აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი, გადაუხდელი მოხმარება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ენერგეტიკული და ფინანსური რესურსების გადინებისა, მზარდი მოხმარება აუარესებს ენგური-ვარდნილის კასკადის ტექნიკურ მდგომარეობას და მთლიანი ენერგოსისტემის ექსპლუატაციის პირობებს, ზრდის რუსეთზე და აზერბაიჯანზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ქმნის დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს, რაც ჯამში შეიძლება ენერგეტიკაში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის ფორმად ჩაითვალოს.
მდგომარეობა არასახარბიელოა რუსეთისთვისაც, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს ზამთარში აფხაზეთში მფლანგველობით მოხმარებას და - აფხაზეთის მოსახლეობისათვის, რადგან საფრთხე ექმნება მათი ენერგომომარაგების მთავარ წყაროს და სტაბილური განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად მდგომარეობა ჩიხში შედის და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ამავე დროს, არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო შედეგის მომტანი შეიძლება იყოს.
შექმნილი პრობლემის მოგვარება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელსაც მთელი მთავრობის და საზოგადოების ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს. ოკუპაციის რეჟიმის და საკითხის სენსიტიურობის გამო, მდგომარეობაზე ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია.
ამ სტატიით გვსურს ხელი შევუწყოთ პრობლემის გარშემო დიალოგს. ამავე დროს, ვითვალისწინებთ რა საკითხის სირთულეს და სენსიტიურობას, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოყვანილი შეფასებები ასახავს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პირად შეხედულებებს, რაც მოხარულები ვიქნებით შევასწოროთ შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნების მიღების შემთხვევაში.
მდგომარეობის მიმოხილვა
ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰეს 1 მთლიანად რუს-აფხაზების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ (იხ. სურ.1), მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40:60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადგურის მთელი პერსონალი ქართულია.
მას შემდეგ აფხაზური მხარე ენგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს შეუზღუდავად, სადგურისათვის ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე, ხოლო სადგურის ოპერირების, კაპიტალური თუ მიმდინარე შეკეთების ფინანსურ ტვირთს საქართველოს დანარჩენი მომხმარებლები და ბიუჯეტი ანაზღაურებს. საქართველოს სახელმწიფო ახდენს აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარების სუბსიდირებას, როგორც საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯებით. ფორმალურად, ენგურის ტარიფის შესაბამისად, აფხაზეთში წლიურად უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 36 მილიონი ლარია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზამთარში გაზრდილ მოხმარებას და მისი თბოსადგურების ან იმპორტირებული ენერგიით ჩანაცვლების საჭიროებას, საქართველოსთვის ხარჯი სულ მცირე, ორჯერ მეტია, კაპიტალური შეკეთებების გათვალისწინებით კი ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული ხარჯი, სავარაუდოდ, ნაწილობრივ მაინც აისახება ელექტროენერგიის ტარიფებზე.
განვლილ პერიოდში სადგურის რეაბილიტაციაში ჩადებულმა თანხებმა[1], სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეცვალა აქტივების პირვანდელი განაწილება ქართული მხარის სასარგებლოდ. ამიტომ, იმავე პრინციპით, აფხაზური მხარის წილი ელექტროენერგია ნაკლები უნდა იყოს და არცერთ შემთხვევაში უფასოდ არ უნდა მიეწოდებოდეს.
პრობლემის მასშტაბი მუდმივად იზრდება. 2010-2016 წლებში აფხაზეთში მოხმარების ზრდა 550 გვტსთ-იყო. ხოლო 2017-წლის 5 თვეში 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მოხმარება გაიზარდა 100გვტსთ-ით, ანუ წელს მოსალოდნელი ზრდა სულ მცირე 200 გვტსთ-ია[2]. ელექტროენერგიის წლიური დეფიციტი საქართველოში იზრდება, რაც 2017 წელს 1.3მილიარდ კილოვატ-საათს უახლოვდება. მიუხედავად ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი უარესდება.
ზამთარში აფხაზეთის მოხმარება უკვე აჭარბებს ენგური/ვარდნილის კასკადის გამომუშავებას, რის გამოც საჭირო ხდება მეტი ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის რუსეთიდან, რომლის სამხედრო ობიექტებიც სავარაუდოდ ამ ენერგიას მოიხმარენ. შესაბამისად იზრდება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი პოლიტიკური შედეგები მოიტანოს.
