Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადავადებული აღსრულება - გამოსავალი თუ გამოსახლების დროებითი შეჩერება?

27 ივლისი 2013

საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლიც  2014 წლის თებერვლამდე  იპოთეკურ სესხებზე აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან კერძო პირისგან ისესხა ფული და ამის გამო  სახლი თუ სხვა ტიპის უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთაშემდეგ კი სესხი ვერ დააბრუნა, კრედიტორს არ ექნება შესაძლებლობა თებერვლამდე იპოთეკით დატვირთული ქონებიდან გასესხებული თანხა ამოიღოს.

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების გადავადების ინიციატივას, რომელიც დეპუტატ გედევან ფოფხაძეს ეკუთვნის, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო წრეებიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

გედავან ფოფხაძის განამარტებით, ცვლილებების მიღების მოტივი იმ პირთა ინტერესების გათვალისწინებაა, რომლებმაც იპოთეკური სესხების დაფარვა ვერ შეძლეს. მისი თქმით, ამ მდგომარეობაშია მოსახლეობის დიდი ნაწილი და შესაძლოა ათასობით ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩეს. ცვლილებები  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის.

„ჩვენ მივიღებთ დევნილთა მესამე ტალღას. ათობით ათასი ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩება და მას სახელმწიფომ უნდა მიხედოს და შეიფაროს. აუცილებლია, სახელმწიფომ გაატაროს დროული პოლიტიკა. მე გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სოციალური პრობლემა. ყველამ ერთად უნდა  მოვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად სახლებიდან ყრიან. პირველ რიგში საჭიროა, აიკრძალოს სასწრაფოდ მათი სახლებიდან გამოსახლება“, - ეს განცხადება კანონპროექტის ავტორმა გედევან ფოფხაძემ ცვლილებების განხილვისას იურიდიულ საქმეთა კომიტეტის  სხდომაზე გააკეთა. 

ამავე სხდომაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სანდრო ბარამიძემ. მათი შეფასებით, ასეთ საქმეებში სახელწიფო  არ უნდა ჩაერიოს.

კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია ეკონომიკის სამინისტროსთვისაც. როგორც 26 ივლისის მთავრობის სხდომის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ერთი ხელის მოსმით სააღსრულებლო პროცედურების შეჩერება ეკონომიკისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება  და საფრთხეს შეუქმნის კომერციულ საფინანსო სისტემას.  მისი თქმით, ცვლილებები პირველი მოსმენით ისე გავიდა, რომ  არ იყო შეჯერებული მთავრობასა და  უმრავლესობას შორის.

ცვლილეების პაკეტი, რომელსაც 49 დეპუტატი აწერს ხელს, პარლამენტმა 25 ივლისის  პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით,  69 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტზე მომუშავე დეპუტატების თქმით,  ექვსი თვის განმავლობაში როდესაც აღსრულება იქნება შეჩერებული, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ეს ჯგუფი შექმნის ერთიან ბაზას და აღრიცხავს ყველა იმ პირს, ვისაც საფინანსო ორგანიზაციებთან თუ კერძო იპოთეკარებთან დავალიანება აქვს. 

თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ნაბიჯები - როგორ აპირებს სახელმწიფო გადახდისუუნარო მოსახლეობის დახმარებას ისე, რომ მათ საცხოვრებელი სახლები არ დაკარგონ. გარდა ამისა, უცნობია ექვსთვიანი მორატორიუმის გასვლის შემდეგ ვინ გადაიხდის საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებებს.

ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა როგორც არასამთავრობო სექტორიდან ისე ბიზნეს წრეებიდან. მათი შეფასებით, ექვსთვიანი მორატორიუმი მხოლოდ დროებით შეაჩერებს გამოსახლებას, მაგრამ არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის და ამ პირებს მაინც მოუწევთ ვალების გასტუმრება.

„საერთაშორისო განმჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, რადგან ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

„ცვლილებები ფინანსურ სექტორში კრედიტის გაძვირებას და ხელმისაწვდომობის გართულებასაც გამოიწვევს, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე, მომხმარებელზე და სამუშაო ადგილებზე ნეგატიურად იმოქმედებს. ბანკებისთვის კრედიტის გაცემა სერიოზული რისკის მატარებელი გახდება, რადგანაც მისი ამოღება 7 თვის განმავლობაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ყოველივე კი ცვლილებების მოქმედების პერიოდში შეამცირებს  ეკონომიკურ აქტივობას. მაგალითისთვის, კრედიტის აღება თითქმის შეუძლებელი შეიძლება გახდეს იმ მეწარმისთვისაც, რომელიც გადახდისუნარიანია და კრედიტის აღება საქმიანობის გაფართოვების მიზნით სურს,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს ბიზნესასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებების მიღება არა მხოლოდ საბანკო-საფინანსო სექტორს შეუქმნის  პრობლემებს, არამედ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს უძრავი ქონების ბაზარს, მკვეთრად შეამცირებს საბანკო სისტემის მიმართ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობას და გააუარესებს საინვესტიციო გარემოს.

ასოციაციაში ამბობენ,  რომ სამწუხაროა, როდესაც მსგავსი სახის ინიციატივები ჟღერდება ისე, რომ არათუ - ექსპერტებთან, ბიზნესთან, დაინტერესებულ მხარეებთან იმართება წინასწარი კონსულტაციები, არამედ თავად მთავრობის ეკონომიკურ გუნდთანაც კი არ ხდება ინფორმაციის გაცვლა.

„კარგად ვაცნობიერებთ იმ სოციალური პრობლემების არსს, რომლებიც გამოწვევაა არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც, მაგრამ მსგავსი ინიციატივებით ეს საკითხი ნამდვილად არ მოგვარდება, რადგან პრობლემა ის კი არაა, რომ ადამიანები გადაუხდელი ვალების გამო საცხოვრებელს კარგავენ, პრობლემის სათავე მდგომარეობს იმ გარემოებებში, რაც ადამიანებს აიძულებს რისკის ქვეშ დააყენონ თავიანთი საკუთრება და აიღონ სესხი, რომლის დაფარვასაც ვერ შეძლებენ,“ - აცხადებენ ასოციაციაში.

ბიზნეს ასოციაციის პოზიციას იზიარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება პრობლემებს შეუქმნის ბიზნესსექტორს ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რადგან მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არალიკვიდური გახდება. ასევე, ცვლილებები პრობლემებს შეუქმნის საფინანსო სექტორს გაცემული იპოთეკური სესხების დაბრუნებაში და წაახალისებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას გადავადების პერიოდში.

ბიზნეს-ობუდსმენს მიაჩნია, რომ ასეთი დროებითი ღონისძიებები ვერ მოაგვარებს იმ პირთა სოციალურ პრობლემებს, რომელთა დასახმარებლად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა და სერიოზულად შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების პრობლემაზუ უკვე დიდი ხანია მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სოფიო ბეროშვილის თქმით, არსებული კანონმდებლობით თანხის ამოღება და იძულებითი აღსრულების დაწყება ძალიან მარტივია, კაბალური ხელშეკრულებები იდება, სადაც მეორე მხარის, მსეხსხებლის ინტერესები გათვალისწინებული არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით კანონმდებლობის გადახედვა. 

ბეროშვილი მიესალმება ინიციატივას და ფიქრობს, რომ გამოსახლება უნდა შეჩერდეს. სამუშაო ჯგუფში კი არასამათვრობო ორგანიზაციები, ფინანსიტები, იურისტები უნდა ჩაერთონ, რომლებიც გამოსახლების პირას მყოფი ადამიანების დასახმარებლად შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავენ და 2014 წლის თებერვლამდე შესაბამისი გამოსავალი მოძებნილი იქნება.

ორგანიზაციის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ამჟამად 161 ათასი მიმდინარე იპოთეკაა, სადაც ნახევარზე მეტი კერძო  მევახშეა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგანგაშოა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ქონებაც ბოლო წლების განმავლობაში ლომბარდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კერძო მევახშეების ხელში გადავიდა. საცხოვრებელი სახლი 100 000-ზე მეტმა ოჯახმა დაკარგა.

„ვითხოვთ გამოსახლების ფორმის შეცვლასაც. გამოსახლების დროს ოჯახის წევრების უფლებები უნდა იყოს დაცული. ხშირად ოჯახებში, რომლებსაც ასახლებენ მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ. ევროპული მოდელის მიხედვით, ამ დროს ოჯახის მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა უნდა შეისწავლოს, მისი დასკვნის საფუძველზე კი სახელმწიფო დაეხმაროს საცხოვრებლის შეცვლაში,  მოიძებნოს თავშესაფარი, ან დროებითი საცხოვრებელი, რომ  ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ,“ - ამბობს ბეროშვილი.

ორგანიზაციამ პარლამენტს უკვე წარუდგინა „სახელმწიფო პროექტი სოციალური იპოთეკის შესახებ“. სოციალური იპოთეკა, სახელმწიფო სუბსიდირებას გულისხმობს და კომერციული იპოტეკისგან განსხვავებით, სოციალური იპოთეკის შემთხვევაში პროცენტის ნაწილს სახელმწიფო იხდის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად.

აღნიშნული ცვლილებების პარალელურად იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს ეხება. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, კერძო მევახშეებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ბანკებისთვის გაკონტროლდება საპროცენტო ზღვარი.

„პროცენტული ზღვარი, რომელიც ამ ორგანიზაციებისთვის თუ კერძო მევახშეებისთვის მანიპულირების საგანია, უნდა გაკონტროლდეს. გვინდა ამაში ნოტარიუსის როლი გავზარდოთ და აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ იყოს იძულებული ისედაც ღარიბი ხალხი სახლიდან გამოასახლოს,“ - განაცხადა იუსტიციის მინიტრმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული სესხები 265.97 მილიონ ლარს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოცულობა 38.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 8.2%-ით.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^