Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი, რომელიც არ უყვართ

18 სექტემბერი 2013

რადიო ,,ეხო კავკაზას“ აფხაზური ბლოკის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა“-ს მიმომხილველი

აფხაზური ,,ცვლილებათა ქარი“ -   ასეთი იყო ამ მასალის  თავდაპირველი სათაური. ამ გაცვეთილი გამოთქმით იმ განცდათა ერთობლიობის გამოხატვა ვცადე, რომელთაც ჩემში აფხაზეთის  ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცხოვრება იწვევს. შაბლონური ფრაზა ჟურნალისტისთვის ცუდი ტონია, მაგრამ ხანდახან, როცა საქმე იმის შეფასებაზე მიდგება, რაც  ლოგიკას არ ექვემდებარება -  მაგალითად, სახელდაურქმეველ განცდაზეა ლაპარაკი, შეიძლება წინათგრძნობაზე კი - აზრის გადმოსაცემად სწორედ შაბლონებს ვიშველიებთ ხოლმე. თქვენც ხომ გქონიათ განცდა, თითქოს კარს სერიოზული მოვლენებია მომდგარი?

აფხაზეთში დღეს შექმნილ სიტუაციას მშვიდსა და დაწყნარებულს, რასაკვირველია, ვერ ვუწოდებთ. პირიქით, წლის დასაწყისიდან პოლიტიკური ძალები ბოლოს და ბოლოს გამოვიდნენ კომატოზური მდგომარეობიდან, რომელშიც ჯერ არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდნენ, შემდეგ კი, სულ რამდენიმე თვის მერე კი - ანქვაბზე თავდასხმის გამო. ხალხის ნდობის მანდატის  მოპოვება, რასაც  ძლიერი მეტოქეების - სერგეი შამბას და რაულ ხაჯიმბას დამარცხება მოასწავებდა, უკვე თავისთავად იყო მომგებიანი კარტი ალექსანდრე ანქვაბის ხელში, მასზე მოწყობილმა თავდასხმამ კი ,,ხალხის რჩეული“  სულაც ,,მოუხელთებლის“ შარავანდედით შემოსა. თუმცა, სახალხო მანდატიც და ეს შარავანდედიც  თანდათანობით გაილია- ანქვაბის რეიტინგი დღეს უდავოდ  ძალზე დაბალია. და მაინც, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, თითქოს ის უფსკრულის თავზეა გამოკიდებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ლოგიკის მოშველიებით ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ განცდა სწორედ ასეთი მაქვს.

იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება ბოლო ხანს შესამჩნევად კარგავს პოპულარობას, ცხადად ჩანს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს. მაგალითად, ამ თვეში აფხაზეთის დედაქალაქის ე.წ. ახალ რაიონში ჩატარებული დამატებით საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი გამოდგა. ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს ძალზე ძლიერ კანდიდატურას - ირინა აგრბას, ცნობილ მეცნიერსა და სატელევიზიო წამყვანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მხარდაჭერით მხოლოდ  დათვური სამსახური გაუწია. დამაჯერებელი გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატურამ, აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის წარმომადგენელმა დაურ არშბამ მოიპოვა. არადა, უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში ანქვაბმა ახალ რაიონში ხმების 60%-ზე მეტი დააგროვა.

ამ შედეგს წინ გარდაუვალი მარცხის არაერთი სიმპტომი უძღვოდა. პირველ რიგში, მასობრივი გამოსვლები ელექტროენერგიაზე ფასების მატების წინააღმდეგ. არანაკლებ მწვავე ატმოსფეროში წყდებოდა საბიუჯეტო სფეროს ხელფასების გაზრდის საკითხი. და, ორივე შემთხვევაში, მტკიცე პოლიტიკოსმა - როგორც ზოგიერთი უწოდებს, ,,რკინის ალიკმა“, მოქალაქეების ნების გაუთვალისწინებლობა ვერ გაბედა და მთვარობის არაპოპულარული გადაწყვეტილებები უკან გაიწვია.

მერე იყო გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონების ქართველთა პასპორტიზაციის სკანდალი. ძნელი წარმოსადგენია აფხაზებისთვის ამაზე უფრო მტკივნეული თემა. აფხაზები მთლიანობაში კორუფციის მიმართ მეტ შემწყნარებლობას იჩენენ, ვიდრე ომის შემდგომდროინდელი დემოგრაფიული სტატუს კვოს შესაძლო ცვილებისადმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე მიდგება საქმე.

