რეპორტაჟი სოფელ დიციდან
ილია ბერუაშვილი დედასთან ერთად გორის რაიონის სოფელ დიცში, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ცხოვრობს. სახლის გვერდით ბაღი აქვს, სადაც ოთხი დღის წინ ორ შეიარაღებულ რუს სამხედროს გადააწყდა. ჯარისკაცებმა ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც ადგილზე ქართველი სამართალდამცავები გამოჩნდნენ. მისი თქმით, რუსი სამხედროების ჯგუფმა სასაზღვრო სამუშაოები 6 დღის წინ განაახლა, ორ დღეში კი მთლიანად დაასრულა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში გორის რაიონის სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეები მეორედ გააქტიურდნენ. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც დიცსა და ერედვს შორის რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლების სამუშაოების დაიწყეს, ამჯერად, მიწაში ჩაფლული რკინის სამაგრების ადგილას მწვანედ შეღებლი ლითონის „საზღვარი“ გვხვდება.
„რუსები შეიარაღებულები დადიან, სოფელში შემოდიან და ამბობენ საზღვარს ვაკონტროლებთო. რას აკონტროლებენ - არავითარი რუკები მაგათ არ აქვთ. ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს საზღვრების დადგენა, ხან ეზოებში სვამდნენ ნიშანს, ხან ჩემი სახლის ქვევით. ხალხს საკუთარ ბაღებში იჭერდნენ, სასაფლაოსთან მდებარე ერთი-ერთი სახლის მცხოვრები 80 წლის კაციც კი დაიჭირეს, დისევის ბაზამდე მიიყვანეს, მერე ალბათ იმათ უფროსობამ შეიცოდა და გამოუშვეს. საზღვარი სასაფლაოდან ზევით, ერედვისკენ მიუყვება, ამ ღობეს თუ გადავცდებით, უკვე იმათ ტერიტორიაზე ვართ“, - ყვება ილია ბერუაშვილი.
პირველ ვიზიტთან შედარებით სოფელში სიმშვიდეა. ეს ნაწილობრივ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის სამუშაოების გარკვეული დროით შეწყვეტას, ნაწილობრივ კი იმ აჟიოტაჟის ჩაცხრომას უკავშირდება, რაც ამ თემის გარშემო მასმედიის მიერ ფაქტის აქტიურად გაშუქებამ, ასევე ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია.
ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, დიცსა და ერედვს შორის გამავალ საოკუპაციო ზოლზე ვითარება შეცვლილია - მიწაში ჩაყრილ რკინის სამაგრებზე ახლადშეღებილი მწვანე ბოძები, ბოძებზე კი რკინის ბადეა დამაგრებული. მოშორებით, რამდენიმე მეტრის ინტერვალით განთავსებულ მაღალ სვეტებზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, სხვადასხვა მიმართულებით კი რუსული ბაზები მოჩანს.
რკინის საზღვარი დიცის სასაფლაოსთან წყდება. ადილობრივთა თქმით, სასაფლაო და მახლობლად მდებარე ოთხი საცხოვრებელი სახლი ის სადავო ადგილებია, რომელზეც საოკუპაციო ძალები პრეტენზიას აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორია სოფელ ერედვს ეკუთვნის. სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში სახლებიც და სასაფლაოც შესაძლოა საზღვრის იქით აღმოჩნდეს.
სოფელ დიცში რუსი სამხედროების ბოლოდროინდელ ქმედებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურნენ. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპაციის ზონაში ნაგებობების მშენებლობის გაგრძელება ახალი მთავრობის ნებისყოფისა და ქვეყნის მოწიფულობის გამოცდაა; ქართული სადაზვერვო სტრუქტურები კი მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. ამ ეტაპზე, საოჯუპაციო ძალების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა იმის საბაბს, რომ სიტუაციის ესკალაციას ველოდეთ.
