Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკაცო სოფლები - "ყველა ახალგაზრდა კაცი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთაა წასული"

19 დეკემბერი 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახლა ძირითადად ქალები ცხოვრობენ - მათი ქმრები სამუშაოდ რუსეთში ან თურქეთში არიან წასულები.

საბირქენდელი 22 წლის სევდა ალიევას მეუღლე ოჯახთან ერთად წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვე ცხოვრობს. “ჩვენი მეორე შვილი 1 წლისაა, მეუღლეს კი სამი თვის შემდეგ აღარ უნახავს. ვერ ხედავს, ბავშვები როგორ იზრდებიან. ერთმანეთს სკაიპით ველაპარაკებით. სოფლიდან თითქმის ყველა ახალგაზრდა კაცი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთაა წასული,” - ამბობს სევდა.

35 წლის საბინა ისმაილოვა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, აცხადებს, რომ ქმრები ოჯახებში ძირითადად საახალწლოდ ბრუნდებიან: “საზღვარგარეთ რომ არ წავიდნენ სამუშაოდ, ვერ ვიარსებებთ. ეს არ არის ადვილი არც მათთვის და არც ჩვენთვის. როცა ისინი სახლებში ბრუნდებიან, ბავშვები ვეღარ ცნობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის: აქ რომ დარჩნენ, უმუშევრობის გამო ოჯახის რჩენას ვეღარ შეძლებენ. ასე ცხოვრობს აქ  ყველა ოჯახი.”

72 წლის ისმაილ ჰასანოვი ამბობს, რომ სოფელში მხოლოდ რამდენიმე მამაკაციღაა დარჩენილი, ისიც ძირითადად ასაკოვნები. ახალგაზრდები კი სეზონური სამუშაოს შოვნის იმედით დროებით სხვა ქვეყნებში მიდიან, ან საერთოდ ტოვებენ საქართველოს: “ახლა თურქეთსა და რუსეთშიც კრიზისია და იქ წასულებს ცოტას უხდიან, მაგრამ სულ უმუშევრად ყოფნას ის ცოტა სჯობია. აქ სამუშაო არ არის. ვისაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავს, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა უჭირს. ამიტომ ურჩევიათ, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ.”

თურქეთში, სტამბოლის შრომით ბაზარზე  ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული უამრავი უმუშევარი ადამიანი იკრიბება. ყოველ მათგანს ხელში დიდი პოსტერი უჭირავს, პოსტერზე კი დიდი ასოებით წერია - “ვეძებ სამუშაოს”. სამუშაოს მძებნელთა შორის არიან მოქალაქეები ავღანეთიდან, საქართველოდან, სირიიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან…

22 წლის აიათ ჰასანოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანიდანაა. დღიური სამუშაოს მოსაძებნად სტამბოლის ბაზარზე ის ყოველდღიურად მიდის. აიათი დაოჯახებულია, თუმცა, ჯერ შვილები არ ჰყავს. ცდილობს, საქართველოში დარჩენილ ოჯახს საკუთარი შრომით ფინანსურად დაეხმაროს: “ცოტას გვიხდიან, მაგრამ მთლად უმუშევრობას მაინც ჯობია. არავინ დატოვებდა მშობლიურ ქვეყანას, იქ სამუშაო რომ ჰქონდეს. იძულებულები ვართ, სამუშაო თურქეთში ვეძებოთ. ეს შანსი რომ არ გვქონდეს, მარნეულში კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა. ჩვენი სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთშია წამოსული.”

სეზონური სამუშაოს შოვნის იმედით თურქეთში ხშირად ქალებიც მიდიან. სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები 45 წლის მედინა ბაირამოვა ქვრივია. 2 წლის იყო მისი შვილი, როცა მეუღლე გარდაეცვალა. ახლა ბიჭი უკვე 16 წლისაა და დედა იძულებულია, დროებითი სამუშაო მეზობელ ქვეყანაში ეძებოს. “თურქეთში ზაფხულში მივდივარ ხოლმე. ძირითადად, დღიურ სამუშაოს ვნახულობ და თხილს ან ჩაის ვკრეფ,” - ამბობს მედინა.

მათი დიდი ნაწილი, ვინც თურქეთში მიდის სამუშაოდ, როგორც წესი, დაზღვევის და კონტრაქტის გარეშე მუშაობს. მადინა დასძენს, რომ საქართველოდან წასული ბევრი ადამიანი თურქეთში ნესტიან, ნახევრად დანგრეულ სარდაფში ცხოვრობს.

ყიზილაჯლოელი 48 წლის გულშენ ნურმამადოვაც მადინას მსგავსად ყოველ ზაფხულს თურქეთში მიდის სამუშაოდ: “სამი გოგო და ერთი ბიჭი მყავს. უმცროს შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა ჩემმა ქმარმა სასიკვდილოდ მცემა და მიგვატოვა. თურქეთში ზაფხულში მივდივარ ხოლმე და ზოგჯერ შვილებიც მიმყავს.”

გულშენი ამბობს, რომ დღიურ სამუშაოში თურქეთში ცოტას უხდიან და იქ ნაშოვნი ფულით აქ ზამთრის გატანა ძალიან უჭირს.

თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს თურქეთში საქართველოს 4450 მოქალაქე მუშაობდა, 2015 წელს კი - 8524.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^