Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად რატიანი – ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

24 დეკემბერი 2017

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ

და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,

არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს

და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ

ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში

ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა

რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,

და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან

და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.

ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,

როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.

ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,

განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.

ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,

ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.

– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.

არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.

ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ

არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.

– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,

რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი

ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის

სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,

უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,

ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ

და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,

და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------

– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!

დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა

შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;

შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –

ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული

დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით

ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,

სარწმუნოება...

შავლეგ, შენი...

სულ შენი, შენი,

შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,

შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები

და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;

ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,

როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,

დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები

არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,

ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ

ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...

და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით

ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,

და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,

ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,

ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,

რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით

ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით

და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,

მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;

გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,

ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა

ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,

რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით

და ასე ვხდებით უკვდავები.

ნუ გეცინება,

ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი

და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,

როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,

რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,

ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.

ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქმის ელოდნენ

და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___

უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.

ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------

– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,

ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,

მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ

და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.

ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ

იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად

ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,

სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან

და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის

მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები

და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,

თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით

და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,

ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;

უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის

გაუმააარ...

ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^