რეპორტაჟი სტამბოლიდან
მაისის ბოლოს ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში დაგეგმილი რეკონსსტრუქციის პროექტის გაუქმების მოთხოვნით, ადგილობრივებმა მშვიდობიანი აქციები ჩაატარეს, თუმცა მოგვიანებით, დემონსტრაციებმა მთელი თურქეთი მოიცვა და ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა. მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ათასი კი დაშავდა.
მოსახლეობის განცხადებით, გეზის პარკი სტამბოლში ერთ-ერთი გამწვანებული ზონაა, სადაც ტურისტებისთვისა და ადგილობრივებისთვის კარგი დასასვენებელი გარემოა, ამ ადგილზე სავაჭრო ცენტრისა და სხვა დაწესებულებების აშენება კი ქალაქის გარემოს დააზარალებს.
სოციალურ ქსელში ბევრ ჩემი „ფრენდი“ დემონსტრანტების აქტიურობას აღფრთოვანებით შეხვდა, ყოველდღიურად ფოტოებსა და ვიდეოებს აქტიურად აზიარებდნენ და ზოგი უკმაყოფილებასაც გამოხატავდა, რომ პარალელურად ასათიანზე ხეების გაჩეხვას თბილისში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი აპროტესტებდა.
დემონსტრანტების ერთიანობამ და სიმრავლემ მეც გამაკვირვა, თუმცა ამ ინტერესს, ვაღიარებ, ისიც ემატებოდა, რომ 4 აგვისტოს როჯერ უოტერსის კონცერტზე სტამბოლში ვაპირებდი მეგობრებთან ერთად წასვლას და, შესაბამისად ვნერვიულობდი, რომ კონცერტი გადაიდებოდა.
მაგრამ 4 ივლისს "ევრონიუსის" ცნობით, ადმინისტრაციულმა სასამართლომ ყველა ის სადავო პროექტი გააუქმა, რომელიც ტაქსიმის მოედნისა და გეზი პარკის რეკონსტრუქციას ეხებოდა. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ იქ დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკების მოწმე გავხდებოდი.
სტამბოლში 3 აგვისტოს დილით ჩავედით. მთელი დღე ფეხით სიარულითა და ამ ქალაქით გამოწვეული ემოციებით გადაღლილებმა გადავწყვიტეთ, სადმე ბარში დავმსხდარიყავით.
დღის განმავლობაში სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ტაქსიმის მოედანთან ახლოსაა, პოლიციის რამდენიმე კორდონი შევნიშნე, თუმცა ჩავთვალე, რომ აქ არსებული ხალხმრავლობის გამო ეს ბუნებრივი იყო და პოლიცია უბრალოდ უსაფრთხოებას იცავდა.
თუმცა საღამოს, როცა ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ათეული ადამიანის შეძახილები გავიგეთ, საიდანაც მხოლოდ ტაქსიმი გავარჩიე და ქუჩის მეორე მხარეს პოლიციის საკმაოდ დიდი კორდონიც გავარჩიეთ, მივხვდით, რომ რეალურად, სტამბოლში ანტისამათვრობო გამოსვლები არ შენელებულა.
რამდენიმე წუთში ჩვენ წინ წყლისჭავლიანი მანქანა გაჩერდა, მის წინ საშუალო ასაკის წვერიანი კაცი და ახალგაზრდა გოგო დემონსტრაციულად დასხდნენ, სიგარეტს მოუკიდეს და პოლიციის რეაქციას დაელოდნენ.
გარშემო შეკრებილი ხალხის ოვაციების დროს, მანქანამაც არ დააყოვნა და წყლის ჭავლი პირდაპირ მათკენ მიუშვა.
ვგრძნობდი, რომ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ნანახი მოვლენები პირდაპირ ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა. ქუჩის მეორე მხარეს, სადაც დემონსტრანტების გაცილებით დიდი ტალღა იყო, ცეცხლი დაანთეს და პოლიციელებს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
თავიდან ვიფიქრე, რომ პოლიციის თანამშრომლებს შორის კამერით სირბილი სრულიად უსაფრთო იყო, თუმცა ერთ-ერთ ჩიხში მაღაზიის მინების ჩამსხვრევის გადაღების დროს, ერთ-ერთი პოლიციელი პირდაპირ ჩვენკენ გამოიქცა, პოლიციის ხელჯოხი ფეხებში გვესროლა და იქიდან წასვლა გვიბრძანა.
ყველა ჟურნალისტი დიდ სიამოვნებას განიცდის, როცა საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში ექცევა და ჰგონია, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კადრები ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში, შეიძლება ითქვას, განებივრებულებიც ვართ აქციებით, მაგრამ იმ დროს სტამბოლის ქუჩებში რაც ხდებოდა, გაცილებით აზარტული იყო ჩემთვის.
მაგრამ პირველად მაშინ ვიგრძენი საფრთხეში თავი, როცა ერთ-ერთი წყლის ჭავლიანი მანქანის დაძვრის დროს ჩიხში შერბენისას პოლიციელებმა გაზი გაუშვეს და ჩემი გამოუცდელობის გამო, რამდენიმე წუთით გონება დავკარგე. ოთხი აირწინაღიანი თურქი თავზე მადგა და რაღაც სითხეს პირდაპირ თვალებში მასხამდა: “Don’t panic, just remember, it’s Istanbul”.
როდესაც საბოლოოდ გამოვფხიზლდი და თვალების გახელა მოვახერხე, ბარში ჩემ გვერდით მაგიდებიდან თურქების მშვიდი და გაღიმებული სახეები შევნიშნე, თითქოს ის რაც წუთის წინ მოხდა, მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთ-ერთმა მითხრა, რომ პოლიციის აგრესიულ ქმედებებსა და დემონსტრანტების ყოველდღიურ გამოსვლებს ისე მიეჩვივნენ, რომ უბრალოდ ყველა ბარში აირწინაღი და სითხე აქვთ შენახული, სხვაგვარად კი, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ადგილობრივების სიმშვიდემ ქუჩაში გამოსვლისთანავე კიდევ უფრო მეტად გამაკვირვა, როცა პოლიციის კორდონებთან ახლოს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოსეირნე წყვილი შევნიშნე, იქვე ახლოს პატარა ბიჭი ვაშლს გასაყიდად ისევ დაატარებდა, ცოტა მოშორებით ულვაშიანი თურქი კი ისევ წვავდა წაბლს...
იმ ღამეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენჯერმე ისევ მოხდა შეტაკება, ისევ გაუშვეს გაზი და რეზინის ტყვიებით რამდენიმე ადამიანიც დაზარალდა. თუმცა, მეორე დილით ისტიკლარის ქუჩაზე უკვე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იყო, ის ულვაშიანი კაცი გატეხილი ინგლისურით ტურისტებს შემწვარ წაბლს სთავაზობდა, “MANGO”-ს შუშები უკვე ჩამოეწმინდათ, ცეცხლის კვალიც აღარსად იყო...