Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამქრალი ბავშვები მედიაში

31 მარტი 2018

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტით ადევნებს, თუმცა ინფორმაციას იშვიათად ტელევიზიითაც ეცნობა.

მარიამი ამბობს, რომ ბავშვების აზრი მედიაში იგნორირებულია, „რადგან ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე ჩამოყალიბებულები იმისთვის, რომ აზრი გვკითხონ“.

მარიამის აზრით, ასეთი მიდგომა მხოლოდ ჟურნალისტების პრობლემა არ არის - „ზოგადად, უფროსი თაობა ჩვენ აზრს არ გვეკითხება. არადა, ვფიქრობ, არც ისე იშვიათად, შეიძლება სულაც უკეთესი აზრი მქონდეს, ვიდრე მათ“.

მარიამი ამბობს, რომ არამხოლოდ სკოლასთან ან, ზოგადად, ბავშვებთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ სხვა თემებზეც სურთ მას და მის მეგობრებს აზრის გამოხატვა: „უამრავი თემაა - მაგალითად, ჩვენს სოფელში ნაგვის ურნები პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი-ორია და იქაც არავინ აგდებს ნაგავს, მის ირგვლივ ყრიან. აი, ამ საკითხზე მაქვს, მაგალითად, აზრი.  ან სხვა შემთხვევასაც გავიხსენებ: მინდოდა, რომ სკოლის წინ ზებრაგადასავლელი მომეხატა, გამეფორმებინა და ეს სურვილი გამიქრა, რადგან უფროსებმა მითხრეს, რომ კანონით ეს არ შეიძლებოდა. არადა, ამგვარი გაფორმება ბევრგან მინახავს. ამის გაკეთება სოფიკომ (ანაგის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა) ადრეც სცადა, მაგრამ გამგეობამ არავითარი ყურადღება არ მიაქცია.  ვფიქრობ, იმიტომ, რომ  ჩვენს აზრებს სერიოზულად არ უდგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ბავშვების აზრი მნიშვნელოვანი არ არის“.

 *   *   *

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ პრობლემა - ბავშვების, როგორც რესპონდენტების გამოჩენა. 2016 წლის აპრილი - ივნისის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 34-დან 9 პროცენტამდეა შემცირებული იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ.

ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში მედია ბავშვებზე ისე საუბრობს, რომ თავად მათ აზრს არ ეკითხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასალა რაიმე ტიპის სოციალურ ან საგანმანათლებლო პრობლემას ეხება. რატომღაც მიიჩნევა, რომ ბავშვმა მსგავს სერიოზულ თემებზე კომენტარები არ უნდა აკეთოს. ამ ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მედია აშუქებს ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს (ხანდახან, ერთი შეხედვით, საკმაოდ სიღრმისეულადაც კი) თუმცა, სიუჟეტში თემის მთავარი გმირები - ბავშვები საერთოდ არ საუბრობენ.

კვლევაში რამდენიმე მაგალითიცაა განხილული:

მაგალითად, აჭარის ტელევიზიას ჰქონდა  სიუჟეტი სოფელ დაგვაში სკოლის ინფრასტრუქტურის პრობლემებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა პირდაპირ კავშირშია განათლებასთან და მოზარდებთან, რომლებსაც აღნიშნულ პირობებში უწევთ განათლების მიღება, სიუჟეტში ისინი საერთოდ არ ჩანან. შესაძლებელი იყო, რომ სიუჟეტის მომზადებისას მეტი ყურადღება გადაეტანათ მოსწავლეებზე, მათთვის შექმნილ სირთულეებზე და მათი პერსპექტივაც წამოეწიათ წინ.

კიდევ ერთ სიუჟეტში, რომელიც პირველ არხზე 14 ივნისს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გავიდა, საუბარია სწავლების ახალი მეთოდის დანერგვაზე სკოლებში და უშუალოდ ეხება ბავშვებს, თუმცა მხოლოდ ზრდასრულები საუბრობენ, ბავშვები ზოგად კადრებში ჩანან. მათთვის აზრი არ უკითხავთ.

