Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკანონდებლო ცვლილებები: ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

30 ივლისი 2013

პარლამენტში ინიცირებულიაკანონდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლებებისა და დაცვის დამატებითი გარანტიები მიეცემა. ცვლილებები და დამატებები “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონსა და, მასთან ერთად, კიდევ 11 სხვადასხვა კანონში შეიძლება შევიდეს. საკანონდებლო ცვლილებებზე “ლიბერალი” გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერ ირინა ჯაფარიძეს ესაუბრა.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში შეიძლება შევიდეს?

საქართველოს მთავრობა “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის  პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს ახალი კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებას აპირებს.  იმისთვის, რომ მოქმედი კანონდებლობა კონვენციას შეესაბამებოდეს, შეიქმნა საკანონდებლო ცვლილებების პაკეტი. გარდა ამისა, 2006 წელს ოჯახში ძალადობის კანონის მიღების შემდეგ კანონის აღსრულების პრაქტიკამ არსებულ კანონდებლობაში ხარვეზები გამოკვეთა, შესაბამისად გაჩნდა გარკვეული ცვლილებებისა და დაზუსტებების საჭიროებაც.  

ევროპის საბჭოს კონვენცია, ოჯახურ და ქალთა მიმართ ძალადობას შეეხება. აღნიშნული კონვენცია ოჯახში ძალადობის კრიმინალიზებას ითხოვს. რამდენიმე ათწლეულია მსოფლიო ოჯახში ძალადობას ებრძვის. საერთაშორისო თანამეგობრობა მივიდა დასკვნამდე, რომ მოძალადეების წინააღმდეგ ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება ექნება სამოქალაქო წესით მოითხოვოს მოძალადისგან ზიანის ანაზღაურება. მოქმედი კანონდებლობით ეს უფლება მსხვერპლს აქამდეც ჰქონდა, თუმცა არსებული ჩანაწერი უფრო ზუსტი გახდა. თუ მოძალადისგან ზიანის ანაზღაურება ვერ მოხერხდება, მსხვერპლს საშუალება ექნება სახელწიფოს მიმართოს და მოითხოვოს მისგან ერთჯერადი კომპენსაცია. მსგავსი პრეცენდენტი ტრეფიკინგის მსხვერპლთა შემთხვევაში არსებობს და ერთჯერადი კომპენსაცია 1000 ლარია. კანონის მიღების შემდეგ, მთავრობა მსხვერპლისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის რაოდენობას დაადგენს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძალადე ვალდებული გახდება გაიაროს ქცევის კორექციისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები. ეს პროგრამა 2014 წლამდე უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს.

არასრულწოვანს აღარ დაიკითხება მოძალადე მშობლის თანდასწრებით. დაკითხვას ფსიქოლოგი დაესწრება და მშობელი თუ სავარაუდო მოძალადეა, მას დაკითხვის ჩანაწერს არ გააცნობენ.

ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ოჯახური დანაშაულის ცნება, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში ყველა ადამიანი, ვისაც ინფორმაცია ექნება დანაშაულის შესახებ, ვალდებული გახდება ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს  შეატყობინოს. 

ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა იძულებით ქორწინების ცნების გაჩენა. ამ მუხლის სუბიექტი ძირითადად მშობელია, რომელიც შვილს დაქორწინებას აიძულებს.  ვითხოვთ რომ ასეთი მშობელი დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ორიდან სამ წლამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (2000–2009წწ.), საქართველოში ქორწინებათა 17% არსრულწლოვანთა ოჯახებზე მოდის, თუმცა ნაადრევი ქორწინების მრავალი შემთხვევა სტატისტიკის მიღმა რჩება. რასაკვირველია, ამ რაოდენობის გარკვეული ნაწილი არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინების შემთხვევებიც იქნება.

ასევე მსხვერპლს საშუალება ექნება დარჩეს მოძალადის სახლში. ეს მუხლი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოებას ემსახურება, ამ მუხლის მიზანი მოძალადის საკუთრების უფლების შეზღუდვა არაა. ოჯახში ძალადობის ინცინდენტის შემდეგ, თუ მსხვერპლს არ სურს თავშესაფარში წასვლა მოძალადე ვალდებული იქნება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით სახლს განერიდოს.