ამასთან ერთად, ენგურჰესზე გროვდება ტექნიკური პრობლემები (15 კმ სადაწნევო გვირაბის რეაბილიტაცია, წყალსაცავის ნატანისგან გაწმენდა და სხვ,) რომელთა გადაჭრაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამდენად, აფხაზეთის გადაუხდელი მოხმარების ზრდის გამო, ენგურის კასკადის სარგებლიანობა დანარჩენი საქართველოს ენერგოსისტემისათვის მცირდება, ხარჯები კი განუხრელად მატულობს. სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა უნდა დაფიქრდეს რამდენად მიზანშეწონილია არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და მოძებნოს მისი ძირეული შეცვლის შესაძლებლობები.
არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა არა მხოლოდ დანარჩენი საქართველოსთვის, არამედ რუსეთის და თავად აფხაზეთის რეგიონისთვის:
რუსულ-აფხაზური წყაროების მიხედვით, აფხაზეთში ენერგომოხმარების სუბსიდირებას რუსეთის მხარეც აკეთებს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, ინტერ-რაოს მიუღებელმა შემოსავალმა აფხაზეთის ენერგომომარაგებაზე 2016-2017 წლებში დაახლოებით 750 მლნ რუბლი შეადგინა. ამ ხარჯებს ინტერ-რაო-ს ნაწილობრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფარავს[3].
აფხაზეთში ზამთარში მიწოდება არასტაბილურია. გადატვირთვის რეჟიმში ფუნქციონირებს თავად აფხაზეთის ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი სისტემები რაც მათ საიმედოობას ამცირებს. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო შარშან ზამთარში ე.წ. „მარაოსებური შეზღუდვები“ ხორციელდებოდა, თუმცა მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა ვერ მოხერხდა. ელექტროენერგეტიკული სისტემის მესვეურები შეშფოთებული არიან მომავალი ზამთრის პერსპექტივებით[4], შიშობენ რა, რომ ყირიმის მომარაგების გამო რუსეთმა შეიძლება ვერ უზრუნველყოს აფხაზეთისთვის საჭირო ელექტროენერგიის ექსპორტი[5].
პრობლემების მთავარ მიზეზს წარმოადგენს აფხაზეთში ელექტროენერგიის განაწილების ტექნიკური და ორგანიზაციული მოუწესრიგებლობა და აქედან გამომდინარე მფლანგველობითი მოხმარება. როგორც ჩანს, აფხაზეთის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ათწლეულობის განმავლობაში ვერ დააგროვა საკმარისი პოლიტიკური სიმწიფე და წონა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა, თუნდაც საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების სასარგებლოდ.
ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში
2016 წლის მონაცემებით აფხაზეთის მოხმარება 1926 მილიონი კვტ სთ იყო, რაც, აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის 2011 წლის მონაცემების (240 ათასი მოსახლე) მიხედვით, ერთ სულზე 8000 კვტსთ-ს შეესაბამება. ეს 3.3-ჯერ აღემატება დანარჩენი საქართველოს მაჩვენებელს და აჭარბებს ბელგიის და იაპონიის მაჩვენებელს.
მოსახლეობის რაოდენობის უფრო რეალისტურ-ექსპერტული შეფასებების გამოყენებით (180 ათასი მოსახლე), ვიღებთ 10.7 ათას კვტსთ/სულზე, რაც დანარჩენ საქართველოში ერთ მოსახლეზე მოხმარებას 4.4-ჯერ აღემატება. ეს აღემატება სინგაპურის, საუდის არაბეთის და OECD მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს, ხოლო ევროკავშირის საშუალოს (5.5 ათასი კვტსთ/სულზე) - თითქმის ორჯერ აჭარბებს[6]. მოხმარება ეკვივალენტურია იმის, რომ აფხაზეთის თითოეულ მაცხოვრებელს მთელი წელი, 24 საათის განმავლობაში, ჩართული ჰქონდეს 1,2 კილოვატიანი საკმაოდ მძლავრი ელექტრო-გამათბობელი. ასეთი არაბუნებრივად მაღალი მოხმარება ახასიათებს მოუწესრიგებელ განაწილების სისტემებს [7], მაგრამ წლების განმავლობაში ასევე ბადებდა ეჭვს, ელექტროენერგიის უკანონო გადინებაზე რუსეთში, რაც დადასტურებული არ არის.
