Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ბაქრაძე: ქალაქს სიხალვათე სჭირდება

19 ივლისი 2013

28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი. ცვლილებების მიზანი სამშენებლო სამართალდამრღვევი პირების საჯარიმო სანქციებისგან განთავისუფლებაა. კანონის მიხედვით, სამართალდამრღვევი პირები საჯარიმო სანქციების თავის არიდების მიზნით, შენობებს საჯარო რეესტრში არ არეგისტრირებენ, ამიტომ მსგავსი მექანიზმის გარკვეული დროით შემოღება ხელს შეუწყობს უკვე აშენებული შენობების რეგისტრაციასა და ექსპლოატაციაში შესვლას. საკანონმდებლო ცვლილებებისა და ზოგადად, ქალაქმშენებლობაში ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ,,ლიბერალი“ ქალაქთმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

რატომ მიიჩნევთ, რომ სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენებული შენობების რეგისტრაციისთვის ამ მექანიზმის გამოყენება გამართლებული არაა?

მაგ შემთხვევაში შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ქალაქმშენებლობაში მთავარი რეგისტრაცია ყოფილა და არა მშენებლობების არსებითი მხარე. ის, რომ რეგისტრაციისთვის დავუშვებთ უწესობას, არასერიოზული არგუმენტია. ამ კანონის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ექსპლოატაციაში წესების დარღვევით აგებულ  შენობებს მიიღებენ. მაგალითად, შენობებს სადაც დაცული არაა სახანძრო ნორმები, ან მედეგობის პირობები და ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ იქ მცხოვრები თუ მომუშავე ადამიანები ხიფათის წინაშე აღმოჩნდებიან - შეიძლება შენობა დაინგრეს, ან ხანძრის შემთხვევაში ვერ მოხერხდეს ევაკუაცია. ქვეყნებში, სადაც ამას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, ასეთი რაღაცები ხდება. საბჭოეთში მსგავსი რამ იშვიათობა იყო, რაკი უსაფრთხოება ძალიან მკაცრად იყო დაცული. მას მერე, რაც საქართველო უფრო და უფრო დაემსგავსა მესამე სამყაროს ქვეყნებს, ეს საშიშროება გაიზარდა.

კანონში საუბარია, რომ ჯარიმისგან გათავისუფლდებიან მშენებლობების მწარმოებლები თუ დაშვებულ დარღვევებს გამოასწორებენ. თუკი დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია, რატომ რჩება მშენებლების ამნისტირება პრობლემად?

დარღვევათა გამოსწორების წინაპირობა შენობათა ძალზე მცირე ნაწილს აქვს. გარდა ამისა, ამ კანონს აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ის მძიმე და მსუბუქ დარღვევებს განარჩევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. კანონი, ფაქტობრივად, ყველანაირ დარღვევას უპირობოდ „ერთ ქვაბში“ ყრის  და შესაძლებლობას ქმნის ექსპლოატაციაში მიიღონ შენობა იმის მიუხედავად, რამდენად მძიმე დარღვევითაა აშენებული. რა თქმა უნდა,  უმნიშვნელო დარღვევებით აშენებული შენობა არსებით საფრთხეებს, ან საზოგადოებრივი სივრცის ძლიერ დეფორმაციებს არ იწვევს და ასეთ შემთხვევებში ამნისტია დასაშვებია. მძიმე დარღვევის შემთხვევებში კი ამნისტია არ შეიძლება. დარღვევების კლასიფიცირება  წესით მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ, რომლებსაც იმავდროულად მშენებლობის ზედამხედველობაც უნდა ევალებოდეთ. ჩვენთან მშენებლობის უფლების გამცემი სამსახური ცალკეა და მშენებლობის ზედამხედველობისა - ცალკე, რაც თავისთავად არაჯანსაღი მოვლენაა, რადგან მშენებლობის უფლების გამცემი პროექტს უკეთ იცნობს და ამიტომ ზედამხედველობასაც უკეთ შეძლებდა.

