Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე სამხატვრო აკადემია — რა არის მისი მახასიათებლები, ატმოსფერო და მისწრაფებები

01 აგვისტო 2013

მელანო სოხაძემ თბილისის აკადემიის შემდეგ შვეიცარიაში გააგრძელა სწავლა და დღეს იქ მუშაობს. ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა მხატვრები მელანო დროდადრო მიგზავნის ხოლმე პროექტს, ტექსტს, რომ მათი ჰორიზონტი ერთად დავადგინოთ.

 

29 მაისი

ბატონო გია,

ჩემი პროექტის რელაიზაცია გაუთავებლად აწყდება წინააღმდეგობებს. ძალიან დამავალებდით თქვენი კრიტიკით, რომ დავინახო თუ რა კუთხით შემიძლია გავანვითარო ის.

პატივისცემით,

მელანო სოხაძე (ჯგუფი lott-ის ერთ-ერთი წევრი)

 

2 ივნისი

მელანო ჰაი,

ბმულში გიგზავნი ჩემს სტატიას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ძალისხმევის და სულისკვეთების უზოგადესი ისტორიის გააზრების მცდელობაა.

დღეს ხელოვნების სცენა აბსოლუტურად არ არის ერთგვაროვანი, არავინ არ ცდილობს გაარკვიოს ერთი და უცილობელი სისწორე — თუ რისთვის უნდა არსებობდეს და რას უნდა ემსახურებოდეს ხელოვნება — პლურალურ მიდგომაზე ყველა შეთანხმდა და ყველაფერი ერთნაირად არის დაშვებული.

აქტუალური სახელოვნებო სივრცე უამრავი კუნძულისგან შედგება. ერთი, ხელოვნების სოციალური ანგაჟირებულობისკენ მოუწოდებს, მეორე - მეტაფიზიკურ კვლევებს ქადაგებს, ვიღაც მხატვრის სრულ სუვერენობას ითხოვს და ასე შემდეგ. ამიტომ მხატვარმა იქამდე უნდა იმოძრაოს კუნძულიდან კუნძულამდე (ამოძრაო და შესთავაზო შენი პროექტი) სანამ თანამოაზრეს არ წააწყდება.

ამის გარდა შენს ნაწერებს ავტორიტარული ტონია აქვს — ეს კი კურატორებს არ უყვართ! შენ ეთიკურ-ესთეტიკური პრობლემების დაკონკრეტება გსურს — ეს კურატორებს თავის საქმედ მიაჩნიათ და მხოლოდ აღიზიანებთ (მხატვრისგან ისინი განყენებულ/პოეტურ ტექსტს ელიან).

ვიღაც ცდილობს შეძლებისდაგვარად არც პროფესორებზე, არც კურატორებზე, არც გალერისტებზე (არც ვინმე სხვაზე) არ იყოს დამოკიდებული — ეს არჩევანია. ბევრი დიდი შემოქმედი რეაგირებს ასე უკომპრომისოდ: არტო, სელინჯერი, ბრიუს ნაუმანი, აგნეს მარტინი, ჩვენი თანამედროვე ტომოკო ტაკაჰაში და ბევრი, ბევრი სხვა, გაურბოდნენ და გაურბიან “შემოქმედებითი საზოგადოებრივი სივრცის” ტრივიალობას და მოხმარებით ფუთფუთს. მოკლედ ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. თუ გინდა, რომ მოერგო სიტუაციას, ჭკვიანი სტრატეგიები გჭირდება (ამის კარგი მაგალითები ქართველ მხატვრებს შორისაც გვაქვს), მაგრამ თუ მარგინალობა არ გაშინებს საკუთარ თავს უნდა ენდო კვლევაში ­—სამყაროს გაუძალიანდე კრიტიკული დამოკიდებულებით. მაგრამ, გაფრთხილებ, მარგინალობა და წარმატება ერთმანეთს იშვიათად ეკვეთება — განსაკუთრებით დროში.

ჩემი დამოკიდებულება ხელოვნების მიზანთან სულ მოგზაურობაშია. ფუკოს ცნობილი გამოთქმის არ იყოს — “never ask me who am I and never demand from me to be the same”. ამ მომენტისთვის აქ ვიმყოფები: ხელოვნება არის ვალდებულების სრული არქონის მტკიცების სპეციფიური სახე აყვანილი პრინციპში და მიზნად ქცეული. ხელოვნება არ ემსახურება არც კაცობრიობას და არც თავის თავს, ის ემსახურება:

სრულიად გამორჩეულ ინდივიდუმს მის სწრაფვაში გაექცეს საკუთარი თავის და სხვების მსახურებას, საკუთარ თავს და სხვებს, მსხვერპლად გაიღოს საკუთარი თავი აბსურდისკენ მოძრაობაში — ანუ ცნება “ადამიანის” გადალახვაში.

ის არ უნდა ემსახურებოდეს კაცობრიობას (მის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სხვა და სხვა პრობლემებს) რადგან კაცობრიობა ემსახურება თავის თავს, თავის “აქ კეთილდღეობას” — ეს კი უბადრუკი მიზანია. ხელოვნება გაურბის ალტრუიზმს და ეგოიზმს და მათი სუბიექტების სიბეცეს და ტოტალიტარიზმს.

