Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვები ციფრულ სამყაროში - რა უნდა ვიცოდეთ

13 დეკემბერი 2017

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რა საფრთხეს და შესაძლებლობებს შეიცავს ინტერნეტი, რა უნდა ვიცოდეთ  და როგორ დავიცვათ ბავშვები? -  ამ საკითხებზე სასაუბროდ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ორგანიზებით დისკუსია მოეწყო.

შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიშის - „ბავშვები ციფრულ სამყაროში -2017“ პრეზენტაციაც გაიმართა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მთავრობები და კერძო სექტორი  ჩამორჩებიან ცვლილებების ტემპს, რის შედეგადაც მატულობს ბავშვებისთვის ახალი რისკისა და ზიანის საფრთხე,  მილიონობით დაუცველი ბავშვი კი სრულიად უგულებელყოფილი რჩება.

გაეროს ახალ ანგარიშში შესწავლილია შესაძლებლობები,  რომელთა შეთავაზებაც შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის, მათ შორის იმათთვის, ვინც იზრდება სიღარიბეში ან ჰუმანიტარული კატასტროფის მსხვერპლია. ეს გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას და ბავშვების უზრუნველყოფას სათანადო პლატფორმით.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ბავშვებისა  და ინტერნეტუსაფრთხოების თემაზე საზოგადოებაში, დიდი ხანია, დისკუსია მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ამაზე საჯარო დიალოგის დაწყება.

„რასაკვირველია, ინტერნეტი არის უსაზღვრო შესაძლებელობები  ადამიანებისთვის და შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ვისაუბროთ ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომ ბავშვების განათლებას შევუწყოთ ხელი, მაგრამ ის გარკვეულ რისკსაც გვთავაზობს, როგორიცაა: ბულინგი, სექსუალური ძალადობა და ა.შ. ეს საფრთხე სხვა სივრცეში არსებობს, მაგრამ ონლაინსივრცემ დამატებითი საფრთხეები შექმნა, რაც საყურადღებოა", - ამბობს მაია ქურციკიძე.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, რამდენ დროს ატარებს ბავშვი ეკრანსა და ინტერნეტთან, არამედ ის, თუ როგორ ატარებს ამ დროს, რას აკეთებს და როგორ იყენებს ინტერნეტს. როგორც ქურციკიძე ამბობს, არ არსებობს მცირე და დიდი დრო, ოქროს შუალედი უნდა არსებობდეს და ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე - მშობელზე, გარემოზე, ოჯახსა და ა.შ.

დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო ბრიტანელი ექსპერტი ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კარი, რომელმაც საერთშორისო გამოცდილებასა და ევროპის ქვეყნებში ამ კუთხით არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.

საქართველოში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციის კომისიის წევრებმა, ხოლო უსაფრთხო ინტერნეტსა და თვითრეგულირების მექანიზმებზე - საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა. ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო ინიციატივაზე კი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

ბავშვები ონლაინსამყაროში - გაეროს ანგარიში და  საერთაშორისო გამოცდილება

„ბავშვობაში მეც ვყოფილვარ ბულინგის  მსხვერპლი, მაგრამ სახლში როცა ვბრუნდებოდი და კარს მივიხურავდი, იქ მთავრდებოდა ჩემი ჩაგვრა. ახლა ასე აღარაა. ბავშვები მარტო არასდროს არიან. ბულინგი, ინტერნეტის წყალობით, შეიძლება, იყოს ყველგან და ნებისმიერ დროს. ეს არის ერთ-ერთი ზიანი ონლაინცხოვრების“, - ამბობს ბრიტანელი ექსპერტი ჯონ კარი.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვების ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ დისკუსია ყველა ქვეყანაში აქტუალურია და რისკი ყველგან ერთნაირია.

ჯონ კარიმ ისაუბრა იმაზე, რომ ბევრ ქვეყანაში არის რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ბავშვების ხელმისაწვდობას მათთვის სარისკო და საზიანო კონტენტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს მშობლებისა და პედაგოგების თანაშრომლობას.

„სამი პრობლემა იკვეთება. პირველია კონტენტი ანუ შინაარსი, რითაც არიან დაკავებულები ბავშვები ინტერნეტში; მეორე, ქცევა, ანუ რას აკეთებენ და როგორ იქცევიან ციფრულ სივრცეში და მესამე, კომერცია ანუ ბიზნესი, რომლის მანიპულაციის მხვერპლნიც ადვილად ხდებიან ბავშვები. ამ პრობლემების გადაჭრის ორი ძირითადი გზა არსებობს. ერთია ტექნიკური მეთოდი, შეზღუდვა  და ლიმიტის დაწესება ინტერნეტთან წვდომაზე, მეორე - საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კუთხით ბავშვებთან მუშაობა", - ამბობს  ჯონ კარი.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით. მსოფლიო მასშტაბით ამ ასაკობრივი ჯგუფის 71% სარგებლობს ინტერნეტით მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს მონაცემი 48%-შეადგენს. ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს შეადგენენ.

