Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 10 ქართველი პერსონაჟი

13 დეკემბერი 2017

რომანებისა არ იყოს, აქაც პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ტოპ 10 ქართველი პერსონაჟის ჩამონათვალი ყველაზე ძველი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქართველი ქალით - მედეათი უნდა დავიწყოთ.

მედეას, როგორც პერსონაჟს, მსოფლიო ყველაზე კარგად ევრიპიდეს ტრაგედიით იცნობს, მაგრამ მედეა ნახსენები ჰყავს როგორც პინდაროსს, ასევე ძალიან ბევრ ბერძენ პოეტს თუ დრამატურგს. ამას გარდა, ევრიპიდეს გავლენით, შემდგომში მედეას ბედით დაინტერესდა რომაული, ფრანგული, გერმანული ლიტერატურა. საერთოდაც, მედეა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი პერსონაჟია.

უპირველეს ყოვლისა, მედეა არის ადამიანი, რომელიც არასდროს, არავისთან დამარცხებულა და რაც ყველაზე უცნაურია, მისი უამრავი დანაშაულისა და სისხლიანი ისტორიის მიუხედავად, არც არასდროს დასჯილა. მგონი აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ბერძენთა წარმოდგენით, მედეა ადამიანზე მეტად ღმერთია, კოლხი ქურუმი, რომელიც სრულიად არაკოლხურ, მისთვის უცნობ გარემოში აღმოჩნდა. იასონთან ერთად კორინთოში მან ათი  წელი იცხოვრა. კოლხეთის ვარსკვლავი, დედოფალი და რელიგიური ავტორიტეტი ემიგრანტის როლში აღმოჩნდა, ემიგრანტის, რომელსაც მეუღლე უხსნის, თუ რა სასარგებლოა მისთვისვე, სხვა ქალს რომ შეირთავს ცოლად.  

მედეას შურისძიება — შურისძიებაა ყველაფრის წინააღმდეგ, სიყვარულის გარდა! მან ყველაფერს შეახო ხელი: მამას, ოქროს საწმისს, სამშობლოს, ძმას, შვილებს, ბოლოს და ბოლოს, ერთადერთი, ვისაც ხელი ვერ ახლო, მისი სიყვარულის ობიექტი, მისი საბედისწერო იასონია. იასონს მედეა სხვაგვარად მოექცა — მოუკლა საცოლე, შვილები, მოუსპო სიცოცხლის აზრი, მაგრამ ცოცხალი დატოვა!

მედეას ცხოვრება აქ არ სრულდება. შემდეგ ის ათენში წავიდა, ეგევსს გაჰყვა ცოლად და ათენის დედოფალი გახდა. ამის შემდეგ სპარსეთის დედოფალი იყო, ბოლოს კი სამშობლოში დაბრუნდა და ბიძა ტახტიდან ჩამოაგდო.

მედეამ გაიმარჯვა ყველგან, სადაც კი მივიდა. ის მსოფლიო ლიტერატურის უმძლავრესი ფიგურა, უპოპულარულესი პერსონაჟია, რომლის შესახებაც იწერებოდა და ახლაც იწერება ნაწარმოებები მთელ მსოფლიოში. საქართველოში მედეას შესახებ აკაკის პოემა და ოთარ ჭილაძის არაჩვეულებრივი რომანი — „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გვაქვს. სწორედ ამ ნაწარმოებშია ქართულად დანახული მისი ბედიცა და ტრაგედიაც.

გრიგოლ ხანძთელი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პერსონაჟი გრიგოლ ხანძთელია. რა თქმა უნდა, ის ისტორიული პირია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრიგოლ ხანძთელი შესანიშნავი ქართული ნაწარმოების გმირიცაა. გიორგი მერჩულემ არა მხოლოდ მისი ბიოგრაფია და ხასიათი, არამედ ის თვისებებიც აღწერა, რომელმაც შემდგომში ააშენა კიდეც ქართული სახელმწიფო.

გრიგოლ ხანძთელი ერთი უბრალო პერსონაჟი არ გეგონოთ, არც უბრალო მოღვაწეა, განმანათლებლობასა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში რომ მიიღო მონაწილეობა. გრიგოლ ხანძთელი ის ბურჯია, რომელსაც შემდგომში, სულ ახლო მომავალში,  საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაეყრდნობა.

