეკორდულად მცირე დროში, 6 კვირაში უზარმაზარ სარგებელს _ 850 დოლარის სანაცვლოდ 2400 დოლარს ჰპირდებოდა. მას, ვისაც სრული პაკეტის _ 850 დოლარის ერთდროულად შეტანის შესაძლებლობა არ ჰქონდა, შეეძლო მხოლოდ 170 დოლარი შეეტანა, სანაცვლოდ კი კომპანიაში 4 ადამიანი უნდა მიეყვანა. არანაკლებ მაცდური იყო კომპანია „2012 + უსასრულობის“ პირობები, რომელიც მომხმარებელს ოთხ კვირაში თანხის გაოთხმაგებას სთავაზობდა.
„კომპანიას აქვს წელიწადნახევრიანი მარკეტინგული პროექტი, რომელიც ჩვეულებრივად ფინანსურ სქემაზეა გათვლილი. ჩვენ ვმუშაობთ ქსელური მარკეტინგის პრინციპით. კომპანიამ უნდა შემოიტანოს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამონაგები ფულით გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას. ეს არის სოციალური დახმარება. იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, დავაწესეთ შეზღუდვა: თითო ადამიანს საკუთარ სახელზე მაქსიმუმ 4 პაკეტის გახსნა შეუძლია“, _ ასე უხსნიდა ნესტან ავალიანი მეანაბრეებს კომპანიის საქმიანობის არსს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობას პონცის ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიებთან ურთიერთობისას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მსგავსი კომპანიები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, „ოქროს ირმის“ და „2012 + უსასრულობის“ ოფისების კართან მომხმარებელთა რიგები დადგა. თავიდან ყველა კმაყოფილი იყო, რადგან „ქსელური მარკეტინგის სქემით“ მომუშავე ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაბმის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. პრობლემამ თავი მაშინ იჩინა, როცა კომპანიაში ფულის შეტანის მსურველთა რაოდენობა შემცირდა.
პონცის ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიების ფინანსური კატასტროფა რომ გარდაუვალი იყო, ეს ყველა მეანაბრემ კარგად იცოდა: გასული საუკუნის მიწურულს ამავე სქემით მომუშავე კომპანიების _ „აჩის“, „ოქროს თასის“ თუ „საქართველოს“ მეშვეობით არაერთი მოქალაქე დაზარალდა. მაგრამ სულ რაღაც თვენახევარში და უშრომელად გამდიდრების სურვილს დაუძლეველი ხიბლი აღმოაჩნდა.
„ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს კომპანია გაკოტრდებოდა და ვიღაც-ვიღაცები ფულს დაკარგავდნენ. მაგრამ მოსწრებაზე იყო ყველა, მათ შორის მეც. ჩემმა რამდენიმე ახლობელმა ამ კომპანიის მეშვეობით დიდი ფული მოიგო. ერთმა ახალთახალი „მერსედესი“ იყიდა, მეორემ - ფართი მშენებარე ბინაში. მეც ვფიქრობდი, რომ ორ თვეში ფულს ავიღებდი და დაზარალებულთა რიგებში არ მოვხვდებოდი. ეს არის სიმართლე. ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, კომპანიას მინიმუმ 8 თვის განმავლობაში პრობლემა არ შეექმნებოდა. თუმცა, „ოქროს ირემმა“ 8 კი არა, 4 თვეც ვერ გაქაჩა,“ _ ამბობს ლია კ-შვილი, რომელმაც მეგობართან ერთად კომპანიაში 28 000 დოლარი შეიტანა. ლიამ ძვირფასეულობა დააგირავა, მისმა მეგობარმა კი _ ბინა.
„ოქროს ირმის“ გაკოტრების გამო დაზარალებულთა რიცხვი რამდენიმე ათასია. დაზარალებულთა ინფორმაციით, ზარალი 10 მლნ დოლარს აჭარბებს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაპირებული 300%-იანი მოგების მიღების მიზნით თანხა კერძო მევახშეებისგან ისესხეს. ბევრ მათგანს სესხი თვიურ 15%-ად ჰქონდა აღებული და ახლა ფაქტობრივად, უსახლკაროდ რჩებიან. „ოქროს ირმის“ წინ თითქმის ყოველდღე საპროტესტო აქციაა, მაგრამ უკვე გვიანია.