„ბავშვების ხმა იმ შემთხვევაშიც კი არ ისმის, როდესაც მასალა უშუალოდ ბავშვების აქტივობას ეხება, - ვკითხულობთ ანგარიშში, -  მაგალითად, სააგენტო „GHN“-მა გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით „ირაკლი კობახიძემ და იანოშ ჰერმანმა ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი" გამარჯვებულები გამოავლინეს“. მასალაში საუბრობენ ევროკავშირის ელჩი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, მაგრამ თავად გამარჯვებული ბავშვებისთვის აზრი არ უკითხავთ. (იგივე ნიუსი ამავე სტილში სხვა ვებგვერდებმაც გამოაქვეყნეს, მაგალითად, „ინფო 9-მ“, „for.ge“-მ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ნიუსი, სავარაუდოდ, პრესსამსახურის მიერ არის მომზადებული და სააგენტოებისთვის გაგზავნილი, თუმცა ამის შესახებ არსადაა მითითებული).

„ტვ-25-მაც“  მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენის გაშუქებისას ყველა ასაუბრა, თავად ბავშვების გარდა. იგივე პრობლემა ჰქონდა 18 მაისს  ამავე ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტსაც, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეეხებოდა და რომელშიც, ძირითადად, მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, ტელევიზიამ მხოლოდ ზრდასრულების კომენტარები აჩვენა.

ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე მომუშავე ტრენერია. ბოლო დროს მან ტრენინგები რუსთავი 2-ში tv 1-ში, აჭარის ტელევიზიასა და გურჯაანის ტელევიზიაში ჩაატარა. ნინოს ვთხოვეთ ჩვენთვის თავად ჟურნალისტების დამოკიდებულების შესახებ მოეთხრო.

„ერთ-ერთი თამაში, რითაც ტრენინგებს ვიწყებთ ხოლმე ასეთია - ჟურნალისტებს ორ ჯგუფად ვყოფთ. პირველ ჯგუფს ვთხოვთ, ჩამოწერონ, თავიანთი აზრით, რა უფლებები აქვთ ზრდასრულ ადამიანებს, და მეორეს - რა უფლებები აქვთ ბავშვებს. ამას ვაწყობთ გვერდიგვერდ და ვიწყებ გადმოტანას. მათთვის დიდი აღმოჩენაა ხოლმე, რომ ბავშვებს აქვთ ყველა ის უფლება, რაც ზოგადად - ადამიანს და კიდევ უფრო მეტიც - იყვნენ დაცულები. ხოლო ყველა შეზღუდვა რაც მათზე ვრცელდება, არსებობს მხოლოდ მათ დასაცავად და არა იმიტომ, რომ  რაიმე უფლება არ გააჩნიათ“.

რატომ არ ჩანან ბავშვები მედიაში? - ჯაფიაშვილი რამდენიმე მიზეზზე საუბრობს:

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მედიაში ბავშვთა საკითხების მონიტორინგი გამკაცრდა და გაძლიერდა, რაც გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეაქვთ განცხადებები ქარტიაში, აკრიტიკებენ ჟურნალიტებს, ამ უკანასკნელთათვის ბავშვის გამოჩენა, ბავშვთან დალაპარაკება, რეპორტაჟებში ბავშვების მონაწილეობა იქცა რისკად, რომ შეცდომას დაუშვებენ, ან არ დაუშვებენ, მაგრამ მაინც გახდებიან კრიტიკის ობიექტები. ბავშვთან კომუნიკაცია ზედმეტი თავისტკივილი გახდა. „ამას არც მალავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ადრე წერდნენ ბავშვებს, ელაპარაკებოდნენ მათ, მაგრამ ახლა პრობლემური გახდაო.  ტრენინგების მთელი ციკლი შევცვალეთ, რომ ამეხსნა, რატომაა მნიშვნელოვანი, ბავშვი ჩანდეს, ბავშვის ხმა ისმოდეს, ბავშვის ისტორია მოვყვეთ.

