Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახეთში გლეხებს ატამი ულპებათ

30 ივლისი 2013

წელს, ისევე როგორც გასულ წელს, კახეთში ატმის კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ გლეხებს მოწეული ხილი ხეებზე ულპებათ.  გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სადაც  ატმის და ვაშლატამას ყველაზე დიდი საბითუმო ბაზრობაა, გლეხები ამბობენ, რომ მათთვის მოუსავლიანობაც და ჭარბი მოსავალიც ერთნაირი პრობლემაა.

„მოსავალი დიდია, ფასი  - არაფერი. 20 კგ ვაშლატამა 2 ლარად გავყიდე. კი არ გავყიდე,  გავაჩუქე, მაგრამ სხვა გამოსავალი არა მაქვს. მყიდველი არ არის და მოსავალი ხეებზე გვილპება. ყოველ დღე ხეებს ათეულობით კილოგრამ დამპალ ვაშლატამას ვაყრევინებ. სადაცაა მოსავალი მოილევა, მე კიდევ სახლში ჯერ 100 ლარი მაქვს შეტანილი,“ - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები გურჯი ყოჩაშვილი, - „ბაღი ორჯერ დავბარე, სამჯერ გავთოხე და ცხრაჯერ შევწამლე. რისთვის ვიწვალე? იმ ადგილში, სადაც ვაშლატამა მიდგას, ბალახი რომ მომეთიბა, იმას უფრო მეტი ფასი ექნებოდა. ისეთი გამწარებულები ვართ, ატმის ბაღებს ალბათ, გავკაფავთ“.

გასული წლის მსგავსად წელსაც კახეთში ერთი კილოგრამი ვაშლატამას საბითუმო ფასი  5-10 თეთრამდე, ატმის ფასი კი 40 თეთრამდე  დაეცა, რაც კახელი გლეხების პროტესტს იწვევს. სოფლის მურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატამი გურჯაანისა და თელავის რაიონებში,  4721.20 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და მისი საერთო წარმოება წლიურად 32 396 ტონას შეადგენს. ატმის ჯიშებიდან კახეთში ძირითადად „ქონელა“, „წითელი და ყვითელი ზებრა“ და „კახური თეთრაა“ გავრცელებული.

„სააკაშვილმა ვენახები გაგვაჩეხინა, ატამი უფრო უფრო შემოსავლიანია და ატამი დარგეთო. ატამი დავრგეთ და ვერც ამას ვყიდით. ადგილობრივი წარმოება აქ არ არის, რომ ვინმემ ჩვენი მოყვანილი ხილი იყიდოს, მოსავალი ვერც ქვეყნის გარეთ გაგვაქვს. მთავრობიდან ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესებულა. ხელისუფლებას იმას კი არ ვთხოვთ, რომ ფული დაგვირიგონ, ექსპორტის ბაზრების მოძებნაში დაგვეხმარონ“,  - აცხადებს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ნათელა ქართლელიშვილი.

2011 წელს კახეთში ატამი 50–70 თეთრი, ვაშლატამა კი 1–1,50 ლარი ღირდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ატმის გაიაფება ჭარბ მოსავალთან ერთად მეზობელ ქვეყნებში მისი ექსპორტის შემცირებამაც გამოიწვია: იმის გამო, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე 1 კგ ატამზე საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა შარშან 80 თეთრით, წელს კი 1,12 ლარით განსაზღვრა, აზერბაიჯანელი ექსპორტიორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსშია. სამინისტროს ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანულ მხარეს ატამზე საბაჟო მოსაკრებლის შემცირების თხოვნით მიმართა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ.  ხელისუფლება პარალელურად მუშაობს სხვა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე, მაგრამ ატმის სეზონზე რომელიმე ახალ ბაზარზე შესვლა, ალბათ, ვერ მოხერხდება“, -  აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი.

გურჯი ყოჩაშვილი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა და სახელმწიფო გლეხებს პროდუქციის გასაღების ბაზრების მოძიებაში არ დაეხმარება, მომავალში ისიც სხვების მსგავსად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას თავს დაანებებს. ასეთი არჩევანი უამრავი გლეხისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რის გამოც საქართველო თანდათან  აგრარული ქვეყნის სტატუსს კარგავს.

პრეზიდენტ სააკაშვილის  და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში სოფლის მეურნეობა მხოლოდ 2010-2012 წლებში მოექცა. პრეზიდენტი რამდენიმე პირადი ინიციატივითაც გამოვიდა და ფსონი მაღალი დონის სასაწყობე მეურნეობების  მშენებლობაზე დადო. „სახელმწიფოს და ბიზნესის პარტნიორობით, აშენდება სასაწყობო მეურნეობები და ლოჯისტიკური ცენტრები, რაც თვისებრივად შეცვლის ექსპორტის სტრუქტურას. ფერმერებს აღარ მოუწევთ გასაღების ბაზრების დამოუკიდებლად მოძიება, რადგან მათ პროდუქციას მიეცემა მაღალხარისხიანი სასაქონლო სახე,“- განაცხადა პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში

ახლა საქართველოში 5 თანამედროვე სასაწყობო–სამაცივრო მეურნეობაა: ლაგოდეხში, გორში, აბაშაში, მარტყოფსა და ახაშენში. მაგრამ, სრული დატვირთვით ვერცერთი მათგანი ვერ მუშაობს. ახაშენის სამაცივრო მეურნეობის ირგვლივ 3000 ჰა–ზე ატმის ბაღია გაშენებული, მიუხედავად ამისა, მეურნეობის მფლობელებს შესანახი ატმის ყიდვა  ყოველთვის უჭირთ. პროდუქტი სასასწყობო მეურნეობაში  რომ შეინახოს, მისი მოკრეფის დროს ტექნოლოგიური ციკლი უნდა იყოს დაცული. ფერმერმა უნდა იცოდეს, როდის, როგორ ტემპერატურაზე და შაქრიანობის რა დროს უნდა მოკრიფოს ატამი.  მოკრეფის შემდეგ ხილი უნდა დაფასოვდეს ზომისა და ხარისხის მიხედვით და სპეციალურ ტარაში მოთავსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაცივარში შენახული ატამი გაფუჭდება. „ამ ტექნოლოგიურ ციკლს საქართველოში არცერთი ფერმერი არ იცავს. მათ ამ ციკლის შესახებ არც ცოდნა აქვთ და არც ფინანსური რესურსი  მის დასაცავად, მაგალითად, სამაცივრე მეურნეობაში შესანახი პროდუქციისთვის აუცილებელი ტარას ყიდვა საქართველოში თითქმის შეუძლებელია,“ – აცხადებს „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიის“ ყოფილი დირექტორი  გიორგი ჯახუტაშვილი.  მისი აზრით, საქართველოდან აგრარული პროდუქციის ექსპორტის შემცირებასაც ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის არარსებობა იწვევს.

სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ექსპორტზე საქართველოდან ძირითადად ხურმა, კარალიოკი, მწვანილი, მანდარინი, ატამი და ვაშლატამა გადის. ქართული პროდუქციის მთავარი და ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი კი უკრაინაა და ამ ბაზარზეც ქართული პროდუქციის წილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდება. უკრაინაში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდა 2006 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთის ბაზარი დაიხურა. 2006–დან 2010 წლის ჩათვლით უკრაინაში ქართული ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი იზრდებოდა, 2011 წლიდან კი ექსპორტმა შემცირება დაიწყო. „უკრაინული ბაზრის შესწავლის შემდეგ საინტერესო სურათი გამოიკვეთა: რა რაოდენობითაც მცირდებოდა ქართული ატმისა და მწვანილის ექსპორტი, ზუსტად იმდენით  იზრდებოდა  უკრაინაში ისრაელიდან  და თურქეთიდან მწვანილის, საბერძნეთიდან და ესპანეთიდან კი ატმის ექსპორტი. მიზეზი ის იყო, რომ უკრაინული ბაზრის 60–მა პროცენტმა არაორგანიზებული,საკოლმეურნეო ბაზრიდან ორგანიზებულ, მსხვილ სავაჭრო ქსელში, სუპერმარკეტებში გადაინაცვლა. აღმოჩნდა, რომ  ქართველი ექსპორტიორები, რომლებიც სინამდვილეში ერთსეზონიანი გადამტანები არიან, აკმაყოფილებენ  საკოლმეურნეო ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ დიდი სავაჭრო ქსელის მოთხოვნებს: მათ არ შეუძლიათ ქსელისთვის მთელი წლის განმავლობაში ხარისხიანი და დაფასოებული პროდუქციის გარანტირებული მოცულობების სტაბილური მიწოდება. ამისთვის არცერთი ქართველი ფერმერი მზად არ არის. ანუ, ჩვენ მოვძებნეთ კარგი ნიშა, მაგრამ სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სტრატეგიის არარსებობის გამო მას თანდათან ვკარგავთ“,  – ამბობს ჯახუტაშვილი.

საქართველოში დღეს სოფლის მეურნეობის წარმატებული დარგი და რეგიონი არ არსებობს.  შპს „აგრო 1959“-ის დამფუძნებელი გელა ხანიშვილი  აცხადებს, რომ სახელმწიფოს ამ დარგის განვითარებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკა  შემუშავებული არა აქვს, ფრაგმენტული და მცირე პროექტები კი სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობა ვერ გახდება: „საქართველოში მარტო ყურძნის, ატმის და მადარინის რეალიზაციის პრობლემა არ არის. ქართლში გლეხებს ვაშლი ულპებათ, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა რეგიონების და სხვა პროდუქტების რეალიზაციის პრობლემებზე აქცენტს არც ხელისუფლება აკეთებს და არც მედია. სოფლის მეურნეობა რომ განვითარდეს, ამისთვის მთავრობა ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში უნდა დაეხმაროს. ფერმერს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმაზეც, როგორ მოიყვანოს მოსავალი და იმაზეც, როგორ და სად გაყიდოს პროდუქცია: წარმოების უწყვეტი ციკლი უნდა არსებობდეს და ფერმერის საქმიანობა მინიმუმ 12-წლიან ციკლზე უნდა იყოს გათვლილი. სანამ მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გრძელვადიან სტრატეგიას არ შეიმუშავებს, მანამდე სოფლის მეურნეობას არაფერი ეშველება“.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის 10 თვის თავზე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია ისევ არ არსებობს.

 

 

სტატია მომზადებულია პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით განხორციელდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^