„ოქროს ირმის“ ოფისმა უკვე რამდენიმე მისამართი შეიცვალა. მისამართის მუდმივი ცვლილებით იმ ადამიანებს გაურბიან, რომლებიც ორგანიზაციისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელიან.
ნესტან ავალიანი _ ის, ვინც რამდენიმე თვის წინ ათასობით ადამიანს დიდი ენთუზიაზმით უხსნიდა ფინანსური პირამიდის ხიბლს და დიდ სარგებელსაც ჰპირდებოდა, ახლა ტელეფონს აღარ პასუხობს. მისი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ „ოქროს ირემთან“ არანაირი კავშირი აღარ აქვს. შეძლებენ თუ არა მეანაბრეები „ოქროს ირმის“ ახალი ოფისის, ან პასუხისმგებელი პირების მიკვლევას, ჯერ არ იციან.
დაზარალებულთა ნაწილი სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება, თუმცა გაირკვა, რომ მეანაბრეთა კუთვნილი თანხის დაბრუნების შანსი ნულის ტოლია. „ეს ხელშეკრულება საერთოდ არ ჰგავს სესხის ხელშეკრულებას,“ _ ამბობს ადვოკატი მირიან ქაჯაია, _ „სასესხო ხელშეკრულებაში ჩადებული უნდა იყოს შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტია. ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ან სხვა სახის გარანტია, რომელიც სესხის გამცემს ფულის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის გზით საკუთარი თანხის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. „ოქროს ირემსა“ და მის მეანაბრეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასეთი გარანტია ჩადებული არ არის. როგორც ირკვევა, „ოქროს ირემს“ არანაირი ქონება არ აქვს. შესაბამისად, დაზარალებულები საკუთარი თანხის მიღებას ვერც კომპანიის ქონების რეალიზაციიდან შეძლებენ“.
„ოქროს ირმის“ იურიდიული მისამართია ჭყონდიდელის 37. თუმცა სახლი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს. 2013 წლის 28 მარტს შპს „ოქროს ირმის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება შევიდა. ნესტან ავალიანმა შპს-ს კუთვნილი 100 პროცენტიდან 50% კობა ამბარდნიშვილს დაუთმო. რას აპირებენ პარტნიორები უახლოეს მომავალში, ეს დაზარალებულთათვის უცნობია.
„ის ფაქტი, რომ წარსული გამოცდილების მიუხედავად ფინანსურ ბაზარზე მაინც გაჩნდა პონცის პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები, გასაგებია: მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და ხალხს შესაძლოა, ყველაფერი კარგად აღარ ახსოვს,“ _ ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში „ახალი ეკონომიკური სკოლა _ საქართველოს“ პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე, _ „მაგრამ იმ ფაქტს, რომ ეს კომპანიები ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გაჩნდა, გარკვეული ახსნა აქვს: „ქართული ოცნება“ მოვიდა გრანდიოზული დაპირებებით, რომ ზარალს ყველა დაზარალებულს აუნაზღაურებდა. არხეინობის განცდა გაჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეული სტიმული გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარსულში დაზარალდნენ და ასევე მათთვის, ვინც მომავალში დაზარალდებოდა. და მეორე და უმთავრესი: ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიებს ამდენი ადამიანი რომ მიენდო, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის დიდ ნაწილს სხვა წყაროებიდან შემოსავლების მიღების შანსი არ აქვს და რეალურ ბიზნესში ფულის ჩადებას ისევ ვერ რისკავს“.
„ოქროს ირმის“ დაზარალებულ მეანაბრეთა ნაწილი ამბობს, რომ პირველადი შენატანის დაბრუნების შემთხვევაშიც კი მათ კერძო მევახეშეებისგან აღებული პროცენტიანი ვალის დაფარვა წლობით მოუწევთ. მთავრობა მევახშეებისგან მოსახლეობის დაცვის მექანიზმებზე მუშაობს, რომელიც ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა.