თუკი დღეს ქართველები სწორად დავინახავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და იმასაც, თუ სად, რომელ დარგში, რას წარმოვადგენთ, ერთადერთი დასკვნის გამოტანას შევძლებთ - თუკი ოდესმე ნობელის პრემიას მივიღებთ, ეს ალბათ ლიტერატურის დარგში მოხდება.
ამ პრემიასთან სხვადასხვა დროს ახლოს ვიყავით, თუმცა რთულია თქმა, რამდენად ახლოს. ერთადერთი ოფიციალური ცნობა, რომელიც გვაქვს, ის არის, რომ 1932 წლის ნობელის პრემიის ნომინანტების გრძელ სიაში პოლ ვალერისთან, კარელ ჩაპეკთან, ეპტონ სინკლერთან, ივან ბუნინთან და სხვა ავტორებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძეც იყო დასახელებული. ამ წელს ნობელის პრემია ჯონ გოლზუორთიმ მიიღო.
მომდევნო მიახლოება 1978 წელს იყო, თუმცა ეს შემთხვევა ლიტერატურასთან არ არის დაკავშირებული. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებით, ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან და ჰელსინკის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად.
შესაძლოა, ნობელის პრემიასთან ყველაზე ახლოს 1998 წელს ვიყავით, როცა, რამდენადაც ვიცით, (ოფიციალურად ეს მონაცემები 2048 წელს, ანუ 1998 წლიდან - 50 წლის შემდეგ გამოქვეყნდება) ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო ოთარ ჭილაძე. ამ წელს პრემია ჟოზე სარამაგუმ მიიღო. არადა, როგორც ამბობენ, ჭილაძე არა მხოლოდ დიდ სიაში, არამედ ფინალისტთა ხუთეულშიც მოხვდა...
ორჯერ, 1996 და 1999 წლებში წარდგენილი იყო ჭაბუა ამირეჯიბი, თუმცა, 1996-ში ნობელის პრემია ვისლავა შიმბორსკამ მიიღი, 1999 წელს კი - გიუნტერ გრასმა.
გვაქვს ცნობა, რომ 2010 წელს ბესიკ ხარანაული იყო წარდგენილი, 2011-ში კი დავით მაღრაძე. პრემიები კი მარიო ვარგას ლიოსამ და ტომას ტრანსტრიომერმა წაიღეს.
ერთი სიტყვით, სულ ესაა, რაც ვიცით. რობაქიძის ამბავი დოკუმენტურად დასტურდება, დანარჩენი კი მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა.
ასეა თუ ისე, უნდა გვესმოდეს, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღება იოლი საქმე არ არის. ამაზე საქართველოში სტუმრად მყოფმა ნობელის პრემიის 2006 წლის ლაურეატმა - ორჰან ფამუქმაც ისაუბრა. ფამუქმა გაგვიმხილა, რომ ჩვენ მსგავსად, პრობლემა ჰქონდათ თურქებსაც, რადგან თურქული ლიტერატურა მსოფლიო ასპარეზზე ვერ გადიოდა, თურქული თემა მსოფლიოს არ აინტერესებდა. აი, ჩვენ გავაღწიეთ და დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და თქვენც გააღწევთო, ასე დაგვაიმედა.
მეც დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი, ასევე საერთოდ ლიტერატურა თავის გზას გაიკვლევს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრებს გაარღვევს ჩვენი თანამედროვე, პოსტმოდერნისტული და არა კლასიკური ლიტერატურა და პოეზია. ზოგადად, პოეზიის თარგმნა ურთულესი საქმეა და ნობელის პრემიის ლაურეატებს შორისაც იშვიათად ნახავთ პოეტებს, განსაკუთრებით მცირე ენების წარმომადგენლებს. ალბათ ერთადერთი გამონაკლისი შვედი პოეტები არიან და ეს არც არის გასაკვირი.
