საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. სამინისტრომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. პროექტი ამჟამად ფართო საზოგადოებრივი განხილვების ობიექტია და პარლამენტს განსახილველად იმის შემდეგ წარედგინება, რაც პროექტის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებისა ინტერესთა ჯგუფების რეკომენდაციები შეჯამდება.
სამთაწყაროში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი ამოქმედებული ყოფილიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა: სოფლის მუსლიმი მცხოვრები პირადად დაწერდა განცხადებას, თანასწორობის დაცვის ინსპექტორის სახელზე, ან რომელიმე ორგანზაციას მისცემდა მისი სახელით განცხადების დაწერის უფლებას. განცხადებაში სოფლის მუსლიმი მცხოვრები აღწერდა, მის მიმართ განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო დამოკიდებულებისა და შევიწროვების ფაქტებს; სოფლელებთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაპირისპირებას. ამის შემდეგ, თანასწორობის ინსპექტორი დაიწყებდა საჩივრის განხილვას. მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს - სოფლის მცხოვრებლებსა და მმართველობას - დაეკისრებოდა და მათ მოუწევდათ დამტკიცება, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. ინსპექტორს უფლება ექნებოდა ინფორმაცია მიეღო ნებისმიერი მესამე პირისგან. ის მოიძიებდა დამატებით ფაქტებს ჟურნალისტების, სახელისუფლებო ორგანოებისგან. ნებისმიერი პირი, სახელმწიფო ხელისუფლების თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვალდებული იქნებოდა ინსპექტორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში წარედგინა. 2 თვის ვადაში ინსპექტორი სამთაწყაროელი გლეხის დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. თუ დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდებოდა, სოფლის მცხოვრებლები, რომელთაც მუსლიმებს ლოცვაში ხელი შეუშალეს ან სხვა სახით მოახდინეს მათზე რელიგიური განსხვავების გამო ზეწოლა, 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კი 500-დან 2500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებოდა. ჯარიმის ერთი თვის გადაუხდელობის შემთხვევაში, დისკრიმინაციაში დამნაშავე პირებს ჯარიმის რაოდენობა გაუსამმაგდებოდათ. ჯარიმის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში კი სახელმწიფო იძულებით აღსრულებას განახორციელებდა. თუ დისკრიმინაციის გარდა დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთებოდა, მაგალითად ხოჯისა და მისი ოჯახის წევრების ცემა, ინსპექტორი საქმეს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ორგანოებსაც გაუგზავნიდა.
ახალ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას სამართლებრივ სივრცეში ახალი უფლებები არ შემოაქვს და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებების რეალიზების სამართლებრივ გარანტიებს ქმნის. ,,ჩვენ გვაქვს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი, სხვადასხვა აქტები, რომლებიც პრინციპების დონეზე ძალიან კარგად იკითხება, მაგრამ მათი რეალიზების მექანიზმები ნაკლებად არსებობს. ადამიანს უნდა შეეძლოს ამ უფლებების რეალიზება და დარღვეული უფლებების დაცვა. ამისთვის ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმია საჭირო. ეს კანონი ახალ უფლებებს არ ქმნის, მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაწესებული უფლებების უზრუნველყოფას ემსახურება“. - ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.
კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორად უზრუნველყოფას ემსახურება და მოქალაქეებს ენის, რელიგიის, კანის ფერის, სქესის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, სოციალური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნების მიხედვით დისკრიმინაციისგან იცავს.
კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში მომზადდა. საქარველლოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მომზადებას ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში ვიზალიბერალიზაციიის შესახებ შეთანხმება ავალდებულებს. თუმცა გოჩა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ კანონის მიღების მთავარი მიზეზი არა გარე ვალდებულება, არამედ საზოგადოებრიი ინტერესებია. ,,დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების ფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
კანონპოროექტით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას თანასწორობის დაცვის ინსპექტორი ახორციელებს. ინსპექტორი იმ პირების ან მათი წარმომადგენლების საჩივრებს განიხილავს, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ინსპექტორი მიმართვის შემდეგ საქმის შესწავლას იწყებს. დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ინსპექტორს შეუძლია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების გამოცემა და დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირისა თუ ორგანოსთვის ჯარიმის დაკისრება.
