Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთი დღით ავღანეთში, „ლეზერნეკზე“

18 სექტემბერი 2013

ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი, მიმართულება ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთი, ჰელმანდი, ბაზა „ბასტიონი“.  

თვითმფრინავის ილუმინატორიდან ავღანეთს ადვილად იცნობ - ყვითელი ხრიოკი მიწისა და ყავისფერი მთების გარდა იშვიათად თუ მოკრავ რაიმეს თვალს, მაგალითად, ადგილობრივთა ქოხებს და მწვანე პლანტაციებს, სადაც, სავარაუდოდ ის ნივთიერება მოჰყავთ, ტერორიზმთან ერთად ავღანეთის ხსენებისას პირველად რომ მოსდით თავში.  

ალაგ-ალაგ მჭიდრო დასახლებები და პატარა სოფლებიც მოჩანს, თუმცა იმის წარმოსადგენად, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ ადგილებში ცხოვრობდეს, ფანტაზიის მოხმობა გჭირდება.

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უწყების დელეგაცია, მინისტრი, საპატიო სტუმრები და ჟურნალისტები 1 დღიანი ვიზიტით, ჩარტერული რეისით ავღანეთში გავემგზავრეთ. ვიზიტის გრაფიკი მკაცრად იყო განსაზღვრული და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტს და პაატა ბურჭულაძის სტუმრობას ითვალისწინებდა.

ავღანეთში მდებარე ყველაზე დიდ ბრიტანულ სამხედრო ობიექტს - ბაზა „ბასტიონს“ ვუახლოვდებით. ხრიოკი მიწის ფონზე ქვეყანაში არსებული ვითარების პირველი ნიშანი - 4 საპატრულო ჯავშანმანქანა და მათ მიერ დატოვებული მტვრის ღრუბლები მოჩანს.  

თვითმფრინავი სწრაფად ჯდება და საფრენ ბილიკზე მიმავალ „გიდს“ - Follow me ბანერით აჭრელებულ ავტომობილს მიჰყვება.

ადგილობრივი დროით 12 საათი ხდება, ტემპერატურა +35 გრადუსია, ტრანსპორტში ვნაწილდებით, რამდენიმე წუთში „ლეზერნეკის“ ბაზის მიმართულებით უნდა დავიძრათ.

„ლეზერნეკი“ - ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ბაზაა, რომელიც „ბასტიონთან“ არის გაერთიანებული, დაახლოებით 6500 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. სწორედ „ლეზერნეკზე“ მდებარეობს 33-ე ბატალიონის შტაბი - „ორბი“, სადაც მეხუთე თვეა 754 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.

ავტობუსში ასულებს სამოქალაქო პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  ქართველი ინსტრუქტორი პატარა, ყვითელ ბროშურას გვირიგებს. მასში არაპირდაპირი (საჰაერო იერიში) და პირდაპირი ცეცხლის სიგნალის დროს შესასრულებელი მოქმედებებია განმარტებული.

„თუ შენ: მოულოდნელად გაიგონებ აფეთქების ხმას, გესმის, რომ ვიღაც ყვირის INCOMING, ხედავ სხვები შედიან ბუნკერში, ან გაიგონებ არაპირდაპირი ცეცხლის სიგნალს - შეწყვიტე, რასაც აკეთებ, დაწექი მიწაზე, გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფები, დაიცავი სახე ხელების მეშვეობით, დაელოდეთ აფეთქების ხმის შეჩერებას (მაქსიმუმ 3 წუთი) ჩაიცვი ჯავშანჟილეტი და დაიხურე ჩაფხუტი რაც შეიძლება სწრაფად...“ - კითხულობ ყვითელ ფურცელზე ქართულად დაწერილ ინსტრუქციას და ცდილობ წარმოიდგინო შესაძლო იერიშის სცენარი, ის, რაც აქ მყოფ ჯარისკაცთათვის ყოველდღიურობაა. ამ შემთხვევაში, არც თავად ხარ დაზღვეული, რადგან ჰელმანდის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ვითარება სტაბილურად დაძაბულია, რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია.