არ შეგაშინოს ამ კონცეფციებმა — ისინი აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ხვალ სხვა რამეს მოგწერ ალბათ — იმედია…

 

სიყვარულით,

გია

 

8 ივნისი

კიდევ ერთხელ სალამი გია,

თქვენი სტატია, თანამედროვე ხელოვნების დისკურსთან მიმართებაში, უაღრესად საინტერესოა.

აქ, შვეიცარიაში ხელოვნების ერთ-ერთმა წამყვანმა მესვეურმა გულახდილად მესაუბრა: "პროექტებს ჩვენ ვიხილავთ როგორც ბიზნეს შეთავაზებას, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ნამუშევარმა, ამა თუ იმ ადამიანური პრობლემების სფეროსათვის, ვითვალისწინებთ რამდენი სხვა გრანტი აქვს უკვე მოპოვებული შემომთავაზებელს და ა.შ.". ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე ხელოვნება იქცა მოხმარებით ღირებულებად და რადიკალურ-ექსპერიმენტალური მხარე კი უკანა პლანზეა გადასული.

"ნამდვილი" ხელოვნება ალბათ ძალიან ზოგადი მცნებაა და როგორც თქვენ ახსენეთ დღეს ძნელია მას განმარტება მოეძებნოს, მაგრამ მე მაინც მწამს, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ მარწუხებისაგან განთავისუფლებას, რომელიც შთამომავლობით გადადის თაობიდან თაობაზე, ანუ “მოსაზღვრული ეგზისტენციის” დამთრგუნავ რეალობას წარმოადგენს. 

ჩემთან ერთად აკადემია დამთავრებული სტუდენტების 90% სხვა პროფესიით დაკავდა, დანარჩენი 10% ცდილობს ის აკეთოს, რაც მას გრანტებს მოაპოვებინებს, ანუ ივიწყებს იდეალებს და რწმენას, ემსახურება სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზირებულ კუტურულ იდეოლოგიას.

მხატვარს საჭირდება სივრცე ექსპერიმეტებისათვის, შეუცნობელთან სამუშაოდ, ანუ კითხვებისათვის: რა ითხოვს არსებობას ჩემში? რა ფუნქცია და მიზანი აქვს ამ არსებობის ჟინს? დღეს ჩემთვის ეს კითხვები და მათზე პასუხების ძიება ფურცლებზე და დღიურებში ხდება, მაგრამ საბოლოდ ამ ყველაფერს განსხეულება სჭირდება.

მე კარგად მესმის, რას გულისხმობთ როცა მარგინალობაზე საუბრობთ. ასეთი თამაშისათვის, მე ჯერ ალბათ საკუთარ თავში არ ვარ საკმაოდ დარწმუნებული. მწამს და მსურს, რომ გადავეკვეთო ხალხს, რომელიც სავსებით გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს, ამისათვის კი, ეტყობა როგორც თქვენ ახსენეთ, კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა და ტერიტორიების მოსინჯვა მომიწევს.  

კონკრეტულად ჩემს პროექტთან დაკავშირებით:

არის თუ არა მასში რაიმე შემაწუხებლად ბუნდოვანი?

როგორ წყვეტს პრაქტიკულ პრობლემებს მხატვარი, რა გზებს პოულობს დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად?

თქვენი პასუხები ყოველთვის მარწმუნებს, რომ ჯერ ყველაფერი საინტერესო წინაა.

პატივისცემით,

მელანო

 

16 ივნისი

მელანო, პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდა დასავლელი მხატვარი, როგორც შენ აღწერე, ისე ცხოვრობს, არ იფიქრო, რომ რაღაც სხვა სპეციფიური გზები არსებობს: კვირაში 3 დღე სამუშაო (საუკეთესო შემთხვევაში ეს სწავლებაა), დანარჩენ დღეებში ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობა, საღამოობით რაც შეიძლება მეტი სოციალიზაცია, ამის გარდა მასალების გამუდმებული ჩვენება/შეთავაზება ყველასთვის და ყველგან. ეს არის უნივერსალური სქემა (ეს შენც კარგად იცი) დანარჩენი უმთავრესად იღბალია (ეს შენ მგონი, არ იცი:) 

უფრო მეტს კი ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვი. 

მე ვფიქრობ, რომ აღწერილი საკმაოდ საღი სისტემაა – უბრალოდ ჩვენ, ყოფილი საბჭოელები და “ქართულ ყაიდაზე” გაზრდილები (დედ/მამა, ბებია/ბიცოლას ვერმოწყვეტილები), სისტემურობას შეჩვეულები, ახალ ცხოვრების წესს, რომელიც შანსების უსასრულო ძიებაზეა დამყარებული, ვერ ვეგუებით, ვერ ვითავისებთ და ვერ ვეთვისებით. 

ალბათ იცი, რომ თანანამედროვე ხელოვნების სწავლების ორი სისტემა არსებობს: პროექტებზე ორიენტირებული და კლასის სისტემა. მე აბსოლუტურად კლასის სისტემის მომხრე ვარ, ესე იგი სტუდენტთან ყოველდღიური მუშაობის პრაქტიკის. უკვე მზად პროექტების კრიტიკა არ მიყვარს და არც ვთვლი, რომ რაიმე შედეგი მოაქვს. ამიტომაც შენს პროექტზე კონკრეტულად მხოლოდ იმას გეტყვი, რომ კარგად არის მომზადებული, უბრალოდ ცოტა მეტია თეორია.

