Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ დადიან ბავშვები ბაღში?

23 ივლისი 2013

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტი საბავშვო ბაღში არ დადის

საქართველოში სკოლამდელ დაწესებულებაში სკოლამდელი ანუ 3-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვების 46 პროცენტი დადის.

საბავშვო ბაღებში სოციალურად დაუცველ ბავშვთა მხოლოდ 30%, აზერბაიჯანელთა 15%, სომეხ ბავშვთა 5% დადის. 

კითხვაზე რატომ არ  დაჰყავთ ბავშვები ბაღში, სოფლად მცხოვრები მშობლების 48% გეოგრაფიულ პირობებს ასახელებს. ქალაქში მცხოვრები მშობლების 53% კი მიაჩნია, რომ მათი ბავშვი ბაღისთვის პატარაა.

სასკოლო მზაობის ჩამოყალიბებაში სკოლამდელი აღზრდის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 კვლევების მიხედვით, ბავშვი, რომელიც სკოლამდელ ასაკში ბაღში არ დადიოდა ხშირად ჩამორჩება თანატოლებს. ზოგჯერ ასეთი ბავშვებისთვის მასწავლებლებს ფანქრის დაჭერის, ჯდომის, მეტყველების სწავლებაც კი უწევთ.

 „ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდის შემდეგ ბავშვები გაცილებით უკეთესად იწყებენ წერას, ანგარიშს, ნაკლებად უმტკივნეულოდ გადიან ადაპტაციას, ბევრად უკეთესად ამყარებენ ურთიერთობას. უტყუარია ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდის შედეგიანობა, ესაა საფუძველი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს განათლების შემდგომი ეტაპები.” - ამბობს  იუნისეფის წარმომადგენელი და განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე.

არასამთავრობო ორგაზანიცია „კივიტას გეორგიკას“  საქართველოს სოფლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც ბაღში არ დადიან, წიგნის გადაფურცვლაც კი უჭირთ.

„ბავშვების მცირე მოტორიკის შესამოწმებლად აძლევენ წიგნს, რომ გადაფურცლონ. მათ, ვინც ბაღში არ  დადიოდნენ  წიგნის ფურცელ-ფურცელ გადაშლაც კი უჭირთ.  ასეთი ბავშვებისთვის ღილის შეკვრაც პრობლემაა. რაც შეეხება ფიზიკურ განვითარებას, ცალ ფეხზე ხტომას და ა.შ. ამას ყველა ბავშვი ერთნაირად ახერხებს.” - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მესხიძე.

კვლევები ადასტურებს, რომ მოზრდილ ასაკში წარმატების მიღწევასა თუ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას უფრო მეტად ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც სკოლამდე აღზრდის დაწესებულებაში დადიოდნენ.

„კვლევები, რომლებიც დღეს არსებობს, თუნდაც თავის ტვინის განვითარების შესახებ, ამტკიცებს, რომ  ყველაფერი, რასაც სკოლამდელ ასაკში აგროვებ,  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელ ცხოვრებაზე.  ადრეული ბავშვობიდან იწყება მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის უთანასწორობა, ღარიბი ბავშვი დიდი ალბათობით ღარიბი მოზარდი იქნება. თუ მდიდარ ბავშვებს განვითარების სტიმულები სახლშიც უამრავი აქვთ, ღარიბი ბავშვებისთვის სკოლამდელ აღზრდას ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში კი  ღარიბი ბავშვების მხოლოდ 30 პროცენტი დადის ბაღში.“ - ამბობს საქართველოში იუნისეფის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი.

ბავშვთა ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდა, საშა გრაუმანის აზრით, ქვეყნის გავითარების აუცილებელი პირობაცაა. ამჟამინდელი შობადობისა და დემოგრაფიული ტენდენციების ფონზე, 2050 წლის პროგნოზი არც თუ იმედისმომცემად გამოიყურება. შემცირებული შობადობა მომავალში სამუშაო ძალისა და გადასახადების გადახდის უნარიანი მოსახლეობის შემცირებაზე მიუთითებს, რომელსაც ამავდროულად დაბერებული მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა დააწვება მხრებზე. „ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, თუმცა ასე საგანგაშო სიტუაცია, როგორიც საქართველოშია, არსად არაა.“ - ამბობს გრაუმანი და ამ პროგნოზის შესაბამისად ბავშვთა ხარისხიანი და სრულყოფილი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესად მიაჩნია.