, ბოლო პერიოდამდე, გარკვეული პროცენტული პარიტეტი (თუმცა გადაუხდელად) შენარჩუნებული იყო; მათ შორის იმიტომ, რომ აფხაზეთის მზარდ მოხმარებას ენგური/ვარდნილის კასკადის რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილი გამომუშავება აბალანსებდა. 2014 წლის შემდეგ კი აფხაზეთში გადინებული ელექტროენერგიის წილი მკვეთრად იზრდება და 2016 წელს კასკადის წლიური გამომუშავების 46% შეადგინა; 2017-ში კი სავარაუდოდ 48%-ს მიაღწევს.
შენიშვნა: 2010 წელს მოხმარება შემცირებულია არა აბსოლუტური მაჩვენებლით, არამედ მხოლოდ წილით, წყალუხვობის გამო ენგური/ვარდნილის კასკადის გაზრდილმა გამომუშავების გამო.
მდგომარეობა ბევრად უფრო დამაფიქრებლად გამოიყურება სეზონურ ჭრილში: ბოლო ათი წლის განმავლობაში ზაფხულის მოხმარება აფხაზეთში 77%-ით გაიზარდა, (სავარაუდოდ ტურისტული დატვირთვის გამო), ამავე პერიოდში ზამთრის მოხმარება 48%-ით არის გაზრდილი, თუმცა, სეზონური დეფიციტის გამო, ეს ნაზრდი უფრო მნიშვნელოვანია და შეზღუდვები მას მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს.
ზამთარში აფხაზეთი ენგურის გამომუშავებაზე მეტს მოიხმარს, რის გამოც საქართველოს ენერგოსისტემას მეტი თბოსადგურების და იმპორტის ძვირი ელექტროენერგიის შეძენა უწევს. სურ 3. აჩვენებს აფხაზეთის მოხმარების, ენგურ/ვარდნილის გამომუშავების მიმართ, ცვლილების დინამიკას ზამთრის და ზაფხულის თვეებში.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ზამთრის თვეებში, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება ჰიდროელექტროსადგურებზე მცირდება, აფხაზეთი უკვე ენგურის გამომუშავებაზე 13%-ით მეტს მოიხმარდა. წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო 2016 წლის ზამთარში 25 იანვრიდან 16 თებერვლამდე ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებური გამორთვები მოქმედებდა. თუმცა მიუხედავად ამისა ზამთრის მოხმარება მაინც რეკორდული იყო, რაც წელს სავარაუდოდ კიდევ მეტად გაიზრდება.
აფხაზეთში ზამთრის მოხმარება ზაფხულთან შედარებით, 2.4-ჯერ იზრდება თუმცა ეს განსხვავება მოსახლეობაში გათბობის სხვა, ალტერნატიული წყაროების არარსებობის პირობებში, უფრო მკვეთრი უნდა იყოს[1]. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის გათბობის წილი არც ისე დიდია მთელ მოხმარებაში და ჩვენთვის უცნობი, ნაკლებცვალებადი მოხმარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გვგონია. არსებობს მოსაზრებები, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ძალიან დაბალი ფასის გამო რუსეთიდან შემოდიან ბიზნეს კომპანიები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე აწარმოებენ საქონელს ან მომსახურებას და შემდგომ რუსეთის ბაზარზე ყიდიან. შესაძლოა ეს ასევე აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ობიექტების ხარჯზეც ხდებოდეს ან უბრალოდ ქვეყნიდან ელექტროენერგიის უკანონო გატანის მიმანიშნებელი იყოს. |
ტექნიკური პრობლემები
გარდა ფინანსური ზარალისა, აფხაზეთის მოუწესრიგებელი მზარდი მოხმარება მნიშვნელოვან ტექნიკურ სირთულეებს აჩენს:
- მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესი თბილისის ცენტრალური სადისპეტჩეროს ექვემდებარება, ზამთრის განმავლობაში მისი გამოყენება ვერ ხდება თავისი ერთერთი მთავარი დანიშნულებით - ენერგოსისტემის რეჟიმების და პიკურ დატვირთვების დასაბალანსებლად, რაც სისტემის საიმედოობაზე უარყოფითად მოქმედებს. სისტემის მანევრულობის შეზღუდვით, იზღუდება განახლებადი ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) განვითარების და ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობა. ასევე იკარგება შესაძლებლობა, რომ საქართველოს ენერგოსისტემამ მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის პიკური დატვირთვების დაფარვაში, რითაც რეგიონული თანამშრომლობის და შესაბამისი შემოსავლების მიღების პერსპექტივებიც იკარგება.