მტვრიანი ავტობუსი, რომლის კონდიცირების სისტემა მშრალი სიცხისა და  მწერებისგან შეწუხებულთათვის ნამდვილი ხსნაა, ადგილიდან იძვრის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნელა ვმოძრაობთ და რამდენიმე ასეულ მეტრში ერთხელ STOP-ნიშანთან ვჩერდებით, პირველი, რასაც უცხოელი მძღოლი მანქანის საჭესთან აკეთებს - უსაფრთხოების ღვედის შეკვრაა.  

Delta Avenue-ს მივუყვებით, გზადაგზა კი სხვადასხვა ქუჩებისა და გამზირების მიმართულებებია აღნიშნული: ECHO avenue, Golf avenue, India avenue, 3rd street, 6th street-ზე სპორტულ ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი ვარჯიშობს, Kilo avenue-ს გასწვრივ მიწაყრილია აღმართული, მასზე მავთულხლართებია გაბმული. აქვე, ამ ქუჩებსა თუ გამზირებზე ტერიტორიის უსაფრთხოების შესამოწმებლად სამხედროები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებითაც პატრულირებენ, სამოქალაქო მუშაკები კი ველოსიპედით გადაადგილდებიან.

„ლეზერნეკი“ ბაზაზე მეტად დიდ სამხედრო ქალაქს ჰგავს. რადარების, თავდაცვითი ობიექტებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, თუ როგორ ახერხებენ ISAF-ის კოალიციური ძალების მოწინააღმდეგეები ბაზაზე იერიშის მიტანას. ბაზის სხვადასხვა ნაწილში უამრავ კონტეინერს დაინახავთ, ალბათ ეს სწორედ ის კონტეინერებია, რომლითაც, მისიის ამოწრუვის შემდეგ დაშლილ ბაზას ავღანეთიდან გაიტანენ.

ინფრასტრუქტურა იდეალურადაა მოწესრიგებული, თითოეული ობიექტი, ისეთი ნაკლებმნიშვნელოვანიც კი, როგორიც მოწევისთვის გამოყოფილი ადგილია - Smoke Pit, წარწერებითა და განმარტებებითაა აჭრელებული. აქ შეგხვდებათ ინტერნეტ-კაფე, სადალაქო, Fedex Afgan Express-ის ოფისი, ჯარისკაცების დასვენებისთვის საჭირო ობიექტები და რამდენიმე სასადილო.

#5 სასადილო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაგებობაა, თუმცა, კონტროლის გავლისა და შიგნით შესვლისთანავე უდაბნოდან დიდ ამერიკულ საკვებ ობიექტზე ხვდები. სამხედრო წესრიგი აქაც მკაცრადაა დაცული, ჯარისკაცები ნახევარ მეტრიანი დისტანციით ერთმანეთის მიყოლებით დგანან და საკუთარ რიგს ელოდებიან.

სასადილოს გვერდით, მწეველთათვის განკუთვნილ ხის ჯიხურში ამერიკელი თადარიგის ოფიცერი და მისი კოლეგა ქალბატონი „ნაღდ“ Camel-ს ეწევიან. მას შემდეგ, რაც მამაკაცი იგებს, რომ ჟურნალისტები ვართ, გვიღიმის და ამბობს, რომ რეპორტიორები არ უყვარს, რადგან ყველაფერში ცხვირს ყოფენ, თუმცა ერთ ამბავს საკუთარი ინიციატივით გვიყვება - „როცა გავიგე, რომ ISAF-ის მისიაში ქართველები მონაწილეობდნენ, გამიკვირდა, ვფიქრობდი ესენი ვინ უნდა იყვნენ-მეთქი, მაგრამ როცა თქვენი ჯარისკაცები გავიცანი და მივხვდი, როგორი სამხედროები გყავთ, აზრი შემეცვალა. ბოდიში, თავიდან ასე რომ ვფიქრობდი“.

