ქართულ ჯანდაცვას ბევრი პრობლემა აქვს. ამ პრობლემებს კიდევ ერთი დიდი უბედურება დაემატა. ამ უბედურებას პარლამენტარი კობა დავითაშვილი ჰქვია. საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო განხილვა მისი ახალი კანონშემოქმედებისა: „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“.
ახალი კანონპროექტის მიხედვით იგეგმება „არამომგებიანი სადაზღვევო ინსტიტუციის (მზღვეველის) საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის“, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საბიუჯეტო სადაზღვევო კომპანიის ჩამოყალიბება. ახალი სახელმწიფო კომპანია არა მხოლოდ სოციალური დაზღვევით დაფინანსებულ საბაზისო პაკეტს გაუწევს ადმინისტრირებას, არამედ დაზღვეულ მოქალაქეს უფლება ექნება (ე.ი. საყოველთაო დაზღვევის პირობებში ყველას) შესთავაზოს „დამატებითი სადაზღვევო პაკეტების შეძენა.“ (მუხლი2 პ.2.6). ეს ნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს არა მხოლოდ აძევებენ სოციალური დაზღვევის პროგრამებიდან, არამედ ამ კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო თვითონ იქნება მათი მთავარი კონკურენტი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე.
კანონპროექტის მიხედვით: „სახელმწიფო პასუხისმგებელია ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ფონდის ბიუჯეტი არასაკმარისია, ან ფონდი ვერ ასრულებს სადაზღვევო და მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებს“. ბუნებრივია, რომ სახელწიფოს მიერ დაარსებული სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებულ რისკებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტი, და ეს ფაქტი არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ მოქმედი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ კრძალავს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო კომპანიის დაარსებას, ან მის ერთ-ერთ დამფუძნებლად ყოფნას.
წარმოდგენილი კანონპროექტის ტერმინების განმარტების ნაწილში ბევრი უზუსტობა და შეუსაბამობაა. დაზღვევის სუბიექტების დეფინიცია სრულ შეუსაბამობაშია საქართველოს კანონთან „დაზღვევის შესახებ“. ამის ახსნა ორნაირად შეიძლება: ან მის შექმნაში დაზღვევის მცოდნე ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია, ან უახლოეს მომავალში იგეგმება სადაზღვევო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის თვისობრივი ცვლილება.
დოკუმენტის მიხედვით, დაზღვევის ობიექტია „დაზღვეული პირის ჯანმრთელობა, რომლის მკურნალობისთვისაც გადახდილი იქნება სადაზღვევო საზღაური“. სინამდვილეში სამედიცინო დაზღვევის ობიექტი სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯია და სწორედ წარმოშობილი ფინანსური ხარჯია ის რისკი, რომლისაგანაც ადამიანი დაზღვეული უნდა იყოს.
საყურადღებოა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 15 წევრის არჩევის შემოთავაზებული წესიც: ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები, ზედამხედველობის სამსახური და პარლამენტის კომიტეტი ნიშნავენ ოთხ წევრს, მეხუთე წევრს პარლამენტი ირჩევს. ხუთ წევრს საქართველოს ექიმთა ასოციაციაცია (?!) ირჩევს, ხუთი წევრის არჩევა კი საყოველთაო არჩევნების გზით მოხდება. ამ მიზნით, მომზადებულია ცვლილებები სხვა კანონებშიც: კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „საარჩევნო კოდექსში“. ამ ცვლილებებით, მაგალითად, ყველა ექიმისთვის ექიმთა ასციაციის წევრობა სავალდებულო ხდება, ხოლო თუ პროექტი პარლამენტმა მოიწონა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფონდის ხუთი წევრის არჩევნების ჩატარებაც მოუწევთ.
საინტერესოა ფონდის დაფინანსების წყაროებიც. გარდა ბიუჯეტის დოტაციისა, ფონდის დასაფინანსებლად მიმართული იქნება საშემოსავლო გადასახადის 1/3, ანუ 20%-ის ერთი მესამედი, რაც შეადგენს ჩვენი ხელფასის 20:3 = 6,66 პროცენტს. საინტერესოა, ეს პროექტი იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებულია?
