Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საარჩევნო უფლებები შშმ პირებსაც აქვთ!

12 დეკემბერი 2017

ამა წლის 6 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა შშმ პირთა საარჩევნო უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ 3 პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“, ასევე ცესკოსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ახლად დანიშნული სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ აქტივისტები. აღნიშნულ შეხვედრაზე მეც ვიყავი ერთ-ერთი მომხსენებელი. ამ პოსტში გთავაზობთ ამ შეხვედრის შედეგად დაგროვილ ჩემს ზოგიერთ მოსაზრებას შშმ პირთათვის როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლების, ასევე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობაში ჩართულობის შესახებ.

            შშმ პირთათვის საარჩევნო უფლების განხორციელება დამოკიდებულია არამხოლოდ საარჩევნო დღეს ხელმისაწვდომი უბნის უზრუნველყოფაზე, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე საქართველოში საარჩევნო უბანთა დაახლოებით მესამედია მხოლოდ ადაპტირებული. ამავდროულად, მთავარია ადაპტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით, რომლებიც სამეცნიერო კვლევის შედეგად შეიქმნა. არადა უბნის გარე პერიმეტრისა (მაგ. უბანთან საავტომობილო გზის გადასასვლელი, უბანთან მისასვლელი, მიმდებარე ტროტუარი) და შიგნით არსებული უცვლელი სტრუქტურების (მაგ. შესასვლელი კარის სიფართოვე) ყველასთვის, მათ შორის შშმ პირთათვის, ხელმისაწვდომობა ღირებული მემკვიდრეობა იქნებოდა იმ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის, სადაც არის ხოლმე, ძირითადად, განთავსებული საარჩევნო უბნები.

            თუმცა ამ ბლოგში უფრო წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობაზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველ რიგში მცირეა უბნის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა. შშმ პირთა საარჩევნო კომისიების წევრებად ან დამკვირვებლებად ჩართვის პროექტები ფრაგმენტული და არასისტემური ხასიათისაა. მსგავსი შემთხვევები უფრო გამონაკლისი, ცალკეული ხდომილებებია, ვიდრე სისტემურ მიდგომათა შედეგი. შშმ პირთა საარჩევნო უფლებაზე, არჩევნებში მათ აქტიურ ჩართულობაზე საუბრისას ძირითადად ყურადღება მახვილდება ხმის მიცემის პროცესზე და არა სხვა, უფრო მეტი ჩართულობისა და აქტიურობის მომთხოვნ პროცესებზე. ამ პოსტში არ ვისაუბრებ საყოველთაოდ ცნობილ და ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, მაგალითად, იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა და დებატები, ასევე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროგრამები ითარგმნება ჟესტურ ენაზე. ზოგიერთმა პარტიამ ასევე გააკეთა საარჩევნო პროგრამების აუდიოვერსიები, რათა უსინათლო ადამიანებს დამოუკიდებლად შესძლებოდათ მათი გაცნობა, თუმცა ისინი დამოუკიდებლად მაინც ვერ შევლენ ასეთი პარტიის ვებგვერდზე, თუ არ უყენიათ გამხმოვანებელი პროგრამა, რომელიც ახმოვანებს კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს. და თუკი ასეთი პროგრამა აქვს, უსინათლოს აუდიოვერსიაც არ დაჭირდება: ის მარტივად გახსნის PDF-ის ან ვორდის ფორმატში განთავსებულ პროგრამას და გაეცნობა, თუმცა წინასაარჩევნო პროგრამების აუდიოვერსიების არსებობას დადებითი მხარე მაინც აქვს: იმ უსინათლოებს, ვისაც გამხმოვანებელი პროგრამები არ აქვთ ან ვერ ფლობენ მათი გამოყენების უნარს, შეეძლებათ პროგრამის მოსმენა მაინც. კი, ვიღაცამ უნდა ჩაურთოს, ვიღაცამ უნდა შეიყვანოს ვებგვერდზე. ბოლომდე დამოუკიდებლად ის ამას მაინც ვერ გააკეთებს, მაგრამ ეს მაინც უკეთესია, ვიდრე ვიღაცას რომ აკითხებდეს იმ პროგრამას. ხომ შეიძლება, ადამიანმა არ მოინდომოს უსინათლოსთვის წინასაარჩევნო პროგრამების წაკითხვა, მობეზრდეს, დაეზაროს, არ მოუნდეს შეწუხება. ამავდროულად პარტიების ვებგვერდები, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, იყოს არაგრაფიკული, კლავიატურით და არამხოლოდ თაჩ პანელით მარტივად სამართავი. სასურველია, ასევე, რომ ვებგვერდზე იყოს ცხელი კლავიშების ინსტრუქცია (ანუ რომელი კლავიშები უნდა გამოვიყენოთ, რამე კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად). ცესკოს ვებგვერდს რაც შეეხება, ნამდვილად დადებითია ვითარება, რომ საარჩევნო სიაში თავის გადამოწმება უსინათლო ამომრჩეველსაც დამოუკიდებლად შეუძლია. გადამმოწმებლის პიროვნების ნამდვილობის გადასამოწმებლად ვებგვერდს აქვს აუდიოგადამოწმების ფუნქციაც: ჩართავ, გეუბნება ციფრებს და სიტყვებს, შენ კი წერ და ასე გადიხარ შემოწმებას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვები და ციფრები ხმოვანდებოდეს ქართულად და არა ინგლისურად, რადგან ბევრმა ადამიანმა შესაძლოა, არ იცოდეს ინგლისური, თანაც ამ ქვეყანაში ქართული არის სახელმწიფო ენა.

