ქეთი გურჩიანის თვალსაზრისი
“ხომ არ მეტყოდით, აქედან რომელი გზით უნდა წავიდე?”
“გააჩნია, სად გინდა მოხვდე,” უპასუხა კატამ.
“დიდად არ მადარდებს, სად მოვხვდები” - უპასუხა ალისამ.
“მაშინ სულერთია, რომელი გზით წახვალ”, უთხრა კატამ.
“-მთავარია, სადმე მოვხვდე,” დაამატა ალისამ ახსნისთვის.
“მაგას ნამდვილად მოახერხებ”, უთხრა კატამ, “თუ საკმარისად დიდხანს ივლი”.
ლუის კეროლი, "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"
უმაღლესი განათლების კანონში რამდენიმე ცვლილება შედის. მეორედ მოსმენის შემდეგ კრიტიკულად განწყობილი აკადემიური სივრცის ნაწილმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ავტონომიის პირდაპირი შეზღუდვის მანიშნებელი პუნქტი შეიცვალა: რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი აღარ დანიშნავს, მაგრამ რჩება სხვა პუნქტები, რომელიც არანაკლებ საკამათოა. მე ვისაუბრებ ერთზე, დოქტორატებისთვის ასისტენტ-პროფესორის უფლების ჩამორთმევასა და მათი ჩართულობის შემცირებაზე უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ეს ცვლილება მხოლოდ შეზღუდვის ფუნქციას ატარებს და არ ასწორებს არც ერთ პრობლემას, რომელიც დოქტორანტების წინაშე დგას. საქართველოში 3727 დოქტორანტია (კვლევა ჩაატარა ტემპუსის ოფისის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმა 2012-2013 წლებში). ამათგან 157 აქვს პარალელურად ასისტენტ პროფესორის სტატუსი. ეს 157 დოქტორანტი გარკვეულწილად გამორჩეულია და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მათი პირობები კი არ გავაუარესოთ, არამედ გავაუმჯობესოთ და ასეთი დოქტორანტების რაოდენობა გავზარდოთ ეფექტური წახალისებით.
ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლით გამოირჩევიან, ბოლო წლებში (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი), თავიანთ პრიორიტეტად ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნას ასახელებენ. ამ გზისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის სადოქტორო განათლების განვითარება, რადგან დოქტორანტურა სწორედ ის საფეხურია, სადაც იქმნება ახალი ცოდნა, ინოვაციები. ბრაზილიამ 2000 – 2009 წლებში დოქტორანტების რაოდენობა 100%-ით გაზარდა, ხოლო ჩინეთმა 1998 – 2008 წლებში 400% - ით! ცხადია, ეს არ იყო რაოდენობის მექანიკური ზრდა. ამ ზრდას თან ახლდა შესაბამისი დაფინანსებაც. ცოდნის საზოგადოებაზე მსჯელობისას დისკურსიც ძირითადად სადოქტორო განათლების ირგვლივ ტრიალებს: ითვლება, რომ სადოქტორო კვლევები გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან ის წარმოადგენს ინოვაციის საფუძველს და ძირითადი ძალაა საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალი დონის სადოქტორო საფეხურის ჩამოყალიბებას და დოქტორანტებში აკადემიური იდენტობის გაღვივებას.
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციამ შეისწავლა სადოქტორო განათლება აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში პროექტით CODOC – Cooperation on Doctoral Education between Africa, Asia, Latin America and Europe (შემდგომში CODOC). კვლევის მიხედვით მინიჭებული დოქტორის ხარისხის რაოდენობა როგორც ევროპასა და შეერთებული შტატებში, ისე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იზრდება (იხ. 2004 – 2010 წლების სტატისტიკა). სადოქტორო სწავლების მნიშვნელობაზე როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები თანხმდებიან.