„სმარტფონები „საძინებლის კულტურას“ ასაზრდოებს, ეს კი ინტერნეტს უფრო და უფრო პირადულ, ინტიმურ სივრცედ აქცევს ბავშვებისთვის და, შესაბამისად, ასუსტებს უფროსების ზედამხედველობას“, - ამბობს გაეროს ანგარიში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების სწავლისა და განათლების შესაძლებლობაა. ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, სპეციალიზაციის, ტრენინგების გავლის საშუალებას აძლევს მათ, სთავაზობს დასაქმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და ქმნის ახალ შრომით შესაძლებლობებს.

საუბარია ასევე იმაზე, რომ მილიონობით ბავშვს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა, არ გააჩნიათ ეს შესაძლებლობა. მაგალითად, მსოფლიოს ახალგაზრდების თითქმის 29%-ს - დაახლოებით 346 მილიონ ადამიანს - ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. აფრიკელ ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად აქვთ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება. მათი დაახლოებით  60% ამ შესაძლებლობას მოკლებულია, როცა ეს მაჩვენებელი ევროპაში 4%-ია.  არსებობს ციფრული გენდერული განსხვავებაც: მსოფლიოში 2017 წელს ინტერნეტის მომხმარებელი კაცები 12%-ით აღემატებოდნენ ქალებს. ინდოეთში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედზე ნაკლებია ქალი.

რაც შეეხება საფრთხეებს,  ანგარიშში საუბარია, რომ  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო ამძაფრებს ბავშვის ასაკთან დაკავშირებულ რისკს, როგორიცაა, მაგალითად, ბულინგი. ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას ანონიმური სოციალური მედიის პროფილების ან გასართობი ფორუმების საშუალებით. ახალი ტექნოლოგიები - როგორებიცაა კრიპტოვალუტა და ინტერნეტის ბნელი მხარე - აადვილებს ბავშვებზე სექსუალური ზემოქმედების ამსახველი ვიდეოებისა და მათთვის საზიანო სხვა სახის შინაარსის მასალის შექმნას.

ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდის (Internet Watch Foundation) მონაცემებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი რესურსის ერთიანი ლოკატორების (URL) 92% სულ ხუთ ქვეყანაშია განთავსებული: ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი და რუსეთის ფედერაცია.

ექსპერტები ამბობენ, რომ კერძო სექტორს – განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის მწარმოებლებს - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მას ყველაზე მეტად შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციაა, ციფრული ეპოქის ძალა და შესაძლებლობები მიიმართოს ყველაზე შეჭირვებული და მოწყვლადი ბავშვების დასახმარებლად და ზიანისაგან დაიცვას ყველაზე დაუცველი ჯგუფები. ფონდი 6 რეკომენდაციას აქვეყნებს:

  ბავშვების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის, იაფი ინტერნეტრესურსებით;

  ბავშვების დაცვა ონლაინზიანისაგან, რაც შეიძლება მოიცავდეს ძალადობას, ექსპლუატაციას, ტრეფიკინგს, კიბერბულინგსა თუ ასაკისთვის შეუსაბამო მასალაზე წვდომას.

  ბავშვების პირადი ცხოვრებისა და მათი ვინაობის დაცვა ინტერნეტსივრცეში.

  ბავშვებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სწავლება იმ მიზნით, რომ ისინი უკეთ ინფორმირებულები და დაცულები იყვნენ ინტერნეტ სივრცეში;

  კერძო სექტორის ბერკეტების გამოყენება ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და ინტერნეტსივრცეში ბავშვებისთვის სასიკეთო პრაქტიკის დაგეგმვისთვის;

  ციფრულ პოლიტიკაში ბავშვების ცენტრალური როლის აღიარება;

საქართველოში არსებული მდგომარეობა და რეგულაციები  

საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ და კომისიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ.

მერაბ ქათამაძემ ხაზი გაუსვა, რომ არასრულწლოვნებში ძალადობის გახშირებულმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ წარმოშვა კითხვა, საქართველოში არსებული მარეგულირებელი თუ თვითრეგულირების მექანიზმები რამდენად ეფექტიანად მუშაობს და ხომ არ არის ამ თვალსაზრისით პრობლემა.

თამთა ტეფნაძემ არასრულწლოვანთა დაცვის არსებულ მექანიზმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა. მისი თქმით, საჭიროა სიღმისეული კვლევა, რადგან არსებული რეგულაციები საჭიროებს დახვეწას და ცვლილებებს.

არსებული რეგლამენტით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები სრულწლოვანისათვის განკუთვნილ მომსახურებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულწლოვანებისთვის განკუთვნილი კონტენტი კოდირებული იყოს, რომ ბავშვებს თავისუფლად წვდომის საშუალება არ ჰქონდეთ.