ჩემი მხრიდან ნამდილი და ზოგადი კრიტიკა წერილს რომ გწერ იქაა ნაგულისხმევი. პრინციპში საჭირო მხოლოდ ეს კრიტიკაა, ანუ ჩემი მიმართების გამჟღავნება სამყაროსთან და ხელოვნების მიზანთან, ის უნდა ამოიკითხო უფრო და უფრო ღრმად — რასაკვირველია, თუ შენს ინტერესში ჩემს არტისტულ (და არა მარტო) კოსმოსთან დაახლოება შედის.

კარგ საღამოს გისურვებ,

გია

P.S. გიგზავნი თბილისის აკადემიის სტუდენტური ბლოგის ლინკს.

 

18 ივნისი

გია,

სტუდენტური ბლოგზე თქვენი და ნატა ნებიერიძის ტექსტიდან გამეხარდა იმის გაგება, რომ აკადემიაში არსებობენ მოაზროვნე სტუდენტები. ნატას აუცილებლად დავუკავშირდები.

  

20 ივნისი

სალამი ნატა,

მე ბატონ გიასთან მქონდა მიმოწერა და მისგან მივიღე სტუდენტების და მისი დიალოგის ტექსტი.

შენ იცი, რომ მეც და სხვა ჩვენი მეგობრებიც ჩართულები ვიყავით თბილისის აკადემიის საფუძვლიანი რეფორმირების პროცესში.

ჩემთვის საყურადღებოა შენი დამოკიდებულება ამასთან კავშირში: “ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გარკვევა, თუ ჩვენ თვითონ სტუდენტები რას ველით აკადემიიდან, და შემგომ უკვე ამის მოთხოვნა”.

აკადემიის რუტინის სიტუაციაში ჩემი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია თვითგანათლებაზე გადასვლა და სწორედ ამის მეშვეობით საკუთარი შეხედულების გაფორმება სამხატვრო აკადემიის ფუნქციაზე. სჭიროა პოზიტიური და კონსტრუქციული დებატები,

ნებისყოფა და მოთმინება — ცვლილება მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მოდის.

მხატვრობაში ორი სტრატეგია არსებობს. ერთი, სიმბოლური გამოხატულების და მეორე როდესაც მხატვარი უშუალოდ ებმება სოციალურ, ეკონომიურ, პოლიტიკურ პროცესებში. ბოისმა ეს ორი ეფექტურად გააერთიანა.

ჟენევაში, თავიდან ვიზუალური ხელოვნების მაგისტრატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. აქ გამოხატვის ახალ ფორმებს ეძიებენ, ახალ მედიებს იკვლევენ, მხატვრული ინტუიციის გაღრმავებაზე მუშაობენ. მაგრამ არავინ იკვლევს მიზეზებს და მიზნებს, რაც ამ სიახლეებს ბადებს. აქ თუ სტუდენტს ნამუშევრის კონცეფციის მიმართ ბუნდოვანი დამოკიდებულება აქვს, ეს მისაღებია და მას მხოლოდ ვიზუალური ინოვაციისკენ უბიძგებენ. ეს უკმარისობის გრძნობას მიტოვებდა და კურსი გამოვიცვალე. გადავედი Critical Cross Cultural Syber media-ზე.

ეს ფაკულტეტი კრიტიკულ აზროვნებაზეა ორიენტირებული. სტუდენტებს მოეთხოვებათ იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ინფორმირებულები, ერუდირებულები, ინოვატიურად მოაზროვნენი. აქ ამოვისუნთქე და ჩავები განათლების გაღრმავებაში. ბენიამინი, ფუკო, ფრომი, პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კრიტიკული ანალიზები, დებორი, მარქსი, ლუკაჩი, ჟიჟეკი, ჩომსკი, ბრეხტი, ფემინისტური მოძრაობა და უამრავი სხვა. თითქმის ორი წელი არაფერი გამიკეთებია კითხვის გარდა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალიან საშიში, რადგან ხელიდან მეცლებოდა ის უნარი, რომელიც მხატვრისათვის ასე მნიშვნელოვანია — გადალახოს და გაარღვიოს ის ბარიერები, რომელიც ვიზუალური იმიჯების დოგმების სახით გვაქვს ჩაბეჭდილი თავებში. ის არ უნდა ჩერდებოდეს მხოლოდ არსებულის კრიტიკით, არამედ უნდა შეეცადოს გადავიდეს ჯერ კიდევ ამოუცნობ ტერიტორიებზე.

სწავლის დამთავრების შემდეგ ინფორმაციით დატვირთული და პრობლემებით დამძიმებული ვიყავი. მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც ძირეულად განმაახლა. 6 თვე ვიმოგზაურე ავსტრალიაში, მოვინახულე ავსტრალიელი აბორიგენები, გავეცანი მათ კულტურას, დავრჩი მარტო ბუნებასთან და საკუთარ თავთან. ამან მაპოვნინა ზემოთ ხსენებული ორი შემოქმედებითი პრინციპის გამაერთიანებელი ძაფები.

აკადემიის საკითხი საქართველოში განათლების საერთო რეფორმების საკითხსაც უკავშირდება. იმედია, ეს პროცესი ძალებს გააერთიანებს და საქმეს ტემპს შესძენს.

დიდ გამბედაობას და ძალისხმევას გისურვებ, 

 

მელანო

 

21 ივნისი

მელანო, ნატამ შენი წერილი გადმომიგზავნა — კარგი წერილია. 

