იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი მეტსახელად „ოუმუამუა“, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენ მზის სისტემაში შემოიჭრა, ამ მომენტისთვის ტოვებს ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოს. მაგრამ ასტრონომები მას „გაქცევის“ პროცესში დააკვირდნენ და ივარაუდეს, რომ კოსმოსში მოგზაურობის შედეგად მას დაახლოებით 30 სანტიმეტრის სისქის ნახშირბადით მდიდარი ნივთიერების გარსი უნდა ჰქონდეს.
უჩვეულო, სიგარის ფორმის კოსმოსურ ობიექტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს გარსი გაყინულ ნახშიროჟანგზე, მეთანზე და მეთანოლზე - ეგრეთ წოდებულ, ორგანულ ყინულებზე ვარსკვლავების გამოსხივების შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
„ოუმუამუა“ პირველი დადასტურებულად ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც ჩვენს მზის სისტემას გარედან ეწვია. დაახლოებით 400 მეტრის სიგრძის „ოუმუამუას“ პირველად ოქტომბერში დააკვირდნენ, ჰავაიზე არსებული ერთ-ერთი ტელესკოპით. მისი მეტსახელიც ჰავაური სიტყვიდანაა აღებული, რომელიც „მაცნეს“ ნიშნავს. „ეს არის ნელა მბრუნავი, ცათამბჯენის ფორმის სხეული, მონაცრისფრო-მოწითალო ქერქით, რომლის შიგნით, სავარაუდოდ, ყინულია. როცა ნახშირბადით მდიდარი ყინული მილიონობით წლის განმავლობაში „ცხვება“ ვარსკვლავთშორის რადიაციაზე, წარმოიქმნება მისი ორგანული გარსი“, - ამბობს კუინსის უნივერსიტეტის ასტრონომი მიშელ ბანისტერი.
თავდაპირველად ასტრონომებმა „ოუმუამუა“ კომეტად მიიჩნიეს, უფრო დეტალურმა გამოკვლევამ კი მათ აფიქრებინა, რომ იგი ასტეროიდია. თუმცა ერთ-ერთ ბოლო კვლევას თუ ვენდობით, „ოუმუამუა“ კომეტა უფროა, ვიდრე ასტეროიდი.
კომეტებს ასტეროიდებისგან განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ისინი ყინულს, მტვერს და მცირე რაოდენობით ქვას შეიცავს. ჩვენი მზის სისტემის კომეტები მზისგან საკმაოდ მოშორებით ჩამოყალიბდნენ, სადაც სითბოს მათი ყინულის გადნობა არ შეეძლო. თუ კომეტა მზეს უახლოვდება, სითბო აორთქლებს ყინულს, რაც ათავისუფლებს მტვრის და ქვის ნაწილაკებს და კომეტის სახელგანთქმულ „კუდს“ ქმნის. ასტეროიდი კი უმეტესად ქვას, მტვერს და მეტალს შეიცავს, ამიტომ ის მზესთან საკმაოდ ახლოს შეიძლება ჩამოყალიბდეს, რადგან სითბო მასზე ძლიერ გავლენას არ ახდენს.
ორგანული გარსის არსებობა ხსნის, თუ რატომ არ დატოვა „ოუმუამუამ“ კომეტების მსგავსად აირისა და მტვრის ღრუბელი, როცა მან მზეს ჩაუარა. „მისი ზედაპირის მანტია რამდენიმე ათეული სანტიმეტრის სისქისაა, რამაც სითბოს შიგნით შეღწევას და ყინულის აორთქლებას ხელი შეუშალა“, - ამბობს ალან ფიტზსიმონი, კუინსის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი. „ეს ზედაპირული შრე არის ის, რაც ჩნდება მაშინ, როცა კომეტის ყინულზე მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში მაღალი ენერგიის ნაწილაკები ზემოქმედებს“, - ამბობს იგი.
მეცნიერებმა „ოუმუამუა“ ჩვენი მზის სისტემის ასტეორიდებსა და კომეტებს შეადარეს და ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს. „ჩვენი დაკვირვებით, ობიექტმა დაიწყო სიცოცხლე, როგორც ჩვეულებრივმა ყინულის სხეულმა, რომლის მსგავსიც ჩვენს მზის სისტემაში იუპიტერის ირგვლივ და კუპერის სარტყელში გვხვდება“, - წერს ფიტზსიმონი „Nature Astronomy“-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „ოუმუამუა“ წარმოადგენს იმის ნათელ მტკიცებულებას, რომ სხვა მზის სისტემები ისეთივე ობიექტებს შეიცავენ, როგორსაც ჩვენი. მათი თქმით, ამაღელვებელია, რომ პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ასე ჰგავს ჩვენი მზის სისტემის სამყაროს.
სამწუხაროდ, „ომუამუას“ დედამიწიდან კვლევის შესაძლებლობები უკვე თითქმის ამოიწურა. რაც უფრო გვშორდება იგი, მისგან არეკლილი მით უფრო ნაკლები სინათლე აღწევს ჩვენამდე. თუმცა, უამრავი ტელესკოპი ჯერ კიდევ მისკენაა მიმართული. მათ შორისაა რადიოტელესკოპებიც, იმის შესამოწმებლად, ეს ობიექტი შემთხვევით ხელოვნური ხომ არა.
მომზადებულია theguardian.com, sciencealert.com და nationalgeographic.com - ის მიხედვით.