Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხევი ჰესების წინააღმდეგ

31 ივლისი 2013

 ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე შპს „ყაზბეგი ჰესი“ - ჰესის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემას, მოხევეების ნაწილი კი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

„თერგის მაგივრად ერთი დიდი მილი და განადგურებული ეკოსისტემა - აი, რა რჩება ხევს ახალი ჰესების აშენების შემდეგ,“ - ამბობს ყაზბეგში მცხოვრები ნაზი ჩოფიკაშვილი, - „დარიალი ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას ალბათ ვეღარ შევძლებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხდის ხეობაში „ყაზბეგი ჰესი“ არ აშენდეს და ახალ ხელისუფლებასაც თავის დანაპირებს სიტყვა-სიტყვით შევახსენებთ.“

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი  საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იყო. ყოფილი ხელისუფლება ახალი ჰესების მშენებლობის აუცილებლობას ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნით ასაბუთებდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშგებისას განაცხადა, რომ 2015 წლისთვის საქართველოში 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, 2016 წლისთვის კი ქვეყნის შიგნით გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა წლიურ 16 გიგავატამდე გაორმაგდებოდა და საქართველო რეგიონში ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორი გახდებოდა.   

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ახალი ჰესების მშენებლობის გეგმაში თითქმის არაფერი შეცვლილა. იმ 17 ახალი ჰიდროელექტროსადგურიდან, რომელთა მშენებლობაც 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს, სამი ყაზბეგის რაიონში შენდება.

„ყაზბეგი ჰესი“

6 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ყაზბეგი ჰესი“ მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადზე, ბროლისწყალზე უნდა აშენდეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების  ანგარიშის თანახმად, ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპის იქნება. დერივაციის მონაკვეთში, რომლის სიგრძე 1 კმ-ს აღემატება, მდინარის წყლის 90% მილსადენში მოექცევა.

საქართველოს მთავრობას, ს/ს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ყაზბეგი ჰესს“ შორის „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის თაობაზე მემორანდუმი 2012 წლის 13 ივლისს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ჰესის მშენებლობაში 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა. მდინარე ბროლისწყალზე 6 მგვტ-იანი ჰესის მშენებლობა მოსახლეობის ნაწილთან ერთად გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა  - „მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმინდამ“ გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შპს „ყაზბეგი ჰესის“ მიერ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში პროექტის გარემოზე შესაძლო ზეგავლენის შედეგებს სრულყოფილად არ ასახავდა. გარემოსდამცველთა შეფასებით, ჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნიდა ხდის ხეობას და მისი უნიკალური ლანდშაფტის შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროექტის განხორციელება განსაკუთრებულ საფრთხეს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებს  - წავსა და ტბის კალმახს უქმნიდა. მოსახლეობის და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პოზიციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც დაეთანხმა და  „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა არ გასცა. „ხდის ხეობა ჯიხვების მნიშვნელოვანი თავშესაფარია და მათი რიცხოვნობა საკმაოდ დაბალია. დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება მოიცავს ბურღვა – აფეთქებით სამუშაოებს და სამშენებლო ხმაურს. დეტალურად არ არის შესწავლილი საპროექტო ზონაში იქტიოფაუნის, ფლორის და ფაუნის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით კი წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები“, – აღნიშნულია სამინისტროს დასკვნაში.

უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ჰესების მშენებელი კომპანიის - შპს „ფერის“ მიწვევით ყაზბეგს ეწვია და ახალი ჰესების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. „გარემოს დაცვის სამინისტრომ უარყოფითი შეფასება მისცა „ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს, რომელიც ინვესტორმა წარმოადგინა. არსებობს შენიშვნები, ინვესტორი ალბათ გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს, მომავალში ისევ შეიტანს შესწორებული შენიშვნებით ამ დოკუმენტს გარემოს დაცვის სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, მიიღებს მშენებლობის ნებართვას,“ - განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრის ეს განცხადება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა და გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე ზეწოლად შეაფასეს.

შპს „ყაზბეგი ჰესის“ ხელმძღვანელობამ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება გაითვალისწინა და  ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე ჰესის მშენებლობისთვის აუცილებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღების მიზნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მეორედ  უკვე 2013 წლის 16 ივლისს მიმართა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი ანგარიშის საჯარო განხილვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში 2013 წლისს 11 სექტემბერს გაიმართება.

 „ყაზბეგი ჰესის“ მშენებელი კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალ ანგარიშში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მოსახლეობის და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ჰესის მშენებლობა გარემოზე უარყოფით გავლენას აღარ მოახდენს.