წყარო: Thomas Ekman Jørgensen, პრეზენტაცია CODOC პროექტის შესახებ. http://www.eua.be/events/past/2013/EUA-CDE-Annual-Meeting-2013/Presentations.aspx
ევროპული უნივერსიტეტებისთვის აქტუალური პრობლემაა, როგორ ვაქციოთ სტუდენტი დოქტორანტი მკვლევრად, რომ მასში ჩადებული ინტელექტუალური თუ ფინანსური ინვესტიცია ისევ ცოდნის შექმნას და აკადემიურ სივრცეს ეფექტურად მოხმარდეს. ვარშავაში ივნისის ბოლოს ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ შეკრებილი 27 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების რექტორები, კანცლერები, პროფესორები სხვადასხვა სქემებს და გამოცდილებას გვთავაზობდნენ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ გზაზე: იქნება ეს სტატუსი, რომლითაც იამაყებენ, გრანტები სპეციალურად დოქტორანტებისთვის საუნივერსიტეტო თუ სახელმწიფო დონეზე, კონფერენციები, შეკრებები, საზაფხულო სკოლები, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მრავალმხრივი ჩართვის შესაძლებლობები...
რა ხდება საქართველოში და საით მივდივართ? ვადგავართ თუ არა სწორ გზას? თუ ბოლო ცვლილებებს გადავხედავთ, პასუხი ჰგავს დიალოგს წიგნიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, როცა ალისა კითხულობს, საით წავიდეს, მაგრამ არ იცის, სად უნდა და ამიტომ სულერთია, რომელ გზას დაადგება. როგორც კატა ურჩევს, თუ დიდხანს ივლის, სადმე კი მოხვდება, ოღონდ საკითხავია, სად.
დოქტორანტურამ საქართველოში ბოლო წლებში ძირეული ცვლილება განიცადა. 2004 წლიდან საქართველოში გაუქმდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, და ბოლონიის პროცესის კვალდაკვალ, დოქტორის ხარისხი გახდა არა სამეცნიერო, არამედ აკადემიური ხარისხი, ხოლო მისი მინიჭების უფლება გადაეცათ უნივერსიტეტებს. ასევე უნივერსიტეტებს მიეცათ უფლება, ის დოქტორანტები, რომლებიც მათი აზრით, შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, არჩეულები ყოფილიყვნენ ასისტენტ პროფესორებად. მათი რიცხვი არასდროს არ ყოფილა ძალიან დიდი, მაგრამ მათი მნიშვნელობა და წვლილი ბევრი უნივერსიტეტისთვის ძალიან მაღალია. თავდაპირველი ზრდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე დოქტორანტების რაოდენობა საქართველოში მცირდება (კვლევის ანგარიში, სადოქტორო განათლება საქართველოში, გვ. 5).
დოქტორანტურას ზოგადად მრავალი პრობლემა ახლავს თან და ბევრი რამ დასახვეწია: უნივერსიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ საფეხურზე სწავლობენ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი არის გამონაკლისი), არ არსებობს სახელმწიფო სტიპენდიები ან გრანტები, რომლებიც საშუალებას მისცემს დოქტორანტებს, აქტიურად აწარმოონ თავიანთი კვლევა. პრობლემურია კვლევა ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გამოც. ამგვარ ვითარებაში დოქტორანტების ჩართვა სწავლებაში, თუ ზომიერება დაცულია და არ გამოიყენებიან იაფ მუშა ხელად, მათთვის ცოდნის შეძენის საშუალებაც არის და ფინანსური უზრუნველყოფაც. ამასთან ერთად, ისინი ადრეულ ეტაპზევე ხდებიან აკადემიური სივრცის წევრები პროფესორების რანგში და მათი აკადემიური წინსვლაც უფრო განჭვრეტადია.
მას შემდეგ, რაც დოქტორანტები ვეღარ იქნებიან ასისტენტ-პროფესორები, მათი ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში დაიკლებს. მათ აღარ შეეძლებათ მართვაში მონაწილეობა. მაგალითად, ჩამოერთმევათ უნივერსიტეტის რექტორის არჩევის უფლება. ეს ცვლილება არაფერს არ გამოასწორებს, მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს, აღარც საამაყო სტატუსი ექნებათ, აღარც ჩართულობის განცდა და აკადემიური იდენტობა.
თავის დროზე შესაძლებლობა, რომ დოქტორანტი გამხდარიყო ასისტენტ-პროფესორი, კანონში რეალობის გათვალისწინებით ჩაიწერა: სულ უფრო რთული ხდებოდა და არის ახალგაზრდების მოზიდვა აკადემიურ სივრცეში დასაქმებისთვის და მათი შენარჩუნება. ასევე ძალიან რთულია მათი მიყვანა დისერტაციის დაცვამდე, რადგან შესაბამისი ინტელექტუალური გარემო, დაფინანსება, მოტივაცია არ არსებობს. შესაბამისად, ეს გზა იყო და არის ძალიან ხანგრძლივი. დოქტორანტისთვის მინიჭებული უფლება, ყოფილიყო ასისტენტ პროფესორი, იყო მოტივაციის ამაღლების, დასაქმების და საუნივერსიტეტო იდენტობის განვითარების საუკეთესო საშუალება.