რა ტენდენციების დანახვა შეიძლება ბოლო წლებში თბილისის განაშენიანებაში, რაზე მეტყველებს ქალაქის განვითარების ტემპი?

ის ტენდენცია, რომელიც მშენებლობაში წინა ხელისუფლების მოსვლისთანავე ჩამოყალიბდა, ბოლო წლებში არ შეცვლილა. მაშინ გაჩნდა მშენებლობის მხოლოდ მაქსიმალური მოგების თვალსაზრისით დანახვის ტენდენცია და ამას მსხვერპლად შეეწირა ძალიან ბევრი ფასეულობა. ამ ტენდენციის შესაბამისი ინსტრუმენტები თბილისის ხელისუფლებამ ძალაუფლების მოპოვებისთანავე შემოიღო  - მაგალითად, სიმჭიდროვის კოეფიციენტების ,,გაყიდვა“.

 განაშენიანების სიმჭიდროვეები (ანუ მოშენებული ფართის თანაფარდობა სამშენებლო მიწის ნაკვეთთან და სართულების ბრუტო ფართების ჯამის შეფარდება იმავე ნაკვეთის ფართთან) მნიშვნელოვნად განაპირობებენ ამ ნაკვეთის გამოყენების ეფექტურობას, კომფორტულობას, ჰიგიენურ სიჯანსაღეს და ა.შ. რაც მაღალია სიმჭიდროვე, მით დაბალია კომფორტულობა და მით მაღალია მენაშენის მოგება. ძალიან დაბალი სიმჭიდროვეც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ქალაქურ გარემოსა და ფუნქციათა მჭიდრო თანაარსებობის პირობებს ვერ ქმნის. ამას ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს - რაც უფრო დაბალია სიმჭიდროვე, მით  უფრო დიდ ფართზე ვრცელდება ქალაქი, ჩნდება  შორ მანძილზე გადაადგილების საჭიროება, გამონაბოლქვიც მატულობს და ა.შ. ძალიან მაღალი სიმჭიდროვე კი ცხოვრების ხარისხის დაქვეითებაა - ეს არის მწვანე სიბრტყეების, გამზეურების და განიავების ნაკლებობა.  ცხოვრების ხარისხი ზოგადად სხვადასხვა ფაქტორებში გამოიხატება: მაგალითად, საცხოვრებელ შენობებს უშუალოდ საცხოვრებელი ფართის გარდა ეზოებიც სჭირდება. ეს საცხოვრებლის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიმჭიდროვის გაზრდის შემთხვევაში კი ეზოს ფართი მცირდება და მცხოვრებლები ვეღარ სარგებლობენ. ამ კოეფიციენტებს საბჭოეთში ნეტო სიმჭიდროვეები ერქვათ. ამ ფართებში არ შედის საზოგადოებრივი სივრცეები: ქუჩები, მოედნები, სკვერები და ა.შ.

საზოგადოებრივი სივრცეების ფართისთვის თუ არსებობს რაიმე კოეფიციენტი?

არ არსებობს. ქალაქის სიჯანსაღისთვის აუცილებელია იმ საკითხებზე  ზრუნვაც, რომ ფეხით მოსიარულეებს საკმაო ფართი ჰქონდეთ, არსებობდეს პარკები, სკვერები და ა.შ. საბჭოთა კავშირში ამ მოთხოვნების გათვალისწინებას გამოყენებათა აუცილებელი ჩამონათვალი და ბრუტო სიმჭიდროვის ნორმები უზრუნველყოფდა. ბრუტო სიმჭიდროვე ერთ ქალაქმშენებლურ ერთეულზე ითვლებოდა და მოიცავდა მის მთელ ტერიტორიას. ასეთი სიმჭიდროვის კოეფიციენტს დღეს  არც ჩვენი და არც ევროპული კანონმდებლობა არ იცნობს, თუმცა ევროპული ქალაქები საზოგადოებრივი სივრცეების საკმარისობაზე სხვა ინსტრუმენტებით ზრუნავენ. მაგალითად, მწვანე ფართის გარკვეული რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, ან გარკვეული კატეგორიის ქუჩის განაკვეთის განსაზღვრა იმისთვის, რომ ქუჩამ სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთვა შეძლოს. ქუჩასაც აქვს თავისი ფუნქციები: სავაჭრო, საოფისე, სატრანსპორტო და ა.შ. რასაც შესაბამისი სივრცე და ზომა სჭირდება.