ნინო ამბობს, რომ ამ რისკის შიშის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტის გამოხატულება ისიცაა, რომ ტელევიზიებმა ტოტალურად დაიწყეს ბავშვების „დაბლარვა“. „მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირება ბავშვს ზიანს მოუტანდა თუ არა, ყველა ბავშვის დაფარვა დაიწყეს“.

მთავარ მიზეზად ჯაფიაშვილი მაინც ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებას მიიჩნევს, „რომლის ანარეკლიცაა მედია“.

მისი აზრით, მედია, როგორც ხდება ხოლმე, საზოგადოების განწყობების და სტერეოტიპების მატარებელია. ბავშვებს არ თვლიან  თანასწორებად და სრულფასოვან პიროვნებებად. ერთმა ჩემმა სტუდენტმა გააკეთა კვლევა, სადაც ჩაწერა სინქრონები, რომლებშიც უფროსები ამბობდნენ - „თუ აზრი ვკითხე, მაშინ რაღა ბავშვია“.

ნინოს თქმით, ბავშვები იშვიათად, მაგრამ მაინც თუ ჩნდებიან. ჩნდებიან იქ, სადაც თემა უშუალოდ უკავშირდება ბავშვების საკითხებს, მაგრამ ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე ბავშვების ხმა საერთოდ არ ისმის. „ვთქვათ სკვერს აკეთებენ უბანში - რატომ არ უნდა გვაინტერესებდეს ბავშვების აზრი?

საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი წარმოდგენილი არ არის, არ ვცემთ მათ პატივს, ვაიგნორებთ, არ ვითვალისწინებთ, არ ვაფასებთ, არ ვამჩნევთ“.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ მრავალი წელია განათლების და, შესაბამისად, ბავშვთა საკითხებზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის განათლების პროგრამების მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი, ერთ მხრივ, დადებით პოზიციად აფასებს ტენდენციას, რომ „ყურადღება მიექცა ეთიკურ ჟურნალისტიკას განსაკუთრებით ბავშვთა საკითხებში, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსიაშვილი წუხს, რომ „ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს უფლება შევუზღუდეთ, საკუთარი აზრი მოგვაწოდონ. ეს გვამყოფებს ცალმხრივი ინფორმაციების ნაკადებში. ჩვენ ვიცით, რა ხდება ბავშვების თავს ექიმებისგან, მასწავლებლებისგან, მინისტრებისგან, დირექტორებისგან, მაგრამ თავად ბავშვების აზრი არ ვიცით“.

მოსიაშვილი კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს. მისი თქმით,  მაგალითად, ბავშვებს უწევს ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება, რეპეტიტორებთან მომზადება, ხშირად არ აქვთ ფული სწავლისთვის. ამ პრობლემების შესახებ ბევრი ადამიანისა თუ ორგანიზაციის აზრი ვიცით - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის, სპეციალისტების, მაგრამ თვითონ ბავშვების, ვინც ამით ცხოვრობს, რომელიც იძულებულია სკოლაში გაკვეთილს დაესწროს, შემდეგ რეპეტიტორთან იაროს, და ა.შ. - მისი განრიგი როგორია, მოსწონს თუ არა ეს პროცესი, რისი შეცვლა შეიძლებოდა უკეთესობისკენ - მათი აზრი არ ვიცით.   

....

სტატიაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემა პირობითი სახელით  „გამქრალი ბავშვები მედიაში“ და მას რამდენიმე ძირითადი და რამდენიმე თანმდევი მიზეზი აქვს. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები ბავშვებთან კომუნიკაციას შეცდომის რისკის გამო უფრთხიან, სინამდვილეა, თუმცა, ძირითადად, პრობლემები უფრო ზოგად ჭრილში, საზოგადოების ყველა ფენაში, დამოკიდებულებებსა და შეხედულებებში უნდა ვეძებოთ, რასაც მედია, როგორც მისი ბუნებრივი ნაწილი, ჯერჯერობით ვერ გაურბის.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^