- საფრთხეს წარმოადგენს ასევე წყალსაცავის არარეჟიმული დამუშავება, რამაც კაშხლის უსაფრთხოების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.
- გროვდება მასშტაბური ტექნიკური პრობლემები. ვინაიდან ენგურის ტარიფი ითვლება საერთო მისაღები შემოსავლებიდან, აფხაზეთიდან მიუღებელი შემოსავლები აკლდება თუნდაც სადგურის გრძელვადიანი კაპიტალური შეკეთების სარეაბილიტაციო ფონდებს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ბოლო პერიოდში ენგურჰესის ტექნიკური მდგომარეობა უარესდება[8]. ამასთან იზრდება გრძელვადიანი მასშტაბური რეაბილიტაციის აუცილებლობა. ასეთი პრობლემებიდან აღსანიშნავია წყალსაცავის დალამვა რაც მისაყრდნობი ფარების ოპერირებას, ეს კი წყალსაცავში წყლის დონის რეგულირებას უშლის ხელს, რაც თავისთავად თაღოვანი კაშხლის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის; ასევე აღსანიშნავია სადერივაციო გვირაბის მოსახვის გაუარესბული მდგომარეობა რაც წყლის ფილტრაციის გაზრდილი ხარჯებით გამოიხატება სადერივაციო გვირაბის გასწვრივ.
სპეციალისტების შეფასებით, სადაწნევო-დერივაციული გვირაბის სრულ რეაბილიტაციას 1,5-2 წელიწადი დასჭირდება, რაც დამატებით 200მლნ კვტსთ ენერგიას მოიტანს. მაგრამ სადგურის სრული გაჩერების შემთხვევაში, მხოლოდ აფხაზეთისთვის ალტერნატიული ელექტროენერგიის შეძენის სავარაუდო ღირებულება 150-170 მილიონი დოლარი იქნება, რასაც თავად რეაბილიტაციის ხარჯები დაემატება[9]. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ნაკლებ ალბათურია დღევანდელი სტატუს კვოს პირობებში.
ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო, არსებული მდგომარეობა მუდმივად უარესდება. მისი მდგრად ტენდენციად შენარჩუნება შეუძლებელია და რაციონალურ გადაწყვეტას მოითხოვს. აუცილებელია აფხაზეთმა მონაწილეობა მიიღოს ენგურჰესის ფინანსური სტაბილობის და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფაში.
ქართული მხარე საერთაშორისო დონორების დახმარებით აგრძელებს ენგურჰესის რეაბილიტაციის სამუშაოებს. 2018-2021 წლებში იგეგმება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები, გვირაბის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ა.შ. სამუშაოების შეფასებული ღირებულება 35 მლნ ევროა რომელსაც, სავარაუდოდ, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი გამოყოფს. გვირაბის რეაბილიტაციის და ლოკალური შეკეთებებისათვის სადგურის შეჩერება იგეგმება 3 თვით 2019 წლის გაზაფხულზე. შეფასებულია, რომ აღნიშნული სამუშაოები გარდა სადგურის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, გამომუშავებას გაზრდის 50 მლნ კვტსთ-ით თუმცა სავარაუდოდ ეს მრავალჯერ გადაიფარება აფხაზეთის მოხმარების შემდგომი ზრდით. |
ქართულ-რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ენგურჰესის საკითხზე
საჯარო ინფორმაციის სიმწირის გამო ვერ ჩავუღრმავდებით აფხაზ და რუსეთის მხარეებთან ენგური-ვარდნილის კასკადის თაობაზე წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობის დეტალებს. მხოლოდ მიმოვიხილავთ რამდენიმე გარემოებას, რაც პერიოდულად თავს იჩენდა საინფორმაციო საშუალებებში;
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სადგურის ქართველი პერსონალი, მიუხედავად ურთიერთობების პერიოდულად დაძაბვისა, რაიმე სერიოზული საფრთხის და შევიწროების წინაშე არ დამდგარა, რასაც ხშირად მოიხმობენ როგორც თანამშრომლობის შესაძლებლობის ილუსტრაციას.