რას გულისხმობს სიმჭიდროვის კოეფიციენტის ,,გაყიდვა“ და რატომ გამოიყენა ის თბილისის მერიამ?

„რევოლუციის“ შემდეგ ქალაქის მმართველობამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ნეტო სიმჭიდროვის კოეფიციენტების აწევა.  ანუ კანონით დაწესებულია გარკვეული სიმჭიდროვის ზედა ზღვარი, მაგრამ ამ სიმჭიდროვის მომატება შეიძლება, თუ ფულს გადაიხდი. ეს იგივეა, რომ რამე აკრძალული იყოს, მაგრამ ფულის გადახდის შემდეგ შეძლოთ ამ აკრძალვის დარღვევა.  

ამ ნორმამ გააუარესა ქალაქური სივრცე და ქალაქური სტრუქტურები ნგრევამდე მიიყვანა. ასეთი ნორმის დაწესების საშუალება კი ქალაქის ხელისუფლებას ცენტრალურ კანონმდებლობაში დაშვებულმა ძალიან უხეშმა შეცდომამ მისცა. კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ“ ტერიტორიათა გამოყენების პარამეტრებს ადგენს მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ მასშივე წერია, რომ პარამეტრების შეცვლა და საკუთარ თავზე მორგება კომუნებს თავად შეუძლიათ. ქალაქმგეგმარებლური პირობების დაწესების კომუნებზე დელეგირებული უფლება გერმანიაშიც კი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იქ რეალურად არსებული ადგილობრივი თვითმმართველობები და ფედერაციული მოწყობაა.

რა მომავალი ელის ასეთ პირობებში ქალაქს?

 ქალაქს  სიხალვათე სჭირდება. მიწა უნდა სუნთქავდეს... ინვესტორისთვის კი, რომელსაც, მაგალითად, 1000 კვ მეტრი ნაკვეთი აქვს, მოგების თვალსაზრისით ამ ფართის  მთლიანი ათვისება მეტ მოგებას მისცემს, ვიდრე ნაწილობრივი.  მაგრამ წარმოიდგინეთ  ასეთ სახლში ცხოვრება, ეზოსა და მწვანე ნარგავების გარეშე. ასეთი  ნაგებობებით შექმნილი ქალაქი ბეტონის გროვად  იქცევა. ასეთი ქალაქები არსებობს იქ, სადაც არ არსებობს გონივრული ქალაქმშენებლობა. სამწუხაროდ, თბილისი, ძალზე ჩქარი ტემპით ემსგავსება ასეთ ქალაქს. ინვესტორს ყოველთვის  მოკლევადიანი გეგმა აქვს და უამრავ მექანიზმს ფლობს, რომ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფასად მიიღოს  დამატებითი მოგება. ვისაც სჯერა დაურეგულირებელი ბაზრების და იმის, რომ ბიზნესმენის მოგებისკენ სწრაფვა ფაქტიურად, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, უნდა აღიაროს, რომ ეს ილუზიაა -   ტყუილი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობენ ნეოლიბერალები. შეიძლება შემედავოთ, რომ  თუ საცხოვრებელი პირობები მართლაც ასეთი დაბალი ხარისხისა იქნება, ადამიანები იქ ცხოვრებას არ მოისურვებენ და ბინა გაუფასურდება, მაგრამ  ასე არ არის - ჩამოიარეთ მცხეთის ქუჩა, ჯანაშიას ქუჩა და სხვა უამრავი ადგილი, სადაც ხალხმა უვარგის სახლებში სხვადასხვა მოტივით ძალიან ძვირად იყიდა ბინები. ამაში როლს თამაშობს პრესტიჟი, რეკლამა... ადამიანის მოსატყუებლად ბევრი საშუალება არსებობს. საბოლოოდ კი ისე ხდება, რომ  ქალაქში  დაბალი სტანდარტის უბნები იქმნება. ოდესმე ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ ცუდად ცხოვრობენ, სხვაგან გადასახლებას დაიწყებენ და ნელ-ნელა ამ ე.წ. წარმატებულ და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ენაცვლება, „წარმატებულები“ კი სახლებს „უკეთეს პირობებში“ აიშენებენ. მაგალითად, მეორე უკიდურესობას მიმართავენ და სუბურბანულ გარემოში  გადასახლდებიან. ქალაქის გარშემო გაჩნდება ერთ და ორ სართულიანი დასახლებები, სადაც ბევრი სიმწვანე და ხეხილი ექნებათ, მაგრამ ასეთი დასახლებები გააფუჭებს სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ბუნებას, ჰაერს გამონაბოლქვით დატვირთავს, რაკი  მსგავს უბნებში მცხოვრებთ ყველაფერზე ქალაქში სიარული მოუწევთ. მათი მიტოვებული ბეტონის ჯურღმულები კი, სადაც დაბალშემოსავლიანი ადამიანები იცხოვრებენ, ბეტონის გეტოებად გადაიქცევა. - აი ეს მომავალი ელის თბილისს, მცხეთის ქუჩის განაშენიანებას, ვაკის განაშენიანებას, ყველა უბანს, სადაც მშენებლობის ნორმები ირღვევა და სიმჭიდროვის მაჩვენებლები მაღლა იწევს. ამით ქალაქი გააფუჭეს და რეალური ფასი დაუკარგეს. მარტო ესთეტიურ ფასს კი არ ვგულისხმობ, რეალური საბაზრო ფასიც დაუკარგეს.

რა მიზანს ემსახურება არსებულ ვითარებაში ისეთი კანონის მიღება, რომელიც მშენებლობების მწარმოებლებს დარღვევებს პატიობს?

ეს ყველაფერი  მენაშენეების ინტერესებისთვის კეთდება - ამდენი რამე დააშავეს და ერთ მშვენიერ დღეს პასუხი აღარ მოეთხოვებათ. მათი აშენებული სიმახინჯეები კი ექსპლოატაციაში შევა და ხალხს ცხოვრებას გაუმწარებს.

ეს კანონი სიგნალია - პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ლობისტების დაკრულზე ცეკვა. ცალსახაა, რომ კანონი მენაშენეთა ლობის შედეგია. ეს იმის ძალიან ცუდი ნიშანია, რომ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ იგივე გზა გააგრძელოს ქალაქმშენებლობაში, რაც წინა ხელისუფლებამ გაკაფა და ეს უკვე კატასტროფა იქნება.

სუბურბანულ დასახლებებს რაც შეეხება, თბილისში რამდენიმე ახალი უბანი აშენდა, სადაც შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ.  რაზე მეტყველებს  დასახლებების გაჩენა, სადაც სოციალური განსხვავება გეოგრაფიულ სივრცეშიც გამოიხატება?

ეს არის საზოგადოების სივრცული სეგრეგაცია, რაც ძალზე არაჯანსაღი მოვლენაა: ღარიბები ცალკე ცხოვრობენ და მდიდრები - ცალკე. ქალაქები  შერეული სოციალური სტრუქტურების შექმნას უნდა მიელტვოდნენ. დასავლეთის ქალაქგეგმარებამ  ეს ისწავლა, თუმცა სეგრეგაციის წნეხი იქაც არსებობს. სოციალური ფენების მიხედვით შერეული საცხოვრებელი სტრუქტურების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. როდესაც მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვები ეზოში ერთად თამაშობენ, ერთმანეთს იცნობენ, ისინი ამით ძალზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებენ. როცა გაიზრდებიან, შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ დანაწევრების სურვილი, სხვა მეგობრებს გაიჩენენ და ა.შ. მაგრამ  ბავშვობის გამოცდილება მთელი ცხოვრება დარჩებათ და ემახსოვრებათ, რომ ოდესღაც სოციალურად განსხვავებული ფენის წარმომადგენელში ადამიანი აღმოაჩინეს. ამიტომ უკვე მოწიფულ ასაკში ადამიანები შემწყნარებლურად მოექცევიან სხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებს.