ავსტრალიის ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია(!) — თანამედროვე მხატვრისათვის პროგრესულ კრიტიკულ აზრთან ზიარების და ინტუიტიური შემოქმედებითი პროცესების გაერთიანების აუცილებლობის საკითხი.

ტექსტები ნატამ აკადემიის რექტორს უნდა გააცნოს, და უჩვენოს, რომ ამ ტოპიკების გარშემო შეუძლებელია მუშაობა — უნდა მოეწყოს კონფერენცია, სემინარების სერია. 

My best to you,

Gia

 

22 ივნისი

მეც ასე ვფიქრობ ბატონო გია, რომ აუცილებელია მეტი შემართება, მობილიზება და ანალიზი.

მართალია აკადემიის რეალობაში ძირითადი პრობლემები ყოველთვის იგივე რჩება, მაგრამ ყოველთვის ახალ ნიღბებს იძენს.

დღევანდელ საქართველოში განათლების სისტემის რეფორმებისათვის ბრძოლას თავისუფალი აკადემიის შექმნისათვის ბრძოლა წინ უძღოდა და ამ პროცესებში მეც ვიყავი ჩაბმული. ამ მომენტისათვის პრობლემების შეჯერება არის აუცილებელი.

მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ, გექნებათ თუ არა დრო და სურვილი, რომ თბილისში წაიკითხოთ ლექციები, ან შეხვდეთ სტუდენტებს, ჩაატაროთ სემინარები. 

დარწმუნებული ვარ, არამარტო ახლანდელი სტუდენტები, არამედ  აკადემიის ყოფილი სტუდენტებიც მხარში დაგვიდგებიან. 

 

დაველოდები თქვენ პასუხს,

მელანო

 

27 ივნისი

მელანო, მიხარია განახლებისა და პროგრესისათვის შენი მიზანდასახულობა. კითხვა ის არის, თუ სად უნდა იბრძოლოს კაცმა ამ განახლებისათვის და რა არის ეს განახლება, რადგან განახლება კონტექსტუალური მცნებაა. სიტუაცია, რომელსაც შენ ეხები რთულია:

“ჩვენი დრო მწირია არამარტო იმიტომ რომ ღმერთი მოკვდა, არამედ იმიტომ რომ მკვდრებმა არც კი იციან საკუთარი სიკვდილის შესახებ და არანაირი შანსი არა აქვთ ამის შესახებ შეიტყონ”

(ჰაიდეგერი, ბილიკი ტყეში)

აქ რასაკვირველია ონტოლოგიურ საკითხზეა ლაპარკი, მაგრამ თუ გადავახურდავებთ ქართულ სოციალურ სიტუაციაზე ძალიან  დამახასიათებელ სურათს მივიღებთ. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ეს მკვდარი თავისი სიმკვდარისათვის კიდევ გაშმაგებით იბრძვის (17 მაისზე ჩემი სტატია თუ წაიკითხე “ლიბერალში”?).

საქართველოში, ადამიანს, რომელიც კულტურულ სფეროს მიეკუთვნება შეუძლია თქვას — “თანამედროვე ხელოვნება სატანიზმის ფორმაა”(!!).

ამას ვერავითარი პლურალისტური სულისკვეთება ვერ გაუძლებს!

ოთხი, ხუთი თვის წინ დამირეკა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და აკადემიის შესაძლებელ რექტორობასთან კავშირში დამისვა შეკითხვა. მე ვუპასუხე, რომ ეს რთული საკითხია და აკადემიაში ფეხმოკიდებული მეთოდოლოგია ძირეულ ცვლილებებს ითხოვს ხელოვნების თანამედროვე პრობლემებთან მიმართებაში.

ამიტომ შევთავაზე, რომ წერილს დავუწერდი, სადაც ყველა პრობლემას გარკვეულად ჩამოვაყალიბებდი და თუ გვერდში დგომას ვიგრძნობდი, შეიძლება გადამეწყვიტა ასეთი პასუხისმგებლობის თავზე აღება.

დავწერე ვრცელი წერილი — ანალიტიკური, განმარტებითი, უკომპრომისო — მას შემდეგ კონკრეტული არაფერი მომხდარა.

მთავარი ისაა “გია ეძგვერაძე — კაი ტიპი დასავლეთიდან” კი არ ვიყო, არამედ ზუსტად იცოდნენ: რა უნდათ, ვისთან აქვთ საქმე და რას ელიან; რისი შემოტანა შემიძლია მე ქართული კულტურის რეალობაში. ათი წლის განმავლობაში ასეთი შემოთავაზება უკვე მესამედ მოხდა. პირველი, კევლეს ინიცირებული შენც კარგად გახსოვს; მეორე, ორი წლის წინ, ყოფილი მთავრობის რამდენიმე წევრის პირადი სურვილი იყო — არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ჩემი კანდიდატურა არ ასოცირდებოდა იმ ცვლილებებთან, რომელიც კულტურულ საზოგადოებას უნდა სურდეს, უნდა დააყენოს და რაც მომწიფებული შინაგანი კულტურული აუცილებლობა უნდა იყოს. ამიტომაც არ დავინტრესდი არცერთხელ სერიოზულად.