ვფიქრობ, რომ ქართველმა პროზაიკოსმა ნობელის პრემია დიდი რომანისთვის შეიძლება მიიღოს. დაახლოებით ისეთი გაქანების რომანებზე ვსაუბრობ, როგორიც თავის დროზე ოთარ ჭილაძემ, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა დაწერეს. უნდა გამოგვიჩნდეს სქელტანიანი, სერიოზული რომანების ავტორი, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო იქნება. რთულია იმის თქმა, როგორ მოხდება ეს ამბავი, თუმცა წარმოდგენის თვალსაზრისით შეუძლებელია არაა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გვყავდეს ასეთი მწერალი და თან ერთი წიგნის კი არა, მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე წიგნის ავტორი უნდა იყოს. უნდა აღმოჩნდეს საინტერესო მსოფლიო მკითხველისთვის და ითარგმნოს ძირითად ენებზე. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წიგნების შვედურ ენაზე თარგმნაა.
ეს ნობელის პრემიისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ ამ გზაზე სხვა დიდი პრემიებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, საერთაშორისო ბუკერი, რომელიც უკვე თარგმანშიც გაიცემა, უბრალოდ, წიგნის ინგლისური თარგმანი უნდა არსებობდეს და გამოცემული უნდა იყოს დიდ ბრიტანეთში.
ესეც ნობელისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა განვლო ჯონ მაქსველ კუტზეემ, რომელიც, ჩვენი არ იყოს, მსოფლიოსთვის ნაკლებად საინტერესო ლიტერატურული ქვეყნიდანაა. ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ კუტზეეს მსგავსი მწერალი გვჭირდება. მან მოახერხა და ეს გზა არა მარტო სამხრეთ აფრიკული თემატიკით, არამედ, ზოგადად, მსოფლიო თემატიკით გაიკვლია. კუტზეე წარმატებული მწერალია, ორი ბუკერის მფლობელი და 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კუტზეე ინგლისურენოვანია და ენის პრობლემა მას არ ჰქონია.
მოდი თვალი გადავავლოთ ბოლო წლების ნობელიანტებს. ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ პრემია პატარა ქვეყანამაც მიიღო. თუმცა ბელორუსი სვეტლანა ალექსიევიჩის პრემია არც არის გასაკვირი. ერთი მხრივ, ის რუსულენოვანი ავტორია, მეორე მხრივ კი, მსოფლიო გაქანების მწერალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებზე წერს. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ ოდესმე რაიმე შანსი გვექნება. ნონ-ფიქშენთან, ანუ არამხატვრულ ლიტერატურასთან დაკავშირებით ალექსიევიჩის მაგალითს ჩვენ ვერ გავიმეორებთ.
რაც შეეხება XXI საუკუნის გამარჯვებულებს:
2001 წელს პრემია ვიდიადჰარ სურაიპრასად ნაიპოლიმ მიიღო, 2002-ში - იმრე კერტეშმა, შედარებით მცირე ქვეყნის, უნგრეთის წარმომადგენელმა. 2003 წელს ლაურეატი ჩვენ მიერ ნახსენები კუტზეე გახდა, 2004-ში ავსტრიელი ელფრიდა იელინეკი, 2005-ში, 2007-სა და 2017 წელს ინგლისელები - ჰაროლდ პინტერი, დორის ლესინგი და კაძუო იშიგურო. 2006 წელს გარღვევა დაფიქსირდა, როცა პრემია ორჰან ფამუქმა მიიღო. საუკუნე არ ჩაუგდიათ ფრანგებს, ტრადიციული პრემია 2008 წელს ლე კლეზიომ, 2014-ში კი პატრიკ მოდიანომ მიიღეს.
ლე კლეზიო მსოფლიო გაქანების ავტორია იმ მხრივ, რომ მის წიგნებში მოგზაურობა და მთელი სამყაროა. პატრიკ მოდიანო კი წარსულში მოგზაურობს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კარგი შანსი გვაქვს. მოდიანო სერიოზულად სწავლობს ოკუპაციის, ფრანგების ჰიტლერთან თანამშრომლობის წლებს, უსიამოვნო ამბებს. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ქართული ლიტერატურა 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლებთან ვალშია. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ და ლიტერატურის დონეზე არ აღწერილა ის ჩვენი ტკივილიანი მადანი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რამხელა ინტერესია წარმოშობით ქართველი სტალინისა და ბერიას მიმართ. აქ, ამ ეპოქაში, უამრავი ადამიანის ბედია გადახლართული. ლიტერატურის კუთხით ეს ეპოქა პერსპექტიულია და აქ შეიძლება რამე ისეთი დაიწეროს, რაც მსოფლიოს დააინტერესებს.
გავიხსენოთ ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატიც, დიდი პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა. ამ კაცმა ხელისუფლების პრობლემები შეისწავლა და დიდი ლიტერატურის სახით წარმოადგინა. შანსი აქაც გვაქვს, ხელისუფლების პრობლემებთან ახლოს ვართ. ლიოსამ დიქტატორ ტრუხილიოს შესახებ დაწერა, ჩვენც გვაქვს შანსი მსოფლიო დიქტატორების ჩემპიონის - სტალინის შესახებ დავწეროთ წიგნი, თუ, რა თქმა უნდა, ამ ჩვენ სავარაუდო ავტორს ქართველი სტალინისტების არ შეეშინდება.
ნობელის პრემია აქვს ჩინელ მწერალს, მო იენს (2012წ.). ასევე, კანადელ მწერალ ქალს - ელის მანროს (2013წ.), რომელიც ბრწყინვალე მოთხრობების ავტორია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ხანებში ჩვენს ლიტერატურაში ძალიან კარგი ქალი მწერლები გვყავს და თუ გავითვალისწინებთ იმ ტენდენციას, რომ ბოლო დროს ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის არაერთი ქალია, შეიძლება, რომ ეს საოცნებო პრემია ქართველმა ქალმა მწერალმა მოგვიტანოს.
ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურული პროცესის მონაწილეები არა მხოლოდ ავტორები, არამედ ლიტერატურული აგენტები და გამომცემლებიც არიან. ამ ხალხს ჰაერივით სჭირდება ქართველი ნობელიანტი! ერთი სიტყვით, ამით დაინტერესებულია უამრავი ადამიანი. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენთან ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა ლიტერატურული სფერო ისე, როგორც სხვაგან ჩამოყალიბდა. ჩვენთან არიან მწერლები, რომლებსაც არ ჰყავთ ლიტერატურული აგენტები. მაგალითად, როგორც გავარკვიე, პრემია „საბას“ 2017 წლის ლაურეატს, ალეკო შუღლაძეს არ ჰყავს ლიტერატურული აგენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ინტერესებს ვერც საქართველოში იცავს ვინმე და ვერც მსოფლიოში. ახლა, როგორც ავტორი, იმაზეა დამოკიდებული, მისი გამომცემელი როგორ შეძლებს უცხოეთში მის პრეზენტაციას.
სამწუხაროდ, საქართველოში არ გვყავს ლიტერატურული აგენტები. არადა, მათი მუშაობა უკვე საჭირო ხდება, რადგან ავტორის უფლებების დაცვა ძალიან ძნელია. ჩვენთან ისედაც რთული წარმოსადგენია, რომ ვინმემ ლიტერატურული შრომით მიღებული ანაზღაურებით იცხოვროს. ვფიქრობ, უნდა ვიპოვოთ ეს ხალხი, ლიტერატურული აგენტები, რომლებსაც ქართველი მწერლებით დავაინტერესებთ.
მაგალითად, მე ვიცი, რომ შესანიშნავი ქართველი, რუსულენოვანი მწერალი - პეპი, იგივე ელენე ბოჭორიშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, ძალიან პოპულარულია მისი ფრანგული თარგმანებით. პეპისა და სვეტალანა ალექსიევიჩს საერთო ლიტერატურული აგენტი ჰყავთ, რომელიც მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ მისი მწერლები ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად, პორტუგალიურად თარგმნონ. ახლა ეს აგენტი მუშაობს, რომ ელენე ბოჭორიშვილის ნაწარმოებები დანიაში, შვედეთში გამოვიდეს. ანუ ნელ-ნელა მიდის იმ ქვეყნებისკენ, სადაც მისთვის ლიტერატურული პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, სვეტლანა ალექსიევიჩი ხომ გახადა ნობელიანტი? ალბათ აქვს ამბიციები, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მწერალიც ამ თვალსაზრისით წინ წაწიოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებულ ახლო დამოკიდებულებას შვედურ ლიტერატურულ წრეებთან, რადგან ისინი შეიძლება ნობელის პრემიაზე ჩვენი ავტორების პოტენციური წარმდგენები აღმოჩნდნენ.