თავად სოციალურ ფენებად დაყოფა არაჯანსაღი, ავადმყოფური, მაგრამ ნორმალური მოვლენაა. ნორმალური ყოველთვის ჯანსაღს არ ნიშნავს. აქედან თავის დახსნა  ადამიანს მხოლოდ თავისი ინდივიდუალური მორალის საფუძველზე შეუძლია.

პრობლემა ისიცაა, რომ ასეთ სუბურბანულ დასახლებებს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და მისი შესაბამისი სივრცული სტრუქტურები არ აქვთ, რის გამოც იქ თემების ჩამოყალიბება ვერ ხერხდება. ადამიანებში საზოგადოებრივი ცხოვრების გაღვივებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა ფაქტორებთან ერთად კონკრეტულ გამოყენებათა კომპლექსები და კონკრეტული სივრცითი სტრუქტურები განაპირობებს. ასეთი დასახლებები კი შედგება ერთბინიანი სახლების „ხალიჩისაგან“, სადაც მიწის ნაკვეთი მიწის ნაკვეთს ემიჯნება, ხოლო მათ შორის მხოლოდ სახლებამდე მისასვლელი გზაა დატოვებული, მეტი არაფერი. ლოს ანჯელესი ამის შესანიშნავი მაგალითია: თვალუწვდენელი ტერიტორიაზე გაშენებული ერთსართულიანი საცხოვრებელი შენობები. იქ მცხოვრები ამერიკელი ფუნთუშის საყიდლად 10 კილომეტრს გადის თავისი ხუთმეტრიანი მანქანით, რომელიც 100 კმ-ზე 20 ლიტრ ბენზინს წვავს. მისი ცხოვრება ამ ფუნთუშისგან და ბავშვების სკოლაში წაყვანა-მოყვანისგან შედგება. საზოგადოებრივი ცხოვრების ხელისშემწყობი პირობები - ქუჩები, მოედნები, საზოგადოებრივი სივრცის მკვებავი გამოყენებები და სტრუქტურები, რაც არსებობს ჩამოყალიბებულ ქალაქებში, ასეთ დასახლებებში ვერ იქმნება.

ანუ დასახლების ქალაქმგეგმარებლურმა მოდელმა შეიძლება ადამიანთა ცხოვრების შეცლა გამოიწვიოს?

რა თქმა უნდა. ქალაქმგეგმარებლების პასუხისმგებლობა სწორედ ისაა, რომ ისინი  საზოგადოებრივი ცხოვრების ყაიდას ქმნიან. როგორ ქალაქსაც დააპროექტებენ ქალაქმგეგმარებლები, გარკვეული თვალსაზრისით ისეთი ცხოვრება ექნება საზოგადოებას.  საზოგადოებრივი სტრუქტურების არქონის გარდა, ასეთი სუბურბანული დასახლებების პრობლემა ისიცაა, რომ ისინი ეკოლოგიურად მავნე დასახლებებია, რაკი მათი მცხოვრებლების ყოველი გადაადგილება ენერგიის ხარჯვასთან და გარემოს დაბინძურებასთანაა დაკავშირებული.  

ევროპაში ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ მოკლე გზების ანუ გონივრული სიმჭიდროვის ქალაქი ყველაზე ეკოლოგიური ქალაქია, სადაც უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედსა და ფეხმავალს აქვს და არა პერსონალურ ავტოტრანსპორტს. სუბურბანულ დასახლებებში კი პერსონალური ავტოტრანსპორტი ფაქტობრივად გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, რადგან დაბალი სიმჭიდროვისა და დიდ ფართობზე განფენის გამო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება ძალზე ძვირი ჯდება, საფეხმავლო მანძილები კი იმდენად დიდია, რომ ფეხით პრაქტიკულად არავინ დადის.