მისი სახელი, კაცმა რომ თქვას, საქართველოს სახელია, გრიგოლ ხანძთელმა მოამზადა საქართველო, რომ ქვეყანად ქცეულიყო.

ტარიელი

ტარიელი, რომელმაც სახელი მისცა „ვეფხისტყაოსანს“, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი გმირია. ეს არის კაცი, რომელთანაც დაკავშირებულია სიყვარულის, როგორც სიმბოლოს, წარმოდგენა. ტარიელი სიყვარულია, ადამიანად ქცეული გრძნობა, რომლის ერთადერთი არსიცა და შინაარსიც ისევ და ისევ სიყვარულია.

შოთა რუსთაველს იდეალური გმირები უყვარს; გარეგნულად ტარიელი აბსოლუტურად უზადოა, მასში შერწყმულია ლომის სიმამაცე, წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში თუ გვხვდება და პოეტური სული. რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ რატომღაც წარმომიდგენია, რომ ტარიელი რუსთაველის ავტოპორტრეტია; თითქოს შოთამ თავისი თავი სულ ცოტა ორ ნაწილად დაჰყო, მაგრამ ყველაზე ემოციური ნაწილი, რომელმაც „ვეეფხისტყაოსანი“ დააწერინა, ის სულიერება, რომელიც მასში იყო, სწორედ ტარიელია.

პლატონური ტრიადა რომ გავიხსენოთ, არსებობს სული, არსებობს სამშვინველი, ანუ სიმამაცე და ვაჟკაცობა და არსებობს გრძნობა. შეიძლება ვთქვათ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ სწორედ ამ ტრიადის მიხედვითაა პერსონაჟები გაშლილი, ტარიელი კი ის სამშვინველი, ის ვაჟკაცობა, ის ენერგიაა, რომელსაც ქაჯეთის ციხის აღება შეუძლია. ალბათ გვახსოვს, ქაჯეთის ციხის აღების როგორი მზაკვრული და ცბიერი გეგმა ჰქონდა ავთანდილს, არანაკლებ კარგი — ნურადინ-ფრიდონს, მაგრამ ერთადერთი, რეალისტური და ამავდროულად — ზღაპრული, ანუ ვაჟკაცური გეგმა — ტარიელის გეგმაა.

ტარიელი სიმბოლოა იმ ქართველობისა, რომელიც საოცნებოდ გვრჩება სამუდამოდ, ვინაიდან, არაფერია ისეთი დიდი, როგორც მისწრაფება საყვარელი ადამიანისკენ.

შვიდი წელი ეძებდა ნესტანს ტარიელი, შვიდი წლის განმავლობაში მხეცებთან ერთად ცხოვრობდა და მისი სიყვარული ბუნებაში იყო გაბნეული. დიდი ხნის განმავლობაში ტარიელი ტრაგიკული პერსონაჟია, თუმცა, ანდამატივით მიმზიდველიც.

საერთოდაც, „ვეფხისტყაოსანი“ ტარიელის გამოჩენით იწყება, ჩვენ რაღა დავამატოთ?!

ავთანდილი

კაცმა რომ თქვას, თუ პოემაში სიმბოლოები განაწილებულია და ტარიელი სიყვარულია, ავთანდილი მეგობრობაა. ავთანდილიც იდეალური გმირია და ჩვენ მიერ ნახსენები მედეასი არ იყოს, მასაც ყველაფერი შერჩება.

სხვა ავტორს რომ დავესესხოთ, ავთანდილი დავლათიანი, ანუ იღბლიანი გმირია. ყველაფერთან ერთად, მისი ვაჟკაცობა და თავდადება ის თვისებებია, რაც მას იდეალად აქცევს, ვინაიდან მეგობრობისთვის თავის სიყვარულზე (დროებით) უარს ამბობს.

ავთანდილი დარწმუნებულია, რომ ახლა მთავარი ტარიელის გადარჩენაა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პირადი კეთილდღეობა. სწორედ ამიტომაც, ჩემი აზრით, ის არ ისჯება იმ პატარა გადაცდომებისთვის, როგორიცაა ფატმანთან ურთიერთობა, ჭაშნაგირის მკვლელობა და ა.შ.

ავთანდილი ისეთ რამეს ერთგულებს, რომ შეუძლებელია, მასში ვინმემ რამე დასასჯელი და მანკიერი დაინახოს. მან ხომ ყველაზე უფრო ღრმა, ყველაზე უფრო დიდი იდეალი დაინახა, დაასკვნა, რომ სხვა ადამიანი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მე. მეტიც, როცა სხვა განსაცდელშია, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე. ეს არის ძეგლი ადამიანობისა, ეს არის აზრი „ვეფხისტყაოსნისა“.