ხის ჯიხურიდან რამდენიმე მეტრში ნაცნობ ფორმაში გამოწყობილი ორი სამხედრო გვხვდება. ფორმაზე ქართული გვარის ამოკითხვას ვცდილობთ, ისინი კი სახეზე გვაკვირდებიან და ხელს გვიწვდიან - „კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა ავღანეთში“. აქ, უცხო მიწაზე, შენიანთან შეხვედრა მაგარი რამეა. კარგი იქნებოდა, საქართველოშიც ასე რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, მხოლოდ გაღიმებაც საკმარისი იქნებოდა.

ქართული ბაზისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსა და ვაშინგტონის შტატის დროშები გვერდიგვერდ ფრიალებს. „ორბზე“ ქართველ სამხედროებს ვხვდებით. 33-ე ბატალიონის სერჟანტი, რამაზ ნადიბაიძე ამბობს, რომ მათი ფუნქცია „ლეზერნეკის“ დაცვაა, ხოლო ოპერაციის რაიონი ბაზის ჩრდილოეთ მიმართულებაა.

„პატრულირებისას ბაზას ვტოვებთ და მიმდებარე სოფლებში გავდივართ. მოსახლეობა კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, საკვებს და სასმელ წყალს ვურიგებთ. თალიბანის მებრძოლებს არ შევხვედრივართ, თუმცა, ამის მიუხედავად მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. პატრულირების დასრულების შემდეგ 6 დღის განმავლობაში ვისვენებთ, განტვირთვისთვის კი არაერთი საშუალება გვაქვს“, - ყვებიან ქართველი სამხედროები.

ავღანეთის მძიმე კლიმატურ პირობებში უფროსი სერჟანტი კობა ოშხერელი იმიტომ მსახურობს, რომ „თბილისის თავზე რუსული დროშა არ ფრიალებდეს“ და მიაჩნია, რომ ქართველ სამხედროთა უმეტესობა აქ იმავე მიზნითაა ჩამოსული. მისი თქმით, კოალიციურ ძალებს არა მხოლოდ თალიბანის, არამედ ალ-ქაიდას მებრძოლები და ერთჯერადი ოპერაციებისთვის ადგილობრივი მოსახლეობიდან დაქირავებულები უპირისპირდებიან.

„მოსახლეობის ნაწილი ამას გაჭირვების გამო თანხმდება, მეტწილად, აქ, სწორედ ისინი მოქმედებენ კოალიციური ჯარების წინააღმდეგ. ამ ბოლო დროს ქაბულში კი გააქტიურდნენ, ალბათ რესურსები შემოაკლდათ და ქვეყნის გული სადაცაა, იქ იბრძვიან. ადგილობრივებს ხელნაკეთი ნაღმების დამზადების დიდი ტრადიცია აქვთ, ხან რაში დებენ ბომბებს, ხან რაში, თუმცა ჩვენმა ჯარისკაცებმა იციან, რომ შეუმოწმებლად არაფერს არ უნდა გაეკარონ, თან კარგი ბრონირებული მანქანები გვყავს,  იმდენი სიცოცხლე გადაარჩინა, ძეგლი უნდა დაუდგა ამ მანქანებს“,- ამბობს კობა ოშხერელი.

პარალელურად, ქართველი სამხედროები ჟურნალისტებისთვის სწრაფი რეაგირების ამოცანაზე გასვლის სიმულაციას აწყობენ. საშინელ სიცხეში მძიმე ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტში გამოწყობილი, იარაღაკიდებული ჯარისკაცები დაჯავშნული სამხედრო მანქანის წინ ეწყობიან და შემდეგ ბრძანების მიხედვით მოქმედებენ. ამ რუტინული მოქმედებების შესრულება რამდენჯერმე უწევთ იმისათვის, რომ თითოეულმა ოპერატორმა საჭირო კადრი მოიპოვოს; ასეთ სიცხეში ამ მოქმედებების შესრულება „დიდად სასიამოვნო“ არ უნდა იყოს, ამის დანახვა ჯარისკაცების ხვატით შეწუხებულ სახეებზეც მარტივად შეიძლება.

