ინტერვიუ „თბილღვინოს“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი მარგველაშვილთან
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო შეიცვალა. კონკრეტულად თქვენთვის რა შეიცვალა ბიზნესგარემოში?
რაც შეიცვალა ბიზნესგარემოში, ეს არის თავისუფლების ხარისხი. ბიზნესმენები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს მათთვის მტკივნეულ საკითხებზე. წინა ხელისუფლების დროს აზრის გამოთქმის თავისუფლების ხარისხი ნაკლები იყო. თუმცა უშუალოდ ჩვენი დარგის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან დიალოგში აზრის გამოთქმის პრობლემა არასოდეს გვქონდა. შესაძლოა, არ ვასაჯაროებდით ამ თემებს და ამ პრობლემებზე ღიად არ ვსაუბრობდით ჟურნალისტებთან, მაგრამ ვსაუბრობდით ხელისუფლებასთან.
ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ღიად თქვენ პირველად გასულ წელს ალაპარაკდით, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. თუმცა ეს თემა მაშინ ფართოდ არ გაშლილა. რაში გამოიხატებოდა ზეწოლა?
მეღვინეობის სექტორში ძალიან მაღალი იყო სახელმწიფოს ჩართულობა. ჩვენი მთავარი პრობლემა იყო რთველის ჩატარების პოლიტიკა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო მონაწილეობდა რთველში: ისინი ყიდულობდნენ ყურძენს ყველაზე დიდი რაოდენობით და, შესაბამისად, ფასსაც ისინი ადგენდნენ. შედეგად, ჩვენ ვიხდიდით ყურძენში არარეალურ და არასამართლიან ფასს. ყურძნის დეფიციტის პირობებშიც კი რქაწითელის ყველაზე მაღალი ფასი 40 თეთრი იყო. შარშან, როცა ყურძნის უხვი მოსავალი მოვიდა, 1 კგ რქაწითელი 1 ლარი ღირდა. ეს არაადეკვატური ფასია.
რამდენადაც მახსოვს, კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპანია _ „გრუზვინპრომი“, რომელიც არასამეწარმეო იურიდიული პირია და რომლის 100% ამჟამად სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, ღვინის წარმოების დაწყებისთვის ემზადებოდა.
ასეთი ინიციატივა ნამდვილად იყო. გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს „გრუზვინპრომი“ ღვინის მწარმოებელი სრულფასოვანი კომპანია უნდა გამხდარიყო. როცა გავიგეთ, რომ სახელმწიფო იქნებოდა ჩვენი კონკურენტი არა მარტო ყურძნის შესყიდვის დროს, არამედ საბოლოო პროდუქციის რეალიზაციის დროსაც, ამან ძალიან შეგვაშფოთა.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის მართვის მეთოდები შეიცვალა. შეიცვალა თუ არა ხელისუფლების რთველის პოლიტიკა? როგორ ჩატარდება წლევანდელი რთველი და ხომ არ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო ყურძენს წელსაც პოლიტიკური ფასი ექნება?
იმედი მაქვს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი დაადგენს და წლევანდელ რთველში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ჭარბი პროდუქციის შესყიდვით შემოიფარგლება. კვლავ აქტუალურია სახელმწიფოს მმართველობაში არსებული ღვინის ქარხნების მომავალი ბედი და სტრატეგია. ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ იმ გეგმის ჩამოყალიბებაში, სადაც ამ ქარხნების შემდგომი როლი და ფუნქციები განისაზღვრება. შეიცვლება თუ არა ხელისუფლების სართველო პოლიტიკა, ეს რთვლის დროს გამოჩნდება. ღვინის მწარმოებელთა ასოციაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციებით უკვე მიმართა.
რას გულისმობს თქვენი რეკომენდაციები?