„არ გამიკვირდება, ასეთი ფაქტები რომ განმეორდეს და მომავალშიც გაგრძელდეს, იმიტომ, რომ საქართველოს მხრიდან ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, ოკუპაციის ზონაში ცვლილება არ შეინიშნება. ჩვენ მოწიფული, თავშეკავებული რეაქციები ჩვენივე ქვეყნისთვისაა მომგებიანი, როგორც NATO-ელ პარტნიორებთან მიმართებაში, ასევე, ზოგადად ქართული სახელმწიფოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის ამაღლების კუთხით. თავშეკავებული რეაქციების მიუხედავად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ ოპერატიული გეგმების მიხედვით, რომელიც საფრთხეებთან დაკავშირებით გვაქვს შემუშავებული, შეიარაღებული სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ოკუპირებული ხაზის გასწვრვივ მავთულხლართებს გაბმის საკითხს ეხება, ჟენევის ჯგუფის თანათამჯდომარეებისთვის ცნობილია. „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს შევხვდი, დეტალურად გავაცანი ის მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა და ამ ფაქტებზე რეაგირება ვთხოვე. ამ თემის შესახებ ბათუმის კონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც ვისაუბრეთ... ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრა, რომელიც ბათუმის კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვადასხვა დელეგაციებთან გაიმართა, მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად გამოვიყენეთ“, - აღნიშნა დავით ზალკანიანმა.
ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისთვის საქართველოს მძლავრი დიპლომატიური ბერკეტების გამოყენება შეუძლია. ამ ფაქტს კი მკაცრი შეფასებები უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ მსგავსი ტიპის ქმედებას საქართველოს მხრიდან მკაცრი რეაგირება და დიპლომატიური ნაბიჯები მოჰყვება.
„დღეისთვის ოფიციალურ მოსკოვს ეს შეგრძნება დაკარგული აქვს. ჟენევის მოლაპარაკებებსა, თუ დიალოგის რეჟიმში ამ საკითხის დაყენების გარდა, აუცილებელია ჩვენი პარტნიორების - ამერიკის, ევროკავშირის, უცხო ქვეყნის მინისტრების მაღალ დონეზე ჩართვა. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც როგორც წესი, ასეთი ინციდენტების დროს რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. ასევე, აუცილებელია ამ მოვლენის მკაცრი შეფასება, რისგანაც ამ ბოლო დროს რატომღაც თავს ვიკავებთ, არ ვამბობთ, თუ რას ნიშნავს ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის ენაზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევაში ბოლო დროს თვითცენზურის მსგავსი კომპონენტი შეიმჩნევა; კარგი იქნება, თუ ნეგატიურ სამართლებრივ შეფასებას გავაჟღერებთ და მკაცრად დავაფიქსირებთ პოზიციას იქ, სადაც საჭიროა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.
სოფელ დიცში რკინის საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ ვითარების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი დიპლომატები სრულად არიან ინფორმირებულნი, საკითხი კი დღის წესრიგში ყოველთვის დგას. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სამხარეო პოლიცია მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდიან.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფელ დიცში რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გასავლებად საჭირო სამუშაოების ჩატარება მაისის ბოლოს დაიწყეს. ქართული მხარის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნისა და ინციდენტზე საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლების პროცესი გარკვეული დროით შეჩერდა.
აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ დაძაბულ ვითარებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი მითითებით ხდება, რადგან სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ორმხრივი სახელმწიფო შეთანხმების თანახმად იმყოფებიან.
სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეების თავისუფალ ქმედებებსა და გადაადგილებაზე ილია ბერუაშვილიც საუბრობს. ადგილობრივის თქმით, სასაზღვრო სამუშაოების დაწყების დღიდან რუსი ჯარისკაცები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან და თუკი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლებამდე ქართველებს და ოსებს კავშირი ასე თუ ისე ჰქონდათ - ნათესავები ერთმანეთში მიდი-მოდიოდნენ, დღეისათვის მხარეებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია.
ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შესახებ „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც საუბრობს. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას ითვისებს, ხაზის შემოვლებით გარკვეულწილად სამხრეთ ოსეთიდან გადმომსვლელებზე ცდილობს კონტროლის დაწესებას - „იქეთ გადასულ ერთ ქართველზე 20-30 გადმოსული ოსი მოდის“.
დიცელებმა „არ იციან რა იქნება მომავალში“, ამბობენ, რომ სოფელში გაჩერება სულ უფრო და უფრო რთულება, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ შესაძლოა სოფელი დაიცალოს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რუსი სამხედროებისგან შევიწროებულებს, ადგილობრივებს უწყლობის დღემდე გადაუჭრელი პრობელმა აწუხებთ.