უსიამოვნო შეგრძნებაა. მეხუთე თვეა ეს ჯარისკაცები ავღანეთში მსახურობენ, პატრულირებისას უამრავ სირთულეს: დანაღმულ ტერიტორიას, თვითმკვლელ ტერორისტებს, მოულოდნელად, „უდაბნოდან ამოზრდილ“ მეომრებს აწყდებიან, ეს დაძაბულობა ჰელმანდის პროვინციაში მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ჩვენ კი ისე გვექცევიან, თითქოს რამით „დავალებული“ გვყავდეს. თითოეულ ჟურნალისტს ეხმარებიან, რომ ავღანეთიდან საჭირო მასალა წამოიღოს, ერთსა და იმავე მოქმედებას რამდენჯერმე იმეორებენ. „ახლა ასე, ჯერ ეს გადავიღოთ, მანქანაში ასვლის მომენტი გავიმეოროთ, კიდევ ერთხელ თუ შეიძლება“, არადა აუტანლად ცხელა, თუ გაგიმართლა და „ჩრდილის ოაზისს“ მიაგენი, ტემპერატურა იქაც თითქმის იდენტურია, წარმომიდგენია ბრონირებულ მანქანაში რა ხვატი იქნება. აი, ასეთ პირობებში ქართველი სამხედროები კვლავ აგრძელებენ ჩვენი თხოვნების შესრულებას, არადა პირიქით უნდა იყოს!     

სიმულაციების შემდეგ ავტობუსში ვბრუნდებით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  ქართველი ინსტრუქტორი კიდევ ერთხელ გვიხსნის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რაიმე ინციდენტის შემთხვევაში იმ ტერიტორიაზე, სადაც სამხედროთა დაჯილდოვების ცერემონიალი და კონცერტი უნდა გაიმართოს.

სახელდახელოდ გამართულ სცენასთან მიახლოვებისთანავე ხვდები, რომ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის საჭირო ზომებია მიღებული. ტერიტორიის შესასვლელი ჯავშანმანქანებითაა გადაკეტილი, მეორე მხრიდან კი აქ მყოფთა უსაფრთხოებას ბუნკერები უზრუნველყოფს. პერიმეტრს ქართველი სნაიპერები აკონტროლებენ.

ჯარისკაცებისათვის, ისევე როგორც დელეგაციის სტუმრებისათვის, „დარბაზი“ ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. აქ ის ამერიკელი სამხედროებიც არიან, რომლებიც მისიაში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ.

სადაცაა ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახსნის. სამხედროებს აშკარად ეტყობათ, რომ დელეგაციისა და საპატიო სტუმრების ავღანეთში ვიზიტით კმაყოფილები არიან. თუმცა, არ მგონია, მათი გაღიმეუბლი სახეები და მხიარული გადაძახილები კონკრეტული პერსონალიების სტუმრობით, მცირედი საჩუქრებით და კონცერტით იყოს გამოწვეული. რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი სიამოვნებთ, გამიკვირდებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო, მაგრამ მთავარი მაინც ყურადღებაა, შეგრძნება, რომ არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ, თავისიანებსაც ახსოვთ, სამშობლო ელოდებათ, ის სამშობლო, რომელსაც აქ, ამ ხრიოკ უდაბნოში ემსახურებიან.

ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ავღანეთში ყოფნისას, იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან.

„ყველანი ძალიან დიდი სიამაყით ვართ სავსე, როცა თქვენი საქმეების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები გვიყვებიან. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შრომა, თქვენი თავგანწირვა, თქვენი სულის სიმტკიცე დღეს საქართველოს სახელმწიფოს საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლია ალასანიამ, რის შემდეგაც წარმატებული ქართველი და ამერიკელი სამხედროები „გენერალ მაზნიაშვილისა“  და „გენერალ კვინიტაძის“ სახელობის მედლებით,  ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე კი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მედლით ამერიკელი საზღვაო ქვეითი, სერჟანტი კურტისიც დაჯილდოვდა. ISAF-ის მისიაში ჩართვამდე წვრთნა მან ქართველებთან ერთად გაიარა და ახლა ავღანეთში ქართულ არმიასთან ერთად მსახურობს.

საქართველოში ყოფნის პერიოდის გახსენებისას, კურტისი ამბობს, რომ ქართველებმა როგორც ძმა ისე მიიღეს და ეამაყება, რომ მათთან ერთად მსახურობს - „ძალიან კარგი, მამაცი მებრძოლები გყავთ, მათთან ერთად ყველგან წავალ“.

სერჟანტი ვეფხია გელაშვილი სამშობლოში ერთ თვეში დაბრუნდება. ავღანეთში 2011 წელსაც მსახურობდა. სამი თვის ჩამოსული იყო, როდესაც 25 ივლისს, სოფელ დუავში პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა კიდურის მუხლსქვევითა ამპუტაცია დასჭირდა.

რეაბილიტაცია გერმანიაში გაიარა, მკურნალობის პროცედურის დასრულების შემდეგ კი საქართველოს სამხედრო აკადემიაში დაინიშნა. კიდურის დაკარგვიდან ორ წელზე მეტია გასული, სერჟანტი გელაშვილი კი ისევ ავღანეთშია და ISAF-ის მისიაში იღებს მონაწილეობას. ამბობს, რომ მოტივაცია არ დაუკარგავს და ტრავმის შემდეგ ჰელმანდში დაბრუნება მისთვის მძიმე პერიოდში თანამებრძოლთა გვერდით ყოფნამ და მათმა მხარდაჭერამ გადააწყვეტინა.

33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ოთხი ქალი სამხედრო მსახურობს. ავღანეთში 2013 წლის აპრილში ჩამოვიდნენ. ამბობენ, რომ მათთვის დიდი პატივია სამხედრო ფორმის ტარება. სერჟანტი ნარგიზ ჟვანია აფხაზეთიდანაა. 18 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. უკვე მეშვიდე წელია, რაც 33-ე ბატალიონის შემადგენლობაშია. მიიჩნევს, რომ ქალისთვის სამხედრო სამსახური რთულია, თუმცა ემაყება და მოსწონს, როდესაც არმიაში ქალები მსახურობენ. 

უფროს ლეიტენანტ მაია ყურფარაშვილის საქართველოში 14 წლის შვილი ელოდება. შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, ISAF კი მისთვის მეორე სამშვიდობო მისიაა - 2008 წელს ერაყის მისიაში მონაწილეობდა. ჯარში გაუცნობიერებლად მოხვდა, მაგრამ დღეისათვის ეს მისი ცხოვრების წესია და თვლის, რომ ეს არის საქმე, რომელიც მის სამშობლოს სჭირდება.

ღონისძიებების დასრულების შემდეგ დამშვიდობების დრო დგება. „თქვენ დღესვე ბრუნდებით უკან? აუ, მე როდისღა ჩამოვალ საქართველოში?!“ - გვეკითხება ერთ-ერთი სამხედრო.

საქართველოში ბაზა „ბასტიონიდან“ უნდა გამოვფრინდეთ. საღამოა და მზეს სიმხურვალე აქვს დაკარგული, ჰორიზონტზე, საითაც არ უნდა გაიხედო, ფარდასავით ჩამოფარებული მტვრის სქელი ღრუბელი მოჩანს.

მთელი ბაზის მასშტაბით განათება ირთვება. სამხედრო ქალაქის მსგავსი უზარმაზარი ბაზა ღამის „დასახვედრად“ ემზადება და თან მისთვის ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას.

თვითმფრინავის ილუმინატორიდან განათებული „ლეზერნეკი“ და „ბასტიონი“ მოჩანს. სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად აქ 33-ე ბატალიონის ქართველი სამხედროები არაინ, მისიის ამოწურვამდე ერთი თვე დარჩათ და იმედია, საქართველოში ისინიც ჩვენსავით მშვიდობით დაბრუნდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^