გარდა ამისა, ოპერატიულ დონეზე ასევე მიმდინარეობდა ურთიერთქმედება აფხაზეთის ქსელის ოპერატორ „ჩერნომორ ენერგოსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. პერიოდულად იმართებოდა მოლაპარაკებები ენგურის ექსპლუატაციის, კაპიტალური შეკეთების (მათ შორის სადაწნეო გვირაბის) და სხვა ტექნიკურ საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტაქტების შედეგად ჰესის შეკეთების სამუშაოებს რაიმე უსაფრთხოების პრობლემები და სერიოზული დაბრკოლებები არ შექმნიათ. სავარაუდოდ ამ შეხვედრებზე ასევე იყო საუბარი აფხაზური მხარისგან სადგურისთვის ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხარესთან გაიმართა, მოლაპარაკებები ენგურჰესის ინტერრაოს მმართველობაში გადაცემის შესახებ. კულუარებში გავრცელებუი ინფორმაციით, საბოლოო მოლაპარაკება ვერ შედგა აფხაზების ძლიერი პოზიციის გამო. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული შეთანხმების სტრატეგიული შედეგები არც საქართველოს მხარითვის იქნებოდა სახარბიელო.
სავარაუდოდ, ოპერატიულ დონეზე გრძელდება ტექნიკური ხასიათის კონტაქტები, თუმცა ჩვენთვის უცნობია არსებობს თუ არა მდგომარეობის გამოსწორების ერთიანი სტრატეგია და თანმიმდევრული ტაქტიკა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პირდაპირი დახურული მოლაპარაკების ფარგლებში, პრობლემა ვერ მოგვარდება. მოითხოვს ახალ ხედვებს დაინტერესებულ მხარეთა უფრო ფართო წრის ჩართულობას და ახალი ალტერნატივების განხილვას, რაც აფხაზეთის საკითხისადმი ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ბოლო პერიოდში, შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგი, ძირითადად ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების და მოწესრიგების თემებზე მათ შორის აღრიცხვიანობის მოწესრიგების, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ტარიფების და სხვა საკითხებზე. თუმცა ეს დიალოგი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის და ტაქტიკის აუცილებლობას.
ტექნიკურ-ეკონომიკური ალტერნატივები
დღევანდელი მდგომარეობით, ელექტროენერგიის დაურეგულირებელი მოხმარება აფხაზეთში მრავალ ტექნიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ პრობლემას და არასტაბილურ, არამდგრად გარემოს ქმნის, რაც საზიანოა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ეკონომიკურად მომგებიანი მრავალი შესაძლებლობა:
უპირველესი და აუცილებელი ღონისძიება არის გამანაწილებელი ქსელის, აღრიცხვიანობის და გადახდის სისტემის მოწესრიგება მეტნაკლებად რეალისტური ტარიფის პირობებში. როგორც თბილისის და საქართველოს რეგიონების გამოცდილებიდან გამომდინარეობს, აღნიშნული ღონისძიება მოხმარებას 35-40%-ით ამცირებს და აჩენს ელექტროენერგეტიკული ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო შემოსავლებს. გამრიცხველიანებას მნიშვნელოვანი კაპიტალური ხარჯები და ორგანიზაციული ძალისხმევა ესაჭიროება, თუმცა ქსელის და აღრიცხვიანობის მოწესრიგება საშუალებას მისცემს აფხაზეთს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო შექმნას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. უცნობია, რამდენად პოლიტიკურად მომზადებულია აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლება, რომ ამ სფეროში წესრიგი მთელ ტერიტორიაზე გაავრცელოს;
პროცესის მნიშვნელოვანი გაადვილება შესაძლებელია ენერგოეფექტურობის და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების გამოყენებით, რაც მომხმარებლებისთვის გადახდის ვალდებულებას ნაწილობრივ მაინც შეამცირებს. ამ მიმართულების განვითარებამ კი თავის მხრივ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყოს ხელი. თუმცა მკაცრი გადახდის და აღრიცხვიანობის გარეშე ეს ღონისძიება ვერ განხორციელდება;
განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს აფხაზეთში ენერგომომარაგების პრობლემის დარეგულირებაში. შესაძლებელია მზის წყალგამაცხელებლების ფართო გამოყენება ან გათბობაში ბიომასის გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ფიქრი, რაც ეკონომიკური აქტივობის და დასაქმების წყაროც შეიძლება გახდეს;
ერთერთ ალტერნატივად შეიძლება განხილულ-იქნას ასევე აფხაზეთში ბუნებრივი გაზის შეყვანა ელექტროენერგიის ჩანაცვლების მიზნით, ოღონდ ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის დაზოგვის პირობით.