წარმოდგენილი კანონპროექტით საშემოსავლო გადასახადი არ იზრდება, არამედ უკვე არსებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მიმართვა მიზნობრივად, სოციალური ფონდის ბიუჯეტში ხდება. ეს მოდელი საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსების სქემას ჰგავს. თუ ერთადერთი საზოგადოებრივი ტელევიზიის გადასახადებიდან დაფინანსება და არსებობა ბევრისთვის მისაღებია გულწრფელად მაინტერესებს სჭირდება თუ არა ქართულ ჯანდაცვას ორი ძიძა. შეძლებს თუ არა ქართული ჯანდაცვა ორი ძიძის ხელში არსებული პრობლემების მოგვარებას. გახდება თუ არა მოქლაქეების მომსახურება უფრო ხარისხიანი, უფრო ხელმისაწვდომი?
ჯანდაცვის ფონდების, ანუ შემსყიდველების სამინისტროსაგან გამოყოფას თავისი არგუმენტები და საკუთარი ისტორია აქვს. ბევრ ქვეყანაში ამ მოდელმა ვერ გაამართლა და ამის მთავარი მიზეზი საჯარო სამსახურებში არსებული ტრადიციები და მართვის კულტურაა. ის, რაც შესაძლებელი და ეფექტურია ახალ ზელანდიაში, შესაძლოა არ იყოს შედეგის მომტანი ყირგიზეთში, ან მოლდოვაში, ან საქართველოში.
ფონდის შექმნით ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მთლიანად მოიხსნას პასუხისმგებლობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასეთ ვითარებაში ამ ორი პარალელური სტრუქტურის არსებობა საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს ინსტიტუციურ კონფლიქტს. ჯანდაცვის მინისტრი და ფონდის დირექტორი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ერთმანეთისკენ გაიშვერენ თითს და ერთმანეთს დაადანაშაულებენ არსებულ პრობლემებში. ამას ადასტურებს საქართველოს გამოცდილებაც.
საკმარისი დაფინანსების გარეშე ნებისმიერი დაპირება ოცნებად დარჩება. სავალდებულო დაზღვევაც და სავალდებულო გადასახადის დაწესებაც ჯანდაცვის ბიუჯეტის არსებული დეფიციტის შევსების ერთ-ერთი გზაა. 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმების ანალიზმა აჩვენა, რომ მაღალი შემოსავლების ქვეყნებში სოციალური დაზღვევა შესაძლოა გახდეს ჯანდაცვის სექტორის დაფინანსებისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზების ეფექტური საშუალება. რაც შეეხება დაბალი შემოსავლების ქვეყნებს, რომელსაც საქართველოც მიეკუთვნება, სადაც მაღალია არაფორმალური სექტორი ეკონომიკაში და მაღალია უმუშევრობის დონე, სოციალური დაზღვევა ვერ გახდება ზოგადი გადასახადების ანგარიშგასაწევი ალტერნატივა (ა. პრეკერ და სხვ. ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში. 2002).
საქართველოს 4.3 მლნ. მოსახლეობიდან ფორმალურ სექტორში დასაქმებული და საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია დაახლოებით 750 000 ადამიანი (20% ზე ნაკლები). რა საჭიროა სისტემა, რომელშიც მოსახლეობის 80% არ მონაწილეობს? ვის სჭირდება დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯები ან ამ გადასახადების ადმინისტრირებისთვის, ან ფონდის დირექტორების, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, თანამშრომლების ხელფასების და პრემიების დასაფინანსებლად?
ამ კითხვაზე პასუხი ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ წერია. იქ მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ფონდი თვითონ გადაწყვეტს როგორი დაზღვევა გვინდა, რა უნდა ღირდეს მომსახურება და ვის ექნება მასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების უფლება.
სავალდებულო სოციალური დაზღვევის დაკანონების გეგმა არ ითვალისწინებს არც ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეალობას და არც გავლილი წლების გამოცდილებას.
რაც შეეხება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დაარსებას, ყველა ექიმის ექიმთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანებას და სოციალური დაზღვევის ფონდის ხუთი წევრის საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით არჩევას, იმედი მაქვს რომ პარლამენეტშიც და საზოგადოებაშიც არსებობს საღი აზრი და არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა.