Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

16 აგვისტოს თსუ-ს ახალი რექტორი ეყოლება

10 აგვისტო 2013

16 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ რექტორს აირჩევს, რომელიც ამ თანამდებობაზე ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელ სანდრო კვიტაშვილს შეცვლის. რექტორობის სურვილი 14 კანდიდატს აქვს. საარჩევნო კამპანია რექტორობის მსურველებმა უკვე დაიწყეს და საკუთარი პროგრამები გამოაქვეყნეს. „ლიბერალი“ ორ მათგანს მარინა მუსხელიშვილსა და ირმა რატიანს ესაუბრა.

 


მარინა მუსხელიშვილი


 

რა აკლია საუნივერსიტეტო განათლებას საქართველოში?

პირველ რიგში საუნივერსიტეტო განათლებას აკლია ხარისხი და სტუდენტებისათვის ისეთი ცოდნის მიცემაზე ორიენტაცია, რომელიც მათ  თანამედროვე საზოგადოებასა და ეკონომიკაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის სჭირდებათ.

განათლება და მეცნიერება მოკლებული იყო სერიოზულ დაფინანსებას და განვითარებაში ბევრად ჩამორჩებოდა ქვეყნის საჭიროებებს.  ქვეყნიდან, სადაც  მაღალი დონის საზოგადოების განათლება არსებობდა,  უმაღლესი განათლების მქონეთა და მეცნიერული მუშაობით დაკავებული ადამიანების დიდი პროცენტი იყო,  ჩამოვედით განვითარებადი ქვეყნის დონეზე, სადაც არც სასკოლო განათლება დ არც უნივერსიტეტის განათლება თავის საჭიროებებს არ პასუხობს, თითქმის არ წარმოებს კვლევა და ინოვაცია.

მათი განვითარების  გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ეს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადაქცევა და განვითარებული ქვეყნის სტატუსის მოპოვებაა. ამ ნაკლოვანებისა და ჩამორჩენის გასწორება პირველ რიგში სახელწიფოს ვალდებულება და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რაც  არა მარტო დაფინანსებას, არამედ შესაბამის რეფორმებსაც გულისხმობს.

რა არის აუცილებელი ცვლილებები,  რომელიც პირველ რიგში არის გასატარებელი?

ცვლილებები  მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემაშია ჩასატარებელი. ცვლილებები უნდა იყოს მიმართული ხარისხის ამაღლებაზე, სწავლების შინაარსზე, კვლევის სწავლებასთან ინტეგრაციაზე, სამეცნიერო საზოგადოების ჰორიზონტალურ ინტეგრაციასა და ცოდნის,  როგორც პრიორიტეტის წინ წამოწევაზე.  ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას და ქართულ სამეცნიერო სივრცეში საერთაშორისო შეფასებების ტენუირების სახით ჩართვას.  საჭიროა კვლევების დაფინანსება. ეს იქნება  ფუნდამენტური, გამოყენებითი  კვლევები და რაც მთავარია, კვლევები, რომლებიც სწავლების დონის ამაღლებასა და სახელმძღვანელოების შექმნას მოემსახურება.

აუცილებელია რესურსების გაერთიანება ისეთ საქმეებში, როგორიცაა საბიბლიოთეკო სისტემის, სამეცნიერო გამოცემებისა და გამომცემლობის შექმნა და ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება საუნივერსიტეტო სისტემას. ეს არ არის მარტო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ამოცანა, ეს  გაცილებით ფართო საკითხია, რომელიც ზოგადად საუნივერსიტეტო განათლებას გააუმჯობესებს.

რას ფიქრობთ ტენუარის სისტემის დანერგვის პერსპექტივაზე?

ტენუირებას ორი დანიშნულება აქვს.  ერთია ხარისხის ამაღლება, მეორეა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა. მე მეორეზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან მის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული კითხვები არსებობს.  ხარისხი უკავშირდება იმ კრიტერიუმებსა და კონკურენციის წესებს,  რომლებიც ქართულ აკადემიური სივრცეში არსებობს.

ახალი იდები და აღმოჩენები შეიძლება ჩნდებოდეს ვიღაცების თავებში, მაგრამ ცოდნის კორპუსად მათი გადაქცევა, მათთვის ცოდნის სტატუსის მინიჭება  დებატების, დისკუსიების, მსჯელობის კოლექტიური პროცესია,  რომელშიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები უნდა ჩაებან.

არ არსებობს  ლოკალური ცოდნა, არსებობს მეცნიერული და აკადემიური შემოქმედების უნივერსალური კრიტერიუმები.  რაც უფრო მეტად იქნება ეს პროცესი გახსნილი და რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უფრო სწრაფად გახდება ჩვენი აკადემიური სივრცე მართლა აკადემიური.

სწორედ ასე მესმის მე ტენუირება. ადამიანებს, რომლებიც აკადემიური თანამდებობის  დაკავება სურთ,  არა მარტო ადგილობრივი აღიარება უნდა ჰქონდეს, არამედ უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.

 სხვადასხვა დარგში სხვადასხვაგვარად არის. მარტივია მათემატიკაში, სანაც უნივერსალიზმის ხარისხი მაღალია. ცოტა უფრო ძნელია ისეთ დარგებში, როგორიცაა ქართველოლოგია. აქ სიახლის დადგენა გულისხმობს კონტექსტის ცოდნასაც  და ხშირად შეიძლება ადგილობრივმა მეცნიერებმა უკეთ იცოდნენ სიტუაცია, ვიდრე მათმა უცხოელმა კოლეგებმა.

მიმაჩნია, რომ  პრაქტიკულად ყველა დარგში ამ თუ იმ დოზით საერთაშორისო ინტეგრირება და აღიარება იქნება  გარანტია, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ევროპული დონის უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს.

 

ირმა რატიანი

 

რა აკლია საუნივერსიტეტო განათლებას საქართველოში?

მგონია, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია კურიკულუმების ბაზარზე მორგება. დაბეჯითებით მიმაჩნია, რომ დასაქმების ბაზრის მოთხოვნები საუნივერსიტეტო სწავლებასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.  

სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის საშურია სტუდენტებისათვის თანამედროვე სახელმძღვანელოების მიწოდება.  მე, რასაკვირველია, მხარს ვუჭერ ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნას, ორიგინალური სახელმძღვანელოების დაწერა დიდი პატივია საუნივერსიტეტო სივრცისათვის, მაგრამ დღეს აუცილებელია უკვე საეტაპოდ მიჩნეული სახელმძღვანელოებისა და კლასიკური ტექსტების თარგმნა. ვფიქრობ თუ ამ პროცესის მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ამუშავებას შევძლებთ,  ჩვენ უახლოეს პერიოდში გავაუმჯობესებთ უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების ბაზას. თანამედროვე სახელმძღვანელოების გარეშე საუნივერსიტეტო სწავლება დიდ ნაკლოვანებებს შეიცავს.

მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს ჩვენი სტუდენტების ინტერნალიზაციის საკითხს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც საზღვრები ძალიან გახსნილია, მოქნილია და ძალიან დიდი სურვილი მაქვს სტუდენტები მაქსიმალურად  ჩაერთონ საერთაშორისო საუნივერსიტეტო და სტუდენტურ ცხოვრებაში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე ამოცანის დაძლევა, პირველყოვლისა, ესა სტუდენტებში ენების ცოდნის გაუმჯობესება, მე ვფიქრობ რომ უნივერსიტეტში დაწყებულია  ამ კუთხით მუშაობა, მაგრამ შესაძლოა და აუცილებელია მათი გაუმჯობესება. გარდა ამისა საჭირო იქნება ამ ინიციატივისათვის დამატებითი სახსრების გამოძებნა, რომ მოხერხდეს უფრო მეტი რაოდენობის სტუდენტების გაგზავნა სტუდენტურ სესიებზე,  სემინარებზე, სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებზე.

არის ისეთი სპეციალობები, სადაც პრაქტიკების, სემინარებისა, სტაჟირებების, პრაქტიკული საქმიანობის უნარების გამომუშავების საჭიროებაა. საამისოდ ჩვენ შეიძლება ისევ მოგვიწიოს დამატებითი კურიკულუმების შექმნა ან არსებულის შეცვლა, რათა უზრუნველვყოთ არა მარტო სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

ამას გარდა,  სტუდენტებისთვის საინტერესო შეთავაზება მაქვს: ორმაგი დიპლომები. ორმაგი დიპლომები საერთაშორისო პრაქტიკაა.  სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე უნივერსიტეტმა ძალიან დიდი ენერგია უნდა მიმართოს ორმაგი დიპლომებისკენ. ეს არის ორმაგი ხელმძღვანელობა, როდესაც ერთი ხელმძღვანელი უნივერსიტეტის პროფესორია და ამავდროულად, არსებობს მეორე ხელმძღვანელი, რომელიც საერთაშორისო საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორია.  სტუდენტს აქვს საშუალება გაიფართოოს თვალსაწიერი, ჩაერთოს საერთაშორისო სივრცეში და მიიღოს ორმაგი დიპლომი. ეს გაზრდის მის ავტორიტეტს დასაქმების ბაზარზე.

 

რა მოხდება იმ დარგებთან,  რომელიც ნაკლებად ან თითქმის არ სჭირდება დასაქმების ბაზარს?

დასაქმების ბაზარზე კურიკულუმების მორგებაში სწორედ ამას ვგულისხმობ. დასაქმების ბაზარს ათვისება სჭირდება. უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული ცოდნა უნდა არსებობდეს რას ითხოვს დღეს დასაქმების ბაზარი,  რა სპეციალობებზეა მოთხოვდა და ა.შ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი ვერ დადგება იმ დარგებზე, რომელსაც დასაქმების ბაზარი ითხოვს. არსებობს სპეციალობები, რომელთა განვითარებაც ძალიან მნიშნველოვანია სახელწიფოსათვის. იქნება ეს ეროვნული, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური დარგები. ეს არის იმ ტიპის დაკვეთები,  რომელიც უნივერსიტეტმა სახელმწიფოებრიობისათვის უნდა შეასრულოს. უნივერსიტეტმა კომპლექსური გავლენა უნდა მოახდინოს იმ გარემოზე, რომელში ჩვენ ვარსებობთ.

რას ფიქრობთ ტენუარის სისტემის დანერგვის პერსპექტივაზე?

მე მომხრე ვარ ფორმულის „ვიჩქაროთ ნელა“. ტენუარის სისტემა აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო სისტემა, მაგრამ მგონია,  რომ ტენუარისკენ უნდა წავიდეთ. ეს პროგრამა სახელწიფოს მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. უნივერსიტეტმა კი ჯერ მისკენ უნდა იაროს. იმისათვის რომ შორს გავიხედოთ,  უნდა გადავწყვიტოთ საკითხები, მაგალითად, მუდმივი პროფესორის ადგილის შემოღება. მთელმა რიგმა დარგებმა შეიძლება წარმოადგინონ ერთი-ორი თავიანთ წარმომადგენელი, რომელსაც საუნივერსიტეტო სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა   აქვს. თუ ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ,  ჩვენ მოვამწიფებთ სიტუაციას და  განვახორციელებთ ამ პროგრამას.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^