როგორც ვიცით, ნობელის პრემიაზე ავტორის წარდგენა მხოლოდ კვალიფიციურ პირებს შეუძლიათ. წარდგენის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ყველაზე ნაღდი, გამართლებული და იღბლიანი სწორედ ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების მიერ წარდგენაა. როგორც წესი, ნობელის პრემიის ლაურეატები ყველაზე ხშირად სწორედ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი კანდიდატები ხდებიან. ამას ადასტურებს წინა წლების არქივების ჩანაწერები.
ისე, წარმდგენებსაც რაღაცნაირი გემოვნება აქვთ. ერთ-ერთი წარმდგენი მუდმივად რუს ავტორებს წარადგენდა. ერთ წელიწადს - ანა ახმატოვას, მეორე წელიწადს - კონსტანტინე პაუსტოვსკის და ა.შ. ბოლოს და ბოლოს ამავე კაცმა ბროდსკი წარადგინა, რომელიც გახდა კიდეც ნობელის პრემიის ლაურეატი (მართალია, იმ მომენტისთვის ბროდსკი უკვე აშშ-ს წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ლიტერატურიდან იყო). მოკლედ რომ ვთქვათ, რუსულ ლიტერატურას ჰყავდა გულშემატკივარი ნობელის კომიტეტში, შვედი აკადემიკოსი, რომელიც მუდმივად რუს ავტორებს წარადგენდა.
ჩვენ სწორედ ამ წრეებში უნდა გავიჩინოთ მეგობრები, რომ ქართველ ავტორებს მუდმივად ჰყავდეთ წარმდგენი. ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრია. ეს არის პირველი მიახლოება ამ საკითხთან, უბრალოდ, სისტემური თვალსაზრისით ამაზე აქამდე არ გვიფიქრია. შეიძლება ჩვენი მწერალი ვინმემ წარადგინოს ნობელის პრემიაზე, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ეს საქმე იმ ხალხმა უნდა იტვირთოს, ასე კარგად რომ იმუშავეს ფრანკფურტის ბაზრობასთან დაკავშირებით. დეა მეტრეველს და მის გუნდს ვგულისხმობ. ასეთ პროფესიონალებს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან სწორედ მათ ექმნებათ ხოლმე საფრთხე ჩვენს საზოგადოებაში.
მოკლედ, ჩვენთან რომ გენიოსი დაიბადება, ამაში არ მეპარება ეჭვი. საქართველოს გენიალური მწერალი ჰყოლია, ჰყავს და ეყოლება კიდეც. აქ არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, თუ როგორ გაგვეზრდებიან ის ადამიანები, წიგნის მოყვარული პროფესიონალები, რომელთაც შეუძლიათ წიგნის ბაზრობაზე, კომიტეტებზე, პრემიებზე და ამ საკითხებზე სისტემურად იფიქრონ. საქმე ბევრია - მთელი ფრონტია გასაშლელი, საპოვნელია ქვეყნები, სადაც ქართულ თარგმანებს პერსპექტივა ექნება, საპოვნელია ლიტერატურული აგენტები, გამომცემლობები, რომლებიც ქართული თემით დაინტერესებდიან. ეს დიდი შრომაა, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს ისეთ დიდ შედეგს, როგორიც ნობელის პრემიაა.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნობელის პრემიას ქართველი მწერალი აუცილებლად მიიღებს და ეს მოხდება XXI საუკუნეში - უფრო შორს არც კი გავიხედავ. არც ის მგონია, რომ ნობელის პრემიამ მრავალი ათასი წელი იარსებოს და, რაც მთავარია, არც ქართულ ლიტერატურას აქვს ისე საქმე, რომ ამ დონეს ვერ მივაღწიოთ.
დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიო დონეზე გადის. ასე რომ, მთავარია ის ორგანიზაციული სამუშაოები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მით უმეტეს, როცა გამოჩნდნენ პირველი მერცხლები, ადამიანები, ვისაც ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია. მოკლედ, თუკი ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ აღარ ვიქნებით მხოლოდ „ვიღაცეების“ ნომინირების იმედად, ისე, როგორც 1932 წელს, როცა გრიგოლ რობაქიძეს ჰქონდა შანსი გამხდარიყო პირველი ქართველი ნობელიანტი მწერალი.
პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი