Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოლაოღლის განვითარების ცენტრი - როგორ ცვლიან ახალგაზრდები სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას

26 დეკემბერი 2017

“ჩვენს სოფელში სპორტის ვერცერთ სახეობაზე ვერ ივლი. არც ცეკვის ან მუსიკის წრეა. ერთადერთი გასართობი ადგილი უფროსებისთვის ჩაის სახლია. მე და ჩემს თანატოლებს კი დროის საინტერესოდ გატარება არსად შეგვიძლია,” - ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრები 15 წლის ემინ მამადოვი.

საბირქენდელი ჰუსეინ რახმანოვი 57 წლისაა. ჰუსეინი მიიჩნევს, რომ სოფელს ბევრი ახალგაზრდა იმიტომ ტოვებს, რომ იქ მათ განვითარებისა და გართობისთვის პირობები არ აქვთ: “ჩემი შვილები და მათი თანატოლები სოფლიდან წავიდნენ. ახალგაზრდები გარბიან სოფლიდან. საბირქენდში მხოლოდ ასაკოვანი ხალხიღა დავრჩით. 8 წლის შვილიშვილი მყავს. ძალიან უნდა ცეკვის სწავლა, მაგრამ აქ ამის შესაძლებლობა არა გვაქვს.”

საბირქენდის მსგავსი ვითარებაა მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც, მათ შორის მოლაოღლშიც. სხვა სოფლების მსგავსად კაფე და კულტურის სახლი არც იქ არის, მაგრამ სამაგიეროდ, იქ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება უკეთესობისკენ თვითონ შეცვალონ და „მოლაოღლის განვითარების ცენტრი“ დააფუძნეს. ცენტრს ერთი ოთახი სკოლის ეზოში გამოუყვეს.

ცენტრის დამფუძნებლები 25 წლის ქამრან აფანდიევი და 26 წლის არიზ დაშდემიროვი არიან. ქამრან აფანდიევი პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტია. უკვე 2 წელია, რაც მოლაოღლის საჯარო სკოლაში ინფორმატიკის დამხმარე მასწავლებლად მუშაობს. ცენტრში ის მსურველებს კომპიუტერულ პროგრამებს ასწავლის. არიზ დაშდემიროვი კი ევროპისმცოდნეობაზე სწავლობს და ცენტრში მოსწავლეებს აზერბაიჯანული ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება.

ქამრანიც და არიზიც უსასყიდლოდ მუშაობენ. „მოლაოღლის განვითარების ცენტრში“ მისვლა სოფელში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეუძლია. აქ ისინი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობენ, მუშაობენ პროექტებზე და ცენტრის მიერ დაფუძნებულ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით უფასოდ სარგებლობენ.

„ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. ამიტომ ჩვენ მშობლებთანაც ვაწყობთ საგანმანათლებლო შეხვედრებს. ისინი კმაყოფილები არიან, რომ მათი შვილები ცენტრში დადიან. ძალიან გვახარებს გოგონების აქტიურობა. მათი დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაზე მეტად ახლა უკვე განათლებას ანიჭებს უპირატესობას. გვჯერა, რომ მალე ბევრი რამ უკეთესობისკენ  შეიცვლება,” - ამბობს ქამრანი და დასძენს, რომ ცენტრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნაა.

„ახალგაზრდები აქ  მათთვის საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან. ხშირად კინოს დღეებს ვაწყობთ, დისკუსიებს და ტრენინგებს ვატარებთ,” - გვიხსნის არიზი,  - “ცენტრში სოფლის განვითარებაზეც ვზრუნავთ და ამ მიზნით რამდენიმე პროექტი მოვამზადეთ. ჩვენ მიერ მომზადებულმა ერთმა პროექტმა გაიმარჯვა და სოფელში მალე საბავშვო ბაღი აშენდება. კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, რაც გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. იმედი გვაქვს, რომ ისიც  დაფინანსდება. ახალგაზრდებს გაუჩნდათ რწმენა, რომ თუ მოინდომებენ, სოფელში ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.“

17 წლის თურალ ნასიბოვი მოლაოღლის მე-12 კლასში სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობს. „ამ ცენტრში მე და ჩემმა სკოლელებმა ბევრი რამ ვისწავლეთ. ცენტრი განათლების მიღებაში ძალიან გვეხმარება,“ - ამბობს თურალი.

მოლაოღლის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლეთაფეთ ქარიმოვა აცხადებს, რომ ცენტრში სკოლის მოსწავლეები სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გარდა უამრავ საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან: „ადრე გაკვეთილების შემდეგ ბიჭები სოფლის ცენტრში, ბირჟაზე იდგნენ და დროს უქმად კარგავდნენ. გოგონებს კი სახლიდან არსად გასვლის საშუალება არ ჰქონდათ. ახლა ისინი ამ ცენტრში რჩებიან და დროს უფრო პროდუქტიულად ატარებენ. ისტორიის გაკვეთილისთვის საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებენ. სხვა საგნებშიც იღებენ დამატებით ცოდნას. იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები საკუთარ თავზე მუშაობენ, ძალიან გვახარებს.“

“მოლაოღლის განვითარების ცენტრის” დამფუძნებლები ამბობენ, რომ ახლა იქ არიან, სადაც მათი ყოფნა ყველაზე საჭიროა და საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს იხდიან.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^