ნესტან-დარეჯანი

„კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!“ — ნესტანის სიტყვებია. ნესტან-დარეჯანი ქართული ლიტერატურის ვარსკვლავია, რომლის გარეშეც ამ ლიტერატურას საერთოდ ეკარგება აზრი — ყველაფერი, მთელი ძალა და ენერგია ტარიელის სიყვარულისა და ტარიელისადმი ავთანდილის მეგობრობისა, ხომ ამ მნათობისადმი არის მიმართული!

ნესტან-დარეჯანი თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, მაგარამ ამავდროულად, ყველაზე დიდი ტრაგედიის, უდიდესი განსაცდელის ადამიანია. მსგავს ვითარებაში ნებისმიერი სხვა, ალბათ, ჩაიკარგებოდა, ცხოვრება გასრესდა ან უბრალოდ ცოლად გაჰყვებოდა მოწვეულ ხელმწიფეს და იქნებოდა კარგი, ცუდი, ან სუსტი დედოფალი.

მაგრამ! ნესტან-დარეჯანმა თავისი ბედი თავისი ხელით თავადვე გამოჭედა. ტარიელი დაიბნა, ვერ შეძლო სიყვარულის დაცვა, აი, ნესტანმა კი თავად შეიმუშავა ის მზაკვრული, დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც ერთადერთი გზა იყო თავისუფლების, მისი სულისა და სიყვარულის გადასარჩენად.  ნესტანი, გარკვეულწილად, მედეას მემკვიდრეა, თუმცა, მისგან განსხვავებით, ამ გრძნეულებისთვის დაისაჯა, თანაც როგორ?! მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი გმირების: ოდისევსისა და ტანჰოიზერის მსგავსად, ისიც შვიდ წელს იჯდა ქაჯეთის ციხეში. ეს ქაჯებიც, კაცმა რომ თქვას, ადამიანები უფრო არიან, ეს ტანჯვა მითოსური კი არა, ადამიანური ტანჯვაა.

მხოლოდ ნესტან-დარეჯანის სახე რომ შეექმნა რუსთაველს და მთელი სამყარო საქართველოდ არ გამოეცხადებინა, ტარიელის, ავთანდილისა და სხვა პერსონაჟების უზარმაზარი სახეები რომ არ ეჩუქებინა, ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი საკმარისი იყო  მსოფლიო ლიტერატურაში მისი სამუდამოდ დამკვიდრებისთვის.

სწორედ ასეთი პერსონაჟების გამო არსებობს ლიტერატურა, იმიტომ, რომ ლიტერატურა ბუღალტერია — გმირების სიმრავლე და მათი აღრიცხვა არაა, პერსონაჟები უნდა ელვარებდნენ, აი ისე, როგორც ნესტან-დარეჯანი.

ლუარსაბ თათქარიძე

ლუარსაბ თათქარიძე ის პერსონაჟია, რომელიც ყველა ქართველში ზის, როგორც ერთხელ თქვა ჭოლა ლომთათიძემ, პერსონაჟი, რომლის გამოც ილია ჭავჭავაძეს პირველად დაემუქრნენ სიკვდილით.

ამ პერსონაჟისთვის ილიამ თავისი პირადი თვისებები გაიმეტა, მათ შორის, გარეგნული ნიშნები, არა მხოლოდ ჭამის სიყვარული (რომელიც ჩვენი ნაციონალური თვისებაა), არამედ სიღრმისეული მსჯელობაც ჭამა-სმაზე, რაც ასევე უაღრესად დამახასიათებელია ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, სატირულ ნაწარმოებზე ვსაუბრობთ და ლუარსაბი უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ მეტისმეტად საყვარელი კი გამოუვიდა. ლუარსაბის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია ქართული ყოფა. ის გაკიცხული პერსონაჟია, ნაჩვენებია მისი სიბრიყვე, სიჯიუტე, შეცდომები, მაგრამ, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია?!