მომდევნო მსგავსი ეპიზოდი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, ,,ერთიანი აფხაზეთის“ ოპოზიციაში გადასვლა გახდა. უცნაურია, მაგრამ ამ დროს გაჩნდა განცდა, რომ საქმის ამგვარად მოტრიალება ანქვაბისთვის მოულოდნელი გამოდგა. ამას მოყვა  ყველა სახელმწიფო მოხელისათვის მიცემული მითითება ,,ერთიანი აფხაზეთის“ დატოვების შესახებ, რაც ამ უკანასკნელებმა არა ,,ინგლისურად“, არამედ დემონსტრატიულად, პარტიული ხელმძღვანელობისთვის საჯარო ,,მიფურთხებით“ გააკეთეს და რაც, არა მგონია, გონივრულ ნაბიჯად ჩაითვალოს - მეტი დაცინვა და მასხრად აგდება სოციალურ ქსელებში ალბათ მხოლოდ ამავე მოხელეების  ახალშექმნილ ორგანიზაციაში გადასვლას ხვდა წილად, ორგანიზაციაში, რომელიც ვეტერანთა ორგანიზაცია ,,ამცახარა“-სგან ნაუცბათევად შეიქმნა და მისივე სახელწოდება შერჩა 

უკანასკნელი ექსცესები ახალ რაიონში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მოხდა. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში აფხაზეთის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდა, რასაკვირველია, ზემოხსენებული ,,ამცახარას“ გარდა.  ერთ მაგიდას მიუსხდნენ პოლიტიკოსები, რომელთა ერთად წარმოდგენაც კი ადრე შეუძლებელი ჩანდა. მაგალითად, სახალხო ერთობის ფორუმიდან გამოსული ოპოზიციური საბჭოსა და ორგანიზაცია ,,ახიაცას“ კავშირი ,,ერთიან აფხაზეთთან“. თუმცა, ფაქტი, რომ მათ ეკონომიკური განვითარების პარტიაც შეუერთდა - ანუ, ძალა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავი ცენტრისტულ პარტიად გამოაცხადა, გადაუჭარბებლად შეიძლება მოვლენად ჩაითვალოს: ამ პარტიის ლიდერი ხომ თავად ანქვაბმა დანიშნა აფხაზეთის წარმომადგენლად ლათინურ ამერიკაში.

ახალშექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის სახელმწიფო მოწყობის რეფორმირებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების მომზადებაა. მასში გაერთიანებული პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ დღევანდელი საპრეზიდენტო რესპუბლიკა მმართველობის მისაღებ ფორმად არ მიაჩნიათ. და თუ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის საინფორმაციო სამმართველოს ადვილად შეეძლო, ოპოზიციის მსგავს  ინიციატივაზე არცთუ დიპლომატიური ტონით ეპასუხა, დღეს ანქვაბი იძულებულია განაცხადოს, რომ საბჭოსთან კონსტრუქციული  თანამშრომლობისთვის მზად არის. საინფორმაციო სამმართველოს განცხადებაში ამგვარი პასაჟიც კი იყო: ,,შესაძლოა,  აფხაზეთში ზოგიერთი ხელისუფლებასთან ბრძოლის რევოლუციურ მეთოდებზე ოცნებობდეს, როგორც ეს უკანასკნელ ხანს  ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამგვარი დაპირისპირებების სავალალო შედეგების გათვალისწინებაც აუცილებელია.  ეს ქვეყნები დღემდე სერიოზულ ძვრებს განიცდიან. ალბათ ძნელი არ იქნება იმის წარმოდგენა, რას მოუტანს მსგავსი სცენარი აფხაზეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს. “მაგრამ აფხაზურ პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების მოახლოების განცდას ჩემში არც ამ ,,ჩინოვნიკების“ გაცხადებული შიში იწვევს რევოლუციების მიმართ, არც ოდესღაც მტკიცე ,,რკინის ალიკის“ უკანდახევები და არც ოპოზიციის კონსოლიდაცია, თანაც მის რიგებში ყოფილი სახელისუფლებო პარტიისა და ცენტრისტების გარევა. საქმე სულ სხვაა - შესაძლოა, ეს უფრო იმის განცდა იყოს, რომ ანქვაბი აფხაზეთს ,,არსაით’’ მიაქანებს , რომ ამ პოლიტიკას აფხაზეთისადმი განკუთვნილი ხვალინდელი დღის არანაირი ხედვა არ გააჩნია.

