Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხოლოდ მცირე ომი ევროპის საზღვარზე?

08 აგვისტო 2013

 "აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ჰუმანიტარული და სხვა მისიების უზრუნველსაყოფად საქართველოს პორტებსა და აეროპორტებს გააკონტროლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა დაძაბულობის შესამცირებლად“. - აცხადებდა პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის 13 აგვისტოს თავის სატელევიზიო მიმართვაში.  

ამ განცხადებამდე ხუთი დღით ადრე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ესკალირებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ღია ომში გადაიზარდა. მას შემდეგ რუსები, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა, გორს, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალსა და საპორტო ქალაქ ფოთსაც აკონტროლებდნენ. ქართულმა ჯარმა თბილისისკენ დაიხია. მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსული შენაერთები თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ამ ვითარებამ თბილისში ბევრი პანიკაში ჩააგდო.   

სააკაშვილის გუნდში აპოკალიფსური განწყობა სუფევდა. მაშინდელი მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იხსენებს: "იყო შეთავაზება მთავრობის ევაკუაციის შესახებ. ჩვენ უარი ვთქვით. გადავწყვიტეთ - თუ სიკვდილი გარდაუვალი იყო, საკუთარ კაბინეტებში დავიხოცებოდით. უკან არც ერთ შემთხვევაში არ დავიხევდით.“ სააკაშვილს სჯეროდა, რომ რუსების შეჩერება მხოლოდ ამერიკელების სამხედრო ჩარევით იყო შესაძლებელი. რადგან ეს ასე არ მოხდა, მან უბრალოდ გამოაცხადა, რომ ქართულ პორტებსა და აეროპორტებს ამერიკის არმია გააკონტროლებდა.

სააკაშვილის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ჰუმანიტარულ მისიაზე ალაპარაკდა. ეს გულდასმით დაგეგმილი სიგნალი რუსეთის მთავრობის ყურამდე უნდა მისულიყო. მართალია, ბუშმა კაბინეტის რამდენიმე წევრთან საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის ალბათობაც განიხილა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ნიშნავდა. ასეთი შესაძლებლობა კი შეერთებული შტატების მთავრობას უნდა აღეკვეთა. ასე აღწერა ვითარება აწ გარდაცვლილმა ამერიკელმა დიპლომატმა რონ ასმუსმა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მაშინდელი მთავარი მრჩეველი ევროპის საკითხებში, დემონ ვილსონიც ადასტურებს ამ ვერსიას. ვილსონი ამბობს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შემოსული ამერიკული ხომალდები მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღებით იყვნენ აღჭურვილნი. სააკაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ ხომალდებს ბორტზე მძიმე სარაკეტო ტექნიკაც ჰქონდა.        

სააკაშვილისა და აშშ-ის მთავრობის განსხვავებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იაკობაშვილი პასუხობს: "დეტალები ზოგჯერ დიდ სხვაობას გვაძლევს". თბილისის აეროპორტში იმ დროს C-17-ს ტიპის ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდი იდგა. რუსები მის გაყვანას ითხოვდნენ, რადგან აეროპორტზე თავდასხმა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ამერიკული თვითმფრინავის დაზიანება არ უნდოდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაკობაშვილი სააკაშვილის განცხადებებს ლეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან მათ  რუსების მხრიდან შემდგომი თავდასხმების შეჩერება შეეძლოთ.

თუმცა, ამას სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციაც შეეძლო. მით უმეტეს, რომ ფიონა ჰილის შეფასებით, მდგომარეობა ისედაც ფეთქებადი იყო. ჰილი 2006-2009 წლებში აშშ-ის დაზვერვის სამსახურის შეფის მრჩეველი იყო რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში. "როცა მოვლენებს ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი, პირველ მსოფლიო ომზე მეფიქრებოდა. სტუდენტობისას ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის - რას შეიძლება გამოეწვია ასეთი ვითარება? იმ მომენტში გავიფიქრე: ალბათ, ზუსტად ასე მოხდა ეს პირველი მსოფლიო ომის დროსაც.“

სიტუაციის ნაბიჯ-ნაბიჯ ესკალაცია კი დღეების და თვეების კი არა, წლების წინ დაიწყო. სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტს თან ერთვოდა მზარდი დაძაბულობა მოსკოვსა და თბილისს შორის, რასაც გავლენისა და უსაფრთხოების ინტერესები იწვევდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სააკაშვილსა და პუტინს შორის არსებული ღრმა პიროვნული ანტიპათიაა. კოსოვოს აღიარებამ, ნატოს ბუქარესტის სამიტმა და სხვა საერთაშორისო მოვლენებმა დაძაბულობა 2008 წლის ნიშნულამდე აიყვანა.

ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში არსებობდა აფხაზეთში ღია საომარი მოქმედებების დაწყების საფრთხე. აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირმა მოლაპარაკებებმა, რომლებსაც შვედეთი და შეერთებული შტატები შუამავლობდა, სიტუაცია განმუხტა, მაგრამ ვითარება ბოლომდე არ გარკვეულა. მოგვიანებით, ამერიკასთან ერთად მოლაპარაკებებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც ჩაერთო, მაგრამ ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა მაინც გაჭირდა. ამერიკის მთავრობა ცდილობდა ევროკავშირი დამკვირვებლებისა და პოლიციელ-ტრენერების ამოქმედებაზე დაეყოლიებინა. ბრიუსელი ამაზე არ წავიდა. 

შტაინმაიერი ქართველებს არ ენდობოდა. იაკობაშვილი გვიამბობს, რომ შტაინმაიერმა ჯერ კიდევ ივლისში, ბათუმში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე აღწერა სცენარი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ ცხინვალში განხორციელდა. ჟესტი, რომელიც მისი მხრიდან გაფრთხილებას ნიშნავდა, საქართველოს ხელმძღვანელობამ შტაინმაიერის მოსკოვთან საეჭვოდ ახლო ურთიერთობის დასტურად მიიჩნია.

საქართველოს არც ამერიკის მთავრობის გაფრთხილებები გაუთვალისწინებია. ამერიკელი დიპლომატები, მაგალითად, მეთიუ ბრაიზა, ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი გააფრთხილეს არ გაბმულიყო რუსულ ხაფანგში. მეორე მხრივ, სააკაშვილს მკაფიოდ და გასაგებად უხსნიდნენ, რომ არ უნდა ჰქონოდა ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის იმედი. ფიონა ჰილი გვიდასტურებს, რომ ზოგიერთი პირი სააკაშვილს აქეზებდა, თუმცა მათი სახელებისა და წარმომავლობის გამხელა არ ისურვა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტმა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანება გასცა, ამან კი რუსეთის სამხედრო მანქანა აამუშავა.

11 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, ქართული ჯარები ყაზარმებში დაებრუნებინა და თბილისს ძალისმიერ ქმედებებზე ღიად ეთქვა უარი. ამასთან ერთად, ლავროვმა სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაც მოითხოვა. თავის მემუარებში რაისი ამ პროცესს მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევად აფასებს. რონ ასმუსმა გვიამბო, რომ ვაშინგტონი რუსული არმიის თბილისში შეჭრის ვარიანტს და ყირიმის ნახევარკუნძულზე მათ გააქტიურებასაც კი განიხილავდა. ასე გადაწყდა გაეგზავნათ რუსეთისთვის მკაფიო, მაგრამ ფრთხილი სიგნალი - ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო თვითმფრინავებისა და გემების ბორტზე.   

ჰილი გვიამბობს, რომ იმ დროს მოსკოვთან კომუნიკაციისთვის პრაქტიკულად მხოლოდ ერთი არხი მუშაობდა. გაუგებრობები, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე და არასწორი გათვლები უფრო ართულებდა სიტუაციას. ევროპის ზღვარზე მცირე ომი დიდმასშტაბიან ხანძარში რომ არ გადაიზარდა, რამდენიმე ადამიანის ნათელი და ცივი გონების დამსახურება იყო, - ამბობს ჰილი. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებულ დოკუმენტს ბევრი აკრიტიკებს, ფაქტია, რომ სიტუაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გაბედულმა ჩარევამ იხსნა. საბოლოო ჯამში კი სარკოზიმ მიაღწია იმას, რასაც ევროკავშირი ყოველთვის არიდებდა თავს: 2008 წლის ოქტომბერიდან კონფლიქტის ზონაში ევროპელი დამკვირვებლები მუშაობენ. ალბათ, ამის დამსახურებაცაა, რომ ვითარება ადგილზე დღემდე შედარებით მშვიდი რჩება.  

ამ ტექსტისთვის საჭირო მოკვლევა განხორციელდა საერთაშორისო ჟურნალისტური პროგრამის ჰოლბრუკის გრანტისა და რობერტ ბოშის ფონდის პროგრამის „ჟურნალისტები ადგილზე“ მხარდაჭერით.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^