თუკი ლუარსაბ თათქარიძეში ვინმე ნაწილობრივ მაინც ვერ იცნობს თავს, ეტყობა, საკმარისად ქართველი არ არის, იმიტომ, რომ ქართველობა მხოლოდ ტარიელობა, ავთანდილობა და ალუდა ქეთელაურობა არაა. ლუარსაბ თათქარიძე ქართველი ხალხისთვის ნაჩვენები წითელი ბარათია, ეს არის სარკე, რომელშიც ჩვენ ჩავიხედეთ.

ალუდა ქეთელაური

ქართული ლიტერატურის სიამაყე, ალუდა ქეთელაური ის პერსონაჟია, რომელიც ექვსასი სტრიქონის მანძილზე ისე შეიცვალა, რომ უცნაურია, როგორ ცნობს თავს.

ალუდა იმ წამს შეიცვალა, რა წამსაც მას მტერმა თოფი გადმოუგდო. მუცალმა მასში ვაჟკაცი დაინახა, რომელსაც, მისსავე მკვლელს, საკუთარი თოფი აჩუქა, თუმცა კი იქვე დაამატა, ახლა შენ იყოს რჯულძაღლოო. ალუდა მუცალისთვის მტრად დარჩა, მაგრამ რა წამსაც მოწინააღმდეგემ თოფი აჩუქა, ქალივით ატირდა, როგორც ვაჟა წერს. ეს არაა შემთხვევითი ამბავი, ეს ხომ მშობიარობის, ახალშობილის ტირილიცაა, ზუსტად იმ მომენტში, პირველად რომ ამოისუნთქებს. ალუდაშიც ამ მომენტში დაიბადა ადამიანი. ესაა მოვლენა, როცა იგი წამში შეიცვალა, იქ, სადღაც, სულის სიღრმეში.

ამ ცვლილების მიუხედავად, მუცალის ძმას მაინც აჭრის ხელს, თუმცა არა მუცალს! თოფსაც დაუდებს, არ აიღებს, ცოდვად მიაჩნია ეგ საქმე. ამის შემდეგ არაა, რომ წამოსცდება, „იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა“? რა გასაკვირია, რომ ამ ფრაზაზე მკაცრ პასუხს იღებს, აბა სად გაგონილა იმ ვითარებაში მუსლიმის ცხონება, როგორ შეიძლება ამის თქმა?! მაგრამ ალუდა ქეთელაური უკვე თავის გზას ადგას. მას არავისი ეშინია. ეს არის კაცი, რომელიც, რაღაცნაირად, აღფრთოვანებულია ამ ახალი სიმაღლით. იგი სიხარულით თრთის, რადგან შეუძლია, ემსახუროს სიმართლეს, რომელსაც ირგვლივ ვერავინ ხედავს. ყველანი ფიქრობენ, რომ ალუდა დაბრმავდა, ალუდამ კი იცის, რომ მხოლოდ თავადაა მხედველი, დანარჩენები კი ბრმანი არიან. და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აქ იბადება სიყვარულის გრძნობა — სხვები რომ ვერ ხედავენ; მას ისინი ებრალება.  

ალუდა ქეთელაური პლატონის გამოქვაბულიდან მზეზე გამოყვანილ კაცს ჰგავს, რომელსაც რეალობა აჩვენეს, გამოქვაბულში დაბრუნებულს კი არავინ უჯერებს და აღარც უკან იღებენ.

ალუდა ქეთელაური ტრაგიკული პერსონაჟია. ამ კაცმა იცის სიმართლე, სიმართლე, რომელსაც ვერავინ გაიგებს. ესაა პრობლემათა პრობლემა. ალუდა თავად შესწირავს კურატს, იმასაც აღნიშნავს, რომ დღევანდელ მორწმუნეებს არაფერი ესმით და ღვთისშვილთ უკეთეს იციან; კაცმა რომ თქვას, ალუდა თავად გახდება ღმერთი, რომელსაც არათუ სძულს, არამედ სიყვარულით უყურებს თემს. 

თემი და ალუდა, ალუდა და თემი — ეს არ არის ორი თანასწორი ძალა, აქ ჩანს საცოდავი თემი და დაჩაგრული, მოკვეთილი, თუმცა ღმერთად ქცეული კაცი. ალუდა ხომ სულიერად იმ სიმაღლეზე ავიდა, საიდანაც სხვა ადამიანები პატარები და, ალბათ, საყვარლებიც ჩანან.