და რადგან განცდების სივრცეში შევაბიჯეთ, თავს უფლებას მივცემ, საკუთარი განცდა გაგიზიაროთ. ალექსანდრ ანქვაბი ჩვეულებრივი აფხაზი ლიდერი არ არის. ისტორიაში ჩაღრმავებას არ დავიწყებ, მაგალითად, ნესტორ ლაკობას ფენომენის გაანალიზებას არ შევუდგები, მხოლოდ პრეზიდენტებს შევადარებ ერთმანეთს. ვლადისლავ არძინბა უდავო ეროვნული გმირი და წინამძღვარია აფხაზთა უმეტესობისთვის, იმისდა მიუხედავად, რაც მისი მმართველობის ომის შემდგომ, განსაკუთრებით, მისი მძიმე ავადმყოფობის პერიოდში ხდებოდა. სერგეი ბაღაფში წარმოსადეგი ( კავკასიაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) პოლიტიკოსი იყო, რომელმაც, სხვა დანარჩენთან ერთად, კონტროლისა და ბალანსის სწორი სისტემის შექმნა მოახერხა. ესეც რომ არა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა მის დროს აღიარა. ეჭვგარეშეა: ანქვაბი აფხაზეთის ერთდერთი პრეზიდენტია, რომელიც ხალხს არ უყვარს.

თავიდანვე ასე იყო. ანქვაბის არჩევა მოსალოდნელი მხოლოდ მისი ოპონენტების მრავალი შეცდომის გამო მეჩვენებოდა, მაგრამ ვაღიარებ, პირველ ტურში მის გამარჯვებას მაინც არ მოველოდი. ამომრჩეველი ანქვაბს არც ნამდვილ ლიდერად აღიქვამდა, არც ,, ერთ კარგ და წესიერ კაცად“ თვლიდა. ანქვაბი მისთვის ერთი საბჭოთა მილიციონერი იყო, რომელიც ხალხს ,,ჩასასმელების“ ჩასმას პირდებოდა. ,,მტკიცე ხელის“ და წესრიგის მოთხოვნილება ხალხში იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ამომრჩეველმა მას ,,უბრალოდ“ ხმა მისცა - განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე და არაერთი წართქმით.

დღეს უკვე ცხადია: ანქვაბი ლიდერი ვერ გახდა. მისი მმართველობის პირველმა ორმა წელიწადმა ცხადჰყო, რომ მთავარი, ,,წესრიგის დამყარების“ შეპირება ვერ შეასრულა. ანქვაბის მოღვაწეობა, რომელიც რუსული ფულით დაუსრულებელ მშენებლობასა და ყოველ ორ ნაბიჯზე ახალ-ახალი საფეხბურთო მოედნების მოწყობაში გამოიხატებოდა,  ეკონომიკური ეფექტის მხრივ იმდენად აზრსმოკლებული საქმე იყო, ამის მიხვედრა არც ერთ გლეხს არ გაუჭირდება. პოლიტიკური ალღო ახლანდელ აფხაზ ლიდერს აშკარად ღალატობს - ძალიან უნდა მოინდომო, რომ შენს წინააღმდეგ განაწყო ლამის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა, იმ საერთო კონფორმიზმის ფონზე, რომლითაც მრავალრიცხოვან მებიუჯეტეთაგან შემდგარი საზოგადოება ტრადიციულად გამოირჩევა. 

რასაკვირველია, გარკვეულ მომენტამდე ამ ყველაფრის პატიება შეიძლებოდა, აპატიებდნენ კიდეც - ნებისმიერ პრეზიდენტს, რომელსაც პოზიტიური ქარიზმა მაინც ექნებოდა. ბოლოს და ბოლოს, მისი არჩევის მომენტიდან ჯერ ორი წელიც არაა გასული.  როგორც ლიდერს, მას რესურსების სოლიდური ჩამონათვალი გააჩნია, თან აფხაზური საზოგადოება ნებისმიერ შინაგან დაპირისპირებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. ამიტომ რომელიმე სხვა პრეზიდენტს ბევრ რამეზე თვალს წაუხუჭავდნენ, ოღონდ, ასეთი განცდა მაქვს, არა ალექსანდრე ანქვაბს.

 სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^