სხვანაირად, ერთ დღეს რომელიმე “მაღალჩინოსანს” შეიძლება აზრად მოუვიდეს, რომ საქართველოს მხატვრობას ისეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პიროვნება ჭირდება სათავეში, რომელიც საქართველოს “გაბრწყინებაში” დაეხმარება (გეცნობა ეს გამონათქვამი?) და მორჩა, “მაღალჩინოსნის” რჩეული “გამორჩეული მართლმადიდებელი”, ცვლილებების დაწყებულ მტკივნეულ პროცესს 100% ერთ წუთში უკან შემოაბრუნოს. ასეთივე რამე პოლიტიკურ ნიადაგზეც შეიძლება მოხდეს.

ამისათვის არის საჭირო ერის რაღაცა ნაწილში მაინც მყარად იყოს ძირეული ცვლილებებისათვის მზადყოფნა და არსებობდეს აკადემიური ტერიტორიების სრული თავისუფლება პოლიტიკურ/რელიგიური კონტროლისგან.

არის სხვა პრობლემაც, როგორც ვიცი, დღეს აკადემიის სტუდენტებში პიროვნული, პროფესიული და სოციალური შეგნების დეფიციტი შეიმჩნევა.

ერთი მხრივ, ეს აპათიაა, გარედან მოტივირების უქონლობის გამო, მეორეს მხრივ კაპიტალიზმის სენი (განსაკუთრებით დამწყების) — “life opportunities” ყველაზე მაღლა დაყენება – რაც აზროვნებას და დაუკავებელი ტერიტორიებისკენ სწრაფვას სრულიად ანიველირებს.

საქართველოში ხომ უმთავრესად ყველას “პარტიული ცნობიერება” ამოძრავებს — რაიმე იდეოლოგიის ნაწილი თუ გახდები, შეიძლება რაიმე ადგილი დაიკავო იმ ფუთფუთ/ფუსფუსში რაც საქართველოში დგას ძალაუფლებების გადანაწილების სფეროში. განყენებული აზროვნების ხაზი პრაქტიკულად არ შეიმჩნევა არცერთ კერძო ნარატივშიც კი — ყველა უმთავრესად პარტიულ და სტრუქტურულ ძალებს ენდობა და არა საკუთარ, მაძიებელ და დამოუკიდებელ აზროვნებას.

მოკლედ, ამასთან ჭიდილი წისქვილებთან ბრძოლას წააგავს.ჩვენი სიტუაცია არ არის მზად for “thinking thought” (მოაზროვნე აზროვნებისათვის) როგორც ჰაიდეგერი ამბობდა. ჩვენში მხოლოდ ფასეულობების კატეგორიებით აპელირებენ, რომელთა ხარისხიც მდარეა, პრაქტიკულად “doxa”-ა და ამ აპელირებებსაც მიზნად დაცული ბუდის გაწყობა და მაძღარი კომფორტი აქვს, რა ტერიტორიაზეც არ უნდა ხდებოდეს აქტიურობა.      

ზოგადად პრობლემა ერთია: ვერსად იპოვი თავისუფალ თავს და თუ ესეთი გაჩნდა, ვერ ინარჩუნებს ამ კონდიციას.

ამიტომ, გაფრთხილება:

“არ ექაჩო ღვედს რომელზეც ვინმე გყავს გამობმული, ვერც შენ მიაღწევ მიზანს და ვერც მას მიიყვან.” ნიცშე

მე თვითონ ამ პრინციპით არ მიცხოვრია — სულ ვიღაცას ვექაჩებოდი, ბევრიც დავაყენე ფეხზე - ვაქციე პიროვნებებად, კარგ მხატვრებადაც, მაგრამ თბილისურ ვარიანტში დიდ, დიდ უტოპიას უნდა შეეჭიდოს კაცი…

ასეთ საზოგადოებრივ მისიას ხომ არაფერი აქვს საერთო თანამედროვე მხატვრის ერთადერთ და ულამაზეს მისიასთან:

“თანამედროვე ხელოვნებამ ცაში მყეფავი ძაღლისაკენ იწყო ყურება

(ნორმალური ქცევის წესით ძაღლები ერთმანეთს დასდევენ ხოლმე კუდში და ერთმანეთის უკანანალს სუნავენ). “ცაში მყეფავი ძაღლი” პოსტმოდერნისტული აზროვნების წესია, რომელიც როგორც ლიოტარი ამბობს გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ შეუფარდებლობაში(!).” (“ქაფი” გ.ე.) 

შეუფარდებლობაში(!) — ეს ის მომავლის ცნობიერებაა, რომლსაც ძიებით შეპყრობილმა მხატვარმა შეიძლება მოკრას თვალი, თუ გულს და გონებას მიახევს ასეთ შემეცნებას.

საქართველოში ცვლილებებისათვის მებრძოლი ადამიანი პრაქტიკულად მხოლოდ ცრურწმენებს (ესთეტიკურ, მორალურ, ეთიკურ, პოლიტიკურ, "რელიგიურ” და ასე შემდეგ) ებრძვის — ეს კი მის სულს არ ამდიდრებს და საკუთარ წინსვლას არაფერს სძენს. ასეთი რამე კი მხოლოდ ძალიან ღირსეული საქმისათვის ღირს გააკეთო და შეცდომაში არ შეხვიდე.