ასევე, ვალდებულია,  არ დაუშვას ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული ნებისმიერი შესაძლო რისკისაგან, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომხმარებელი საფილტრო პროგრამით.

მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას და მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ზომას, რომ არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით: უნებართო ჩართვა;  დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა; მომხმარებლის დაშინება, შეურაცხყოფა და სხვა ღირსებების შემლახავი ქმედებების განხორციელება.

დაუშვებელ პროდუქციად მიიჩნევა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პირადი ცხოვრების შემლახველი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.

არასრულწლოვანი მომხმარებლის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას ჰქონდეს შესაბამისი გაფრთხილება, რაც მომხმარებელს თავიდან აცნობს აღნიშნული პროდუქციის შინაარსისა და შემცველობის თაობაზე; მომხმარებელთან გასაუბრებისას თუ მომსახურების მიმწოდებელს ექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი არასრულწლოვანია, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, შეწყვიტოს მასთან კავშირი.

რა იგეგმება ინტერნეტუსაფრთხოების კუთხით

დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. მან პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობას გულისხმობს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ღრმა დემოგრაფიული კრიზისისა და ბავშვებში ძალადობის გამო, გარკვეული პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი.

„ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო მუშაობა უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამაზე. გვინდა, ბავშვებისთვის უსაფრთხო ვირტულაური სამყარო შევქმნათ. კარგია, როცა ინტერნეტში მრავლადაა სხვადასხვა  ტიპის ინფორმაცია და ხელმისაწვდომია, მაგრამ ასევე ვთანხმდებით, რომ არსებობს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მათთვის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო არ აპირებს არავითარი ცენზურის დაწესებას და ინტერნეტკონტროლს; უბრალოდ, გვინდა, საკანონმდებლო დონეზე გავაჩინოთ მკვეთრი ჩანაწერი და პროვაიდერებს დაევალებათ ინფორმაციის ფილტრაცია, ვიდრე მივა მომხმარებლამდე. თუმცა ეს ფილტრაცია იქნება ასაკობრივად დიფერენცირებული და არა შეზღუდული ყველა ასაკის ადამიანისთვის", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით,  პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველია  სამართლებრივი, რაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს და მეორე -  ტექნიკური ნაწილი, სადაც აღსრულებაზე კონკრეტული, კომპეტენტური უწყებები განისაზღვრება. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მალე დაიწყება მსჯელობა  და  საზოგადოებას მოუწოდებენ ჩართულობისკენ, იმისათვის, რომ ყველას აზრი იყოს გათვალისწინებული და საბოლოოდ შეჯერებული დოკუმენტი მიიღოს პარლამენტმა.  

თვითრეგულირების მექანიზმებზე ისაუბრა საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა.

„აუცილებელია, გავიხსენოთ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, სადაც მან პირდაპირ განმარტა, რომ შეფასება კონტენტის მავნებლობასთან დაკავშირებით  საკმაოდ სუბექტურია,  შესაბამისად, მავნეა თუ არა ეს კონტენტი კონკრეტული ბავშვისთვის, ოჯახისა თუ ადამიანისთვის და ა.შ. შეუძლებელია, შეფასებული იყოს სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში მშობლების ჩართულობის გაზრდაა მნიშვნელოვანი. მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის შინაარსის შემცველი ინფორმაციაა მისი შვილისთვის მავნებელი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს,“ - ამბობს უჩა სეთური.

მისი შეფასებით, არსებული საკანონმდებლო აქტები თუ რეგლამენტები, რომელიც ინტერნეტსივრცეში მომხმარებელთა უფლებებს ეხება, საკმაოდ მოძველებულია:“ ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობებიც კი გვაქვს, რომლის შესრულებაც ბუნებაში შეუძლებელიც კი არის, მაგალითად, დომენის გამცემი ვალდებულია, სისტემატურად აკონტროლოს დღეს გაცემული 40 ათასამდე დომენი და იქ თუ რამე უკანონო დევს, რეაგირება მოახდინოს, ეს თავისთავად შეუძლებელია და სასაცილოც კი არის.“

რაც შეეხება შავ სიებს, სადაც სახიფათო კონტენტის შემცველი ვებგვერდები აღირიცხება, უჩა სეთური აბობს, რომ არ შეიძლება, ამ სიებს ადგენდეს სახელმწიფო, რადგან ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში მაღალია ცენზურის რისკი. ასეთი სიები მშობელთა ჩართულობით და მათი სატელეფონო ზარების შედეგად უნდა შედგეს.

უჩა სეთური ამბობს, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით მომზადებულია თვითრეგულირების კოდექსი, რომელიც 2018 წელს შევა ძალაში. ასევე, მუშაობენ ონლაინპლატფორმის შექმნაზეც, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ლეგალური და რა არა. ასევე, იქნება ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მშობლებს და მათ ცნობიერებას გაზრდის ამ კუთხით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^