რამდენად ხარისხიანი და სრულყოფილია საქართველოში სკოლამდელი განათლება, საკამათოა.

„საქართველოში საბავშვო ბაღები კომუნისტების დროს გაჩნდა: ეს იყო საწყობი, ე.წ. ბავშვთა  შესანახი კამერები. ამიტომაც იყო,  საბავშვო ბაღებში გავრცელებული, რომ როცა მასწავლებელი დაიყვირებდა ყველა უნდა მსხდარიყო წყანარად.  ასეთ ბაღში ლაპარაკი არ იყო ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. ძირითადი იყო ბავშვის უსაფრთხოება, კვება, სოციალიზაცია. მშობლებისთვის ეწყობოდა ზეიმები. ბევრ საბავშვო ბაღში დღემდე ასე ხდება.“ - ამბობს გიორგი მესხიძე.

2005 წელს სახელწიფომ დეცენტრალიზაციის პრინციპით ბაღები განსაკარგად ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა.

საბავშვო ბაღების მდგომარეობა და ხარისხი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და მისი განვითარება კონკრეტული მუნიციპალიტეტის კეთილ ნებასა თუ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. სკოლამდელი აღზრდის მიმართ სისტემური მიდგომა არ არსებობს.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩამოყალიბებული კონცეფცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს ბაღს: ეს არის დაწესებულება, სადაც ამ ბავშვის განვითარებაზე, განათლებაზე ზრუნავ და  სკოლისთვის ამზადებ, თუ ბაღი ბავშვის გარკვეული დროით დასატოვებელი ადგილია. სახელმწიფოსთვის ჯერჯერობით ბაღი სოციალური დახმარების ფორმაა მომუშავეთა ოჯახებისთვის.` - ამბობს ორგანიზაცია პორტიჯის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე.

უნისეფის აზრით, ქვეყანამ სკოლამდელი აღზრდის სფეროში სოციალურად დაუცველ, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ და სოფლად მცხოვრები ბავშვების ჩართვაზე უნდა იზრუნოს.

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სკოლამდელი გამოცდილება დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებისთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე არადაბალშემოსავლიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისათვის.  ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდა ამგვარ ბავშვებს შორის თანაბარი მიღწევების შანს მნიშვნელოვნად ზრდის და შესაბამისად გავლენა ახდენს შემდგომ სოციალურ თანასწორობაზე.

სკოლამდელ აღზრდაში ბავშვთა ჩართულობის ეფექტური და ეკონომიური გზა ალტერნატიული საბავშო ბაღებია, რომელიც ტრადიცული 8-საათიანი ბაღისგან განსხვავებით ბავშვს დაწესებულებაში 4 საათი აჩერებს. „კივიტას გეორგიკას“ ასეთი ბაღები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში აქვს გახსნილი. გიორგი მესხიძის განცხადებით, ასეთი ბაღები ტრადიციულზე არანაკლებ შედეგიანია. ეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა.

„კვლევისთვის გამოვიყენეთ ბავშვები, რომლებიც ჩვეულებრივ ბაღში დადიან, ბავშვები, რომლებიც ბაღში არ დადიან და ბავშვები, რომლებიც არ დადიოდნენ ბაღში, მაგრამ მომავალში ალტერნატიულ ბაღში ივლიდნენ.  ამ წუთას კვლევის პირველადი ანალიზი გვაქვს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ ბაღსა და ალტერნატიულ ბაღს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არაა. ხოლო ბავშვის პროგრესი ალტერნატიულსა და მუნიციპალურში განსხვავებულია. პროგრესი, რომელიც ბაღში შესვლიდან დამთავრებამდე ბავშვმა მუნიციპალურ ბაღში გააკეთა 20% განისაზღვრა. ალტერნატიულ ბაღში ეს პროგრესი  80 პროცენტის ტოლფასია.  აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ დაწესებულებაში ბავშვი ერთ წელი დადიოდა, მუნიციპალურში ორი და მეტი წელი დადიან.“ - ამბობს მესხიძე.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ არასამთავრობო მიდგომებს სტრატეგიული და სისტემური ფორმა უნდა შესძინოს და სკოლამდელი აღზრდის ერთიანი კონცეფცია ჩამოაყალიბოს.  

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^