ამიტომ ამ ტიპის მსახურებას და ამ ტიპის ბრძოლაში გინდა ჩაება გულწრფელად უნდა გააცნობიერო თუ რა გამოძრავებს: “ეგო” — რომ წამოსულმა კაცმა შენიანებს თავი დაუმტკიცო; სწრაფად ადგილის მოპოვების სურვილი (დასავლური გამოცდილების ხარჯზე); პატივმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებაც დასავლეთში ადვილი არ არის, თუ მართლაც სიახლის მოტანა გინდა იქ სადაც ამის საჭიროებაა.

არის კი ამის საჭიროება? ეს ბოლო და მთავარი კითხვაა.

ეს კითხვები უნდა დასვას ადამიანმა სანამ დიდ ამბავში გადაეშვება — არა და თუ კაცი ხარ უნდა გადაეშვა და არა ნახევრად შეეხო ცხოვრებას.

ჯერჯერობით ქართველი ან გარშემო იყურება, ან, და უმთავრესად, კი უკან — უცნობი მომავლისკენ ყურების ნიჭი ჯერ არსად ჩანს და არც ასეთი “მაყურებლები” უყვართ ჩვენში.

რატომ? უცნობი მომავლისთვის (სარგებლიან და ნაყოფიერ მომავალს არ ვგულისხმობ) ბრძოლაში ჩაბმას არანაირი ბენეფიტი არ მოაქვს არც ერთ დონეზე, ესეთია ყველა “ლამაზი უტოპიის ვერ აღმსრულებლების” ბედი.

გია 

 P.S.  სტატიებზე — “დაკარგული თხა...” აუცილებლად წაიკითხე — სამხატვრო აკადემიის (სადაც თანამედროვე ხელოვნებას ასწავლიან) ფუნქციის მხრივ უფრო შესატყვის მოდელი ძნელია მოიძებნოს რაც იმ სტატიაში გაფორმდა.

 

1 ივლისი

სალამი გია,

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭერით უარესად ჯანსაღი მიდგომით. 

წერილი ბევრჯერ წავიკითხე.

ყველანაირად ვეთანხმები თქვენს კრიტიკას ქართულ რეალობასთან კავშირში. თქვენი საქართველოს დატოვების მიზანიც ალბათ ახალი ტერიტორიების ძიება და ახალთან ზიარების საჭიროება იყო. უამრავი ხალხი, რომლებიც სწავლებითაა დაკავებული, ამას არ ცდილობს და საკუთარი რუტინის მიხედვით აყალიბებენ სტუდენტებს, ესე ნელ-ნელა სრულ უძრაობამდე დავიდა განათლება. ასე რომ, ჰაიდეგერის თქვენეული ბწკარი სწორია.

საიდან უნდა დაიწყოს ის ინტერესი, რომელიც შეეცდება ძირეული ეკზისტენციალური კითხვები განაახლოს და ტრადიციის მიღმა დასვას კითხვები: რატომ ვარსებობთ; საით ვმოძრაობთ; რატომ გამოვეყავით სამყაროს და რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ მას კვლავ შევუერთდეთ. როდის და როგორ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტრადიციის დაგროვება არ არის ის, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება მომავალის შექმნა — ტრადიციაზე დაკიდებით რუტინას და კერპთაყვანისმცემლობას ვერსად გაექცევი. როდის მივხვდებთ, რომ საკუთარი თავების ნარცისული სიყვარული კი არა, თვითშემეცნებისადმი ლტოლვა გვჭირდება. რომ სხვისი კრიტიკით არ უნდა ვიყოთ დაკავებული, რადგან ყოველი წუთი ძვირფასია და არ ღირს ამ განძის ფუჭ კამათში და აგრესიაში დახარჯვა.

აქ პლატონის "გამოქვაბულის ალეგორიას" მოვიშველიებ.

გარკვეული წლების მანძილზე სრულიად ინტუიტიურად ვმოქმედებდი და სწორედ ამან მომიყვანა აკადემიაში. შევედი იქ, სადაც ასე თუ ისე ვგრძნობდი, რომ თავისუფალი ვიქნებოდი. აკადემიაში ჩავირიცხე და მინდა აღვნიშნო, რომ, ვიყავი ერთ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი რომელიც ყველაფერს იღებდა კრიტიკის გარეშე. ასეთი სტუდენტიდან წესით არაფერს უნდა ელოდე. მაგრამ ვიყავი ცნობისმიყვარე და სადღაც გულში მქონდა შეგრძნება, რომ გარშემო რაღაც სწორად არ ფუნქციონირებდა. თუ ოდნავ მაინც გაქვს ცნობისმოყვარეობა, შენს ყურადღებას არ გამოეპარება განსხვავებული აზრი. რაღაც მომენტში შევხვდი ისეთი ადამიანებს, რომლებსაც დამოუკიდებელი და შეგნებული შეხედულებები ჰქონდათ. ინტუიტიურად მივხვდი, რომ აქამდე ბრმად ვცხოვრობდი და რომ რეალობა რადიკალურად განსხვავებული იყო. მიძინებულმა სტუდენტმა გაიღვიძა და მას შემდეგ დაძინება აღარ შეუძლია. 

ავიღოთ ჯგუფი lott-ი. როგორ ჩამოყალიბდა იგი? ან როგორ ჩამოყალიბდით თქვენ ისეთ მოაზროვნედ როგორიც ხართ? ამას ხომ საქართველოში ცხოვრების დროს ჩაეყარა საფუძველი?