როგორც წესი, ოჯახში ძალადობის შესახებ კვლევების მონაცემები და ოფიციალური სტატისტიკა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულიარამდენად მოახერხებს საკანონდებლო ცვლილებები ამ მონაცემების ერთმანეთთან დაახლოებას და უფრო ადეკვატური სურათის გამოკვეთას?

სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობის ცნების გაჩენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტატისტიკის გაუმჯობესებას. ეს ცვლილება ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შევიდა. მანამდე თითქმის შეუძლებელი იყო გაგვეგო რამდენი დანაშაული, მაგალითად, მკვლელობა ხდებოდა ოჯახში. კონკრეტულად ამ ცვლილებებით იძულებითი ქორწინებების ინციდენტების რაოდენობაზეც შეგვექმნება გარკვეული წარმოდგენა. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკიდან ჩანს, რომ რაც უფრო დახვეწილია კანონმდებლობა და მომსახურება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, მით უფრო მაღალია მიმართვიანობა და შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკაც უფრო ადეკვატურ სურათს გვაძლევს.

აღნიშნეთ რომ არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზები. რას გულისხმობდით?

ეს ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო. ზოგიერთი ჩანაწერი ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ ყველას სხვადასხვაგვარად ესმოდა. კარგია, რომ ცვლილებების მიხედვით შემაკავებელი ორდერის დამტკიცებისას არაა საჭირო ორივე მხარის სასამართლოს წინაშე წარდგომა. პრაქტიკაში ხშირად პრობლემური იყო სასამართლო პროცესზე მოძალადის მიყვანა, ორივე მხარის დასწრების გარეშე კი ორდერი, როგორც წესი, არ მტკიცდებოდა.

გამართული საკანონდებლო ბაზის პირობებში ხშირად ვხვდებით პრობლემებს კანონის აღსრულებისა და განხორციელების კუთხით. მაგალითად, ქალთა ქონებრივი უფლებების თვალსაზრისით კანონმდებლობა დახვეწილია, ქალსა და მამაკაცს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლება აქვთ, მაგრამ რეალობაში ქონების მემკვიდრე ტრადიციებიდან გამომდინარე მაინც ვაჟი რჩება ხოლმე. ახალ საკანონდებლო ცვლილებებში არის თუ არა გათვალისწინებული ის მექანიზმები, რომელიც ამ ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას შეუწყობს ხელს?

ტექნიკური ცვლილებები და დაზუსტებები სწორედ იმას ემსახურება, რომ კანონმა კარგად იმუშაოს და მის განხორციელებას არ შეექმნას პრობლემები. ეს ცვლილებები დიდი ხნის დაკვირვების შედეგია. ტარდებოდა კველევები, რომლებმაც ზუსტად გამოკვეთეს სად იყო საკანონდებლო თუ აღსრულების ხარვეზები. ძალიან მნიშვნელოვანია იმ უწყებების ცნობიერების ამაღლება, რომლებიც მსგავს შემთხვევებზე უნდა რეაგირებდეს. ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასთან, სადაც ოჯახში ძალადობა სავალდებულო კურსია. მოქმედი პოლიციელები მუდმივად გადიან გადამზადებას.

რა მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე, როდესაც ოჯახურ და გენდერულ ძალადობაზე ვსაუბრობთ?

2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში ერთადერთი წარმომადგენლობითი კვლევა ჩაატარა და მისი მონაცემებით ყოველი მეთერთმეტე ქალი ერთხელ მაინც საქართველოში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მაინც გამხდარა.

ანუ ყოველი მეთერთმეტე ქალი აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია და ამას აღიარებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მასშტაბები გაცილებით ფართოა. თუ მსოფლიო სტატისტიკას გავითვალისწინებთ ყოველი მესამე ქალი სიცოცხლის მანძლზე გენდერული ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც  გამხდარა. ჩვენთან ოჯახში ძალადობის შედეგად სიკვდილიანობის რიცხვის დადგენა  რთულია, რადგან 2012 წლამდე არ არსებობდა საკანონდებლო ნორმა, რომლის საშუალებითაც ასეთ დანაშაულს შევაფასებდით. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2012 წლიდან 20-მდე ოჯახური მკვლელობის შემთხვევაა. ქალთა მიმართ ძალადობის შედეგად, მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალების უფრო მეტი რაოდენობა იღუპება, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევებით, შიდსით, მალარიით და სიმსივნით ერთად.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^