Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი სასწავლო წელი გაუქმებული გადასახადითა და მოჭარბებული კონტინგენტით

06 სექტემბერი 2013

საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებამ სკოლამდე სააღმზრდელო დაწესებულებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის გამოც ასეულობით ბავშვი ბაღის კედლებს მიღმა დარჩა. თავად ბაღების უმრავლესობაც სიახლეს მოუმზადებლები შეხვდა. 

ზუგდიდში მცხოვრებმა ნათია შონიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სასწავლო წლიდან მეორე შვილიც სკოლამდელ სააღზრდელო დაწესებულებას მიაბაროს. ბაღი სახლთან სიახლოვისა და მისაღები ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გამო შეარჩია. პირველი შვილის შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად რეგისტრაცია-მიბარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა:

„ძალიან ბევრ ოჯახს იმ 25 ლარის გადახდა უჭირდა. ახლა, როცა ბაღებში გადასახადები მოიხსნა, კარი ყველასთვის გაიღო და ადგილებიც საკმარისი არ აღმოჩნდა. მე ბაღის ადმინისტრაციამ ანგარიში გამიწია და მეორე შვილის მიყვანის საშუალება მომცა“, - უთხრა ნათია შონიამ „ლიბერალს“.

ნათიასგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 550 ბავშვის მშობელს არ გაუმართლა: უფასო სერვისით სარგებლობის მსურველების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა. ივლისში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში რაიმე სახის გადასახადის შემოღება აიკრძალა. ცვლილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი მარინა კვიკვინია არ მალავს, რომ ბაღს გარეთ დარჩენილ აღსაზრდელებს ამ ეტაპზე ალტერნატივას ვერ სთავაზობენ. ცენტრი გათვლას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, მომავალი წლიდან ბაღებში ჯგუფების დამატებაზე აკეთებს.

„მართალია, კაპიტალური რემონტი გასაკეთებელია, ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, საუბარია სველი წერტილების შესაბამისად მოწყობაზე და ა.შ. მაგრამ ამის პარალელურ რეჟიმში გაკეთება თავისუფლად მოესწრება“, - უთხრა „ლიბერალს“ მარინა კვიკვინიამ და არგუმენტად „სოფლის მხარდაჭერის მხარდაჭერისა“ და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ზუგდიდში არსებული ბაღების გარემონტების გეგმები მოიშველია: ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი 58 ბაღიდან 12-ის გასარემონტებლად სრული და ნაწილობრივი დაფინანსების ფარგლებში 145 ათას ლარამდეა გამოყოფილი. დამატებით, ბაღებთან დაკავშირებით მიღებული საკანონდებლო ცვლილების შემდეგ სააღმზრდელო ცენტრმა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 144 ათასი ლარი მიიღო. სულ კი ქვეყნის მასშტაბით, აღსაზრდელების კვებისა და სხვა სერვისის შესათავებლად დამატებით 60 მილიონი უნდა გამოიყოს.

            „ამ დრომდე ჩვენ ბაღებში ორჯერადი და არცთუ მაღალკალორიული კვება გვქონდა. ამ თანხით კი სრულად გადავალთ სამჯერად კვებაზე და რაციონსაც გავაუმჯობესებთ“, - უთხრა მარინა კვიკვინიამ „ლიბერალს“.

            მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გარეშე დარჩენილი აღსაზრდელების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ დამატებითი ფინანსური რესურსის გამონახვა-მოძიება არ კმარა.

            „საჭიროა პედაგოგების, აღმზრდელების, მომვლელების, ზოგადად, პერსონალის მომზადება, რაც ნამდვილად ვერ მოესწრება სექტემბრისთვის... რა თქმა უნდა, მძიმე სიტუაციაა: მუნიციპალიტეტის იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ბაღებში თეფში, ჭიქა და სხვა საჭირო ინვენტარი შეიტანოს, მაგრამ გადაწყვეტილება ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ ჩვენი მოსახლეობისთვის სასიცოცლო მნიშვნელობის იყო“, - განმარტა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა მაია ღურწკაიამ „ლიბერალთან“ საუბარში.

            ის, რომ მუნიციპალიტეტები პარლამენტის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ცვლილებას მოუმზადებლები შეხვდნენ, „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი ოთარ კიკვაძეც ამბობს. ინსტიტუტმა 2011-2012 წლებში დედაქალაქში მოქმედ საბავაშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებას დადებითი სოციალური ეფექტი ექნება სკოლამდელი აღზრდა-განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, მაგრამ ცვლილებების კენჭისყრამდე უნდა შემუშავებულიყო ერთიანი ეროვნული სტანდარტი ასეთი დაწესებულებებისთვის:

            „უნდა არსებობდეს მინიმალურად აუცილებელი ნორმების სტანდარტი: ეს ეხება კვებას, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმას, გართობას და ა.შ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ რეკომენდაციები მოქმედებს, რომელთა შესრულებაც სამართლებრივად არ არის აუცილებელი. გვესმის, რომ ამგვარი ნორმების შემოღება და მათი დაკმაყოფილება უდიდეს საბიუჯეტო დანარხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დამკვირდეს ამგვარი მიდგომა“, - უთხრა „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსმა ოთარ კიკვაძემ „ლიბერალს“. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მონიტორინგში ჩართულ ორგანიზაციაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ მხარეზეც საუბრობენ.

            „ბაღებში გადასახადების გაუქმება 2012 წელს ძალიან ეფექტური წინასაარჩევნო დაპირება იყო, დაპირების შესრულება კი 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც შესაბამის შედეგს მოუტანს ამ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ გუნდს“, - განმარტა ოთარ კიკვაძემ.  

            საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა გადასაწყვეტი - ზუგდიდში არსებულ 10 საბავშვო ბაღში დევნილები არიან შესახლებულები. მაგალითად, ინგურქაღალკომბინატის დასახლების საბავშვო ბაღს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი აფარებს თავს. იგივე სიტუაციია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საბავშვო ბაღში. საბჭოთა დროინდელი სოფლის ადმინისტრაციული შენობა ნახევრადავარიულ მდგომარეობაშია: სახურავი გამოსაცვლელია, იატაკი აყრილია, ჩამტვრეულია ფანჯრები, ეზო ბავშვების სათამაშოდ გამოუსადეგარია, პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც.

            „ახალი ბაღის აშენების რესურსი არც მუნიციპალიტეტს აქვს, მით უმეტეს, სოფელს საიდან ექნება. ყველაზე დიდი რაც შეიძლება გაკეთდეს, ამ ოთახების გარემონტებაა, თუმცა მას შემდეგ, რაც იქ შესახლებულ დევნილებს შესაბამისად დააკმაყოფილებენ“, - თქვა კახათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი სორდიამ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.

„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ზუგდიდში ბაღებში არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს, აღნიშნულია, რომ დევნილებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებისა და მათი კოორდინირებულად და ღირსეულად განსახლების გარეშე, ბაღები ვერ შეძლებენ სრულყოფილად ფუნქციონირებას. ცენტრის წარმომადგენლებმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობასთან ყურადღება სწავლების მეთოლოგიასა და ბაღების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების არაადაპტირებულობაზე გაამახვილეს ყურადღება. შენობები აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა დროს არის აშენებული და შესაბამისად, ის არ არის მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქომე პირებზე.

„კაპიტალური რემონტის დროს ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს. სოფელ ცაიშის საბავშვო ბაღის განახლებული შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს: გაკეთდა არა მარტო პანდუსი, არამედ ცალკე საპირფარეშოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებისთვის“, - უთხრა „ლიბერალს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.

ადგილზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ჩაუტარების ბაღების საჭიროებებისა და პრობლემებს სიღრმისეული კვლევა, შესაბამისად, არ არსებობს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაც.

„თითოეულ საბავშვო ბაღში უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათი კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლება სრულ შესაბამისობაში იყოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო და უმაღლეს განათლებასთან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის სისტემის იმდაგვარი ჩამოყალიბება, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განმტკიცება და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის სოფელ თაიას ბაღში არსებული სიტუაციის შესწავლას მიეძღვნა. ბაღი დაწესებულებას პირობითად შეიძლება ეწოდოს. აღსაზრდელებს სოფლის ყოფილი საბჭოს შენობის ერთ ოთახში ათავსებენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ბაღის კეთილმოსაწყობად სულ 3500 ლარამდეა გამოყოფილი, თუმცა არც ბაღის გამგემ და არც სოფლის რწმუნებულმა არ იციან, რას უნდა მოახმარონ ეს მწირი თანხა - მხოლოდ ინვენტარის განახლებისთვის ბაღს მიღებულზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა სჭირდება.

             

           

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

1 / 6
^