რა მასწავლა მე ჩემმა გამოღვიძებულმა გამოცდილებამ? რატომ ვარ მადლობელი იმ სტუდენტების, რომლებმაც თავიანთი მოქმედებით დამანახეს რეალობა? რატომ ვარ ყოველთვის მადლიერი თქვენთან საუბრის შედეგ? ჩემი კითხვები უსასრულო დინამიკაში მოექცა და სწორედ ეს კითხვების ნაკადია რაც რწმენას მმატებს. 

მე მჯერა, რომ აკადემიაში მოიძიებიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც უნარი გააჩნიათ შეეჭიდონ წისქვილებს და დაამარცხონ საკუთარი პასიურობა, შიშები, ან რუტინის წინაშე მოწიწება.

უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი შეკითხვები, თუ რა მამოძრავებს მე საზოგადოებრივ საქმისთვის თავის გამოდებაში.

ყველა ის შესაძლო ვარიანტი რაც ჩამოთვალეთ, ჩემს თავში ირევა ხოლმე, გაელვებასავით. მაგრამ, ბოლოს ერთი სურვილი რჩება, რომ ის გავაკეთო, რაც რამოდენიმე წლის წინ მე დამეხმარა გამოვსულიყავი "კომის" მდგომარეობიდან — გავთავისუფლებულიყავი “მძინარა ქართველის” მდგომარეობიდან. 

17 მაისი — განათლებას მოწყვეტილი საზოგადოება.

დაგეთანხმებით, ამის შეცვლას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიწყებთ, ვინ დაიწყებს?

მე ის ფაქტი, რომ თქვენი რექტორობის საკითხი იყო დასმული დიდი ნახტომად მიმაჩნია. თუმცა შეშინებულ პოზიციას ბოლომდე არ ყოფნის უნარი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ისევ შეჩვეული ჭირით კმაყოფილდება.

საჭიროა კონსტიტუციურად გამყარდეს სწავლების თავისუფლება. სტუდენტების გააქტიურებით, კონსტიტუციის შეცვლით დაიძრება მოვლენები საქართველოში — სტუდენტებს უნდა მიეცეთ განათლება, რომელიც იქნება დროისათვის ადეკვატურ ცოდნაზე და არა ქიმერებზე ორიენტირებული. 

სიყვარულით

მელანო

 

3 ივლისი

მელანო,

ეხლა სხვა ტიპის წერილს გიგზავნი, რათა ამდენმა პრაქტიკულმა საუბარმა არ გაგვიქარწყლოს, ან ჩამოგვინგრიოს ის ფაქიზი შეგრძნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების უშორეს მიზანშია დაფიქსირებული და თავად ამ ხელოვნების ჭეშმარიტ არსს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნის გაცნობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქართული ცნობიერებისათვის და არა სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც არასდროს არაფერს არ მოიტანს სანამ შემეცნება აბსოლუტურ უცხოს არ შეიყვარებს. ახალ ღვინოს ახალი ტიკი ესაჭიროება, მაგრამ თუ კი ახალი ღვინო არა გვაქვს სულერთია ტიკი რანაირიც გინდა იყოს ძველი თუ ახალი.

წყლის ღვინოდ (უცნობი მომავალი) ქცევა ყველა ჩვენგანის ფარული დრამატული მიზანია, დამოუკიდებლად იმისა, განვცდით მას თუ არა. უბრალოდ აქ მყოფნი შეიძლება ცოტა უფრო ახლოს ვდგავართ იმ ისტერიკასთან, რითიც უნდა დამთავრდეს ცხოვრება თუ ის სწორად იქნა წარმართული — მზით და სინათლით გაჯერებულ სივრცეში სასოწარკვეთილი ძახილით. იცი როგორია ინდუიზმში იდეალური სიკვდილი? ადამიანმა, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობს, ყველაფერი უნდა დატოვოს: ერი, ოჯახი, ცოლი, შვილები, შვილიშვილები და გზაზე წავიდეს, რომ გზაზე მოკვდეს — არაფერზე დაბმული და დამოკიდებული — მხოლოდ ერთი განწირულ/ისტერიული სურვილით, ღმერთზე მინდობის და ღმერთის დაახლოების. ასეთი ისტერიული მიმართებით მარადიულთან ხდება ღვთაებრივ სიცარიელეში გასვლა, განათებულ, ბრდღვიალა უსასრულობასთან შერწყმა. 

 

ეს მუსიკალური კომპოზიცია გუშინ ჩავწერე, ჩემი სახლის სტუდაოში. მისი ყველა შემადგენელი ნაწილი იმპროვიზაციაა, რომელიც თანმიმდევრულად დავადე ერთმანეთს. გრძლივობა 6 წუთია და ძალიან დამავალებ თუ გულისხმიერებით მოუსმენ ბოლომდე. https://soundcloud.com/gia-edzgveradze/destabilisation

გია

 

3 ივლისი

მელანო, 

თანამედროვე ხელოვნების აკადემია ყველა სიტუაციაში ერთი და იგივე მისიას უნდა ატარებდეს:

“სამხატვრო აკადემია სახიფათო ადგილია სახელმწიფოსთვის და გონიერმა სახელმწიფომ იცის, რომ ეს ხიფათი მას სჭირდება”. ისე რომ უნდა გვახსოვდეს — ხიფათი კონტრ-კულტურის ტერიტორიაა, აკადემია კი კონტრ-კულტურიული ტერიტორიის ლაბორატორია. ფრანკფუტის აკადემიაში როკსთარი მიიწვიეს ვიზუალური ხელოვნების კლასის პროფესორად(!) — სუბვერსიული სტრატეგიები ინტერტერიტორიულია. 