ერთერთი საინტერესო მიმართულებაა აფხაზეთის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება მცირე თუ საშუალო ჰიდროსადგურების მშენებლობით. მათ შორის უპირველესად განსახილველია ვარდნილჰესების კასკადის აღდგენის შესაძლებლობა. ამ პერსპექტივის განვითარებას სტაბილური საინვესტიციო გარემო, გასაღების ბაზარი და ეკონომიკურად და ტექნიკურად გამართული განაწილების სისტემა ესაჭიროება.
აფხაზეთის, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გასაღები სეზონურ გაცვლებშია, სადაც შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმების შემუშავება. ასევე შეიძლება გარე გასაღების ბაზრებზე გატანაში თანამშრომლობა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი შორეულ პერსპექტივად გამოიყურება.
ყველა ამ ალტერნატივის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში. ამისთვის კი აუცილებელია დაცულ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე პირობები და მიღებული სარგებლის მხარეებს შორის პარიტეტული განაწილების მექანიზმები რაც თანამშრომლობის შესაძლებლობას გააჩენს.
დასკვნა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ენერგეტიკული გამოძალვა ათწლეულებია გრძელდება და ტექნიკურად, პოლიტიკურად და ფინანსურად ჩიხში შეყავს როგორც აფხაზეთის ენერგომომარაგება, ასევე - პრობლემებს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უყაირათოდ იკარგება ელექტროენერგია, რომლის სასარგებლო გამოყენება შეიძლება ეკონომიკაში, ან სულაც ექსპორტით შემოსავლის მისაღებად. ქართული მხარის ცალმხრივი ზრუნვა ენგური-ვარდნილი ჰესების კასკადზე სულ უფრო მეტ ხარჯის და ნაკლები სარგებლის მომტანია და დიდხანს ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, ურთიერთობათა არსებული სტატუსი არ იძლევა ენგურჰესის სრულფასოვანი ექსპლუატაციის და აფხაზეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების სტიმულს და შესაძლებლობას.
მდგომარეობა არასახარბიელოა აფხაზეთისათვის, ვისი ენერგომომარაგებაც დამოკიდებულია ამ ძირითად წყაროზე და მისი ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება ენერგომომარაგების უსაფრთხოებაზე მოქმედებს ხოლო მზარდი მოხმარება დეფიციტის პრობლემებს ქმნის. ეს ასევე დამატებითი ხარჯია რუსეთისათვის, რომლის სამხედრო ობიექტები მართალია სარგებლობენ ენგურჰესის უფასო ენერგიით, მაგრამ მას სამაგიეროდ დანარჩენი აფხაზეთის ენერგომომარაგების პრობლემები უდგება.
შესაძლებელია წარმოვიდგინოთ მოვლენათა განვითარების ორი ძირითადი სცენარი: 1 მცოცავი ოკუპაციის და ენერგეტიკული გამოძალვის გაგრძელების და 2. ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზების მოძიებისა.
პირველ შემთხვევაში არსებული სტატუს-კვო დიდხანს ვერ გაგრძელდება და ტექნიკურ გაუარესებამდე და ურთიერთობათა ესკალაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მეორე შემთხვევაში ჩნდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები. მეორე სცენარს პრაგმატულ გათვლაზე დაფუძნებული პოლიტიკური ნება ესაჭიროება, რაც სავარაუდოდ ჯერჯერობით არ ჩანს, არც აფხაზეთის მიმართებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და არც თავად აფხაზეთის შიგნით.
თანამშრომლობის პოლიტიკური ნების გაჩენის შემთხვევაში, მის რეალიზაციას გარკვეული წინაპირობები ესაჭიროება.
- შესათანხმებელია ენგურჰესთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლიანი პირობები, და/ან აღსადგენია ადრე მიღწეული შეთანხმება და მას რეალური შინაარსი უნდა მიეცეს;
- ამის მიღწევა უნდა მოხდეს პოლიტიკური საკითხებისგან დამოუკიდებლად, იმისთვის რომ ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმება არ გახდეს ტერიტორიულ/პოლიტიკური დავის მძევალი და არ ჩაიშალოს;
- მოლაპარაკების მომზადებისას საღად უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულ-იქნას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები - მხოლოდ ამ პირობით იქნება შესაძლებელი რამდენადმე სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
ამ პრობლემის მოგვარება როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერას და მთავრობის და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს სადაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დონორებმა[10].