თარაშ ემხვარი

თარაშ ემხვარი, „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, გენერალ ემხვარის ვაჟი, ევროპაში განათლებამიღებული კაცია. ქალების ამ გულთამპყრობელის სიყვარულს იქ ელენ როსნერი იზიარებდა, საქართველოში დაბრუნებული კი, ემხვარებსა და შარვაშიძეებს შორის ძველი მტრობის მიუხედავად, თამარ შერვაშიძეს შეუყვარდება.

რომეოსა და ჯულიეტასი არ იყოს, ამ სიყვარულს მტრობის დაძლევა შეუძლია, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისში თმას მოკლედ შეიჭრის და რესტორანში ფოქსტროტს იცეკვებს, თარაშს თამარისადმი გული გაუცივდება.

თარაშ ემხვარი წარმართული, ძველი საქართველოს უცნაური სახეა. ლიტერატურულ ნაწარმოებში მას ხელი მოეცარა ყველაფერში: სიყვარული იქნებოდა ეს თუ სამეცნიერო საქმიანობა. კოლხური ფეტიშიზმის შესახებ ჰქონდა ნაშრომი და აქედანაც კარგად ჩანს, რა იყო მისი მთავარი ინტერესი — მედეას დროინდელი საქართველოს კაცია, კოლხური ფეტიშიზმის მკვლევარი.

საგულისხმოა თარაშ ემხვარის მიერ მეგობრისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც წერს, რომ სულ ორი გზაა — კომუნიზმისა და ფაშიზმის, თავად კი არ იცის, რომელს დაადგეს. ამიტომაცაა, რომ მისი გზა — მესამე, ანუ სიკვდილის გზაა.

მოგეხსენებათ, თამარის გარე მშობიარობის ამბავი. ბავშვი თარაშის შვილი უნდა ყოფილიყო, მათ ხომ ერთად იმგზავრეს მატარებლით... სიკვდილის მომენტში თამარს თარაშის ნახვა სურს და აქ დიდი სიყვარულია. ამიტომაცაა, სულ რომ მაკვირვებს ამ ნაწარმოებს სათანადო პატივს რომ არ მიაგებენ, თუნდაც ამ სიყვარულის გამო, რომელიც ბრწყინვალედ აღწერა ავტორმა. მართალია, ხან პორნოგრაფია დასწამეს, ხან ეროტიზმი, მაგრამ დიდი დროა გასული და ვაპატიოთ მათ, ვინც ამ ნაწარმოების სიდიადე ვერ დაინახა.

თამარის სიკვდილისწინა ამბებს რომ დავუბრუნდეთ, თარაშ ემხვარი მის დაძახილზე მიდის. ეს სიკვდილის ძახილია. თარაშმა კარგად იცის, რომ სიკვდილი ეძახის და შეიჭრება კიდეც ენგურში თავისი არაბიათი. მდინარის ტალღებთან ბრძოლაში ის უნდა დაიღუპოს და დაიღუპება კიდეც, ვინაიდან მთვარე, ანუ თამარი მოიტაცა ღამემ, ენგურმა. ეს ის მოტაცებაა, გველმა რომ მოიტაცა ნესტანი, მაგრამ „ვეფხისტყაოსნისგან“ განსხვავებით, „მთვარის მოტაცება“ ბედნიერად ვერ დასრულდება.  

დომენიკო

„სამოსელი პირველის“ სიუჟეტში თავგადასავლის მაძიებელი ყმაწვილის — დომენიკოს ისტორიაა მოთხრობილი, ასე ვთქვათ, ქართული ვერსია ძე-შეცთომილის ბიბლიური ვერსიისა.

დომენიკო ის კაცია, რომელშიც სიკეთეა ჩაბუდებული — მას ხომ უფლის სახელი ჰქვია და მასში ცხოვრობს კიდეც უფალი.

დომენიკო ის კაცია, რომელსაც უთხრეს, რომ არსებობს სხვა სამყაროები, სამყაროები, რომლებიც თვალით არ უნახავს და თავისი სოფლისა და მშობლიურ სახლ-კარს მიღმა არსად არ ყოფილა.

დომენიკო ის კაცია, მამას რომ ტოვებს და ლამაზ-ქალაქში მიდის. აქ მას სიყვარული ეწვევა, გაიცნობს ქალს და გაიგებს, რა არის ნამდვილი ქალი. მერე ნამდვილ სიყვარულს და მისი დაკარგვის სიმწარესაც ეზიარება.