თუ ინსპექტორი მიიჩნევს რომ დისკრიმინაციას ხელი დისკრიმინაციული აქტის არსებობამ შეუწყო, ის სახალხო დამცველს მიმართავს, სახალხო დამცველს კი სარჩელი შეაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა „სასამართლომ კონკრეტული აქტი არაკონსტიტუციურად ცნოს.
თანასწორობის ინსპექტორის აპარატი, რომლის სტრუქტურას, საქმიანობასა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესს ინსპექტორი აპარატის დებულებით ადგენს, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ის დამოუკიდებელი ორგანოა. თავად ინსპექტორს კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს პარლამენტი აბსოლუტური უმრავლესობით ირჩევს. კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორად შეიძლება ისეთი მოქალაქის არჩევა, რომელიც სრულად იზიარებს ამ კანონის მიზნებსა და სულისკვეთებას, აქვს უმაღლესი განათლება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია და ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. მოგვიანებით, თუ გამოვლინდება გარემოება, რომ ის არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, პარლამენტს ინსპექტორის გადარჩევა შეუძლია.
ინსპექტორის არჩევის წესს, რომელიც უფრო რთული და დაბალანსებულია, ვიდრე უბრალო უმრავლესობის მეთოდით არჩევა, სამოქალაქო სექტორის წევრები მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ უფრო სასურველი მეთოდი იქნებოდა, აბსოლუტური უმრავლესობის ნაცვლად ინსპექტორი უმცირესობის უმრავლესობის და უმრავლესობის უმრავლესობის კონსესუსის შედეგად არჩეულიყო. მათი თქმით, ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა ინსპექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახალხო დამცველი და ა.შ., მნიშვნელოვანია იმ პირების მოხვედრა, ვისაც საპარლამენტო უმცირესობაც და უმრავლესობაც ერთნაირად ენდობა, რაკი ჩვენ პოლიტიკურ გარემოში არბიტრის როლის შემსრულებელი პირებისადმი ნდობა განსაკუთრებით პრობლემატურია.
იუსტიციის სამინისტროში ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ. ,,კანონში ჩადებული არჩევის წესი ისედაც საკმაოდ მაღალი ლეგიტიმურობის მატარებელია. უმრავლესობის და უმცირესობის მაღალი კონსესუსის მატარებელი პირის არჩევა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, მაგრამ ამავდროულად არჩევის ეფექტური მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული, რომ ეს პოლიტიკური ჭიდილების საგნად არ გადაიქცეს და არჩევნები უსასრულოდ არ გაიჭიმოს. იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში, თამასის ზემოთ აწევამ ვაკანტურად დარჩენილ ადგილებამდე მიგვიყვანა. ამიტომ მსგავს საკითხებს მხოლოდ ერთ სიბრტყეში არ უნდა შევხედოთ და ზოგადი კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ“, - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, ვახუშტი მენაბდე განსაკუთრებულ პრობლემას ინსპექტორის გადარჩევის შესაძლებლობაში ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა მმართველმა ძალამ, რომელიც პარლამენტს აკომპლექტებს ინსპექტორზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენოს. ,,კონსტიტუციონალიზმში არსებობს ასეთი ძველი გამოთქმა, რომ დანიშვნის უფლებამოსილება გამოთხოვის უფლებამოსილების გარეშე არაფერია. ინსპექტორი, ვისი დანიშნულიც არ უნდა იყოს, თუნდაც პრეზიდენტის, იმდენად პრობლემატური არ არის - საქმე გათავისუფლებაშია. მათავარია პრეზიდენტს უკან გამოწვევის უფლება არ ჰქონდეს. კანონპროექტით შემოთავაზებული დამოუკიდებლობის ხარისხის ინსტიტუციური გარანტიები საკმაოდ დაბალია“,- ამბობს მენაბდე. კანონპროექტის ავტორებს კი მიაჩნიათ, რომ ინსპექტორის გადარჩევის ნორმა ამ ადგილზე შეუფერებელი კანდიდატის მუშაობისგან თავის არიდების გარანტიაა, რასაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილიც იზიარებს.