            პრობლემურია ასევე მხარდაჭერის მიმღებ თუ არმიმღებ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემა. საარჩევნო უბნის მოწყობის თაობაზე განცხადებით ცესკოსთვის მიმართვა ფსიქიატრიული საავადმყოფოსა თუ შშმ პირთა საცხოვრებელი პანსიონატის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციებს კი ხშირად არ აინტერესებთ, ეზარებათ და არ აწყობთ თავიანთი ბენეფიციარების ჩართვა საარჩევნო პროცესში. ისინი მიიჩნევენ, რომ აზრი არ აქვს, რომ ბენეფიციარები არ არიან ადეკვატურები, ბიულეტენს დახევენ და ა.შ. იმ დაწესებულებებშიც კი, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნებზე კონკრეტული ბენეფიციარის დაშვება დამოკიდებულია ადმინისტრაციის მისდამი სუბიექტურ დამოკიდებულებაზე, მის აღქმაზე. არ არსებობს არავითარი განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებითაც ფსიქიატრიულ დაწესებულებათა ადმინისტრაციები აძლევენ ან   არ აძლევენ კონკრეტულ პაციენტებს საშუალებას, ხმა მისცენ. ვინც უფრო მშვიდადაა, ვინც უფრო მეტად „იმსახურებს“, იმას აძლევენ საშუალებას. არადა ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებს ხშირად სურთ კიდეც ხმის მიცემა. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, პაციენტთა სურვილი, არჩევნებზე ხმა მისცენ, შეიძლება, 2 ძირითადი მიზეზით ავხსნათ: 1. საარჩევნო პროცესი, ყუთთან მისვლა, ხმის მიცემა, მოფიქრება, თუ ვის მისცენ ხმა, არის საავადმყოფოს მოსაწყენი ერთფეროვნებისგან ყურადღების გადატანის საშუალება. 2. პაციენტები გრძნობენ და მიჩნევენ, რომ შეცვლილმა მთავრობამ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა დაიწყოს ფიქრი და ზრუნვა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია ფსიქიატრიულ საავადმყოფოთა და შშმ პირთა პანსიონატების/საცხოვრისების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რათა მათ გააცნობიერონ შშმ პირთა უფლებებისა და, მათ შორის, საარჩევნო უფლების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, მნიშვნელობა.

            საუბნო საარჩევნო კომისიების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც არის მუშაობის გაგრძელება აუცილებელი, ვინაიდან დღესაც კი აღინიშნება საუბნო კომისიის წევრთა სკეპტიკური გამონათქვამები შშმ ამომრჩეველთა მისამართით, რას წვალობდით, რად გინდოდათ აქ მოსვლა და მისთ.

            რაც შეეხება შშმ პირთა საარჩევნო აქტიურობას, მათში აბსენტეიზმის დონეს, იმას, შშმ ამომრჩეველთა დაახლოებით რამდენი პროცენტი იყენებს თავის უფლებას და აძლევს ხმას, ეს საკითხი უცნობია, რადგან არ ვიცით, თუ რამდენი შშმ პირია საარჩევნო სიაში. სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი მკვლევრის, შშმ პირთა საარჩევნო ჩართულობის შესახებ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ნონიაშვილის, განცხადებით, შშმ პირები საქართველოს საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის აქტიურობით რომ დადიოდნენ არჩევნებზე, თითო არჩევნებზე 30-70 ათასი შშმ პირი უნდა მიდიოდეს, თუმცა, ცესკოს მონაცემებით, შშმ ამომრჩეველთა, რომლებმაც ისარგებლეს შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი საშუალებებით, ყველაზე დიდი რაოდენობა იყო 8 ათასი. შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შშმ პირების საარჩევნო აქტივობა ძალიან დაბალია, აქტივობის ზოგადად დაბალი დონის ფონზეც კი. იმისათვის, რომ ვიმუშაოთ შშმ პირთა მოტივირებაზე, მივიდნენ არჩევნებზე და სხვა ფორმითაც ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, აუცილებელია მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულ, ყველაზე პასიურ ჯგუფებთან მუშაობა. ასეთი მუშაობა კი შეუძლებელი იქნება შშმ პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სენსიტიური და დივერსიფიცირებული სტატისტიკური მონაცემების გარეშე. შშმ პირები არ წარმოადგენს ერთგვაროვან ჯგუფს. აუცილებელია, ვიცოდეთ, საარჩევნო ხმის უფლების მქონე შშმ ქალთა რამდენი პროცენტი აძლევს ხმას, რამდენი – ახალგაზრდა, რამდენი უსინათლო, რამდენი სმენის არმქონე, რამდენი მობილობის შეზღუდვის მქონე, რამდენი მხარდაჭერის მიმღები (რაც გამოწვეულია ინტელექტუალური ან ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობით (შშმ პირთა რამდენი პროცენტი სარგებლობს გადასატანი საარჩევნო ყუთით, რომელ რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები არიან უფრო აქტიურები და რომლებში – ნაკლებად, რათა შემდგომ ვიმუშავოთ ამ ჯგუფებთან და შევთავაზოთ მათთვის საჭირო სერვისი მათი ინდივიდუალური საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით.