სულ რამდენიმე პრინციპია. პირველი მათგანი რთველის დაწყების თარიღს ეხება. რთველი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ყურძენი ტექნიკურად სიმწიფეში შევა და არა მაშინ, როცა ამას ხელისუფლება გადაწყვეტს. 2. სახელმწიფო ქარხნებმა თავიდანვე არ უნდა დაიწყონ ყურძნის შესყიდვა და კომერციულ კომპანიებს გონივრული ვადა უნდა მისცენ მარაგების შესავსებად. 3. ყურძნის ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. 4. ადგილწარმოშობის ისეთ ზონებში, როგორებიცაა ქინძმარაული, მუკუზანი და ა. შ. სახელმწიფოს ჩართულობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ზონებში წარმოებულ ყურძენზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ჩვენ გვქონდა პარადოქსული შემთხვევები, როცა ყურძნის ჭარბმოსავლიანობის დროს ადგილწარმოშობის გარკვეულ ზონებში ყურძენი დეფიციტი იყო, რადგან მას სახელმწიფო კომპანიები ყიდულობდნენ. 5. ღვინის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ყურძენი იყიდონ როგორც წვრილი, ისე მსხვილი ფერმერისგან. აქამდე მსხვილი ფერმერებისგან პროდუქციის ყიდვის უფლება არ გვქონდა. ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებს, რთველი ღირსეულად ჩაივლის.
რა ცვლილებებს ელოდით ახალი ხელისუფლებისგან და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?
ბევრი რამე რთველის დროს გადაწყდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ჩაივლის წლევანდელი რთველი და რა როლს შეასრულებს სახელმწიფო ყურძნის ფასწარმოქმნის პროცესში. ცვლილება, რომელიც თვალსაჩინო და ხელშესახებია, არის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა.
ხელისუფლების დახმარების გარეშე შესაძლებელი იყო თუ არა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება?
საქართველოს პოლიტიკური მმართველობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაში ჩართული იყო ოთხი მხარე: რუსეთის პოლიტიკური მმართველობა, საქართველოს პოლიტიკური მმართველობა, რუსეთის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორი კომპანიები და ღვინის ქართული კომპანიები. აქედან ორი მხარე _ იმპორტიორები და ღვინის კომპანიები ყოველთვის თანახმა ვიყავით ურთიერთობის აღდგენაზე. გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს და რუსეთის პოლიტიკურ მმართველობებს უნდა ეთქვათ.
საქართველოს პოლიტიკური მმართველობა „ზედაზენის“ და „ნატახტარის“ პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესვლის წინააღმდეგი არ იყო...
კი, იყო პროდუქტები, რომლებიც რუსულ ბაზარზე შედიოდა. ამის შესახებ გადაწყვეტილებას რუსული მხარე იღებდა. 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რუსული მხარე მუდმივად აცხადებდა, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისთვის მზად იყო. პროდუქციის იმ ჩამონათვალში, რომელსაც რუსული მხარე ასახელებდა, იყო ლიმონათი და, შესაბამისად, ამ კომპანიების ნაწარმი რუსეთში შევიდა. რაც შეეხება ღვინოს, მას რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ჭრილში განიხილავდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ველოდით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საქართველოს წინა ხელისუფლებამ მაღალი რისკის გამო ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
ეს როგორ უნდა გავიგოთ: ხელისუფლება ზრუნავდა იმაზე, რომ ღვინის კომპანიებს ზედმეტი რისკი არ აეღოთ საკუთარ თავზე და სულ არ ადარდებდა ის, რომ ზუსტად იგივე დონით რისკავდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯგუფი, რომელთაც ლუდსახარში „ზედაზენი“ შექმნეს და საწარმოს შექმნიდან სულ ცოტა ხანში რუსეთის ბაზარზეც შევიდნენ. თუ რუსეთში მათთვის სარისკო არაფერი იყო?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ეს ჩემთვისაც გაუგებარი იყო. ეს კითხვა ალბათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აღდგა, მაგრამ ამ პროცესის თანმდევი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები არ გამქრალა. როცა რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშენკომ ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, რუსეთში ქართული ღვინის დიდი პარტიები გაანადგურეს, რის გამოც მწარმოებლებს დიდი ზარალი მიადგათ. მსგავსი რისკისგან თავის დაცვის მექანიზმი თუ ჩადეთ იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც რუსულ იმპორტიორ კომპანიებთან ახლა გააფორმეთ?
რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ისევ არსებობს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზრის მიმზიდველობა იმდენად მაღალია, რომ ამ შესაძლებლობის არგამოყენება არ შეიძლებოდა. რისკები რომ ისევ არსებობს, სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ხელშეკრულება სამ სხვადასხვა იმპორტიორ კომპანიასთან და ამით რისკების დივერსიფიცირება მოვახდინეთ. თავდაცვის მექანიზმი ხელშეკრულებაშიც ჩავდეთ. ჩვენს პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჩვენ წინასწარ გადახდას ვითხოვთ. ასეთი რეჟიმი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის შემდეგ საკრედიტო პირობებზე გადავალთ, იქაც დავალიანების მაქსიმალური დასაშვები ოდენობა განსაზღვრული იქნება.
როდის შევა „თბილღვინოს“ პროდუქცია რუსულ ბაზარზე და რა საფასო სეგმენტს დაიკავებს ის?
ჩვენი პროდუქციის პირველი პარტია რუსეთში ივლისის ბოლოს გადაიტვირთება, მაღაზიების დახლებზე კი ალბათ, აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბერში გამოჩნდება. პროდუქციის საბოლოო ფასს რუსული მხარე განსაზღვრავს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თაროზე განთავსებული პროდუქციის ფასი ქარხნულ ფასს სამჯერ აღემატება. ქართული ღვინის, მათ შორის ჩვენი ღვინოების საშუალო ფასი 3-3,5 აშშ დოლარია. შესაბამისად, რუსეთის მაღაზიის დახლებზე ქართული ღვინის ფასი დაახლოებით 10-11 აშშ დოლარი იქნება.
„თბილღვინოს“ ექსპორტის რა ნაწილს დაიკავებს რუსული ბაზარი?
რუსეთის მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია. მაგრამ არ გვინდა რომ რუსეთის ბაზარზე ისეთივე ჭარბი დამოკიდებულება შეიქმნას, როგორიც ემბარგომდე არსებობდა. რუსულ ბაზარზე ჩვენი ექსპორტის 25%-ზე მეტს ალბათ, არ გავიტანთ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ წელს მთელი აქცენტი გადავიდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე და სხვა ბაზრებს ნაკლები ყურადღება ექცევა. ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით რა კეთდება?
ვერ ვიტყვი, რომ ახლა ამ მიმართულებით იმაზე ნაკლები კეთდება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს კეთდებოდა. წინა ხელისუფლების მხრიდან ამ მხრივ ცოტა ნამდვილად არ კეთდებოდა. ყოველ წელს რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობდით. დიუსელდორფის და ლონდონის გამოფენებში წელსაც მივიღეთ მონაწილეობა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში ყოფილი ხელისუფლება ჩვენს აზრს სიღრმისეულად არ ითვალისწინებდა. ხშირად გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელთა თანამდამფინანსებლები ჩვენ ვიყავით, საჭიროზე ბევრად მეტი ფული იხარჯებოდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმვლობაში არაერთხელ იყო მცდელობა, რომ ქართული მეღვინეობის კონცეფცია და დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შექმნილიყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა ამ მიმართულებით, დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია ამჟამად გაქვთ?
დიახ, მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოს მთავრობამ მეღვინეობის ეროვნული სტრატეგიის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ გაიმარჯვა და ქართული მეღვინეობის განვითარების გეგმა, დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და ახალ ბაზრებზე მოქმედების სტრატეგია წარმოადგინა. სტრატეგია არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე და მას არავინ იყენებდა. ის, რაც ეწერა ამ სტრატეგიაში და ის, რაც კეთდებოდა ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთთან საერთოდ არ იყო თანხვედრაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე საუბარი დაიწყო. თუმცა, ახალი სტრატეგია ჯერ ისევ არ არსებობს.
ესაუბრა მანანა ვარდიაშვილი