რაც შეეხება ინსპექტორის უფლებამოსილებებსა და მათი გავრცელების არეალს, ის საჯარო სექტორსაც მოიცავს და კერძო სექტორსაც. თუმცა ინსპექტორს არ შეუძლია დახურულ დაწესებულებებში: ციხეში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სხვა ადგილებში შესვლა.
,,რეალურად ეს სუსტი ინსტიტუტია. ანგარიშის გამოაქვეყნების, მისი საზოგადოებისთვის გაცნობის, ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობის და სტატისტიკის წარმოების უფლებამოსილებები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააჩნიათ. მნიშვნელოვანი განსხვავებაა დაჯარიმების უფლებამოსილების ქონა, რაც ძალიან კარგია და რაც, ცხადია, უნდა შენარჩუნდეს“, - ამბობს ,,ლიბერალთან“ საუბრისას ვახუშტი მენაბდე.
კანონპროექტის ნაკლოვანებებსა თუ საფრთხეებს სხვანაირად ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ის ხაზს უსვამს, რომ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დისტრიბუტორი ჩვენ საზოგადოებაში მედიაა, თუმცა ჟურნალისტი მიესალმება მიდგომას, რომ კანონპროექტი სიძულვილის ენის კრიმინალიზებას არ ისახავს მიზნად. ,,შესაძლოა კრიმინალიზების გზითა და შიშის დანერგვით სიძულვილის ენას ვძლიოთ, მაგრამ ამას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გადავაყოლოთ. მთავრობისთვის კრიმინალიზებული მექანიზმის მიცემა ძალიან სარისკოა, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ შეაფასებს ის შემდეგ ჩვენს ნებისმიერ გამონათქვამს“, - ამბობს ქორიძე. ის აკრძალვის ლეგალური მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს გარდამავალი დემოკრატიის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა და მიიჩნევს, რომ კანონები მაქსიმალურად ნორმატიზებული და ორაზროვნებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ,,ფაქტია, რომ ბოლო 23 წლის მანძილზე ქვეყანაში უკვე მეოთხე მმართველი ძალა მოდის, რომელიც ავტონომიურად, ყოველგვარი კოალიციის გარეშე ახერხებს მთავრობის ჩამოაყალიბებას. ასეთი პარლამენტისა და მთავრობის პირობებში ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ კანონები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ არ იმუშავებს. ამიტომ კანონში ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერების არსებობა არ უნდა დავუშვათ, რომლის წაკითხვაც ორგვარად იქნებოდა შესაძლებელი,“ - ამბობს ქორიძე. ის მოცემულ კანონპროექტშიც ხედავს მსგავსი ტიპის პრობლემებს.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მესამე მუხლი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროებს, შრომით ურთიერთობებს, განათლებას, მეცნიერებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას განსაზღვრავს და სხვა სფეროებთან ერთად კანონის მოქმედების არეალად კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობასაც ასახელებს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ კანონს კულტურისა და შემოქმედების სფეროში ცენზურის შემოტანასთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ დისკრიმინაციის გამოვლინებების თავიდან აცილებას ცდილობს. ,,ბევრი რამ, რაც ამ კანონის რეგულირების სფეროში უნდა მოხვდეს, ინსპექტორის და სასამართლო პრაქტიკის შედეგად უნდა დადგინდეს. მაგალითად, ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება საკმარისი არაა იმისთვის, რომ ფაქტი დისკრიმინაციად შეფასდეს.“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხაზს უსვამს, რომ ეს კანონპროექტის საბოლოო ვერსია არაა და იგი შეიძლება შეიცვალოს, რათა მოხდეს საზოგადოების ინტერესების ადეკვტური გათვალისწინება.
ამ დროისთვის კანონპროექტზე მუშაობა და განხილვები გრძელდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი პარლამენტს განსახილველად საზოგადოებრივი კონსესუსის მქონე ვერსიას წარუდგენენ.