საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი თავს აზერბაიჯანის მოქალაქედ მიიჩნევდა: საერთო ენის, რელიგიისა და კულტურული კავშირების გამო მათთვის აზერბაიჯანი უფრო ახლობელი იყო, ვიდრე საქართველო. ვერც საბჭოთა კავშირის დაშლამ შეცვალა მათ მენტალობაში ბევრი ვერაფერი. პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან სიდუხჭირის გამო ბევრი მათგანი რუსეთსა და თურქეთში წავიდა საცხოვრებლად და საქართველოსთან მათი კავშირები კიდევ უფრო შესუსტდა.
მას შემდეგ, რაც ნავთობზე ფასები და შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკაც გაიზარდა, საქართველოში მცხოვრები ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი სამუშაოს საძებნელად აზერბაიჯანში წავიდა. ბევრმა მათგანმა იქ საქმე კარგად ააწყო და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ლოიალური გახდა, საქართველოში დარჩენილ მათ ოჯახის წევრებს კი, რომლებიც მთლიანად აზერბაიჯანიდან გამოგზავნილ თანხაზე არიან დამოკიდებულები, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია კიდევ უფრო გაუჭირდათ.
ეს მდგომარეობა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეიცვალა: ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებებით დაინტერესდა, ეთნიკურ აზერბაიჯანელთა თემი კი ქართული ენის შესწავლით და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციით.
იმ რეფორმებმა, რომლებიც საქართველოში გატარდა, ეთნიკური აზერბაიჯანელების ცხოვრებაც შეცვალა. დღეს მათ იციან, რომ კანონის დაცვა სავალდებულოა და ისიც, რომ ცხოვრება ქრთამის აღება-მიცემის გარეშეც შეიძლება.
თუმცა, ეთნიკური აზერბაიჯანელების ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები ახლაც არსებობს. მაგალითად, საშუალო და ასაკოვანი ხალხის დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის, რის გამოც მათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირთ. ბევრი მათგანი დღემდე სახელმწიფო ენის შესწავლას არც ცდილობს, რადგან ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციას ხელს საქართველოში მოქმედი ზოგიერთი აზერბაიჯანული კომპანიაც უშლის. ისინი ცდილობენ, რომ ფულის მეშვეობით ეთნიკური აზერბაიჯანელები საკუთარი ძალაუფლების გავლენის ქვეშ მოაქციონ და ხალხი დააარწმუნონ, რომ ფულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. პროპაგანდას, რომელსაც ისინი აზერბაიჯანში ეწევიან, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორისაც ავრცელებენ.
ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა დღეს ძალიან ბევრი უნდა იშრომონ იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა რეფორმის მიღწევებით ისარგებლონ. ახლა ყველა პირობაა იმისთვის, რომ მათ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია შეძლონ: ასობით ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მოსწავლემ ქართული ენა ისწავლა და უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. ახლა ისინი სტუდენტები არიან და ორასმა მათგანმაც რომ ირწმუნოს, რომ ის საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეა, ეს იმას ნისნავს, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა აზროვნებასა და მშობლიური ქვეყნისადმი მათ დამოკიდებულებაში ცვლილებები იწყება.
ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ქართული ენა იმისთვის, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლკიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. უცხო ენებიც უნდა ისწავლონ და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებულ პროექტებსა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ. მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა, განსაკუთრებით კი გოგონებმა, განათლება მიიღონ.
მხოლოდ განათლებით დაძლევენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები იმ მცდარ წარმოდგენას, რომ ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ამ პროცესში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ახლა საზღვარგარეთ სწავლობენ. ამ გზაზე მათ მხარში ხელისუფლება და საზოგადოება უნდა ამოუდგეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ირწმუნონ, საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, რომ ისინი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.
ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.