კერძო ტრანსპორტის სიჭარბის პრობლემა თბილისშიც არსებობს. ქალაქის მთავრობამ რამდენიმე დამატებითი ავტომაგისტრალი გაიყვანა მაგრამ  ქალაქში  საცობების პრობლემა დღემდე მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება მოძრაობის განტვირთვა?

ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება: ადამიანებს ავტომანქანებით მოძრაობა კი არ უნდა გაუადვილონ, უნდა გაუძნელონ. რაც  უფრო ძნელი იქნება ქალაქში ავტომობილებით მოძრაობა, მით მეტი ადამიანი გადაჯდება ტრამვაიზე და ავტობუსზე, რითაც ქალაქი ამოისუნთქებს.  ეს უნდა განვმარტო, რომ ვინმემ ექსტრემიზმში არ დამდოს ბრალი: საჭიროა ქალაქში მოძრაობა კომპლექსური სატრანსპორტო დაგეგმვით რეგულირდებოდეს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ინდივიდუალური ტრანსპორტის, პარკირების, საველოსიპედო და საქვეითო მოძრაობის შეწონასწორებული თანაარსებობის მიზანი ინდივიდუალური ტრანსპორტის შეძლებისდაგვარად შემცირება იქნება, რასაც ქალაქური ცხოვრების ხარისხის ამაღლება უნდა მოჰყვეს. ქალაქის საზოგადოებრივი დანიშნულების გრძივი სივრცული სტრუქტურების ქუჩების განხილვა ძირითადად გადაადგილების საშუალებად, ორმოცდაათიანი, სამოციანი, ნაწილობრივ სამოცდაათიანი წლების  ქალაქგეგმარების მოტივია. დღეს ითვლება, რომ გადაადგილება ქუცების მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქციაა. თუ ეს ფუნქცია ინტენსიური ხდება, იგი სხვა ფუნქციებს განდევნის. ამის გამო საზოგადოების ცხოვრება მწირდება და ამაში დამნაშავე ავტომობილია, უფრო სწორად ის, ვინც საზოგადოებრივი სივრცის ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი მხოლოდ გადაადგილების საშუალებად აქცია. ველოსიპედებისა და ქვეითების ხელშეწყობის პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებას ემსახურება. რაც  ბოლო ხანებში თბილისში გაკეთდა, ეს XXI საუკუნეში 60-იანი წლების გაგრძელება და ცალსახა ანაქრონიზმია. ამ ცვლილებების მიზანია, მანქანებში მსხდომებმა, რაც შეიძლება შეუფერხებლად იმოძრაონ. ყოველ დეტალში ჩანს, რომ თბილისი მანქანებში მსხდომების ქალაქია და არა ფეხით მოსიარულეების. ახალი გზების აშენება მხოლოდ ავტომობილების რიცხვის გაზრდას იწვევს და დაუკმაყოფილებლობის კოეფიციენტი, ანუ საცობების რაოდენობა იგივე რჩება. ეს ჰგავს შემთხვევას, როდესაც საბჭოეთში უფასო ბინების დარიგება დაიწყეს, მაგრამ რაც უფრო მეტ ასეთ ფართს აშენებდნენ, მით მეტი ხალხი აწყდებოდა ქალაქს და  უბინაობის პრობლემა ისევ რჩებოდა.

თბილისში უბინაობის პრობლემაც ძალიან მკაფიოდ გამოხატულია, უსახლკარო ოჯახები: დევნილები, სოციალურად დაუცველები სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში არიან შესახლებული.  მერიის მიერ ამ დრომდე აშენებული სოციალური საცხოვრებლები კი არასაკმარისია.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა მიგაჩნიათ საჭიროდ?