ზოგადად ის, რომ ჯობია, ყველა პროფესორს დაცული ჰქონდეს დისერტაცია და კარგი მკვლევარიც იყოს, სადავო არ არის. მაგრამ ეს სურვილი არ შეესაბამება საქართველოს რეალობას. თავისთავად მოსაზრება, რომ აუცილებლად მხოლოდ დაცულს ჰქონდეს პროფესორის სტატუსი, რამე ბუნებრივი კანონზომიერებიდან კი არ მოდის, არამედ სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება იყოს მიღებული. არც ერთი მოდელის ბრმად გადმოტანა არ ივარგებს: ჩვენ გვაქვს სპეციფიკური ვითარება, რომელსაც სპეციფიკური მიდგომა და მხარდაჭერა სჭირდება.
ვითარება, როცა უნივერსიტეტები სავსეა "დაცული", ხარისხის მქონე პროფესორებით, არ არის დამახასიათებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის. CODOC კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის მანძილზე აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში იზრდება პროფესორების რაოდენობა, რომლებსაც დაცული აქვთ დისერტაცია. აზიის ქვეყნებში 5 წლის წინ პროფესორების 42% ჰქონდა დისერტაცია დაცული, ახლა დაცული აქვს 49%-ს, ხოლო სამი წლის მერე მათი რაოდენობა 62%-მდე გაიზრდება. უფრო რთულად იყო ვითარება სამხრეთ ამერიკაში, სადაც პროფესორების მხოლოდ 28%-ს ჰქონდა დისერტაცია დაცული, ახლა დაცული აქვს 31 %-ს და ელიან, რომ სამ წელიწადში პროფესორების 40%-მდე ექნება დისერტაცია დაცული.
წყარო: Thomas Ekman Jørgensen, პრეზენტაცია CODOC პროექტის შესახებ. http://www.eua.be/events/past/2013/EUA-CDE-Annual-Meeting-2013/Presentations.aspx
საქართველოში უნივერსიტეტების დიდ ნაწილში ასისტენტ პროფესორები შეადგენენ თანამედროვე, ტექნოლოგიებზე თუ ახალ ცოდნაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების ძირითად ძალას. მათთვის გაურკვეველი “ასისტენტის” სტატუსის მინიჭება და პროფესორობის წართმევა ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში აკადემიური დონის ამაღლებისთვის, დოქტორანტურაში მაღალი სტანდარტის განვითარებისთვის, საბოლოოდ კი ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნისთვის.
პირველი სწრაფი შედეგი, რაც შეიძლება კანონის ცვლილებამ გამოიწვიოს, იქნება დოქტორის ხარისხის მოპოვების გაიოლება, რათა უნივერსიტეტები არ დარჩნენ აკრედიტაციისთვის საჭირო პროფესორების ჯამური რაოდენობას გარეშე (სახელმწიფოს მიერ დადგენილია სტუდენტის და პროფესორის შეფარდება). ჯობია, დაცვის სტანდარტი შევინარჩუნოთ მაღალი და უფრო ნელა მივაღწიოთ მიზანს, ვიდრე მოვითხოვოთ ხარისხი ყველასგან, რამაც შეიძლება ხარისხის მოთხოვნების დაწევისკენ უბიძგოს უნივერსიტეტებს.