შემდეგ სულ სხვა ადგილას აღმოჩნდება, სადაც ნახავს კეთილ და ბოროტ ადამიანებს. გაიგებს, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში კეთილები არიან და არსებობენ კეთილები, რეალურად, ბოროტები რომ აღმოჩნდებიან. გაიგებს, რომ არსებობენ არც ერთი ბრძოლის მომგები გენერლები, რომელთაც, რატომღაც, ლათინურ-ამერიკული სახელები აქვთ. გაიგებს, რომ არსებობს უამრავი რამ, ეს ყველაფერი კი დომენიკოს სულიერ ზრდას ემსახურება.

მერე კიდევ, ეს ჩვენი, კარგად ნაწრთობი გმირი სამოთხეში აღმოჩნდება და გაიგებს მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის, თავდადების, გულწრფელობის, პატიოსნებისა და  პატიების რაობას.  

დომენიკო იმასაც დაინახავს, რომ შეუძლებელია დედამიწაზე სამოთხის აშენება, თუნდაც ამ ამბავში კონსილიერი იყოს ჩართული.

და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა — შინისაკენ, მამისკენ მიმავალი გზაა.

დომენიკო შინ დაბრუნებული, ერთ-ერთი უბედნიერესი პერსონაჟია. ეს უსაყვარლესი პერსონაჟი არა მხოლოდ ავტორის, მკითხველის სიმპათიითაც სარგებლობს. გურამ დოჩანაშვილმა შეძლო, ჩვენში, სულ ყველაში, მამა-შვილური და დედა-შვილური გრძნობების გაღვივება — გარკვეული გაგებით, დომენიკო ხომ ჩვენი იდეალური შვილია...

დათა თუთაშხია

კაცი, რომელიც წააწყდება უსამართლობას და 19 წლის ასაკში გადაწყვეტს გააბრაგებას, როგორია?! 

მეჯოგე კაცი, რომელიც აბრაგი გახდა, მაგარი უნდა ყოფილიყო და სიცოცხლეც, როგორც ღირსეულ აბრაგს შეეფერება, ისე უნდა დაესრულებინა, მაგრამ ბედისწერამ დათასთვის სხვა რამ ისურვა.

დათა თუთაშხიას ბუნებრივი სიკეთე ჰქონდა დანათლებული და ამ სიკეთეს უზიარებდა ყველას. ეს იყო მისი სიხარული, მისი დანიშნულება, თუმცა პირველ, მეორე თუ მეასე შემთხვევაშიც დარწმუნდა, რომ ვისაც ჩააცვა, იმან გახადა. აი, ამ დროს მიიღო დათამ ჩაურევლობის გადაწყვეტილება.

„არ ჩავერევი“ უდიდესი მომენტია ისტორიაში. იყო დრო, როცა ასეთი გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძემაც მიიღო, რის პასუხადაც წერილი მიუვიდა — გააქტიურდი, თორემ მოგკლავთო!

დათას არავინ აღმოაჩნდა ასეთი წერილის მიმწერი, მაგრამ არც იმოდენა ნებისყოფა აღმოაჩნდა, ეს ჩაურევლობა დიდხანს აეტანა. მას ხომ ხელი მოჰკიდეს გულზე?! ვისაც დათა თუთაშხიასა და ნინოს მიმოწერა წაუკითხავს, მიხვდება, რასაც ვამბობ. ეს ეპიზოდი საერთოდ არ ჩანს მრავალსერიან მხატვრულ ფილმში, აბა ეპისტოლეები რა ფილმის საქმე იყო...

ამ სიყვარულმა იგი ხელახლა გააჩინა, ხელახლა ჩაერია და რამდენადაც ჩაერია, იმდენად მაღალ საფეხურზე ავიდა — აბრაგი კაცი ნელ-ნელა ეროვნული გმირის შარავანდედით შეიმოსა.

დათა თუთაშხია დიდი კაცია სიცოცხლით, მაგრამ კიდევ უფრო დიდია სიკვდილით! როგორი საქმეა საკუთარი სხეულის გაქრობა, ვინმემ ხელი რომ არ მოითბოს, რომ არ გადაგვარდეს შენი სიკვდილით?!

და აი ასეთი პერსონაჟის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გარდა, რას უნდა ვგრძნობდეთ?! მან ხომ ლიტერატურული ნაწარმოებიდან პირდაპირ ქართულ ცხოვრებაში შემოაბიჯა და ჩვენი ყოფის ნაწილად იქცა.

პროექტის ავტორი და რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^