ოცნების დონეზე თუ გავიაზრებთ, აკადემია პოსტკულტურული ძიების ტერიტორია უნდა გახდეს, მაგრამ ამის გაცნობიერებისაგან დასავლეთიც შორსაა ჯერ კიდევ. ასეთი სივრცის კონტურები პოსტსტრუქტურალისტების ტექსტებში შეიძლება ამოიცნოს კაცმა, მაგრამ ესეც არ არის ადვილი.

ხატოვან მაგალითს მოვიტან:

ბორხესის მოთხრობაში კაცი უკვდავი ადამიანების საძიებლად მიდის, რომელთა არსებობაზეც ყური აქვს მოკრული. მრავალ გასაჭირს გაივლის (მათ ვერ იპოვის), ბოლოს ტყეში ველური აბორიგენების დასახლებას ჩაუვლის და შორს რაღაც უცნაური არქიტექტურის სილუეტებს მოკრავს თვალს. რომ მიუახლოვდება ხვდება, რომ ასეთი სინატიფის, ამაღლებული სიმწყობრის არაფერი უნახავს. (ამ არქიტექტურის დახასიათებისას ბორხესი თავისი განათლების და ესთეტიკური განცდის პიკს აღწერს.) ამის შემყურე კაცი ხვდება, რომ ეს არქიტექტურა, მხოლოდ ამ უკვდავთა შემოქმედება შეიძლება იყოს. ასეთ გაცხადებებშია ბორხესის სიდიადე, აღმოჩნდება, რომ ეს არქიტექტურა ეკუთვნის და ეს უკვდავები არიან ის აბორიგენები, ამ კაცმა გვერდზე რომ ჩაუარა. 

კულტურა საკუთარი მოძრაობის პიკზე ამ თავის მოძრაობას "სრულიად გადახსნილში" ამთავრებს ("широко разверзшееся" ეს საუკეთესო ვარიანტია, ინგლისურად "wide open") სადაც “უსასრულობა მოძრაობის გარეშე სუნთქავს" (ვედები), ან “მოუხელთებელი უწყვეტად მიედინება" ან "არარა საკუთარ თავზე არაფრიდან გვესაუბრება". როგორც ხედავ, ამ მდგომარეობის რამენაირად მცნებებში დასახასიათებლად მინიმუმ სამი სრულიად უცნაური მდგომარეობის აღწერა დამჭირდა და ეს სამივე და ალბათ კიდევ უსასრულოდ მეტი, ერთად არის წარმოსადგენი. და მაინც, ვერასოდეს, ვერანაირი აღწერა ვერ მიუახლოვდება "სრულიად გადახსნილს". 

ძენი გვეუბნება "ქვა გჭირდება, რომ რკინის ჭიშკარს ურტყა სანამ ვინმე მას არ გააღებს. ამის შემდეგ ქვა ყოველგვარ აზრს კარგავს, გადაგდებული და დავიწყებულია". 

ქვაში ცოდნა, კულტურა, ენა, იდენტურობა, ტრადიცია და ა.შ. იგულისხმება. ასეთ გადახსნილ თავისუფლებაში ფენომენები განწოვილია, ნოუმენები კი არტიკულაციას არ ითხოვენ ისინი საზღვრების, წესების და რეგულაციების არმქონე თამაშის შემადგენლებია.

როგორც იქნა ვნახე საინტერესო ფილმი ინდოეთზე (იქ ჩასვლის პანიკური შიში მაქვს, ამიტომ არასოდეს ვყოფილვარ ინდოეთში). ამ ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ ჩადიან პილიგრიმები მთელი ინდოეთიდან ერთ პატარა სოფელში, ერთი გურუს სანახავად. ის განუწყვეტლივ ზის თავისი პაწაწინა ქოხის სახურავზე და გადარეული თვალებით სადღაც მომყურე ხელების უცნაური მოძრაობების თანხლებით გაკივის: კატან, პირმატუ, დეკაცე, მანუნ, კირატა, ნიკახ, ბატუნა, ბირგო, ცჰანიკა, ტურ, კერეკე, ცოიჩა, ჯაროც, ტუმ, ჯიჯონუ, პარ, კატანზი, ქრემაყა, ჩუ, კის, ჩონას, ბადიღა, კუნარტუ, კაცჰელაჩიმოტე, დუმკვარა, ნუკალიკატუპი, ჩოკალა, სიპამო, დო, მადისტ, მარავა, ჩჰეცი, ლაკატან, დე, ს, სმატუ, კანარაკულპა, ჩეცატი, ცჰიმირო, ტორულაჰდრაიუნია, კი, ცჰამილო, დევან, ცუ, ბესტალს, სუმალს, სინეჩი, ჟანუკიცერიმუალოსა, ჰრუ, ჟურჰუ, სონჯი სოლი, ფრე, სომმნა, ბუციჩული, შოშირკამცარიბინუსირმო, ჰრა, ბილუნჩა, ბესიჩამბო, დარაკლაციტა...................

ეს არის ის რისკენაც ჯერ კიდევ მხოლოდ ცალი თვალით იყურება თანამედროვე ხელოვნება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^