სადოქტორო ხარისხს უნივერსიტეტები სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გასცემენ. შემოთავაზებული ცვლილება იმათ სასარგებლოდ იმოქმედებს, ვისაც ისედაც იოლი გზა ჰქონდა არჩეული და ახლაც შეუძლია, დოქტორანტები იოლი დაცვით მასიურად აქციოს პროფესორებად. ხოლო მათ, ვისაც მაღალი სტანდარტი ჰქონდა, უბიძგებს, გააიოლოს კრიტერიუმები და უფრო იოლად დააცვევინოს, თუ უნდა, რომ არ დაკარგოს დოქტორანტი ასისტენტ-პროფესორები. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს ვალდებულება, დოქტორანტმა ორი საერთაშორისო რეფერირებადი (მხოლოდ აღიარებული ნუსხების ჟურნალებში) სტატია გამოაქვეყნოს დაცვამდე. ამ მიზეზის გამო და ალბათ, იმის გამოც, რომ ინტელექტუალური მხარდაჭერა რთულია და დოქტორანტების უმეტესობა მუშაობს სხვაგან, დაცული დოქტორანტების რაოდენობა მცირეა, მაგრამ ხარისხიანი. 500 დოქტორანტიდან მხოლოდ 25 არის ასისტენტ პროფესორი, რადგან მათი შერჩევის კრიტერიუმებიც მაღალია. დაცული დოქტორანტების უმეტესობა ისევ უნივერსიტეტში აგრძელებს მუშაობს.
რატომ გვჭირდება ჩვენ სწორედ ამგვარად, რთული გზით დაცული დისერტაციები და ასეთი პროფესორები? საერთაშორისო პუბლიკაციები, ერთი მხრივ, ხარისხის დაცვასა და ამაღლებას უწყობს ხელს მწირი რესურსების და ინტელექტულაური გარემოს სიმცირის ფონზე (მიმდინარე კვლევა მოწმდება ანონიმური რეცენზენტების მიერ), ხოლო მეორე მხრივ, თვითონ პუბლიკაციის შექმნის პროცესი არის საერთაშორისო სივრცეში ჩართვისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავების მექანიზმი. გამოქვეყნებული ნაშრომიც არ არის შემოფარგლული მხოლოდ ვიწრო სივრცით და უფრო ფართო აკადემიური საზოგადოების წევრად აქცევს დოქტორანტს. ეს გზა ძალიან გრძელია და დაცვაც ჭიანურდება, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული უნივერსიტეტების არჩევანია. ხარისხის დაცემა ყველაზე უარესი მოსალოდნელი შედეგი იქნება.
სტატუსის და ჩართულობის დონის შეცვლა უარყოფითად იმოქმედებს ახალგაზრდების მოზიდვაზეც უნივერსიტეტებში და ინტელექტუალური გადინების პრობლემის წინაშე უფრო მწვავედ დავდგებით.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან იქნებოდა არა სტატუსის შეცვლა და ფუნქციების დაკნინება, არამედ პირიქით, წახალისება და ხელშეწყობა. წახალისება და ხელშეწყობა შესაძლებელია მრავალგვარად განხორციელდეს. მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყნები დოქტორანტების დასახმარებლად და კვლევის ხარისხის უზრუნველსაყოფად, მაგალითად, ამოქმედებენ გრანტების სისტემას, რომლითაც ფინანსდება როგორც სადოქტორო სკოლები, ისე ცალკეული დოქტორანტების პროექტები. ქვეყნების გარკვეული რიგისთვის საუკეთესო გამოსავალია ერთობლივი ხარისხების, ორმაგი ხარისხის შემოღება. ერთ-ერთი ყველაზე იოლი და ეფექტური გამოსავალია თანახელმძღვანელობის აწყობა სხვა კვლევით უნივერსიტეტებთან და ამისთვის ონლაინ სწავლების ხელშეწყობა.
დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შიგნით საუნივერსიტეტო კვლევითი ქსელების განვითარებასა და ხელშეწყობას, რადგან გარკვეულ სფეროებში ერთი ინსტიტუციის ფარგლებში ინტელექტუალური რესურსი, პროფესორების კრიტიკული რაოდენობა, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო დონის კვლევის საწარმოებლად, თითქმის არ არსებობს. ქსელის ერთ-ერთი ფუნქცია ასევე შეიძლება, იყოს აკადემიური თანამშრომლობის წახალისება, კონფერენციების ორგანიზება, რეცენზირების განვითარება.
საქართველოს ძალიან სჭირდება აქტიური მეცნიერები, მკვლევრები, რომლებიც თავიანთი კვლევით არიან საერთაშორისო სივრცეში ჩართული და თან აქტიურად ქმნიან აკადემიურ სივრცეს საქართველოში. ყველა ცვლილება, რომელიც დაიგეგმება, ამ მიზნებს უნდა უწყობდეს ხელს. და მერე გასაგები გახდება, საით მივდივართ და როგორ.