შპს „ყაზბეგი ჰესის“ მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალ ანგარიშზე შეფასებები ჯერ არ გაკეთებულა - სამინისტროც და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც დოკუმენტს ახლა სწავლობს. „ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალ ანგარიშს ჯერ არ გასცნობია არც მირიან წიკლაური  - კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, რომ ის  ხდის ხეობაში ახალი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალ ანგარიშში შეტანილი ცვლილებები  პოზიციას ვერ შეაცვლევინებს: „მდინარე ბროლისწყალზე ჰესის მშენებლობამ შესაძლოა, დიდი ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვიოს, მაგრამ 5-6 მეგავატი არ არის ელექტროენერგიის ისეთი დიდი სიმძლავრე და რაოდენობა, რომ  მისი გულისთვის ხდის უნიკალური ხეობისთვის ხელის ხლება და მის განუმეორებელ ეკოსისტემაში ჩარევა ღირდეს. ეს ჩემი პოზიციაა და ვეცდები, რომ მის მართებულობაში საქართველოს ხელისუფლებაც დავარწმუნო“.

„ლარსი ჰესი“ და „დარიალი ჰესი“

ამ დროისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 ჰიდროელექტროსადგურის „ლარსი ჰესისა“ და „დარიალი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე შენდება.

110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „დარიალი ჰესი“ რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. „დარიალიჰესს“ შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. მშენებლობაში 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ის ექსპლოატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე უნდა შევიდეს. პროქტის მიხედვით, ჰესის წლიური გამომუშავება 525 მილიონი კილოვატსაათი იქნება. „დარიალი ჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექპსორტი თურქეთში განხორციელდება.

20 მეგავატი სიმძლავრის „ლარსი ჰესის“ მშენებლობა მდინარე თერგზე გასულ წელს დაიწყო და წელს, წლის ბლომდე დასრულდება. პროექტის თანახმად, ჰესი, წელიწადში 100 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ინვესტორის განცხადებით, მთლიანად საქართველოს შიდა ბაზარს მოხმარდება.

ორივე პროექტი - „ლარსი ჰესიც“ და „დარიალი ჰესიც“  დერივაციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ‐იან მონაკვეთზე მდინარე თერგი სადერივაციო არხსა და გვირაბში მოექცევა. გარემოსდამცველთა შეფასებით, ჰესების ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: რადიკალურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი და მდინარე თერგში ნაკადულის კალმახი გაქრება.

„ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ეკოლოგებთან და გეოლოგებთან და ყველა პრობლემა კარგად შევისწავლეთ. ამ ჰესების ძირითადი უარყოფითი ზეგავლენა არის ის, რომ  მდინარე თერგის კალაპოტში მხოლოდ წყლის 10% დარჩება. პრაქტიკულად, თერგის ნაცვლად ხევის დიდ ნაწილში პატარა ნაკადული დარჩება,“ - აცხადებს ნაზი ჩოფიკაშვილი, - „აქ  ქვიშნარი ნიადაგია. ამ რაოდენობის წყლის მილში მოთავსება,  ნიადაგის გამოშრობას და მთების ეროზიას გამოიწვევს. ჩვენ მესაქონლეობით ვცხოვრობთ. თუ საძოვრები აღარ გვექნება, გამოდის აქედან უნდა ავიყაროთ და ხევიც თავისი ბუნებრივი მესაზღვრეების გარეშე დავტოვოთ. არც კატასტროფისგან ვართ დაცულები: მდინარე ყუროს წლის განმავლობაში ტონობით ნაშალი გამოაქვს. ეს ინერტული მასალა შემდეგ თერგს გააქვს. როცა კალაპოტში თერგის 10% დარჩება, პატარა ღელედ ქცეული თერგი ამ ნაშალის გატანას შეძლებს? ყუროს კალაპოტი თუ აიწევს, წყალი წაგვიღებს.“

ყაზბეგში ამბობენ, რომ ახალი ჰესების მშენებლობამ მათი მოლოდინი ვერც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით გაამართლა. „მოგვატყუეს, თავიდან გვითხრეს, რომ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რაიონში დარჩებოდა. ახლა გავიგეთ, რომ დენის დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა. ჰესების მშენებლობაზეც ძირითადად ჩამოსული ხალხია დასაქმებული. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე დაახლოებით 100-120 აადგილობრივი თუ იქნება დასაქმებული. როცა ჰესები ექსპლოატაციაში შევა, მაშინ იქ მუშებიც აღარ დასჭირდებათ. კვალიფიციური ენერგეტიკოსები და ინჟინრები აქ არ არიან და შესაბამისად, ხევიდან აღარც არავის დაასაქმებენ“,  -  ამბობს ყაზბეგში მცხოვრები გიორგი სუჯაშვილი.

ახალი ჰესების მშენებლობის შეჩერება იყო ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც მოხევეები საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდნენ. მოხევეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ახალი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო ბლოკ  -  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან. ისინი ახლა 11 სექტემბრისთვის ემზადებიან. იმ დღისთვის, როცა „ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი ანგარიშის საჯარო განხილვა და ხდის ხეობის გადარჩენისთვის გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დაიწყოს.

 სტატია მომზადებულია პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით განხორციელდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^