რეკომენდაციები
- მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო ინფორმირება ენერგეტიკაში მოქმედი „მცოცავი ოკუპაციის“ შესახებ მათ შორის მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან. გამოიძებნოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობის მექანიზმები;
- მოხდეს დიალოგის არსებული არხებით აღნიშნული თემის აქტუალიზაცია აფხაზურ და რუსულ მხარეებთან;
- აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება და ღია დიალოგი საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, როგორც აფხაზეთში ასევე დანარჩენ საქართველოში.
- საქართველოს მთავრობამ უნდა შეაფასოს ენგურჰესის ექსპლუატაციის და მისი გამომუშავების განაწილების ჩამოყალიბებული პრაქტიკა და დეტალურად განიხილოს ასეთ პირობებში ენგურჰესში გაზრდილი ინვესტირების მიზანშეწონილობა სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
- უნდა გაძლიერდეს მუშაობა ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მიმართულებით. მათ შორის ერთიანი ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება და მის ფარგლებში ახალი მნიშვნელოვანი გენერაციის წყაროების განვითარება.
აუცილებელია ყველა საშინაო და საგარეო რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ მოხდეს პრობლემის კონსერვაცია და სამართლიანი პარიტეტული პირობების მიღწევა, იმისათვის, რომ სამომავლო გაუმჯობესების შესაძლებლობა გაჩნდეს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების შედეგად ამ პრობლემაზე დაწყებული მუშაობა გაძლიერდება და არ შესუსტდება.
მურმან მარგველაშვილი
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
[1] მხოლოდ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ////.
[2] შედარებისთვის, ახლახანს გაშვებული ყველაზე მძლავრი შუახევის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო წლიური გამომუშავება 450 გვტსთ-ქარის ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება მხოლოდ 88 გვტსთ.
[3] https://eadaily.com/ru/news/2017/10/02/chast-zatrat-inter-rao-na-elektrichestvo-dlya-abhazii-mogut-kompensirovat
[4] https://eadaily.com/ru/news/2017/10/26/energopotreblenie-abhazii-rastet-ezhegodno-na-9-prognoziruyutsya-pereboi
[5] https://eadaily.com/ru/news/2017/10/30/rossii-mozhet-ne-hvatit-elektroenergii-i-dlya-kryma-i-dlya-abhazii-ekspert
[7] ასეთი პერიოდი საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ გაიარა წინა საუკუნის ბოლოს და 2000იანების დასაწყისში, როდესაც აღრიცხვის და გადახდის სისტემის არარსებობის პირობებში მტაცებლური მოხმარება ხდებოდა. მაშინ ელექტრომომარაგების პრობლემა არა იმდენად მიწოდების გადაჭრა რამდენადაც აღრიცხვა- გადახდის სისტემის ამუშავებამ.
[8] https://eadaily.com/ru/news/2017/10/30/rossii-mozhet-ne-hvatit-elektroenergii-i-dlya-kryma-i-dlya-abhazii-ekspert
[9] ერთერთ შესაძლებლობად განიხილება კაშხლის მიმდებარედ 600 მეგავატიანი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მოწყობა. მართლაც სადგურის გარდაუვალი ხანგრძლივი გაჩერების პირობებში ეს შეიძლება ენერგომომარეგების ეკონომიკურად ყველაზე გამართლებული ალტერნატივაც კი გამოდგეს, თანაც სადგურს დამატებით შესაძლებლობას გაუჩენს, რომ წყალმცირობის პერიოდშიც მიიღოს მონაწილეობა დატვირთვის პიკების რეგულირებაში. ასევე სადგური გააჩენს პიკურ რეჟიმში მუშაობის დამატებით შესაძლებლობებს
[10] 23 ივლისს ბრუსელში ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების პლატფორმის მორიგი შეხვედრა, სადაც ეს საკითხი, მოლდოვაში დნესტრისპირეთის ანალოგიურ პრობლემასთან ერთად გაჟღერდა სწორედ არასამთავრობოების მიერ.