ქუთაისის ახალმა მერმა თანამდებობა დატოვა. ოთხთვიანი მერობა დიმიტრი კოპალიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დათმო. მერი წავიდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, დარჩება „კოლხური შადრევანი,“ რომლის დემონტაჟისა თუ სახეცვლილების საკითხიც იმ მმართველი გუნდიდან წამოვიდა, რომელიც დიმიტრი კოპალიანის მერობის პერიოდში ჩამოყალიბდა.
ქუთაისის „კოლხური შადრევანი“ ერთ-ერთია იმ არქიტექტურული ნიმუშიდან, რომლის მიმართაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. შადრევანი 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კოლხური შადრევანი“ მისი ყველაზე საყვარელი შადრევანი იქნებოდა.
ზუსტად ორი წლის შემდეგ, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო მარჯანიშვილმა „კოლხური შადრევანი“ პრეზიდენტის ახირებად გამოაცხადა და შადრევნის დემონტაჟისა თუ სახეცვლილების განხორციელების საკითხი აქტუალური გახადა. შესაბამისად, ქუთაისში ბოლო დღეებში, „კოლხური შადრევანი“ გახდა თემა, რომელმაც ქუთაისის მერის თანამდებობიდან წასვლის საკითი წარმატებით გადაფარა.
არქიტექტორ დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებულ შადრევანს, ქუთაისის პირველი არქიტექტორი მასშტაბსა და კომპოზიციას უწუნებს. „შადრევანში გამოყენებულია ვანის გათხრებში მოპოვებული ჩვენი საგანძურის ელემენტები, რაც განსაკუთრებული - საკრალური ნივთებია ნებისმიერი ქართველისათვის. არც მე წარმოვადგენ გამონაკლისს და ეს ნივთები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მოგეხსენებათ, რომ შადრევნის თავზე განთავსებული ცხენები არის ქალის საყურე. ე.ი. ის, სინამდვილეში, პატარა ზომისაა, როდესაც საყურე ასეთი მასშტაბის ხდება სულ სხვა დატვირთვა ეძლევა. წრეში, ყოველგვარი კომპოზიციის გარეშე, განთავსებული ნივთები - გადიდებული მასშტაბის ამდენი რაოდენობის ცხოველი, საკრალულობას კარგავს და კომიკურ და გროტესკულ ხასიათს იძენს. ამოდენა მასშტაბის ცხოველთა სამყარომ დააკნინა მოედანზე არსებული შენობები. აი, რატომ ვემდური ამ კომპოზიციას. “ - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი და დასძენს, რომ უახლოეს მომავალში შადრევანს არავინ შეეხება, რადგან მისი სახეცვლილება თუ დემონტაჟი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რომ ეს ქუთაისის ბიუჯეტისათვის დიდი ფუფუნება იქნება.
შადრევნის დემონტაჟის თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. სიტყვა დემონტაჟმა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შექმნა. „სწორად არ მიმაჩნია, რომ უკვე აშენებულ ძეგლს დაანგევენ. მართალია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, მისი დანგრევა მართებული არ იქნება“- ამბობს ქუთაისელი ნინო გიორბელიძე.
„კოლხური შადრევანი“ ქუთაისში ბოლო პერიოდში მომრავლებული ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა. შადრევნის ცალკეულ დღეებში გათიშვის შემთხვევებს მერიაში იმით ხსნიან, რომ ასეთ დღეებში შადრევანი იწმინდება და მისი წყლით შევსებას დაახლოებით ორი დღე სჭირდება. რეაბილიტირებულ ქუთაისში სულ 8 ახალი შადრევანია და ქუთაისის ბიუჯეტიდან მათი ექსპლუატაციისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი.
„კოლხური შადრევანი“ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ხელისუფლება ცენტრალური მოედნის იერსახეზე აკეთებს აქცენტს. ქუთაისის ცენტრალური მოედანი თითქმის ყოველი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად იცვლიდა იერსახეს. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დიდი სობორის დანგრევის შემდეგ იქ სტალინის ძეგლი დადგეს, 80-იან წლებში მოედანი ვარდების სკვერით დაფარეს, 1995 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლი მაშინდელი ქალაქის მერისა იმერეთის გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის ინიციატივით დაიდგა, რომელიც 2011-ში „კოლხურმა შადრევანმა“ ჩაანაცვლა. „დღეს ქუთაისში მოსახლეობა ამბობს, რომ იმ ტაძრის დანგრევის შემდეგ, ეგ ადგილი დაწყევლილია, რომ ვერაფერმა ვეღარ იხარა და არაფერი არ გაჩერდა იქ დიდხანს, მართალია, მე არ მჯერა ასეთი რამეების, მაგრამ ის, რაც დღეს მოედანზეა, არ არის იმ ადგილის სწორი, არქიტექტორული გადაწყვეტა.“ - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.