ივლისის ბოლო დღეები სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ხმამაღალი განცხადებების სერიით აღინიშნა. ცხინვალში 24 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რესპუბლიკის მეთაურმა გულახდილად განაცხადა: ,,თუ სამხრეთ ოსეთი მისი მოქალაქეების სურვილით რუსეთს მიუერთდება და ოსების ნანატრი გაერთიანება მოხდება, ჩემს საპრეზიდენტო მისიას შესრულებულად ჩავთვლი“. თიბილოვი იმას გულისხმობდა, რომ სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის მკვიდრთ ჩრდილოეთ ოსეთში, ანუ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ცხოვრების საშუალებას მისცემს. ამავე დღეს, რუსული გამოცემა РБК -ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ერთი ხელის მოსმით უარყო საქართველოში ხელისუფლების ცვლის შემდეგ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის გაუმჯობესების ნებისმიერი შესაძლებლობა. ,,ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ დღეს არც საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან, არც ზოგადად, საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს,“ - თქვა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა. 29 ივლისს თიბილოვმა კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მისი მუშაობის მეთოდებს, საკუთარ ხელქვეითებს კი დაავალა, საფუძვლიანად შეამოწმონ, აუცილებელია თუ არა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ მისიის ფუნქციონირება. კომიტეტზე მიტანილი იერიშის მიზეზი რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში სამკურნალოდ გაყვანა და გავრცელებული ხმები გახდა, თითქოს ამ პაციენტებს აიძულებდნენ, საქართველოს მოქალაქეობა მიეღოთ. იმავდროულად, თიბილოვმა განაცხადა, რომ ყველანაირად ხელს შეუშლის ,, აგრესიული ისლამის შემოჭრას“ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამას გარდა, სრულიად მოულოდნელად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა რუსეთის იმ კამპანიას შეუერთდა, რომელიც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იღვწის.
თიბილოვის მიერ ნახსენებ თემათა სიჭრელის მიუხედავად, მათი გამაერთიანებელი ხაზის ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო: რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული რევერანსები და ქართულ მხარესთან ნებისმიერი ურთიერთქმედების ხაზგასმული უარყოფა. რესპუბლიკის ლიდერის ეს მჭახე განცხადებები მით უფრო გაუგებარი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო ხანს სამხრეთ ოსეთის მიმართ არც ერთი გამოკვეთილი ნაბიჯი არ გადაუდგამს. საფიქრებელია, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ესკაპადები იმ მოტივებით იყო განპირობებული, რომელთაც რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებასთან თუ წითელი ჯვრის ქმედებებთან საერთო არაფერი აქვს.
ცხინვალი საქართველოსა და რუსეთის დაახლოების მცდელობებს თვალს ადევნებს და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაში ნევროზულობა მატულობს. მასმედიის დაინტერესებულ საშუალებებს არც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი გამოპარვია ივლისის ბოლოს და არც მის მიერ ვლადიმერ პუტინის ბუნდოვანი დაპირების ხსენება, თითქოს პუტინი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
ამგვარი შეპირების სათუოობისა და რუსეთ-საქართველოს დაახლოების ერთობ საეჭვო პერსპექტივის მიუხედავად, როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა შესამჩნევად შეშფოთებულია.
მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებში პოზიტიური გარდატეხა რომ მომხდარიყო, ცხინვალს, პოლიტიკური თვალსაზრისით, წყალი შეუდგებოდა და დაახლოებით იმ მდგომარეობას დაბრუნდებოდა, როგორიც 2008 წლის ომამდე და იმავე წლის აგვისტოში რუსეთის მიერ აღიარებამდე ჰქონდა. უკეთეს შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის პოზიციები ამ დაახლოების შემთხვევაში ნამდვილად არ გაძლიერდებოდა, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად რეალური იქნებოდა რუსეთის მიერ საკუთარი აღიარების ,,გაწვევა’’. აშკარაა, რომ მოსკოვი, ამ თვალსაზრისით, გარკვეული ვალდებულებებითაა ხელ-ფეხშეკრული, რომლებიც მხოლოდ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების ქცევაზე არაა დამოკიდებული. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა საკუთარი მწირი შესაძლებლობებით ცდილობს რუსეთის ხელმძღვანელობას მანევრირების ველი შეუვიწროვოს, რათა მან რესპუბლიკის ,,ღალატი“ ვერ მოახერხოს. აქედან მომდინარეობს განცხადება სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნვის შესახებ და სხვა.
РБК -ს ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოსთან შესაძლო შერიგების პირობების შესახებ, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა: ,,სანამ საქართველოს ხელისუფლება ოსი ხალხის გენოციდის ფაქტს არ აღაირებს, არ აღაირებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ჩვენს ხალხს სამხედრო ოპერაცის დროს მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, საქართველოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა გამორცხულია.“ გასაგებია, რომ ეს მოლაპარაკების პოზიცია არ არის - ეს პირწმინდად კონფრონტაციული, ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების ჩასაშლელად გამიზნული პოზიციაა.
საინტერესოა, რომ ცხინვალისა და მოსკოვის პოზიციებს შორის პრაქტიკულად არანაირი კორელაცია არ არსებობს. ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მოსვლის შემდეგ რუსეთისაგან დროდადრო გაცილებით უფრო მშვიდობიანი მოსაზრებები გაისმის. თუ სააკაშვილი საბოლოოდ წავა პოლიტიკური არენიდან და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი მოსკოვისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელი ფიგურა გახდება, ცხინვალის პოლიტიკური ინტერესები შეიძლება უფრო დაზარალდეს.
ცხინვალის პოზიციის გამკაცრება საქართველოს მიმართ ერთი მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალში ეჭვქვეშ დგას რუსეთის შეპირება, თითქოს იგი არასდროს გაიწვევს მის მიერ რესპუბლიკის აღიარებას, მეორე მხრივ კი თვალსაჩინოდ ასახავს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისადმი ანგარიშგაუწევლობას, როცა საქმე საქართველოს ეხება. აშკარაა, რომ რთულ დიპლომატიურ თამაშში სამხრეთ ოსეთს სტატისტის როლი აქვს მიკუთვნებული, რომელიც ისე უნდა მოიქცეს, როგორც მოსკოვიდან დაავალებენ. ძნელი წარმოსადგენია, სამხრეთ ოსეთი უცებ ,,აუჯანყდეს“ რუსეთს - მოსკოვთან კონფრონტაციის მაგიერ, რესპუბლიკის ლიდერებს მოსკოვთან ,,მიტმასნვის“ პოლიტიკა აქვთ არჩეული, რათა მისი მხრიდან არამეგობრული ქმედებები ამის ხარჯზე მაინც არ დაუშვან. რაკი რეგიონში ვითარება ერთობ დინამიურად ვითარდება, შეიძლება საკმაო დარწმუნებით ითქვას, რომ მოსკოვი-თბილისი-ცხინვალის სამკუთხედში პოლიტიკური მოთამაშეების როლები უახლოეს თვეებში შესამჩნევ ტრანსფორმაციას განიცდის.
სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.