ამ საკითხს პირველ რიგში ქვეყნის სივრცითი მოწყობით და რეგიონული დაგეგმვით უნდა მოევლოს. ეს დაკავშირებულია წარმოებასთან, ტელეკომუნიკაციასთან, კულტურის განვითარებასთან სხვადასხვა მომსახურებებთან - ერთი სიტყვით, ქვეყნის მასშტაბით დასაქმების თუ სხვა სიმძლავრეების გონივრულ განაწილებასთან. რაც არ უნდა სამსახური მისცე ადამიანს, თუ გარშემო არავითარი კულტურა არაა, ადამიანს არ სურს შვილის წიგნების გარეშე, უკულტუროდ გაზრდა და მაინც გამოიქცევა ქალაქში, სადაც მცირე კულტურა  მაინც არსებობს. ცხოვრებისთვის საჭირო სრული კომპლექსი ყველგან უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყველაზე პატარა სოფელშიც კი. არ შეიძლება ადამიანების დაყოფა კასტური ნიშნით ისე, რომ ერთ ნაწილს, ვთქვათ,  მაღაროში ამუშავებ, ფულს გადაუხდი და მაღაროს მეტი არაფერი დასჭირდება. ეს ადამიანობის საწინააღმდეგო ქმედებაა.

 ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე სიტუაცია არასოდეს შეიცვლება. ყველა მაღაზიის, ყველა კინო-თეატრის გახსნა ნებართვასთანაა დაკავშირებული და ესე იგი ამ პროცესის მართვა ადგილზევე შეიძლება, იქ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ამას შეიძლება დაემატოს სუბვენსირებისა და საგადასახადო შეღავათების ინსტრუმენტები, რითაც იქ ადამიანთა ცხოვრების პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ქალაქში ამ ხალხისთვის კორპუსების აშენებას, ამით მხოლოდ თანამედროვე გეტოები შეიქმნება. სოციალური საცხოვრისის გამოსავალი  შერეული ბინების მქონე სახლების მშენებლობაა და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა და უბინაოთათვის განკუთვნილი. მაგალითად, გერმანიაში, თუ ინვესტორი თავის აშენებულ საცხოვრებელ სახლში ბინათა გარკვეულ ნაწილს ისე ფასად გააქირავებს, რომლის გადახდა უმუშევარსაც შეეძლება, მაშინ ის სახელმწიფოსგან შეღავათიან სესხს მიიღებს. ამით დაბალქირიან საცხოვრებელზე მოთხოვნილების პრობლემა ისე იჭრება, რომ სოციალურად დაუცველთა, სოციალურად გარიყულთა ერთგვარი „რეზერვაცია“ არ შეიქმნას.

ამის გათვალისწინება საქართველოშიც აუცილებელია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნან სოციალურად დაბალშემოსავლიანთა უბნები. ასეთი შეცდომები დაუშვეს ევროპაში სამოციან წლებში. მახსოვს, როდესაც სტუდენტი ვიყავი საფრანგეთში ტულუზასთან შეიქმნა ძალიან დიდი დასახლება ,,ტულუზ ლე მირაი“. მაშინ არქიტექტურული ჟურნალები აჭრელებული იყო ამ დასახლებით და ყველანი აღფრთოვანებულნი ვიყავით, აი როგორი მშვენიერი დასახლებაა, როგორი იაფი იქნება აქ ბინები, რომ დაბალი შემოსავლის მქონეებს საცხოვრებელი გაუჩნდებათ. ახლა კი ,,ტულუზ ლე მირაი“ ნარკოტიკებით ვაჭრობით, პროსტიტუციითა და კრიმინალით ევროპაში ცნობილი ადგილია. ანალოგიური მდგომარეობაა მსგავს  კვარტალში რომთანაც. აი, ეს გამოიწვია ადამიანების შემოსავლის დონის, „წარმატების“ ნიშნით დაყოფამ, რაც არაჯანსაღია და გარკვეული დროის შემდეგ ფეთქებადსაშიშ მდგომარეობას იწვევს. ამიტომ, ეს საფრთხეა არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანთათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და რაც მალე გააცნობიერებს საზოგადოება ამას, მით უფრო ეფექტურად შეძლებს პრობლემის დაძლევას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^