დღე არ გავა, რომ ე.წ. “ტრაქტორების საქმეზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, ან დაცვის მხარემ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გაავრცელოს. მტკიცებულებათა წარმოდგენა, მათი გაბათილება, კამათი მხარეებს შორის, - ანუ, პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 20 ივნისს უნდა გამართულიყო და ბრალდების მოთხოვნით 5 აგვისტომდე გადაიდო, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
მოტივი, სად არის მოტივი? - იკითხა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეს ეძღვნებოდა. ადვოკატი გამორჩენის გარეშე ფულის გაფლანგვის უაზრობაზე მიუთითებდა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაქვემდებარებული უწყებების მეშვეობით საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად ტრაქტორების შეძენა გადაწყვიტა. ამისთვის ორი კომისია შეიქმნა, ერთი მეცნიერებისა და სპეციალისტების შემადგენლობით, რომელმაც შესასყიდი ტრაქტორების სპეციფიკაციები დაადგინა და, მეორე, რომელმაც ტექნიკის შესაძენად მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართა. ციხეში სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრები აღმოჩნდნენ. ესენი არიან - შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე და გივი ქაიხოსროშვილი.
მათ ბრალად სხვადასხვა დანაშაული, ძირითადად კი ფულის გაფლანგვა დაედოთ. პროკურატურა დაკავებულებს ედავება, თუ რატომ ურჩიეს სამინისტროს ერთი და არა მეორე ტიპის ტრაქტორების ყიდვა. ბრალდება ამტკიცებს, რომ იმავე შესაძლებლობების ტექნიკის ყიდვა უფრო იაფად შეიძლებოდა.
საქმეში ბრალდებული პირები, ბრალდებისა და დაცვის მხარის წინა სასამართლო ღია დაპირისპირების კვალდაკვალ, საუბრობენ ზეწოლაზე, რომელსაც მათი განცხადებით გამოძიება ახორციელებს.
ჯერ კიდევ 4 მაისს, როდესაც ბრალდებულები სასამართლოში პირველად წარსდგნენ, ზეწოლის შესახებ თითოეულმა მათგანმა ისაუბრა, თუმცა მათ განცხადებაზე საგამოძიებო ორგანოს რეაქცია არ ჰქონია. ერთი კვირის შემდეგ კი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დაკავებულებს ციხეში შეხვდა. მათ ზეწოლის ფაქტების არსებობა მაშინაც დაადასტურეს. 11 ივლისს კი გირაოთი გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ დეტალურად ისაუბრა ზეწოლის იმ ფორმებზე, რომელთა საშუალებით გამოძიებამ მას სასურველი ჩვენება ჩამოართვა. აღსანიშანავია, რომ ივანიაძემ ციხეში ყოფნისას ადვოკატის აცილება და სახაზინო დამცველის დანიშვნა მოითხოვა, რაც გათავისუფლების შემდეგ, ასევე პროკურატურის ზეწოლით ახსნა.
გაუსაძლისი პირობების შექმნაში სასჯელარსრულების დეპარტამენტს ერთ-ერთი ბრალდებული ომარ თედორაძეც ადანაშაულებდა, მან ციხიდან გამოგზავნა წერილი, სადაც აღწერს, როგორ შეექმნა მას ჯანმრთელობის პრობლემები, და როგორ არ აღმოუჩინეს დახმარება. “ვარ ავადმყოფი (ჰიპერტონია, ჰაერის უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, დიაბეტის ზღვარზე). დაფიქრდით, რატომ გადამიყვანეს ამ პირობებში, მას შემდეგ, რაც ვადის გაგრძელება მოითხოვეს. არაფერს ვითხოვ, ერთი თხოვნა მქონდა - გაეზომათ წნევა. მთელი ღამე, 17 რიცხვში არაფრით არ მოვიდა ექიმი ან ექთანი მაინც, წნევის გასამზომად”. - წერს თედორაძე.
“ლიბერალთან” საუბარში ბრალდებულებზე ზეწოლა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა კატეგორიულად გამორიცხა.
22 ივლისს პროკურატურამ მამუკა ივანიაძის ჩვენების ვიდეო-ჩანაწერის ნაწილი გაასაჯაროვა, რომლითაც შეეცადა დაედასტურებინა რომ:
“პირველი - ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად.
მეორე - ივანიაძემ გამოძიებას მიაწოდა მანამდე უცნობი ინფორმაცია შესყიდვის კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან კომპანია “ზეტორის” გამარჯვებაში ანგარებითი დაინტერესების თაობაზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კორუფციული სქემებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რომელთა განხორციელება აღიკვეთა მხოლოდ მათი დაკავების გამო;
მესამე - ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ მანვე საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილებისათვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში”.
ეს ციტატა პროკურატურის ვებ-გვერდზე დღესაც გამოქვეყნებულია. ზოგადად ეს განცხადება, თავის თავში რამდენიმე უზუსტობას შეიცავს:
განცხადების მიხედვით, ივანიაძის ჩვენების ,,ნამდვილობა და უტყუარობა ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით." იქვე კი ვკითხულობთ: - ,,ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი". გაუგებარია ის, რაც “ათეულობის მოწმის ჩვენებით დასტურდება”, “ახალი და განსხვავებული” როგორ არის?
ამასთან, ვიდეო-კადრები, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს უწყვეტი არ არის. ამიტომაც გაუგებარია რითი მტკიცდება, რომ ჩვენება ძალდაუტანებლადაა მოპოვებული?
მთავარი, რაც პროკურატურამ ივანიაძის ჩვენებიდან მიიღო, ისაა, რომ გამოიკვეთა მოტივი. გამოძიების აზრით, მოგება, რაც “ზეტორის” ფირმის ტრაქტორების შეძენით დაინტერესებულმა მხარემ შეიძლება მიიღოს, ისაა, რომ ტრაქტორებს მოგვიანებით, როდესაც შეკეთება დასჭირდებოდა, შესაბამის სერვისს გივი ქაიხოსროშვილის ფირმა მიაწვდიდა. “ესაა მათი სიუჟეტი, ამას ვერ გაწვდა გამოძიების ფანტაზია”, - აღნიშნავს ადვოკატი ბარათაშვილი.
“ბრალის ასეთ ფორმულირებას სამართლებრივ ანალიზს ვერ გავუკეთებ, ეს აბსურდია. გამოდის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამდენი თანამშრომელი, ამდენი მეცნიერი იმას ცდილობდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქაიხოსროშვილს ტრაქტორები შეერემონტებინა”, - ამბობს დაკავებულთა კიდევ ერთი ადვოკატი ლევან სამუშია.
ადვოკატები ბრალდების მხარის ქმედებებს შავ პიარს უწოდებს, “რომელსაც საპროცესო მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს”. ისინი საპასუხოდ ავრცელებენ ვიდეო-ჩანაწერს, სადაც გამოძიება დამოუკიდებელ ექსპერტებზე ზეწოლას ცდილობს და დასკვნიდან იმ აბზაცის ამოღებას ითხოვს, რომლითაც "ნიუ ჰოლანდის" ზეტორზე უპირატესობის წარმოჩენა უფრო რთული იქნებოდა.
გამოძიებამ ეს უპირატესობა საგანგებო ექსპერიმენტით უკვე წარმოაჩინა. მათ ტრაქტორები საველე პირობებში შეაჯიბრეს და დაასკვნეს, რომ: “საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკისა და „NEW HOOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა: ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა: საცდელი ხნულების გატარებას, მიწის მოხვნას, ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს „NEW HOOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა.”
“როდესაც გამომძიებელი ესპერიმენტს ატარებს, ბუნებრივია, იქ ექსპერტი უნდა მოიწვიოს. შეუძლებელია საკითხში ჩაუხედავმა და უვიცმა ადამიანმა სამეცნიერო დასკვნა გააკეთოს. რა მეთოდიკით ჩატარდა ექსპერიმენტი? რატომ არ აწონეს ტრაქტორები წინასწარ? რატომ არ გაზომეს საბურავების წნევა? რატომ არ გაითვალისწინეს ის, რომ ჩეხური ტრაქტორი უკანა ბალასტის გარეშე მუაშობდა? (სიმსუბუქე ტრაქტორის “დაბუქსავებას” იწვევს )” - ამბობს ბარათაშვილი.
უკვე რამდენჯერმე დაიკითხა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, ის მოდულის შენობაში შს სამნისტროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დაკითხა. ბარათაშვილის თქმით, შეკითხვები ზოგადი ხასიათის იყო და ერთ რომელიმე კონკრეტულ საკითხს არ შეეხებოდა.
ბრალდების და დაცვის მედიადაპირისპირება გრძელდება. 5 აგვისტოს კი ის სასამართლო დარბაზში გადაინაცვლებს. საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები და საელჩოები დიდი ყურადღებით აკვირდებიან. სავარაუდოდ, ის ახალი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი იქნება.