            თუმცა შშმ ამომრჩეველთა გაძლიერება და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის/აქტიურობის გაზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც უშუალოდ არჩევნებთან არ არის დაკავშირებული. მაგ. განათლების ხელმისაწვდომობა,დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისი (ჟესტური ენის თარჯიმანი, გამცილებელი, პერსონალური ასისტენტი, ხელმისაწვდომი გარემო, ტრანსპორტი, გზები, შენობები და პროცედურები, დამხმარე საშუალებები, ყოველივე ამის შესახებ ინფორმირებულობა და გარემოთი სარგებლობის ცოდნა), დასაქმება, მათ შორის ღია შრომით ბაზარზე, ისეთ პოზიციებზე, რომლებიც კონკრეტულად შშმ პირთათვის არ არის შექმნილი, შშმ პირთა პიროვნული სიძლიერე/მათი გაძლიერება. საიდან ექნება შშმ პირს მოტივაცია, დაესწროს წინასაარჩევნო შეხვედრებს კანდიდატებთან, დაუსვას შეკითხვები, დააყენოს მოთხოვნები, შეადგინოს პეტიცია, შეაგროვოს ხელმოწერები, დაესწროს საკრებულოსა თუ პარლამენტის სხდომებს, ჩაერთოს სხვადასხვა ადგილობრივ თუ ცენტრალურ სახელისუფლებო/სახელმწიფო დაწესებულებასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში, სარჩელით მიმართოს სასამართლოს ან საჩივრით – სხვადასხვა საჯარო სტრუქტურას, თუ მას ამ შესაძლებლობათა შესახებ არ აქვს ინფორმაცია; თუ არ იცის, რომელი შეხვედრა სად და როდის ტარდება, არ იცის, როგორ მოიძიოს მსგავსი ინფორმაცია; თუ ფიზიკურად ვერ შედის საჭირო შენობაში; თუ არ არსებობს მისთვის ხელმოწერის ალტერნატიული საშუალებები/ფორმები; თუ მარტივად მიმყვანი არ ჰყავს, რომ მიაცილოს; თუ მისთვის უბრალოდ სახლიდან გაღწევაც კი წარმოუდგენელ სირთულეებთან არის დაკავშირებული. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩემი ერთი ქართველი ნაცნობი უსინათლო მიყვებოდა, რომ მათ დასახლებაში შეხვედრა ყოფილა საქართველოდან ჩასულ მომღერლებთან/მწერლებთან/ხელოვანებთან და ასევე საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებთან, მაგრამ მიყვანა რომ სთხოვა გარშემომყოფებს, ყველასგან უარი მიიღო. ასე დამთავრდა მისი აქტიურობის, საზოგადოებაში გასვლის მცდელობა. საქართველოშიც ანალოგიური ვითარებაა.

            დაბოლოს, შშმ პირთა პასიური საარჩევნო უფლებაც უნდა ვახსენო – უფლება, აგირჩიონ, წარადგინო შენი კანდიდატურა, აწარმოო და ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, რომელიც, რატომღაც, ყველას ავიწყდება ხოლმე შშმ პირებთან მიმართებაში. მართალია, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ამჟამინდელი წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუმცა ეს არ ჭრის შშმ პირთა პოლიტიკური ჩართულობის სისტემურ პრობლემას. შშმ პირები ამ ეტაპზე არ არიან წარმოდგენილნი ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და სხვა მნიშვნელოვან არჩევით თუ დანიშვნით თანამდებობებზე. შშმ პირთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშესაწყობად ასე ძალიან გვჭირდება, პირველ რიგში, შიდაპარტიული დემოკრატია, რომლის მნიშვნელობაც, რატომღაც, ბევრ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პოლიტიკოსსა თუ საჯარო პირს არ ესმის. არადა სწორედ შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპები არაპრივილიგირებულ, ფინანსებისა და მდიდარ-გავლენიანი ნაცნობების არმქონე/არმყოლ ადამიანებს, პოლიტიკური პარტიების რიგით წევრებს საშუალებას მისცემდა, თავიანთი იდეების, ინიციატივიანობის, შრომისა და მიზანსწრაფულობის შედეგად მიეღწიათ კარიერული ზრდისა და დაწინაურებისთვის პარტიასა და შემდგომ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^